„ამერიკის კონგრესში ითქვა, რომ საქართველოს დემოკრატიულობის შესახებ მითი დაინგრა“

„ამერიკის კონგრესში ითქვა, რომ საქართველოს დემოკრატიულობის შესახებ მითი დაინგრა“

დღეს presage.tv-ს (for.ge) პრეს-კლუბში კოალიცია „ქართული ოცნების“  წევრი თინა ხიდაშელი იყო სტუმრად და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. თავდაპირველად მან ისაუბრა გამოცდების ეროვნული ცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. ხიდაშელი ამბობს, რომ ძალიან ხმამაღალი განაცხადი იქნებოდა იმის თქმა, რომ ხელისუფლებაში რღვევის პროცესია დაწყებული, თუმცა აქვე დასძენს, რომ “ვარდების რევოლუციის” წინა პერიოდთან პარალელების გავლება ნამდვილად შეუძლია.

თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან მძიმე და სამწუხარო შეცდომებს უშვებს და განვითარებული მოვლენები ამითაც არის გამოწვეული. ხიდაშელი ვარაუდობს, რომ ეროვნული საგამოცდო ცენტრის წინააღმდეგ ძალიან უხეში მეთოდებით გალაშქრება მოხდა, რადგან ცენტრის თანამშრომლებმა ასე ღიად დააფიქსირეს პროტესტი. მისი თქმით, ძალიან არაჯანსაღი ვითარებაა, როდესაც ხელისუფლება ყველგან მტრებს ხედავს და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე ნადირობა აქვს გამოცხადებული.

„ყოველგვარი ცინიზმის გარეშე სრულიად გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ შოკში ჩავვარდი, როდესაც სააგენტო „პირველზე“ გიგი წერეთელის განცხადება წავიკითხე. ბევრი ადამიანისგან შემეძლო წარმომედგინა, რომ ამას ხმამაღლა იტყოდა, მაგრამ არა გიგი წერეთლისგან. სულ მეგონა, რომ მას მედიასთან სასაუბროდ მაინც გაცნობიერებული ჰქონდა დემოკრატიის ანაბანა. როგორც ჩანს, ხელისუფლებაზე წნეხი იმდენად მაღალია, რომ ისეთი გამოცდილი ადამიანებიც კი, როგორიც გიგი წერეთელია, ასეთ შეცდომებს უშვებენ. თუ არ ჩავთვლით პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან განთავისუფლებულ ძალიან დიდი ოდენობით ადამიანებს, საქართველოს ხელისუფლებამ პირველად გვითხრა ასე ღიად, რომ თურმე მათ ჰგონიათ, ბიუროკრატია ქვეყანაში უნდა იყოს პარტიული საკუთრება, უნდა ჰქონდეს სწორება ბელადზე, ხოლო ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, არ აქვს უფლება მუშაობდეს, ცხოვრობდეს და ა.შ.“, - აღნიშნავს თინა ხიდაშელი.

მისი თქმით, ხელისუფლების ამგვარი ქმედებები იმას მოწმობს, რომ მმართველ გუნდში პანიკური შიშია იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ სულ უფრო ძლიერდება და ყველაფერ ამის გამო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარ საქციელებზე კონტროლი დაკარგეს. თინა ხიდაშელმა ასევე კომენტარი გააკეთა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორის ხატია დეკანოიძის დანიშვნასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ეს სწორი და მისასალმებელი გადაწყვეტილებაა, რადგან ლუსტრაცია ღიად შედგა და აღარაფერი ინიღბება.

„ის, რომ დიმიტრი შაშკინი შინაგან საქმეთა სამინისტროა, ყველამ ვიცოდით, დღეს კი ეს ოფიციალურად გაფორმდა. ამიტომ მივესალმები იმას, რომ ხელისუფლება ასეთ „გამჭვირვალე“ ნაბიჯებს დგამს და ყველაფერს თავის სახელს არქმევს“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა. მისი თქმით, ამ საკადრო ცვლილებით ეროვნულ გამოცდებზეც პოლიციური კონტროლი დაწესდა.

ხიდაშელმა ისაუბრა ბიძინა ივანიშვილისა და მაია მიმინოშვილის შეხვედრაზეც და აღნიშნა, რომ ვინაიდან გაჟღერდა, - მიმინოშვილი, შესაძლოა, მისი ვაჟის „ქართული ოცნების“ აქციაზე ყოფნის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან, ბიძინა ივანიშვილი, უბრალოდ, ადამიანურად დაინტერესდა, ამის იქით კიდევ სხვა რამე პრობლემები ხომ არ იყო და ამის გასარკვევად შეხვდა მიმინოშვილს.

აქვე ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას მთელი ამ წლების განმავლობაში რაიმე სერიოზული პრეტენზიები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართ არ ჰქონია. ამდენად, მიმინოშვილთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებიდან წამოსულ ნებისმიერ ადამიანს ივანიშვილი თავის რიგებში მიიღებს. თინა ხიდაშელის განცხადებით, ხელისუფლებაში კიდევ არის რამდენიმე ადამიანი, რომელთა საქმიანობას საქართველოსთვის არანაირი პრობლემა არ შეუქმნია და პირიქით, ისინი თავის სფეროში სიტუაციის გაჯანსაღებაზე მუშაობენ. ამიტომ, ოპოზიციის წარმომადგენლებს მათთან პირადი ურთიერთობები შენარჩუნებული აქვთ. ხიდაშელმა ამ ადამიანების ვინაობის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ თუ რომელიმე მათგანი ოპოზიციასთან ურთიერთობის გამო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის მსხვერპლი გახდება, თინა ხიდაშელი სიამოვნებით შეასრულებდა ხიდის ფუნქციას მათსა და „ქართულ ოცნებას“ შორის.

მისი თქმით, კოალიცია „ქართული ოცნება“ ებრძვის არა ხელისუფლებაში მომუშავე ადამიანებს, არამედ რეჟიმს, რომელმაც საბჭოთა კავშირისთვის ჩვეული რეპრესიული მანქანა აამუშავა. ხოლო ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი სამშობლოს  წინაშე დანაშაული აქვთ ჩადენილი, სამართლიანი სასამართლოს პირობებში გაეცემათ პასუხი.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა მაია მიმინოშვილს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს (სახელდება 600 ყალბი ატესტატი), თინა ხიდაშელმა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ვინაიდან იგი იურისტია, წინასწარ რაიმე შეფასებებს ვერ გააკეთებს, თუმცა ყურადღებით დააკვირდება ამ მხრივ განვითარებულ მოვლენებს. ხიდაშელი აცხადებს, რომ მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში ხელისუფლება ძალიან ბევრ სკანდალში გახვევს ქვეყანას. იგი არ გამორიცხავს, რომ ვიღაცამ ხელისუფლებაში გადაწყვიტოს მაია მიმინოშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. ხიდაშელის თქმით, ჩვენი ქვეყნისთვის ეს იქნება ძალიან დიდი სირცხვილი, რადგან მიმინოშვილის უწყება ძალიან ღიად და გამჭვირვალედ მუშაობდა და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამსახური იყო.

თინა ხიდაშელმა ასევე ისაუბრა 23 მაისს ამერიკის კონგრესში გამართულ მოსმენაზე, სადაც დემოკრატიის საკითხებზე იყო საუბარი. ხიდაშელის თქმით, ამ შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაზეც იმსჯელეს და ყველაზე დიდი დრო საქართველოს დაეთმო, რადგან ჩვენს ქვეყანაში წინასაარჩენო პერიოდია და რადგან კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ როგორც სენატორებს, ასევე კონგრესმენებს უამრავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ხიდაშელის თქმით, ამ შეხვედრაზე იმდენად ფუნდამენტური განხილვა იყო, რომ შეუძლებელი იყო ვინმეს ეფიქრა, რომ ამერიკის კონგრესში საქართველოს შესახებ სათანადოდ ინფორმირებულები არ არიან.

„ამ მოსმენის ფორმატი ასეთია - იწვევენ იმ ადამიანებს, ვისი აზრიც კონგრესისთვის მნიშვნელოვანია და ვინც ამ კონკრეტულ სფეროში ყველაზე კვალიფიციურ ექსპერტებად ითვლებიან. სხვათაშორის, რატომღაც აღმოჩნდა, რომ ამ შეხვედრაზე სოკორი არავის გახსენებია და იგი არ მიუპატიჟებიათ. როგორც წესი, იგი მხოლოდ „რუსთავი2“-ისა და „იმედისთვის“ არის ავტორიტეტული რესპონდენტი, მაგრამ ამერიკაში ასეთი მაღალი რანგის მოსმენებზე იგი არ ახსენდებათ ხოლმე. სამაგიეროდ დაპატიჟებული იყო ტომ დე ვაალი, რომელიც თავის დროზე ამავე „რუსთავი2“-ისა და „იმედის“ მიერ „გაზპრომის“ აგენტად იყო შერაცხული. ამერიკაში ცოტა სხვანაირად ფიქრობენ, კერძოდ დე ვაალი კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და მცოდნე ექსპერტად მიაჩნიათ.

ამ შეხვედრაზე ჯერ იკითხებიან მოწვეული ექსპერტები, რომლებიც ყვებიან ფაქტებს, ამბობენ საკუთარ დამოკიდებულებას და აკეთებენ ანალიზსაც. ამის შემდეგ იმართება განხილვაც, სადაც უკვე კონგრესიც გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს“, - ამბობს ხიდაშელი.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა ექსპერტის შეფასებები იყო კრიტიკული. ექსპერტების მოსმენის შემდეგ კი უკვე კონგრესის მიერ გამოითქვა ძალიან კრიტიკული შეფასებები საქართველოში კონტროლის პალატის მოქმედებებთან დაკავშირებით, გავლებული იყო პარალელები ძველ კონტროლის პალატასთან, რომელიც ლავრენტი ბერიას მიერ იქმნებოდა. ხიდაშელის თქმით, ძალიან ბევრი ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე და ძალიან ნეგატიურად შეფასდა მოქალაქეობის ჯერ ჩამორთმევა, შემდეგ ნატურალიზაციის გზით მის მინიჭებაზე უარის თქმა. დაბოლოს, ხიდაშელის თქმით, ამერიკის კონგრესში პირდაპირ ითქვა, რომ ერთი ადამიანის გამო კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა ყოველგვარი საფუძველი გამოაცალა იმ მითებს, რაც საქართველოს დემოკრატიულობის შესახებ არსებობდა. ხიდაშელი ამბობს, რომ ამის გარდა საუბარი შეეხო გასული წლის 26 მაისის მოვლენებს და ითქვა, რომ საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ უკანონობებზე ერთგვარი იმუნიტეტი გაჩნდა, რამაც ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი გააღვივა.

„ამ შეხვედრაზე პირდაპირ მოხდა ციტირება სტრასბურგის სასამართლოს 27 აპრილის გადაწყვეტილებიდან, რომელიც ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც არის ციტირებული. სანდრო გირგვლიანის საქმეს ვგულისხმობ და ორივეგან სწორედ ის აბზაცია ციტირებული, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ საქმეზე ჭეშმარიტება არ დადგენილიყო. ეს საქმეც გამოყენებული იყო ერთ-ერთ არგუმენტად იმის დასადასტურებლად, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებებში დაუსჯელობა მეფობს. ასევე ნახსენები იყო რამდენიმე საქმე, მათ შორის ჩაჩიბაიას საკითხიც, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების შემთხვევა. არ უნდა გამომრჩეს ასევე, ამ შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოში პედაგოგები პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლნი ხდებიან“, - ამბობს თინა ხიდაშელი. მისი თქმით, ერთადერთი, რაც ამ შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიურად შეფასდა, იყო ცვლილებები კანონში რელიგიასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, ხომ არ შეიცვალა პოლიტიკური სიტუაცია (ვინაიდან 26 მაისს ბიძინა ივანიშვილი სამებაში მივიდა, ხოლო 27 მაისს ნინო ბურჯანაძე „ქართული ოცნების“ აქციაზე იმყოფებოდა) და ხომ არ შეიძლება კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ნინო ბურჯანაძეც ვიხილოთ, თინა ხიდაშელი პასუხობს, რომ 26 მაისი არ არის მხოლოდ ნინო ბურჯანაძე, ეს არის მთელი საქართველოს ტკივილი და ბიძინა ივანიშვილი 26 მაისს მივიდა არა ნინო ბურჯანაძესთან, არამედ ქართველ ხალხთან. ხიდაშელმა განაცხადა, რომ ამ კითხვაზე პასუხს არ გასცემს, რადგან ასჯერ აქვს უკვე პასუხი გაცემული და ყველა პასუხი ერთნაირია. აქვე მან კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ თითქოს, 27 მაისს მან სცენაზე არ აუშვა ნინო ბურჯანაძე და ამას მის წინააღმდეგ მოგონილი ტყუილი უწოდა.