რას ამბობს გია ცაგარეიშვილი ტელევიზიებით გავრცელებულ კადრებზე, სადაც სააკაშვილს აგინებს!?

რას ამბობს გია ცაგარეიშვილი ტელევიზიებით გავრცელებულ კადრებზე, სადაც სააკაშვილს აგინებს!?

"თუ ფიქრობთ საქართველოში გინება ვიღას უკვირსო, ვერ მოგართვეს: 28 მაისს სახელისუფლებო არხებმა გაავრცელეს კადრები, სადაც მიტინგზე მიმავალი გია ცაგარეიშვილია აღბეჭდილი - "ქართული ოცნების" ტრანსპარანტს ამოფარებული გია ცაგარეიშვილი ომახიანად აგინებს პრეზიდენტს, რომ ამით ივანიშვილის კეთილგანცწობა მოიპოვოსო", - აცხადებს "იმედი". დეტალებში გასარკვევად "ალია" თავად პარლამენტარს დაუკავშირდა, რომელმაც კითხვის დასმა არ გვაცალა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "ალიას" უარს ვერ ვეტყოდი, სხვაგან არც მილაპარაკია ამაზე..." / რას ამბობს გია ცაგარეიშვილი ტელევიზიებით გავრცელებულ კადრებზე, სადაც სააკაშვილს აგინებს!?

"ვიცი რა მარაზმზე გინდათ მკითხოთ, რასაც ავრცელებს დილიდან "რეალ ტივი", "რუსთავი" და "იმედი", საქმის კურსში ვარ. ეს არის ბინძური პროვოკაცია, მე სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ. რა თქვენც დაიჯერეთ, რომ მე ამ სიტყვებს ვამბობ? ეს არის დამონტაჟებული თავიდან ბოლომდე. დადებულია ხმა, მე 10-15-ჯერ მოვუსმინე ამ ჩანაწერს და თქვენც გადაახვიეთ და ნახეთ. მე ვაცხადებ, რომ ეს არის ბინძური პროვოკაცია, რომელიც კარგადაა დაგეგმილი, რა თქმა უნდა პირველ რიგში "იმედისა" და შესაბამისი სამსახურების მიერ, ეგენი ხომ სპეცსამსახურებად არიან გადაქცეულები და ახლა უნდათ, რომ ჩემს წინააღმდეგ ბინძური პიარი ააგორონ. მე ველაპარაკები ჩემს მეგობარ ზურაბ აბაშიძეს და ხმა არის დამონტაჟებული და დადებული ამ საუბარზე. ეს არაერთხელ გაუკეთებიათ ჩემთან დაკავშირებით, იგივე ჩემი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არის ჩემი ცხოვრება და მე როგორღაც გავუმკლავდები ამ ადამიანებს. ეს არის წარმოუდგენელი სიცრუე და ბინძური ცილისწამება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ცაგარეიშვილი.

"აღშფოთებული ვარ ამ ამბით - მე არ გამოვდივარ სიტყვით, პრივატულ საუბარს ვაწარმოებ ჩემს მეგობარ ზურაბ აბაშიძესთან და არავისი საქმე არ არის, რაც ვლაპარაკობ. ეს არ იყო, კიდევ ვამბობ, საჯარო განცხადება და საჯარო მოწოდება. მე დავუკავშირდი აბაშიძესაც და იზორიასაც და გადავამოწმე: მსგავსი არ ყოფილა. მე "რეალ ტივისა" და ვანო მერაბიშვილის გადამკიდემ რა, ხმა ვერ ამოვიღო? ეს არის სრული კატასტროფა! ჩვენ ვცხოვრობთ უკვე მარაზმში. ოჯახის წევრებთან განმარტოვების მეშინია უკვე! რა, რამე არ ვთქვათ, რომ ვიღაცამ არ ჩამიწეროს და სადღაც არ გამომაჭენოს? რაც შეეხება ფიზიკურ ანგარიშსწორებას, უხერხულია, პოლიტიკოსი არ უნდა საუბრობდეს იმ საშიშროებაზე, რასაც ცხოვრება სთავაზობს... მე ყველაფერს ველოდები. ამ ადამიანებისგან, რომლებსაც უამრავი რამ ჩაუდენიათ, მე არაფერი გამოკვირდება. ამაზე მუშაობენ ესენი, დისკრედიტაციაზე", - დასძენს გია ცაგარეიშვილი და შეკითხვას - "რახან მასეა, ხომ არ აპირებთ ამ ტელევიზიებს სასამართლოში უჩივლოთ?" - პასუხობს:

"ვის უნდა ვუჩივლო? ეს არის წარმოუდგენელი რამ. მე ამით ნამდვილად არ დავკავდები. რომ არა თქვენი გაზეთი, "ალიას" მე უარს ვერ ვეტყოდი, სხვაგან არც მილაპარაკია ამაზე. მოდის ამ ხელისუფლების პოლიტიკური აღსასრულის დრო და მე ამაში მივიღებ უაქტიურეს მონაწილეობას. ვერ გამაჩერებს ვერც არველაძე, ვერც დონაძის პასკვილები და ვერაფერი ვერ გამაჩერებს"

"რა თქმა უნდა, ამის შემდეგ საინტერესო იყო "რეალ ტივის", "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის პოზიცია, მაგრამ მათი ხელმძღვანელები ჩვენთან დიდი ხანია აღარ კონტაქტობენ. ან რა უნდა ეთქვათ? რა თქმა უნდა, ამას უარყოფდნენ, მაგრამ ისიც ვთქვათ - სხვა საუბრის ჩამონტაჟება არა, მაგრამ კომენტარის სათავისოდ დამონტაჟება არაერთხელ გამოგვიცდია საკუთარ თავზე. ასე რომ, გამორიცხული არაფერია და თუ ესეც დაიწყეს, წინ მართლაც საინტერესო ამბები გველის", - მიიჩნევს სტატიის ავტორი.