ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად შესაძლოა ჩაქვის „ციცინათელა“ და ბათუმის დელფინარიუმი დაიხუროს

ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად შესაძლოა ჩაქვის „ციცინათელა“ და ბათუმის დელფინარიუმი დაიხუროს

საქართველოს კონტროლის პალატა კოალიცია "ქართული ოცნების" მომსახურე ორი კომპანიის მონიტორინგს ახორციელებს. ამის შესახებ კონტროლის პალატამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

„ფინანსური მონიტორინგის სამსახური ფიზიკური პირის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების - შპს "ბურჯის" და შპს "ელიტა ბურჯის" მიერ პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მიმდინარე ავტოსატრანსპორტო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხების მონიტორინგს ახორციელებს. საკითხის შესწავლა განპირობებულია პოლიტიკური სუბიექტის საფინანსო დეკლარაციაში ფაქტობრივ ხარჯებთან შესაბამისობის თვალსაზრისით არსებული აუდიტორული რისკებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

კონტროლის პალატის ინფორმაციით, აღნიშნულმა კომპანიებმა 214 ერთეული, დაახლოებით 4 მილიონი ლარის ოდენობის სატრანსპორტო საშუალებები (“ტოიოტა ჰაი ლუქსის”, “ჰიუნდაის”, “მერსედეს ბენცის” მარკის ავტობუსების და ა.შ.) შეისყიდა, რომლებიც „ქართულ ოცნებას" ემსახურებიან.

ორიოდე დღის წინ კი კონტროლის პალატამ შპს „მენეჯმენტ სერვისი“, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ რეგიონებში ოფისებს ქირაობს, ხუთი მილიონი ლარით დააჯარიმა. კონტროლის პალატამ ამასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება.

„კანონით მონიჭებული მანდატის ფარგლებში, სამსახურმა საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების"  და მის "კოალიციაში" შემავალი სუბიექტების მიერ იჯარით აღებულ ფართებთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების კანონიერება შეისწავლა, რადგან ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად,  განხორციელებულ  საქმიანობასა და ფინანსურ აღრიცხვა-ანგარიშგებას შორის შეუსაბამობა აღმოჩნდა“, - აღნიშნულია კონტროლის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ საკითხთან დაკავშირებით დავა უკვე სასამართლოში გრძელდება და აქვე ერთი სამწუხარო გარემოებაც გამოიკვეთა. კერძოდ, „მენეჯმენტ სერვისის“ ადვოკატის, ეკა ბესელიას განცხადებით, კომპანიას არ აქვს იმის რესურსი, რომ მასზე დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს. ამის გამო კი შესაძლებელია დაიხუროს ჩაქვის გასართობი ცენტრი „ციცინათელა“ და ბათუმის დელფინარიუმი, რომელთა მართვასაც შპს „მენეჯმენტ სერვისი“ ახორციელებს.

ეკა ბესელია: „მენეჯმენტ სერვისთან“ დაკავშირებით კონტროლის პალატას და სასამართლოს აქვთ წინასწარ შეთანხმებული პოზიცია, რომ ხელისუფლების სასარგებლოდ უკანონო გზით მოახდინონ რაც შეიძლება მეტი თანხის ამოღება. საუბარია ხუთმილიონიან ჯარიმაზე, რომელიც „მენეჯმენტ სერვისს“ სრულიად უკანონოდ დაეკისრა. კონტროლის პალატა რომ უკანონოდ იქცევა, ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, მაგრამ ახლა დავამ სასამართლოში გადაინაცვლა და მოსამართლე გვრიტიშვილი არის ამ უკანონობის შემსრულებელი.

საქმე ეხება „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ „ქართული ოცნებისთვის“ მიქირავებულ ოფისებს. 60 ოფისიდან 22 ოფისზეა საუბარი, რომლებიც „მენეჯმენტ სერვისმა“ ნაწილობრივ გაარემონტა. ამ სარემონტო სამუშაოების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია სრულ წესრიგშია, კონტროლის პალატამ ვერანაირი დარღვევა ვერ ნახა, მაგრამ ამის მიუხედავად დადგენილებაში ჩაწერა სიცრუე, რომ თითქოს „მენეჯმენტ სერვისმა“ 470 ათასი ლარის უკანონო შემოწირულობა განახორციელა, ანუ შეღავათი გაუწია პოლიტიკურ პარტიას. ეს არის სიცრუე, რადგან არავითარი შეღავათიანი კონტრაქტი არ არსებობს. არსებობს ხელშეკრულებები, რომლებსაც არც კონტროლის პალატაში მოგელაძე კითხულობს და არც სასამართლოში მოსამართლე გვრიტიშვილმა წაიკითხა.

სასამართლო პროცესი უპრეცენდენტო დარღვევებით ჩატარდა. მოსამართლეს მიცემული ჰქონდა დავალება, რომ ამ საქმის განხილვა ერთ დღეში დაესრულებინა, რადგან მეორე დღეს ძალაში შედიოდა საკანონმდებლო ცვლილებები. კერძოდ, საუბარია დაჯარიმების ოდენობაზე. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების“ შესახებ კანონში შეიცვალა დაჯარიმების ოდენობა და ნაცვლად ათმაგი ოდენობისა, რაც აქამდე მოქმედებდა, ჯარიმა გახდა ხუთმაგი. სასამართლო პროცესი გაიმართა 28 მაისს, ეს ცვლილება კი ძალაში შევიდა 29 მაისს. როგორც ჩანს, მოსამართლე გვრიტიშვილს ეს დავალება ჰქონდა მიცემული და ამიტომ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, სასამართლო სხდომა 28 მაისს დაესრულებინა.

მოსამართლემ სხდომა შეწყვიტა 17.50 საათზე, არ მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენი პოზიციები წარმოგვედგინა, არც ერთი დოკუმენტი არ გამოიკვლია, არც ერთი მოწმე არ დაკითხა, არც ექსპერტიზის დასკვნას დაელოდა (რომელიც დანიშნულია) და პირდაპირ ადგილზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც კონტროლის პალატის მიერ „მენეჯმენტ სერვისის“ დაჯარიმების აქტი დარჩა ძალაში.

მინდა გითხრათ, რომ ყველა დოკუმენტით დგინდება, რომ „მენეჯმენტ სერვისი“ კანონის წინაშე აბსოლუტურად პირნათელია, მაგრამ ეს არავის აინტერესებს და მთელი ინსტიტუტები პოლიტიკურ დავალებაზე მუშაობენ. გადაწყვეტილება, რომელიც საქალაქო სასამართლომ 28 მაისს გამოიტანა, არის უკანონო, არის პოლიტიკური ნიშნით მოტივირებული და მას ჩვენ ათი დღის ვადაში სააპელაციო ინსტანციაში გავასაჩივრებთ.

_ „მენეჯმენტ სერვისს“ მართვაში აქვს „ციცინათელა“ და ბათუმის დელფინარიუმი. დაკისრებული ჯარიმის ფონზე, შესძლებს „მენეჯმენტ სერვისი“ ამ მიმართულებით მუშაობას?

_ „მენეჯმენტ სერვისს“ მართვაში აქვს სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი ეს ორი დიდი კომპანია, რომელიც ყოველთვიურად მინიმუმ 13 000 ლარის ხარჯს მოითხოვს, ანუ თანხა, რომელიც მათი ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. „მენეჯმენტ სერვისი“ ახორციელებდა ამ კომპანიების მართვას და გადასახადებს ძალიან წარმატებულად იხდიდა. მაგალითად, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ბიუჯეტში 1 100 000 ლარი აქვს გადახდილი. ასე რომ ამ კომპანიის გაკოტრება ხელისუფლების კიდევ ერთი დარტყმაა ბიზნეს სექტორზე, რადგან ეს კომპანია ხუთმილიონიან აქტივს არ ფლობს, ამ თანხას ის ვერ გადაიხდის და ამიტომ რეალურად გაკოტრების საფრთხის წინაშე დგება. ამდენად, ის კონტრაქტები, რომლებიც ამ კომპანიასთან არის გაფორმებული ბუნებრივია, დარტყმის ქვეშ დგება. საუბარია იმ საარჩევნო შტაბებზეც, რომლებიც რეგიონებში „ქართული ოცნების“ მიერ არის გახსნილი.

_ ქალბატონო ეკა, დღეს კონტროლის პალატამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფიზიკურ პირ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ „ბურჯისა“ და „ელიტა ბურჯის“ საქმიანობის მონიტორინგს დაიწყებს. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს?

_ კონტროლის პალატამ აიწყვიტა და მე მაინტერესებს ამ ქვეყანაში თუ არსებობს რაიმე მექანიზმი, რომ მისი უკონტროლობა შეაჩეროს? თეორიულად ასეთი უნდა ყოფილიყო სასამართლო, მაგრამ ფაქტია, რომ სასამართლო არათუ აჩერებს ამ უკანონობას, არამედ მისი თანამონაწილე ხდება. ქვეყანაში არის ერთი დიდი უსამართლო ჯაჭვი, რომლის შემადგენელ რგოლებს ის ორგანოები შეადგენენ, რომლებიც წესით კანონს უნდა იცავდნენ, ანუ პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო და ა.შ. მთელი ეს ინსტიტუტები ნაციონალური მოძრაობის ხელში პოლიტიკურ იარაღად არის ქცეული. „ელიტა ბურჯის“ წინააღმდეგ მიიტანენ შეტევას, თუ სხვა რომელიმე კომპანიის, ფაქტია, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, ძარცვით, ყაჩაღობით, ძალადობრივი გზით რაც შეიძლება მაქსიმალური ზიანი მიაყენოს ყველა იმ ბიზნეს კომპანიას, ყველა იმ პროექტს, რომელიც თუნდაც რაიმე ტიპის კავშირში შეიძლება იყოს „ქართულ ოცნებასთან“.