“27 მაისის აქციის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა ჩვენი მხარდამჭერების რიცხვი. ახლა რუსთაველები ყოველგვარი შიშის გარეშე მოდიან ჩვენს ოფისში და მხარდაჭერას გამოხატავენ. დღეის მდგომარეობით 1000-ზე მეტი მხარდამჭერი გვყავს რეგისტრირებული. ეს არიან ადამიანები, რომლებმაც შეავსეს ოცნების ფურცლები. ჩვენ რუსთავი დავყავით 11 ზონად. თითოეულ ზონას ყავს ხელმძღვანელი, რომელიც წარმოადგენს მისი უბნის კოორდინატორებს. თავისი მხრივ კოორდინატორები წარადგენენ „კარდაკარის“ ხალხს.
თითოეულ ზონაში არის 8-10-მდე საარჩევნო უბანი. ჩვენ არჩევნებზე თითოეულ უბანზე თითო კოორდინატორი გვეყოლება“ - აცხადებს კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის შტაბის ხელმძღვანელი, ნინო ლომიძე.
ამ ეტაპზე კოალიციას ზონებად დაყოფილი არ აქვს გარდაბნის რაიონი. „ქართული ოცნების“ გარდაბნელ მხარდამჭერებს ოფისის პრობლემა აქვთ. რაიონის კოორდინატორის თქმით, პრობლემას ადგილობრივი პოლიცია ქმნის.
„იყო რამდენი შემთხვევა, როცა შეგვპირდნენ ოფისის მოქირავებას და მეორე დღეს უარით გამოგვისტუმრეს, შემდეგ კი გავიგეთ, რომ დააშინეს. მე, საერთოდ, გარდაბანში როცა ვარ, ერთი დაბურულმინებიანი „შკოდა“ მუდმივად დამყვება. აკონტროლებენ, ვისთან მივდივარ და შემდეგ, მაშინვე თვითონ მიდიან მასთან. ამის წყალობით დააშინეს ის ადამიანებიც, რომლებიც ჩვენთვის ოფისის მოქირავებას გეგმავდნენ. ასევე, გარდაბანში რომ შევდივარ, სოფელ თაზაქენდთან ორი მანქანა მუდმივად დგას. როგორც კი შევალ რაიონში, ეგრევე ამედევნებიან ხოლმე " - საუბრობს კოალიცია „ქართული ოცნების“ გარდაბნის შტაბის ხელმძღვანელი, ბაკურ ზურაბიანი.
გარდაბნის ოფისთან დაკავშირებით 29 მაისს რუსთავში ჩამოსულმა, ზვიად ძიძიგურმაც ისაუბრა. „არ ვიცი – როგორ, მაგრამ ერთ კვირაში გარდაბანში ოფისი უნდა გვქონდეს. ამ საქმეს უნდა მივხედოთ. თუ საჭირო გახდება, კარძო სახლიც დავიქირავოთ“ - აღნიშნა ძიძიგურმა, კოალიციის რუსთაველ კოორდინატორებთან შეხვედრისას.
ოფისის პრობლემის გარდა კოალიციის გარდაბნელი წარმომადგენლები სხვა საკითხზეც საუბრობენ.
„27 მაისის, აქციის დროს გარდაბნიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებს პრობლემები შეუქმნეს. თუ ჩვეულებრივად ტრანსპორტი 10-15 წუთის შუალედით დადის, იმ დღეს 1–საათიანი ინტერვალები გააკეთეს. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს მიმართ დაშინებებს, ან პროვოკაციას, ამ ეტაპზე ასეთი რამ არ ყოფილა“ - აცხადებს ზურაბიანი.