შეხვედრა, ფოთში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით მოეწყო, რაც რეგიონებში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვას ითვალისწინებს.
„საყოველთაო-სახალხო განხილვაზე“ მისულ ფოთელთა უმრავლესობა კი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანები იყვნენ. შესაბამისი იყო განწყობაც, ჯერ არ აშენებული ქალაქის სიკეთეებზე ბევრი ისაუბრა, როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა და სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ივა დავითაიამ.
მათგან განსხვავებით, ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდა ხელისუფლებას, ჯონდი ბაღათურიამ, რომელმაც ახალი ქალაქის მშენებლობის იდეას „ხელისუფლების მორიგი ზღაპარი“ უწოდა.
ბაღათურიას, ამ განცხადებას დარბაზის უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, სადაც, როგორც ავღნიშნეთ, დამსწრეთა მაქსიმალური უმრავლესობა, საჯარო სამსახურების თანამშრომლები იყვნენ.
ფოთის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ, ოპოზიციონერ დეპუტატს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაში დასდო ბრალი და ურჩია, ლაზიკაზე ესაუბრა. ბაღათურიას მხრიდან მისი ვინაობით დაინტერესებისას, ცხვიტარიამ მას თავი, როგორც რიგითმა მოქალაქემ წარუდგინა, იგივე განმეორდა სხვა გამომსვლელების შემთხვევაშიც.
„თქვენი ფული, რომელიც თქვენს პენსიებს უნდა მოხმარდეს, ახალგაზრდების განათლებას უნდა მოხმარდეს, რომლებიდანაც ათმა, წელს იმის გამო შეწყვიტა სწავლა, რომ გადასახადი ვეღარ გადაიხადა, ასეთ ზღაპრებში ფული არ უნდა იხარჯებოდეს“,-დასძინა საპასუხოდ ჯონდი ბაღათურიამ.
„მე, რაც უფრო ჩუმად ვიქნები, მით უფრო კარგად ვიგრძნობ თავს მატერიალურად, მაგრამ სინდისი გეუბნება, რომ უფრო რთული მდგომარეობა უნდა აირჩიო და როცა წინ იხედები და უფსკრულს ხედავ, საითაც ძალიან დიდი სისწრაფით მიექანება ქვეყანა, ხმა უნდა ამოიღო“, - ამბობს ბაღათურია, რომელსაც ლაზიკას პროექტზე საუბარი ხელისუფლების გიგანტურ ტყუილად მიაჩნია, რათა თავიანთი მომხრეები შეინარჩუნონ.
„მათი მხრიდან, ამაზე საუბარი ნიშნავს იმას, რომ ოქტომბერში კი არ მიდიან, რაღაც გრანდიოზულ პროექტს იწყებენ. ეს არის სრულიად მოწყვეტილი რეალობას და მეტი დამაჯერებლობისთვის სრუალიად არასერიოზული საკონსტიტუციო ცვლილებები შეიმუშავეს, რომლითაც, თურმე არც ექსპერტებს განუხილავთ, არც სამართლებრივი ექსპერტიზა აქვთ, არ იციან რა ჯდება, არ იციან რამდენი უნდა დაიხარჯოს მომავალ წელს, უბრალოდ იდეა აქვთ“, - დასძენს ბაღათურია.
მის პათოსს იზიარებს, კიდევ ერთი ოპოზიციონერი პარლამენტის დეპუტატი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ არც ფორმალური და აღარც ფაქტობრივი საფუძველი საკონსტიტუციო ცვლილებისა, კუბლაშვილს საზოგადოებისთვის არ შეუთავაზებია.
„მსჯელობა, შეიძლება მხოლოდ იდეაზე, რა თქმა უნდა, აღმშენობლითი პროცესი, როგორ შეიძლება წინააღმდეგობრივად იყოს აღქმული საზოგადოების მხრიდან, მაგრამ როცა არ არსებობს პარამეტრები, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ეკონომიკურ გათვლას და ერთვოდეს საკონსტიტუციო ცვლილებას, - ფიზიკურად არ არსებობს“, - გვეუბნება ლორთქიფანიძე, რომელსაც მიჩნია, რომ პრეზიდენტის პოლიტიკური სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის არ უნდა ხდებოდეს ამ იდეით უტრირება.
„ჩვენი ოპონენტების პოზიცია, ძალიან გავს ერთმანეთს ბოლო წლების განმავლობაში. ზღაპარს უწოდებდნენ ისინი, როდესაც ვაშენებდით სიღნაღს, ბათუმს, მესტიას, ანაკლიას, მაგრამ, დღეს ეს ყველაფერი არის უკვე სახეზე. ჩვენ, მიუხედავად სკეპტიციზმისა და იმისა, რომ ეს პროცესი შეეჩერებინა, გვაქვს სახეზე განახლებული მცხეთა, სიღნაღი, მესტია, ანაკლია, ბათუმი, ქუთაისი, ასევე შევძლებთ ავაშენოთ ახალი ქალაქი ლაზიკა, მომავლის საქართველო, ახალი შესაძლებლობების ქალაქი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქალაქს, ჩვენ ერთად, ამ საზოგადოებასთან ავაშენებთ“, - უთხრა presage.tv-ს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა.
ჩვენს შეკითხვაზე - ხომ არ გამოიწვევს ახალი ქალაქის მშენებლობა, საერთაშორისო კონვენციებთან დაკავშირებით გართულებებს, კუბლაშვილი ამბობს, რომ მსგვასი რამ, არანაირად მოსალოდნელი არ არის.
ზვიად შუბითიძემ, რომელმაც თავი საზოგადოებრივი მოძრაობა „ფაზისელის“ წარმომადგენლად დაასახელა, ლაზიკასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, ავტონომიური ოლქების სტატუსთან გააგივა და აღნიშნა, რომ ამ საკითხის განხილვა, ფოთში, არც მეტი და არც ნაკლები, უსინდისობაა. ამის დასასაბუთებლად მან ქალაქის ეკონომიკური პოტენციალის უგულებელყოფა და ფოთის ნავსადგურის ინვესტორისთვის „მუქთად“ გადაცემა დაასახელა.
ფოთის ეკონომიკური პოტენციალის დაქვეითებაზე, ახალი ლაზიკას მშენებლობის ხარჯზე, შეხვედრისას ყველაზე მეტჯერ დაისვა აქცენტები, შესაბამისად შეკითხვებიც, თუმცა კონკრეტული პასუხი, კუბლაშვილის მხრიდან, ამ შეკითხვებზე არ ყოფილა. ზოგადად კი, მან განაცხადა, რომ ერთნაირად უნდა განვითარდეს, როგორც ფოთი, ისე ლაზიკა.
ამ კუთხით, უფრო მეტ სარგებელს ხედავს ლაზიკას მშენებლობით, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო საღინაძე, რომელიც ამბობს, რომ ფოთს ეძლევა შანსი, განვითარდეს ჩრდილოეთის მიმართულებითაც.
შეხვედრის დასასრულს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა, ჯამბულ პატარაიამ, კუბლაშვილს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს „შეახსენა“, რომ ქვეყნის მართვისთვის ცოტა დრო აქვთ დარჩენილი და რატომ ფიქრობენ ახალი ქალაქის მშენებლობაზე.