ჩესტერ ბარნეტი (ჰაულინ – „მგელკაცა“ ვულფი) გარეგნულად თურმე უფრო კალათბურთელს, ქცევით კი მუდმივად ქალაქში „წუხელ ჩამოსულ“ ადამიანს მოგაგონებდათ. სხვამხრივ, ბუმბერაზ მუსიკოსს სხვა ჩიკაგოელ ბლიუზმენ კორიფეებისაგან განსხვავებით, მათთან მუდმივი მჭიდრო ურთიერთობის მიუხედავად, თურმე ფინანსურად განუწყვეტლივ უმართლებდა, რაშიც შესაძლოა მასზე მუდმივად მლოცველი მორწმუნე დედიკო ეხმარებოდა, შვილს რომ „დემონური მუსიკით“ ფულით შოვნის გამო, პირველი გასამრჯელო სახეში შეაყარა...
წარმოიდგინეთ, რაოდენ მძიმე იქნებოდა მამის ოჯახში მუსიკოსად აღზრდილი შვილისათვის დედასთან ვიზიტით გამოწვეული ტრავმა. გიტარა იმ დროისათვის შავკანიანთა ოჯახისათვის ხომ საკმაო ფუფუნება იყო... პატარა ჩესტერ ბარნეტში კი გიტარაზე დაკვრის ტექნიკის დაუფლების სურვილი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20–იან წლებში მისისიპის დელტა ბლიუზის იმდროინდელმა მნათობმა – ჩარლი პატონმა გააღვივა. განგებამ ბუმბერაზი ჩესტერ ბარნეტის ჰაულინ ვულფად ქცევა, ეტყობა იმავე პერიოდში ინება. ჩიკაგური ბლიუზის მომავალ ლეგენდას, ბავშვობაში მამა თურმე ხშირად უამბობდა მდინარე მისისიპის შემოგარენის მგლების შესახებ სხვადასხვა ისტორიებს...
სანი ბოი უილიამსონთან შეხვედრის შემდეგ, გიტარის პარალელურად ჩესტერი ბლიუზის კიდევ ერთი უმთავრესი სოლო ინსტრუმენტის – ჰარმონიკის დაუფლებასაც შეუდგა. ამგვარად, 1930 წლისთვის, 20 წლის ასაკში, იგი უკვე სერიოზული ბლიუზმენი იყო. მისთვის ყოველი საღამო ბლიუზურ არეალში შემოსავლის წყაროსა და უამრავი თაყვანისმცემლის შეძენას განაპირობებდა. ჩარლი პატონისგან მან სცენაზე სხვადასხვა ტრიუკების შესრულებაც გადაიღო, იქნებოდა ეს პუბლიკის წინაშე ოთხზე ხოხიალი, გიჟური ხმების გამოცემა, თუ გიტარით ჟონგლიორობა.
მუსიკა მეორე მსოფლიო ომმა შეაწყვეტინა. ჩესტერ ბარნეტს ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ არ უომია, მაგრამ 1941–1945 წლებში სამხედრო მოვალეობა პირნათლად მოიხადა. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ კი ბლიუზმენმა საბოლოოდ მიივიწყა ფერმერობა და თავისი პირველი „ელექტრო“ ჯგუფი დააარსა ჯუნიორ პარკერის, ჯეიმს კოტონის, მატ მერფის, ვილი ჯონსონის შემადგენლობით.
ამგვარად, ჩესტერ ბარნეტმა თავისი პირველი ჩანაწერი Sun Records–თვის უჩვეულოდ გვიან – 40 წლის ასაკში, 1950 წელს გააკეთა. Moanin’ at midnight და How Many More Years მუსიკოსმა აიკ ტერნერისა და ვილი ჯონსონის კომპანიაში ჩაწერა. აღსანიშნავია, რომ ამავე სტუდიაში სულ მალე სემ ფილიპსი ელვის პრესლის, ჯერი ლი ლიუსს, კარლ პერკინსსა და როი ორბისონს ჩაწერს...
ცოტა ხნით ადრე კი მუსიკოსი მემფისის რადიოში შეუდგა მუშაობას. შავკანიან აუდიტორიაზე ორიენტირებული სხვადასხვა ფერმერული ინვენტარის რეკლამის მომცველი 30 წუთიანი ეთერი, იმავდროულად მაღაზიაში მომუშავე ჩესტერის პირად შოუდ იქცეოდა ხოლმე. სწორედ ამ პერიოდში შეარქვეს მას „ჰაულინ ვულფი“.
საბოლოოდ მუსიკოსი სიცოცხლის ბოლომდე შავკანიანთა Chess Records–ის „ნადავლი“ შეიქმნა. 1976 წელს ჰაულინ ვულფი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა და ერიკ კლაპტონმაც სულიერი მამისათვის საფლავის ქვაზე გიტარა ამოატვიფრინა...
იქამდე კი მუსიკოსმა 25–წლიანი დისკოგრაფიით შთამბეჭდავი კარიერა განვლო. 1956 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მასთან გიტარისტი ჰიუბერტ სამლინი თანამშრომლობდა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ჰაულინ ვულფის Acid Blues კომპოზიციების შექმნაში.
ჰაულინის მუსიკალური ხედვის საბოლოო ჩამოყალიბებაში კი გადამწყვეტი მაინც ჩიკაგოს მუსიკალური კლიმატი იყო, რომელიც მუსიკოსს ხშირად მისთვის მიუღებელ პირობებსა და ჩარჩოებს კარნახობდა. მადი უოტერსმა ამას გარკვეულწილად თავი დააღწია, რადგან მისი საგასტროლო ტურები მთელს ამერიკას მოიცავდა. ერთ–ერთ ასეთ ტურში მას ჰიუბერტ სამლინიც გაჰყვა. რატომაც არა – მადი უოტერსს ჰაულინ ვულფთან შედარებით იმ პერიოდში სამჯერ მეტს უხდიდნენ, მასაც მეტი შეხვდებოდა... მაგრამ ეს იყო ბუმბერაზი ბლიუზმენის მის მიერ მიტოვების პირველი და უკანასკნელი შემთხვევა. თანაც ჰაულინ ვულფსა და მადი უოტერსს ერთმანეთი მაინცდამაინც არ ჰყვარებიათ და თურმე ერთიმეორეს მუდმივად ეჯიბრებოდნენ ურთიერთპატივისცემის სავალდებულო ბლიუზმენური ნიღბით...
თუმცა ამგვარი დამოკიდებულება მათ შორის 70–იან წლებამდე გაგრძელებულა. აი მერე კი... ჰიუბერტ სამლინი: „Ann Arbor Blues Festival-ის დასრულების შემდეგ მატარებლის კუპეში შეხვედრისას ერთმანეთს გადაეხვივნენ და ბავშვებივით ატირდნენ. მუსიკოსები დაგვითხოვეს და მთელი ღამე სვამდნენ ლუდს“.
ბლიუზის „რუხი კარდინალის“ – უდიდეს კომპოზიტორ ბასისტ ვილი დიქსონის აზრით, მადი უოტერსი ჰაულინთან შედარებით გაცილებით მოწესრიგებული მუსიკოსი ყოფილა, რომელსაც თურმე „ანდობდით ნებისმიერი სიმღერის ტექსტს“, რადგან მისი ნამღერით ნაწარმოების ხასიათი უცვლელი რჩებოდა, განსხვავებით ჰაულინ ვულფისა, რომელიც ცვლიდა როგორც ტექსტს, ასევე ხასიათს... დიქსონმა ორივე მათგანი არაერთი სტანდარტული ბლიუზური შედევრით დააჯილდოვა. ჰაულინ ვულფს წილად Three Hundred Pounds Of Joy, Wang-Dang Doodle და Back Door Man ერგო. ეს უკანასკნელი ჯერ ჰაულინმა „მოწამლა“, შემდეგ კი გამზადებულ რეცეპტზე საუკეთესო ბლიუზურ–ფსიქოდელიური კოქტეილი უკვე აღვირახსნილმა ჯიმ მორისონისებრმა ვოკალმა მოამზადა...
საოცრად ნაყოფიერია მუსიკოსის მოღვაწეობა 50–იანი წლების მეორე ნახევარსა და 60–ების დასაწყისში. ამ დროს იქმნება უკვდავი ჰიტები Smokestack Lightning და Killing Floor ვილი დიქსონის, ჰიუბერტ სამლინისა და პიანისტ ლი კენარდის მონაწილეობით. მოგვიანებით ეს სიმღერები არაერთი დიდი როკ–ჯგუფის შესრულებით გაითქვამს სახელს. განსაკუთრებით შორსმჭვრეტელი Led Zeppelin აღმოჩნდა, რომელსაც საბოლოოდ Killing Floor –ის The Lemon Song–ად გადაქცევა მოუწია, ხოლო არტურ ბრაუნმა და ჯიმ კარლ ბლეკმა Smokestack Lightning სახლის სახურავზე, გამჭვარტლულ საკვამურთან ჩაწერეს...
ბებერ კონტინენტზე ჰაულინ ვულფის პოპულარობა ახალგაზრდა ინგლისელებმა The Yardbirds და The Rolling Stones განაპირობეს, რომლებიც დიდი სიამოვნებით ასრულებდნენ ვეტერანი ბლიუზმენის რეპერტუარს. მალე, როლინგების დამსახურებით, ჰაულინ ვულფმა სატელევიზიო შოუთი თანდართული პირველი ევროპული ტურნე ჩაატარა.
საბოლოოდ ჩიკაგოს მარწუხებისა არ იყოს, შესაძლოა ვეტერან ბლიუზმენს აქაც მოუწია კომპრომისზე წასვლა და ცნობილ The London Sessions-ში ერიკ კლაპტონთან, ბილ უაიმენთან, ჩარლი უოტსთან და რინგო სტართან ერთად დაკვრა. ზოგიერთ მათგანს ვინ იცის დიდი ბლიუზმენი სერიოზულ ინსტრუმენტალისტად არც კი აღიქვამდა...
ასეა, თუ ისეა, თანამედროვე მუსიკალურ შოუ–ბიზნესში მოხვედრა „გავარსკვლავების“ გარეშე ხომ მაინც არ ხდება. ალბათ ამიტომაცაა, რომ ჟურნალმა „როლინგ სთოუნმა“ ჰაულინ ვულფს მსოფლიოს უძლიერეს მუსიკოსთა ასეულში 51–ადგილი მიაკუთვნა, ხოლო 1980 და 1991 წლებში მუსიკოსი შესაბამისად ბლიუზისა და როკ’ნ’როლის დიდების დარბაზის წევრად შერაცხეს.