"დიდი ხანია სააკაშვილმა ამოწურა თავისი უნარი, მესიჯები აგზავნოს - ერთადერთი, რაც შეიძლება დაინახო ეს არის უგუნურება. ძალიან ძნელია ლოგიკურად ახსნა მისი ესა თუ ის ფრაზა. ეს არის ძალიან გულის დამწყვეტი, რომ კაცი აბსოლუტურად კონტროლს ვეღარ უწევს თავის თავს, თავის მეტყველებას და საერთოდ, რომელ საქართველოში ცხოვრობს, ჩემთვის უცნობია", - აცხადებს ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პაატა ზაქარეიშვილი: "ქუთაისის პარლამენტის შენობას საკონცერტო დარბაზად გადავაკეთებთ".
"ძნელია ახსნა მისცე იმ ყველაფერს, რასაც ის ამბობს, დაახლოებით ასეთი რაღაცაა - ჩემი შენ გითხარიო. შემოუშვა რუსეთი საქართველოში, - დღეს ამას ვიღაცებს აბრალებს, რუსეთის შემოყვანა უნდათო. ულოკავს თვითონ ჩექმას - ვიღაცებს აბრალებს, არ დავუშვებ რუსის ჩექმა ვლოკოთო. გაანადგურა საქართველოში ყველანაირი ნიშანი დემოკრატიულობისა და არავის მოვცემ უფლებას, დემოკრატია განადგურდეს საქართველოშიო. აბსურდის თეატრია - სწორედ ეს შეიძლება დაარქვა სააკაშვილის გუშინდელ ქცევებს. მრეწველობის ვითომდა ფსევდოგამოფენა რომ მოაწყვეს, რუსული ტექნიკა გამოიტანეს, გადაღებეს და დაარქვეს, წარმოებულია საქართველოშიო - რა ბოდვაა ეს საერთოდ, რასთან გვაქვს საქმე?" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
"მას მანდატი აქვს 2013 წლამდე, რა შუაშია 2015 წელი და რატომ ამოიჩემა ეს თხუთმეტი? მას უნდა უთხრას ყველამ, კეთილი ინებე და გვითხარი, რას აპირებ 2013 წლის ჩათვლით, ვიდრე შენ იქნები პრეზიდენტი - აი, ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი. ორი ვადა ჰქონდა - კეთილი ინებოს და დადოს მაგიდაზე ის პირობები, რაც ამ ორ ვადაში შეასრულა. სად შეასრულა მან ის პირობები, რაც დადო პირველ და მეორე ვადაში? თუ რამე აშენდა საძირკვლიდან სახურავამდე თბილისში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შს სამინისტრო. რა გაუკეთებია საერთოდ, რომ ასე ბაქიბუქობს და 2015 წლისთვის რაღაცებს გვპირდება. მცხეთამდე მეტროს გაყვანას სჯობს დელისიდან საბურთალომდე გაიყვანოს მეტრო და ადამიანები ერთი გვირაბიდან მეორეში არ გადადიოდნენ. ეს ყველაფერი დაცინვაა. ამერიკის მოცემული ფულით ასაშენებელი ტრასა, რომელიც უკვე დიდი ხნის აშენებული უნდა იყოს სულ ცოტა გვირაბამდე, ჯერ კიდევ გაჩერებულია გორთან - ეს ყველაფერი ამერიკელების ფულით კეთდება", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მისი მიზანია, რომ მოახდინოს აბსოლუტური დეპოლიტიზაცია ქვეყანაში და ამას არქმევს დეცენტრალიზაციას. დეცენტრალიზაციაა, რომ რეგონებში გადაგაქვს ხელისუფლება - ანუ უნაწილებს რეგიონებსაც უფლებებს და არა ის, რომ პარლამენტი გადაიტანო დედაქალაქიდან - დეცენტრალიზაციაში თვითმმართველობაა ჩადებული, მას კი თბილისიდან გააქვს პოლიტიკური სტრუქტურები - რასაც ის აკეთებს, ეს არის დეპოლიტიზაცია. ეს არის ავადმყოფობა - შენობა ნახევრადაც არ არის აშენებული და მის გახსნას ჩქარობს. შენობა რომ დასრულდება, კარგი საკონცერტო დარბაზი იქნება და ქუთაისელებს კარგი კონცერტების ნახვა შეეძლებათ, როდესაც პარლამენტი დაბრუნდება თბილისში. რა ბოდვა და აკვიატება იყო, რომ მაინცდამაინც 26-ში გახსნილიყო, რა იყო იქ გასახსნელი - ერთადერთი დარბაზი გააკეთეს, პარლამენტის შენობა კი არ გაიხსნა, არამედ სხდომათა დარბაზი. შემდეგ შენობაში გახსნიან ბუფეტს და და იმას გახსნის სააკაშვილი. შემდეგ გახსნიან კაცთა ტუალეტს და იმას გახსნის, მერე ქალთა ტუალეტს გახსნის და ასე აპირებს პარლამენტის გახსნას?" - განაგრობს რესპონდენტი.
"თუ ქვეყანა იარსებებს, პარლამენტი უნდა იყოს დედაქალაქში, შეიძლება დედაქალაქის გადატანა უნდა ქუთაისში, ეს სხვა საკითხია. სადაც დედაქალაქი იქნება, პარლამენტიც იქ უნდა იყოს. პარლამენტი იყოს ქუთაისში, მთავრობა თბილისში და საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში, ეს აბსურდული მოვლენაა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო არ არსებობს. ეს დაახლოებით ის არის, ადამიანი მუდმივად ცხოვრობდეს რეანიმაციაში და მუდმივად ჩართული იყოს აპარატზე. საქართველოში ჯერ სახელმწიფო არ ყოფილა - როგორც კი სახელმწიფო შეიქმნება, პარლამენტი იქნება აუცილებლად დედაქალაქში... მე არ მიმაჩნია, რომ თარგამაძის შესახებ ბევრი ლაპარაკია საჭირო. ხომ მიიღო ჩაფხუტი თავში. თარგამაძე ადასტურებს საზოგადოებაში არსებულ მკაფიო პოზიციას, რომ ის ეხმართება სააკაშვილს დემოკრატიული იმიჯი შეუქმნას არარსებულ ქვეყანას, როგორიცაა საქართველო. ქრისტიან-დემოკრატების მთავარი ტრაგედია ის იყო, როდესაც მათ ხმა მისცეს საკონსტიტუციო ცვლილებებს და მანკიერ სახელმწიფოს კიდევ უფრო მანკიერი სახე შესძინეს - ამ ფონზე ქუთაისში ჩავლენ თუ ჩაფხუტს დაიხურავს თავზე თარგამაძე, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს", - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი
"4 ივლისს ჰილარი კლინტონი საქართველოს ეწვევა. ერთადერთი დამაიმედებელი ის არის ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მათ მართლა უნდათ, დაეხმარონ ჩვენს ქვეყანას და ამას საჭიროდ რომ მიიჩნევენ, ეს კარგია. შტატების ელჩის მყარი პოზიცია ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკაში უფრო კარგად ხედავენ, რა ხდება საქართველოში, ვიდრე საქართველოს მთავრობა წარმოაჩენს ქართველი ხალხის წინაშე. დღეს სააკაშვილი სრულ აგონიასა და ისტერიკაშია. მას არ შესწევს უნარი, გონივრული წინადადება და რჩევა მიიღოს. ის აწყვეტილია და ქვეყანა მიჰყავს უფსკრულისკენ, იმედია, ოქტომბრამდე შევძლებთ მის შეჩერებას", - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი და შეკითხვას - "აცხადებენ, რომ ივანიშვილში ვერ ხედავენ სერიოზულ მეტოქეს" - პასუხობს:
"სააკაშვილმა დღემდე ვერ წარმოთქვა გვარი ივანიშვილი. დღეს სააკაშვილის ავადმყოფურ კონტექსტებზეა დაფუძნებული ქვეყნის მართვა და არა იმავე ბაქრაძის უუნარობაზე - მან გინდა ივანიშვილი თქვას და გინდა პეტრიაშვილი. პრობლემა სააკაშვილშია. სად ახსენა იმავე მერაბიშვილმა ივანიშვილი, უცხოურ პრესაში. ქართულ პრესაში ხომ ვერ ამბობს ამას. მათ კრიჭა ეკვრით, ეს ტიპური ფსიქოლოგიური მომენტია - ისინი თავიანთი მოქმედებებით აღიარებენ, რომ მათ ივანიშვილის სახით ჰყავთ მეტოქე და თანაც სერიოზული".