ვიზიტის ფარგლებში კლინტონი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. საქართველოდან კი ჰილარი კლინტონი 6 ივნისს აზერბაიჯანში გაემგზავრება.
გავრცელებული ინფორმაციით, 7 ივნისს იგი თურქეთში ჩავა. სადაც თანათავმჯდომარეობას გაუწევს სტამბოლში გასამართ მინისტრთა დონის ტერორიზმთან ბრძოლის გლობალურ ფორუმს. რაც შეეხება კავკასიის ტურნეს, დღის წესრიგის მთავარი საკითხები იქნება რეგიონალური უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და ტერორიზმთან ბრძოლა.
როგორც ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს presage.tv-სთან საუბრისას, კავკასიურ ტურნეს შესაძლოა, ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდეს. ეს არის რუსეთ-აზერბაიჯანს შორის გართულებული ურთიერთობა, რომელიც გაბალას (აზერბაიჯანი) ცნობილ რადიოსალოკაციო სადგურს ეხება. (გაბალას რადიოსალოკაციო სადგური აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ერთადერთი სამხედრო ობიექტია, რომელსაც რუსეთის ბაზის სტატუსი აქვს. რუსეთის ფედერაცია ობიექტის ექსპლუატაციისათვის, რომელსაც 6000 კილომეტრზე შეუძლია საჰაერო თვალთვალი და აღმოჩენა, წელიწადში 7 მილიონ დოლარს იხდის არენდის სახით. 2007 წელს რუსეთისგან გაბალას რადიოსალოკაციო სადგურის ამერიკელებთან ერთობლივი ექსპლუატაციის იდეა წამოვიდა. რუსეთმა, რომელიც ეწინააღმდეგება ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის სარადარო კომპონენტის ჩეხეთში განთავსებას, შესთავაზა ვაშინგტონს, გამოიყენოს გაბალას სადგური, რომლის თვალსაწიერში ექცევა როგორც ირანი, ასევე აზიის სხვა ქვეყნები).
ბატონო სოსო, რამდენად მნიშვნელოვანია ჰილარი კლინტონის ვიზიტი საქართველოსთვის, შესაძლებელია თუ არა იგიუკავშირდებოდეს ქართულ საპარლამენტო არჩევნებს?
- როგორც წესი, სახელმწიფო მინისტრის ჩამოსვლის თარიღი ბევრად უფრო ადრეა ხოლმე ცნობილი, ვიდრე ამ შემთხვევაში მოხდა. აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომელი მოვლენაა სამხრეთ კავკასიაში იმდაგვარად შესაფასებელი, რომ რამდენიმე კვირით ადრე ეს აუცილებლობა არ იდგა სახელმწიფო დეპარტამენტის წინაშე.
ასე რომ, ჩვენ თვეების განმავლობაში ველოდებით ქალბატონ კლინტონის ჩამოსვლას, ეს ჯერ კიდევ შარშან იყო ანონსირებული, მაგრამ სააკაშვილის ვაშინგტონში მოულოდნელმა ვიზიტმა ასეთი აუცილებლობა წარსულს ჩააბარა.
თქმა იმისა, რომ რაიმე განსაკუთრებული ხდება საქართველოში ან სომხეთში და სწორედ ეს გახდა მიზეზი ამ ვიზიტის დაგეგმვისა, უსაფუძვლო იქნება.
ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი საუბარი ჰილარი კლინტონს ექნება ბათუმში, რადგან სახეზეა მოულონდელი გამწვავება აზერბაიჯანულ-რუსული ურთიერთობების რაც გამოიხატა გაბალას რადიოსალოკაციო სადგურის საიჯარო გადასახადის მოულოდნელი გაზრდით, რაც რუსეთისთვის ნიშნავს უარის თქმას, რომ მან მომავალშიც გამოიყენოს ეს ინფორმაციის მიმღები სადგური საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის.
რუსეთი ღიად საუბრობს აზერბაიჯანის მხრიდან არამეგობრულ ნაბიჯზე. მართლაც, 7 მილიონი დოლარი იყო აქამდე წლიური იჯარა, და აზერბაიჯანმა ეს თანზა თითქმის 40-ჯერ გაზარდა და წელიწადში 300 მილიონ დოლართანაა მიახლოებული.
როგორ ფიქრობთ, აზერბაიჯანის მხრიდან ამ გადაწყვეტილების რეალური მიზეზი რა შეიძლება იყოს?
- ვფიქრობ, რომ სწორედ ეს აინტერესებს ქალბატონ კლინტონს. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს რუსეთის სამუდამო მზაობას, რომ კონფლიქტი არასოდეს დასრულდეს ყარაბაღში. გარდა ამისა, მან პირველმა გაააქტუალურა ეს რადიოსალოკაციო სადგური ამერიკელებისთვის, როდესაც შესთავაზა ამ რესურსის ერთობლივი გამოყენება, ნაცვლად იმისა, რომ ევროპაში განალაგოს საკუთარი ანალოგიური სადგურები.
მაშინ ვაშინგტონმა პუტინის ეს წინადადება როგორც იტყვიან, ყურიდან ყურში გაატარა, მაგრამ ინტერესი ამ სადგურის მიმართ მას არ დაუკარგავს, რადგან მისი სტრატეგიული დანიშნულების გარდა ადგილმდებარეობაც მისთვის საინტერესო იყო. აქედან გამომდინარე, ის პოლიტიკურ-ეკონომიკური პერსპექტივა ამერიკულ-აზერბაიჯანული ურთიერთობის, არის ის ძირითადი მოტივი, რამაც ამჯერად აიძულა ქალბატონი კლინტონი, რომ დაიძრას სამხრეთ კავკასიისკენ.
როგორც წესი, არა მხოლოდ ამერიკელი, არამედ ევროპელი მაღალჩინოსნებისთვისაც ტურნე სამხრეთ კავკასიასში მოიცავს ყოველთვის სამ დედაქალაქს. რადგან უკვე ტრადიციად იქცა ინფორმაციის მოძიება სამივე დედაქალაქში და უფრო სანდო ინფორმაციის მოპოვება განსხვავებული პოზიციების შეჯერების საშუალებასაც იძლევა და ამ დროს, რომელიმე ერთ დედაქალაქში არჩასვლა, როგორც მინიმუმ, დიპლომატიური დემარშის ხასიათს იღებს. ამას ცხადია, მაქსიმალურად არიდებენ თავს დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.
იმასაც ხომ არ გულისხმობთ, რომ აშშ-ს ინტერესი ამ ეტაპზე საქართველოს მიმართ შედარებით შესუსტდა?
- რა თქმა უნდა, ინტერესი არსებობს, თავისი საარჩევნო მოლოდინებით, მაგრამ ნუ ვაიძულებთ ამერიკას, რომ საკუთარ საპრეზიდენტო არჩევნებზე უფრო მეტი ინტერესი გამოიჩინოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მიმართ.
ყველაფერი ცხადია ვაშინგტონისთვის. ის თბილისის ოფიციოზის სიტყვებს აღარ ენდობა, მას ინფორმაციის სხვა სარწმუნო წყაროებიც გაუჩნდა, და არ არის გასაკვირი, რომ „არაბული გაზაფხულის“ შემდეგ, რომელიც სერიოზული გაკვეთილი აღმოჩნდა უპირველეს ყოვლისა, ამერიკის ხელისუფლებისთვის, საქმე ეხებოდეს პარტნიორი ქვეყნის ხალხთა ინტერესის გათვალისწინებას და არა რომელიმე ზღვარგადასული ერთგულებით გამორჩეული პოლიტიკოსის მხარდაჭერას.
ცნობილი გახდა, რომ 23 მაისს სენატის სხდომაზე საქართველოს თემის განხილვისას საუბარი იყო ყველა იმ ძირითად საკითხზე, რაცრეალურად ხდება საქართველოში, ცხადია წინასაარჩევნო მდგომარეობაზე თავად ხელისუფლება ცოტა უფრო სხვაგვარ ინფორმაციასმიაწვდიდა...
- ჰილარი კლინტონს ნამდვილად არ ეყოფა 24 საათი იმისათვის, რომ ჩაწვდეს იმ პრობლემებს, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში. საბედნიეროდ, ამერიკის საელჩო საქართველოში არის გარანტორი ობიექტური ინფორმაციის მიწოდებისა, რომელსაც მისი წინამორბედისგან განსხვავებით არ გააჩნია ფარული ვალდებულებები „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე და სრულიად სანდო ინფორმაციას გადასცემს იგი სახელმწიფო დეპარტამენტს.
აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომ ეს შეხვედრა იმართება ბათუმში და არა თბილისში?
- სტუმარს გაუჭირდება, მასპინძელს უთხრას, რომელ ქალაქში აპირებს მასთან შეხვედრას. ყოველთვის მასპინძელი, გამომდინარე არაერთი ფაქტორის გთვალისწინებისთ, სთავაზობს სტუმარს შეხვედის ადგილს და ვფიქრობ, სჯობს, ჩვენი პრეზიდენტის ეს ახირება დააკმაყოფილოს ქალბატონმა კლინტონმა, ვიდრე ნებისმიერი სხვა, რომელიც აუცილებლად იქნება წარმოჩენილი არც თუ სანდო ინფორმაციის სახით პირდაპირი მოლაპარაკებების პროცესში.
რამდენადაც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ს საელჩოს მიმართა თხოვნით, რომ დაიგეგმოს მისი შეხვედრა ამერიკის სახელმწიფომდივანთან. ამასთან საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰილარი კლინტონის ვიზიტის დღის წესრიგისაბოლოოდ დაზუსტებული არ არის და ეს აშშ-ს საელჩოს კომპეტენციაა. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს შეხვედრა, თუ ისმართლაც დაიგეგმება?
- ამ ინფორმაციის თანახმად შეიძლება ვივარაუდთ, რომ ასეთი შეხვედრა დანიშნული არ არის, მაგრამ მისი დანიშვნა შესაძლებელია, მოხდეს უახლოეს დღეებში. ასეთ შეხვედრებს უკვე აღარ გეგმავს საქართველოს პრეზიდენტი. მას შეუძლია ისაუბროს რაც სურს, და არა მხოლოდ სიმართლე.
ამერიკელ მაღალჩინოსანთა ნებისმიერი ვიზიტისას მას ხვდებოდნენ ქართველი ოპოზიციონერები, მათ შორის - ალასანიაც და მისი თანაგუნდელებიც და მათ ამერიკაშიც იწვევდნენ სასაუბროდ. კოალიციას სათავეში უდგას ცნობილი მილიარდერი და რასაკვირველია, ასეთი შეხვედრა, ალბათ, საინტერესოა, პიროვნული თვალსაზრისითაც პირადი შთაბეჭდილების შექმნის სურვილით. თუ ასეთი შეხვედრა არ შედგა, ეს არ ნიშნავს რაიმე ნეგატიურ დამოკიდებულებას ქართული ოპოზიციის მიმართ. ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია კლინტონის პირადი საუბრები საქართველოს პრეზიდენტთან მედიის გარეშე, ვიდრე რაიმე ტიპის საჯარო შეხვედრები ოპოზიციასთან.