ერიკ კლაპტონი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ ზოგადად რა შეუძლია გააკეთოს ადამიანმა უკიდურესი ძალისხმევის შედეგად. ნიჭიერების გამომუშავება ნიჭიერთა ხვედრი რომ ყოფილა, ამაზე მეტყველებს აღმასვლებითა და ჩავარდნებით აღსავსე, ლეგენდარული ბლიუზ–გიტარისტისა და მომღერლის მთელი ნახევარსაუკუნოვანი მუსიკალური კარიერა.
პოპ-მუსიკის ისტორიაში, ალბათ იშვიათია მსგავსი მრავალფეროვანი წარსულის მქონე მუსიკოსი მოიძებნოს.
საკმაოდ მძიმე და პრობლემატური ბავშვობისა და ჩამოყალიბების წლების გადალახვაში კლაპტონს როკ’ნ’როლი და ბლიუზი დაეხმარა, რომლის გარეშეც 60–ების დასაწყისის დიდი ბრიტანეთი წარმოუდგენელი იყო, მაგრამ თუკი მუსიკოსი ასეთი გიგანტური ნაბიჯებით წინსვლას განიცდიდა, ამას ჯონ მეიალი თუ იწინასწარმეტყველებდა, რომლის Bluesbreakers–ის 1966 წელს ერიკ კლაპტონთან ერთად ჩაწერილი ალბომი, დღემდე უმნიშვნელოვანეს ინგლისურ ბლიუზურ ალბომადაა მიჩნეული. ამ ალბომის ჩაწერაში კლაპტონმა სიმბოლური თანხა – 30 გირვანქა სტერლინგი მიითვალა, მსოფლიო გიტარული ხელოვნება კი რიტმ–ჟღარუნა ხმოვანებიდან, ახალ – დღევანდელთან დაახლოებულ ბგერაზე გადავიდა, რომლის დანერგვაშიც ერიკ კლაპტონთან ერთად უდიდესი წვლილი პროდიუსერ მაიკ ვერნონსაც მიუძღვის.
კლაპტონის ჯერ კიდევ The Yardbirds–ში მოღვაწეობისას განაცხადა თეთრი ბლიუზის ბრიტანელმა მამამ – ჯონ მეიალმა კლაპტონის შესახებ, რომ 2 წელიწადში იგი ინგლისის უდიდესი გიტარისტი გახდებოდა. ეს შეიძლება მართლაც ასე იყო 1967 წლისთვის, როდესაც ერიკ კლაპტონი ბასისტ და მომღერალ ჯეკ ბრიუსთან და დრამერ ჯინჯერ ბეკერთან ერთად, მსოფლიოში პირველი სუპერ ბლიუზ–როკ ტრიო Cream–ში აღმოჩნდა. კოლექტივმა უმაღლესი მიზნებისკენ სწრაფვა მსმენელისთვის საკმაოდ უჩვეულო ჟღერადობით განიზრახა. კლაპტონს თან უმძიმეს (როგორც დაკვრის, ასევე პიროვნული თვისებების თვალსაზრისით) მუსიკოსებზე უწევდა მისთვის სრულიად ახლებური დაკვრის მორგება, თან ტრადიციულ ბლიუზ–გიტარ დაკვრაზე დაყრდნობა, რასაც ოკეანისგაღმელი სულიერი მამები ქადაგებდნენ...
განსაკუთრებით ძნელი ეს უკანასკნელი იყო, რადგან კლაპტონს ამის მიღწევაში არც გენეტიკა და, მაინცდამაინც, არც მიდრეკილება უწყობდა ხელს. მხოლოდ მისწრაფება კი საქმეს ვერ უშველიდა, რადგან თუნდაც ჯეფ ბეკი, ჯიმი პეიჯი და პიტერ გრინი, შემოქმედებითი თვალსაზრისით, იმ დროისათვის გაცილებით თავისუფალნი იყვნენ...
მავანნი თვლიან, რომ კლაპტონმა თავისი აზროვნების მწვერვალს Cream–ში მიაღწია, რაშიც მას „უფრო პროგრესულმა“ ბეკერმა და ბრიუსმა შეუწყვეს ხელი, თუმც ალბათ გაცილებით ობიექტურნი ვიქნებით, თუკი კლაპტონის 60–იანების უმნიშვნელოვანეს ნამუშევრად Blind Faith–ში ჩაწერილ 1969 წლის ერთადერთ სტუდიურ ალბომს მივიჩნევთ.
ერიკ კლაპტონისა და სტივ უინვუდის ტანდემის ეფექტურობა, 40 წლის შემდგომმა მათმა ხელახალმა სასცენო გაერთიანებამ კიდევ ერთხელ ცხადყო. 2008 წლის DVD–ზე ხომ არამარტო Blind Faith–ის რეპერტუარი, არამედ პრაქტიკულად სრულიად ბრიტანული როკ–სულისკვეთებაა გადმოცემული უცვლელად, იმავე 60–იანების ელფერით, ფსიქოდელიის გარკვეული დოზითა და განუმეორებელი ბლიუზური ალღოთი, რაშიც უმნიშვნელოვანესი ერიკ კლაპტონის წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაზრდილი, დაბრძენებული და დახვეწილი ვოკალია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კლაპტონ–უინვუდის ტანდემის დაბრუნებამ დაჩრდილა Cream–ის 2005 წლის როიალ ალბერტ ჰოლის რეიუნიონი.
სამწუხაროდ ვერ შედგა და ვერც შედგებოდა ერიკ კლაპტონის უკვე მომდევნო პერიოდის შემადგენლობის ხელახალი გაერთიანება. გაივლის წლები და ერიკ კლაპტონი ავტობიოგრაფიულ წიგნში აღნიშნავს, რომ მის ჯგუფ The Derek And The Dominos-ის 1970 წლის ორდისკიან ალბომ Layla and The Other Love Song-ში მონაწილე მუსიკოსთა ანსამბლი, მის მუსიკალურ კარიერაში უძლიერესია. კლაპტონს აქ მხარს უმშვენებდნენ დიუან ალმანი, ჯორჯ ჰარისონი, მულტიინსტრუმენტალისტი ბობი ვაიტლოკი და, რაც მთავარია, მისივე თქმით საუკეთესო რიტმ–სექცია ბასისტ კარლ რედლისა და დრამერ ჯიმ გორდონის შემადგენლობით. ეს უკანასკნელი ასევე შესანიშნავად ფლობდა ფორტეპიანოს და Layla –ს თავდაპირველი ვერსიის მეორე – ულამაზესი კლავიშური ნაწილი (ცოტა ხანში Steppenwolf–ის მიერ გადამღერებული), სწორედ მას ეკუთვნის. აქ გამოჩნდა ექსპერიმენტულ ჰარდ–როკული ყაიდის Tell The Truth და ჯიმი ჰენდრიქსის შესაძლოა ზედმეტად გართულებული Little Wing-ის ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო ვერსია. ბლიუზები Key To The Highway და Have You Ever Loved A Woman დიუან ალმანისა და ერიკ კლაპტონის დუეტის შესრულებით, კი ალბომის დამამშვენებლად იქცნენ...
ნარკოტიკები, დეპრესია, ფსიქოლოგიური პრობლემები და აქედან გამომდინარე გადაღლა, სადებიუტო სოლო ალბომის გამოკლებით, ერიკ კლაპტონის პირველივე სოლო–ალბომებზე აისახა.
საერთოდ, 70–იანების დასაწყისი ერიკ კლაპტონს საკმაოდ ჩავარდნილი გამოუვიდა, რომლის შესრულებული ბობ მარლის I Shot The Sheriff, ჰიტ–პარადებში მაღალი პოზიციების მიუხედავად, არ გვგონია რომ მუსიკოსის სავიზიტო ბარათს წარმოადგენდეს. ერიკ კლაპტონის, როგორც ბლიუზმენად აღმქმელი საზოგადოების, ასევე ზოგადად პოპ მუსიკის მსმენელის მხრიდან. „მოსაწყენ“ ალბომთა ნუსხას ისევ ლაივები არღვევდნენ, რომელთაგან აღსანიშნავია ჯორჯ ჰარისონთან ერთად ჩაწერილი The Rainbow Concert და 1975 წლის E.C. Was Here, სადაც Blind Faith–ის ორ სიმღერაში ვოკალის პარტია როკ–ოპერა Jesus Christ Superstar–ში მარია მაგდალინელის პარტიის შემსრულებელმა ივონა ელიმანმა იმღერა.
ერიკ კლაპტონის შემოქმედებაში გამორჩეულია უკვე მომდევნო ლაივ ალბომი Just One Night, რომლის მშვენებასაც ოტის რეშის Double Trouble წარმოადგენს. აქვე, ტრადიციულად რობერტ ჯონსონის Ramble On My Mind და ჯ.ჯ. ქეილის კლაპტონისებრი ჰიტები Cocaine და ელვისებრად დაკრული After Midnight არის წარმოდგენილი. ამგვარად 1970 წლის ორდისკიან სტუდიურ გიგანტს, კლაპტონმა 10 წლის შემდეგ ორდისკიანი – უკვე საკონცერტო ალბომით უპასუხა. ამ ალბომის მიხედვით, უშრეტია მუსიკოსის საკონცერტო საშემსრულებლო ფანტაზია, რის გამომუშავებაშიც იმ დროს, კლაპტონს შესანიშნავი პარტნიორი – გიტარისტი და მომღერალი ალბერტ ლი დაეხმარა.
სამწუხაროდ Just One Night–ის სულისკვეთება კლაპტონს დიდხანს აღარ გაჰყოლია და 1985 და 1986 წლების უნიათო ალბომებმა „ნამდვილი კლაპტონის“ მსმენელს მხოლოდ ძველი ალბომების სმენისაკენ მიუთითა... კიდევ კარგი, რომ 1989 წლის დახვეწილი გემოვნებით ჩაწერილმა Journeyman–მა ივარგა და საკონცერტო 24 Night–ის შემდგომ ალბომზე მუშაობისათვის, ერიკ კლაპტონი მზად აღმოჩნდა... პასუხისმგებლობა კი უდიდესი იყო, რადგან 1992 წლის გრემნომინანტი აკუსტიკური კონცერტის შემდეგ, კლაპტონმა გადაწყვიტა ალბომი From The Cradle სტუდიურ ლაივად ექცია და ელექტრული ჟღერადობის მიუხედავად, ბლიუზი ფესვებამდე – ბლიუზის აკვნამდე, მაქსიმალურად დაეყვანა... ყველაფერი კარგად გამოუვიდა დიდ მაესტროს, მაგრამ აი Hoochie Coochie Man კი ალბათ მაინცდამაინც კარგად ვერ იმღერა...
აქ უკვე ჩვენი განხილვის პირველ აბზაცს დავუბრუნდებით და ვივარაუდებთ, რომ დღესდღეობით კლაპტონი Hoochie Coochie Man–ს კი არა და, არაერთ კლასიკურ შავკანიან ბლიუზს ვოკალური თვალსაზრისით უკეთ შეასრულებდა – კლაპტონი ხომ გამუდმებით მუშაობს საკუთარ თავზე და ალბათ ამ მიზეზითაცაა, რომ მაინცდამაინც ფართო კომპოზიტორული არეალის არარსებობისა და რიგი მოსაწყენი ან „ძალად პაპსა“ ალბომების მიუხედავად, ერიკ კლაპტონი ყოველთვის ჩაითვლება ნოვატორ მუსიკოსად და მსოფლიოს ერთ–ერთ უდიდეს გიტარისტად, რომელსაც 1967 წელს ლონდონში საკუთარი ნებით თვით ჯიმი ჰენდრიქსი გაეცნო...