გვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.
სისტემატური ხასიათი აქვს ჩვენი ოფისის წინ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა „მორიგეობას“.
„ობიექტივის“ წამყვანისა და წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის სოსო მანჯავიძისა და „ობიექტივის“ კიდევ ერთი წამყვანის კოტე ინაშვილის საცხოვრებელ კორპუსებთან მუდმივად დგანან „კუდის“ ავტომანქანები და ადგილი აქვს სრულიად უსაგნო და, რაც მთავარია, უკანონო თვალთვალსა და სატელეფონო მოსმენას.
მე, მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელს ირმა ინაშვილს, „ღამის სტუდიის“ დასრულების შემდეგ (ღამის 00.3 საათიდან 03.30-ის ფარგლებში) სახლის სადარბაზომდე სისტემატურად მაცილებს უნომრო, დაბურულმინიანი ავტომანქანა.
წინააღმდეგობის მოძრაობის თავმჯდომარეს და „ობიექტივის“ წამყვანს დავით თარხან-მოურავს ძალოვანი სტრუქტურებიდან ემუქრებიან დაპატიმრებით, თუ საქართველოს არ დატოვებს.
2012 წლის 18 მაისს სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით გაასამართლეს წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და „ობიექტივის“ წამყვანი სოსო მანჯავიძე.
ჟურნალისტი კოტე ინაშვილი, რომელიც პირობითი მსჯავრდებულია, მოულოდნელად დაადანაშაულეს საჯარიმო გადასახადის პროკურატურისთვის გადაუხდელობაში. გადასახადი „ლიბერთი ბანკში“ ერთი წლის წინაა შეტანილი, მაგრამ (თურმე) კოტე ინაშვილის ბრალია, რომ ბანკმა ეს გადასახადი პროკურატურის ანგარიშზე არ გადარიცხა. ინაშვილი გუშინ, 2012 წლის 29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასამართლეს. მორიგი სასამართლო პროცესი 2012 წლის 17 ივლისაა დანიშნული. ჩვენი ინფორმაციით, 17 ივლისს კოტე ინაშვილის დაპატიმრებაა დაგეგმილი, რომელსაც პირობით სასჯელს „გაუცოცხლებენ“.
მედია-კავშირ „ობიექტივის“ დამფუძნებელი და წამყვანი მამუკა გობეჩია ცოტა ხნის წინ გაასამართლეს, ავტობუსის გამყოლთან შელაპარაკების გამო და, გირაოს სახით, 2000 ლარი შეატანინეს სახელმწიფო ბიუჯეტში. გობეჩიას საქმე დღემდე დახურული არაა და მომავალ სასამართლო პროცესზე ემუქრებიან დაპატიმრებით.
ასევე, მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა.
„ობიექტივის“ ოფისის წინ, კინოს სახლის მიდებარე ტერიტორიაზე, სისტემატურად აზიანებენ „ობიექტივის“ წამყვანებისა და სტუმრების ავტომანქანებს. გუშინ, 2012 წლის 29 მაისს, ჟურნალისტ მაკა რაზმაძეს საკუთარი ავტომანქანა დაზიანებული დახვდა.
„ობიექტივის“ დამწყებ ჟურნალისტებს ხელისუფლების წარმომადგენლები ემუქრებიან, რომ თუ ისინი „ობიექტივს“ არ დატოვებენ, მათი ოჯახის წევრებს დააპატიმრებენ.
შექმნილი ვითარებისა და ინფორმაციის სარწმუნოობიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ სხვადასხვა წყაროებიდან ვფლობთ, ვაცხადებთ:
მედია-კავშირ „ობიექტივისა“ და წინააღმდეგობის მოძრაობის ხელმძღვანელობა არ აპირებს არც საქართველოს დატოვებას და არც რეჟიმის წინააღმდეგ (ჯერ კიდევ 9 წლის წინ დაწყებული) ბრძოლის შეწყვეტას.
ვერანარი ზეწოლა და დაშინება ვერ გამოიწვევს ჩვენს დემორალიზაციას და „ობიექტივის“ საქმიანობის შეჩერებასა, თუ შეფერხებას.
ყველა პროექტი, რომელსაც „ობიექტივი“ საქართველოში და ევროპაში, კონკრეტულად, ბრიუსელში, პარიზსა და სტრასბურგში ახორციელებს, ავტომატურ რეჟიმში განაგრძობს მოქმედებას, თუ მოახდენენ დავით თარხან-მოურავის, ირმა ინაშვილის, ან სოსო მანჯავიძის დაპატიმრებას. „ობიექტივის“ პროექტებს ხელისუფლება ვერ გააჩერებს.
სასარგებლო იქნება, თუ უფლებადაცველი ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია-საშუალებები გამოხატავთ სოლიდარობას და მიმართავთ თქვენს საერთაშორისო პარტნიორებს. თავის მხრივ, „ობიექტივი“ ამ განცხადების ტექტს უგზავნის ყველა საერთაშორისო ჟურნალისტურ ორგანიზაციას, რომელთა დიდი ნაწილიც ჩვენი პარტნიორი და მეგობარია.
ირმა ინაშვილი
მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი
2012 წლის 30 მაისი. თბილისი.