"ვინც ებრძვის ქართულ გენს, უნდა იცოდეს, რომ ღმერთს ებრძვის"
"ჭერი საერთოდ არ არსებობს, მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი კარგად იქნება, არაფერი დასრულდება"
"ის დრო მინდა ვნახო, როცა "კარ გაიღების თავადა"
დიდი ხანია სახალხო კრების წევრი რეზო ესაძე ჟურნალისტებთან საუბარს თავს არიდებს და მიზეზად "შეუძლოდ ყოფნას ასახელებს". თუმცა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების მიღმა არასდროს დარჩენილა. ბატონ რეზოს გასული კვირის მთავარ მოვლენებზეც ვესაუბრეთ, საუბარი კი მისი ბოლო ფილმის განხილვით დავიწყეთ, რომელსაც "ჭერი, ანუ დაუმთავრებელი მასალა" ჰქვია. ეს ნამუშევარი 1991-დან 2003 წლამდე განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს ასახავს, თუმცა, როგორც რეჟისორი ამბობს, ფილმში ქართული ცნობიერების ნაკადია აღწერილი, რომელიც არასდროს დასრულდება. "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუს კი ბატონმა რეზომ ერთგვარი აღსარებაც უწოდა.
- "ჭერზე" მუშაობა ჯიბრით დავიწყე, ყველაფერი ინგრეოდა და ვიფიქრე, რაღაც ხომ უნდა გაკეთდეს-მეთქი. ეს ფილმი როგორც უნდა გამეკეთებინა, მაინც დაუმთავრებელს დავარქმევდი. 2003 წლიდან საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაფერი თითქოს ისევ წრეზე დატრიალდა და ახალი ეტაპი დაიწყო. ის კი, რაც ადრე ნგრევად მეჩვენებოდა, მტკვრის პირას გასეირნება ყოფილა. არადა, იცით, როგორ შევხვდი 2003 წელს? ამათ წინ დროშით მივუძღოდი, ვლოცულობდი, რომ გაემარჯვათ. გავიდა ხანი და იპოდრომზე გამართულ საპროტესტო აქციასაც დავესწარი, 26 მაისს სტადიონზეც გახლდით. იმდროინდელი ერთი ფოტო შემომრჩა, მე და რამაზ ჩხიკვაძე ვართ სტადიონზე. მე კი ისეთ მდგომარეობაში ვარ აღბეჭდილი, ლამის თავში ხელი შემოვიცხო. მაშინ გავიგე, რომ რამაზი სიკვდილის პირას ყოფილა... ის სწორედ იმ უბედურებაზე მესაუბრებოდა, რომელზეც ახლა მე გიყვებით და რომელშიც ყველა ერთად აღმოვჩნდით.
გნებავთ, როგორც აღსარება, ისე მიიღეთ: არ ყოფილა წამი, სამშობლოს ტკივილით არ ვყოფილიყავი დაზაფრული. განა ჩემი შემოქმედება, ლექსი ან ნახატი, ამის გამოხატულება არ არის? აბა, დაუკვირდით:
"შენ ისევ ისე ლამაზი და
მშვენიერი ხარ,
ეს მე გახლავარ ველური და
მწარე ბალახი,
ჩარდახი შენი ოქროსფერით
ნაკეთი არის, სავსე მაისი.
დროება დადგა საშინელი,
ავი ქარები სათიბებში
სიკვდილებს თიბვენ,
ცელით მაგლეჯენ სისხლძარღვებს
და ჩემს დაშლილ სხეულს
თავს ვეღარ ვუყრი, მტკივა
სათიბი,
სისხლის გუბეს ძაღლი ლოკავს,
მეხვევა ბუზი,
ჩემს მოკვდავ სხეულს
გადამთიელი სასთუმალს უზის.
სიკვდილის ნანას მიმღერის
იმ დროს და ლესავს დანას,
რომ დაფლეთილი ნაფლეთები უფრო დაფლითოს,
სისხლიან ფიქრებს დასტრიალებს,
სისხლიან ფიქრებს!
გული კი ისევ შენკენ ილტვის
და ფეთქავს მაინც,
რადგან მას კვლავაც სურვილი
აქვს, გაფრინდეს ცისკენ!"
სამშობლოზეა ეს! და აქ "ჭერი" საერთოდ არ არსებობს, არც არსებობდა. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ცნობიერების ნაკადზე, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება.
მუდამ, როცა ქართველების ერთსულოვნებას ვხედავდი, ველოდი, სააკაშვილი გამოვიდოდა, ხალხს დაელაპარაკებოდა, მაგრამ ვერ შეძლო. ტელევიზიით მივმართე რამდენიმეჯერ, მაგრამ ამაოდ. ახლაც არაფერი მესმის მისი, ვხედავ, ძალიან არასასურველი მდგომარეობისკენ მიექანება. არადა, შეეძლო მთელი ქართული ისტორიის თავკაცი გამხდარიყო, თუკი ქართულ გენს სათანადო პატივს მიაგებდა. განა ვერ ვხედავ, რომ რაღაც კეთდება, მაგრამ მთავარი ფუჭდება იმით, რომ ყოველგვარ ქართულს ებრძვიან! სამწუხაროდ, ეს ისევ ჩვენი, ქართველებისავე ხელით კეთდება. ოდესღაც თვით შაჰ-აბასიც და თემურლენგიც კი აღფრთოვანებულან ქართული გენით. ისინი თავისი "მიუხვედრელობით" ებრძოდნენ საქართველოს, რადგან წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ ამ ქვეყნის წაშლა მსოფლიოს რუკიდან შეუძლებელი იყო. დავინახეთ, უცხო დამპყრობელზე საშიში ისევ "(შენ)იანი" აღმოჩნდა, რომელსაც (შენ)ების აქეთ ქართულ გენთან ბრძოლა უხდება, მის წაშლას, გადამყნობას ცდილობს და ესაა უბედურება! სჯობდა არ ა(შენ)ებულიყო...
"ესრე მტრისა არ მეშინის, ცხადად მტერობს, მაცინარობს, მოყვარესა მტერსა ვუფრთხი, მეფერება მაცინარობს", - თქვა ჩვენმა სასიქადულო წინაპარმა. დიდი ტრაგედია ტრიალებს დღეს საქართველოში, შვილები მას არა ა(შენ)ებით, არამედ (შენ)ებით კლავენ! დღეს რაც ხდება, გულის თვალით თუ შეხედავ, მიხვდები, რომ ასეა. ამ თვალით რომ ვუყურებ, იმიტომაც არ მინდა, ჩემს სივრცეს დავცილდე. ბებია, ბაბუა, მეზობლები ის სივრცეა, საიდანაც სულმა პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. 5 ოჯახში ვიზრდებოდი, საღამოს ბებიაჩემი გოჭსაც მოიკითხავდა, იხვსაც, ბატსაც, ძროხასაც... მე კი არ მომიკითხავდა, რადგან იცოდა, რომ იმ 5 ოჯახიდან ერთ-ერთში ვიქნებოდი. იცით, ბაბუაჩემი როგორი კაცი იყო? დიდი ტორები ჰქონდა და ბიბლიურ მოხუცს ჰგავდა თეთრი წვერით, ცისფერი თვალებით, საოცრად მშვიდი და მტკიცე სახით. მახსოვს, როგორ ელაპარაკებოდა ხეს ეს ბუმბერაზი კაცი, თითქოს განსხეულებული მინდია იყო. ჩვენ ერთად ვმარგლავდით სიმინდს და ის მეუბნებოდა, ბაბუა, საქმეს ისე ვეკიდები, თითქოს პირველმიჯნური ვარო. დიახ, ჩვენ, ქართველები, ყველაფერს პირველმიჯნურობით ვაკეთებთ. ამიტომაც თქვა რუსთაველმა: "ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა". ერთი შეხედვით, ტარიელისა და ნესტანის ამბავს უცბად სიტყვა "ტომი" მოაყოლა ამ ზეკაცმა და მიჯნურობაზე თქვა: "იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა". დანტესა და გოეთეს არ უთქვამთ მსგავსი რამ! იმიტომ, რომ მხოლოდ ქართველია ბუნებით პირველმიჯნური. ასეთად გააჩინა ღმერთმა, სისხლიანი ისტორიის ათასწლეულები გამოატარა და არ შეიძლება ამ უნარს ვინმემ ბრძოლა გამოუცხადოს!
- დღესაც ასეთები ვართ ქართველები?
- აბა, რა! ამიტომაც არის, რომ უცბად იქ იფეთქებს ქართული გენი, საიდანაც არ ველით. გამოავლენს თავისი სიწყნარის ხმაურს, სიბობოქრეს და იმავდროულად კეთილშობილებას.
ჩემთვის 26 მაისი ძალიან დიდი, მთაგრეხილივით თარიღია. ის ერთგვარი წყალგამყოფიცაა ქართული გენის კარგის მოსურნესა და ავის მნდომელს შორის. ნუ დაგვავიწყდება, რომ შარშანდელ 26 მაისს მდუმარების პერიოდი მოჰყვა, ბევრს ეგონა, მაშინ საბოლოოდ ჩაკვდა საპროტესტო მუხტი, ზოგი ამის გამო ქილიკობდა, მე კი ახალ 26 მაისს როგორც ღვთის გამოცხადებას, ისე ველოდი! სწორედ იმიტომ, რომ ქართული გენის განადგურება შეუძლებლად მიმაჩნია.
27 მაისს საზოგადოების წინაშე წარდგა პატრიოტი კაცი, ბაბუაჩემივით ახლოს მდგომი მიწასთან, ხესთან, ყვავილთან, ბალახთან, ყველაფერთან, რაც ქართულია. ეს არის ქართული გენი და სწორედ ის სივრცეა, სადაც ყოფნას ვცდილობ.
- "ქართული ოცნებისა" და "სახალხო კრების" ადგილი ერთად რატომ არ არის?
- ჩვენ არავინ შეგვიზღუდავს. ვისაც გული არ მოუთმენს, 27 მაისს "ქართული ოცნების" გვერდით დადგება. პირადად მე, დაპატიჟებას არ დავლოდებივარ, იმიტომ, რომ ჩემთვის არსებობს სივრცე, რომელიც გაჟღენთილია ერთი და იმავე ქართული გენით. მეც იმ მთელის (მთლიანობის) ის განუყოფელი ნაწილი ვარ, რომელიც 5 ათასი წლის განმავლობაში აერთიანებს ჩვენს არსებობასა და სიცოცხლეს. ერთი წუთით არ შემეპარება ეჭვი "სახალხო კრების" იმ წარმომადგენლის სულიერ სისუფთავეში, რომელიც 27 მაისის აქციას ვერ დაესწრო. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ არც ის შეიტანს ჩემში ეჭვს.
- ითქვა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ ყურადღება მაინც საპროტესტო აქციებისკენ გადაიტანა.
- არა, გენაცვალე, მას არ უთქვამს უარი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, როგორც ეს სხვებს მოეჩვენათ. ეს კაცი საკმაოდ ჭკვიანურად იქცევა. ყველაზე დიდი რჩევა, რაც მისგან უდავოდ ნიჭიერმა სააკაშვილმა შეიძლება მიიღოს, არის ის, რომ წავიდეს საკუთარი ნებით.
- მიგაჩნიათ, რომ სააკაშვილი ნიჭიერია?
- რა თქმა უნდა, თუმცა არსებობს სხვადასხვა ნიჭი, მაგალითად, გოეთეს მეფისტოფელიც ნიჭიერი იყო. მაგრამ არსებობს ღმერთი და სიკეთე! მან კი, ვინც ებრძვის ქართულ გენს, უნდა იცოდეს, რომ ღმერთს ებრძვის. მინდა 2-3 წელიწადში მოვესწრო რაღაც ადამიანურს, რომელიც ქართველებს შორის უნდობლობას წერტილს დაუსვამს. ხომ გაგიგონიათ, ხალხური სიბრძნე: "რა ვქნისა ციხე ავაგე, ჯავრი შავკიდე კარადა, საიქიოდან მოვიდნენ იმ ციხის სანახავადა, ბევრი უარეს გარშემო, ციხე ვერ გახსნეს ძალადა, მერე თქვეს, ჟამი მუალის, კარ გაიღების თავადა!" აი, ის დრო მინდა ვნახო, როცა "კარ გაიღების თავადა."
- გამოდის, "ჭერი" მაინც აქვს ამ მდგომარეობას.
- არა, ხომ გითხარით, რომ ჭერი საერთოდ არ არსებობს, მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი კარგად იქნება, არაფერი დასრულდება.
P. S. დასასრულ, ბატონმა რეზომ რამდენიმე ნახატიც გადმომცა, იქნებ გამოაქვეყნოთო. ერთ-ერთს "საქართველოს ლოცვა" ჰქვია (ხელის აუღებლად არის შესრულებული) და მრავალი ქვეყნის საგამოფენო დარბაზი მოიარა. "ჩათვალეთ, რომ ჩემი სული მოგაბარეთ", - მითხრა ბატონმა რეზომ. ეს ჩვენი საუბრის ლოგიკურ დასასრულად მეჩვენა, რადგან მისი საუბარიც თითქოს საქართველოზე ლოცვას ჰგავდა.