"ჩვენ ისევ ვართ და ის კომბლებიც ჭერში ისევ აწყვია. ღმერთმა დაიფაროს, დაგვჭირდეს"

"დარწმუნებული ვარ, ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებს შერცხვებათ, როდესაც ფილმს ნახავენ"

"ზოგიერთ ლიდერზე ისეთი ფრაგმენტები მაქვს, ისეთი გამონათქვამებითა და ქცევით სავსე, ცხვირს ვერ გამოყოფენ გარეთ"

"თუ დემოკრატიის შუქურაა, მაშინ საკუთარ სახლში ჩამოიკიდონ"

"ფილმზე მუშაობა არის უმძიმესი განსაცდელი, რადგან ვუბრუნდები იმ საშინელებას, რომელსაც ძნელი წარმოსადგენია, რომ ადამიანი სჩადიოდეს" 


გოგა ხაინდრავასთან შესახვედრად კინოს სახლში მივდივარ. რეჟისორი აქ ფილმს ამონტაჟებს და მეც მთავაზობს მისი ახალი ნამუშევრის (რომელსაც "დემოკრატიის შუქურა" ჰქვია) ერთი მონაკვეთი ვნახო. ფილმი ირინა ენუქიძის ხსოვნას ეძღვნება და როგორც გოგა ხაინდრავა მეუბნება, ასახავს იმ ტერორს, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება სჩადიოდა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. თითქმის ყველა კადრი ნაცნობია, მაგრამ ეს ყველაფერი ერთად ისეა აკინძული, სისხლი გეყინება.

ქართველი საზოგადოებისათვის ამ ფილმის ჩვენებას გოგა ხაინდრავა სააღდგომოდ აპირებდა, მაგრამ ბევრი ხელის შემშლელი გარემოების გამო ფილმი ჯერაც არ არის დასრულებული: 

- ფილმი არ დასრულებულა იმ ვითარების გამო, რომელშიც ყველა ვართ, როდესაც მოკლებული ვართ შესაძლებლობას, ჩვენი საქმით ვიყოთ დაკავებული. წლების განმავლობაში წნეხში ვარ. წნეხი განსაკუთრებით 2005 წლის მერე გაძლიერდა, როდესაც მთავრობიდან წამოვედი, საჯაროდ განვაცხადე ჩემი დამოკიდებულება ამ კრიმინალური დაჯგუფების მიმართ და უამრავი ფაქტი გავახმაურე. მას მერე ცილისწამება, შევიწროება, საკუთარი სიცოცხლის თუ ოჯახის საფრთხე, უამრავი უბედურება გადავიტანე. იძულებული გავხდი, რამდენჯერმე ქვეყანა დამეტოვებინა და ოჯახი გამეხიზნა. თითქმის წელიწადი ქვეყნის გარეთ ვიმუშავე. სამშობლოში ჩემი დაბრუნებაE განაპირობა იმ იმედმა, რომელიც მთელ საქართველოს ჩაუსახა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ. მიუხედავად დიდი საფრთხისა, დავბრუნდი და ჩემი უცხოელი მეგობრების მხარდაჭერით შევუდექი საქმიანობას. მიუხედავად ამისა, ჩემთვის მუშაობა რთულია, რადგან მოგელაძეები მომრავლდნენ და ყველანაირად გვიკეტავენ იმ წყაროს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ადამიანს მართალი სიტყვა თქვას. მასალები არ იყო ხელმისაწვდომი, სახელისუფლებო არხებიდან მათი გამოტანა პრაქტიკულად შეუძლებელია, მაროდიორულად მითვისებული "იმედის" არქივის ნაწილი გაანადგურეს, ნაწილი დამალეს. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ Fფილმი თითქმის მზად არის. საჭიროა, საბოლოოდ შეიკრას, გახმოვანდეს, მუსიკალურად და გრაფიკულად გაფორმდეს. ეს ქრონიკაზე აწყობილი მასალაა. არ მეჩქარება, როდესაც მზად იქნება, მაშინ წარვადგენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. მინდა ვანო მერაბიშვილსა და სხვა ბოროტმოქმედებს ვუთხრა, რომ ჩემს სურათზე ხელი არ მიუწვდებათ. 

ფილმი და მასალა უკვე საზღვარგარეთ არის და რაც უნდა მოიმოქმედონ, ამ სურათის საზოგადოების წინაშე წარდგომას ხელს ვერ შეუშლიან. 

თავის დროზე, როდესაც ზურაბ ჟვანიაზე ფილმს ვაკეთებდი, უკვე მომზადებული ფილმი ჩემი სტუდიიდან გაქრა და თავიდან მოგვიწია გაკეთებამ. რადგან ეს გამოცდილება გვქონდა, ამ ფილმს ყველა ეტაპზე ვწერდით და სხვადასხვა ადგილას ვინახავდით.

მიუხედავად იმისა, რომ მასალების მოპოვება ძნელია, ჟურნალისტები და დაინტერესებული პირები მაინც ახერხებენ ხელში მათ ჩაგდებას. სააკაშვილის გარემოცვიდან ჟონავს ინფორმაცია, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ბირთვი დალპა. იქ ყველა ხვდება, რომ ძალზე მძიმედ შემოუტრიალდებათ ბედი და ფიქრობენ, ქულები ჩაიწერონ, რომ მერე სათქმელი ჰქონდეთ, თავის დროზე ხომ დაგეხმარეთ, ამიტომ იქნებ თქვენც შემინდოთ, რაც გავაკეთეო. ამიტომაც უწყვეტად მოედინება ინფორმაცია. 
ეს ფილმი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ შემოქმედებითი თვალსაზრისითაც. ძალიან შემცვალა ამ თვეებმა, როდესაც ერთი-ერთზე დავრჩი მასალასთან. ეს არის უმძიმესი განსაცდელი, რომლის გადატანაც ყოველდღიურად მიწევს, რადგან ვუბრუნდები იმ საშინელებას, რომელსაც ძნელი წარმოსადგენია, რომ ადამიანი სჩადიოდეს. 2004 წლიდან დღემდე იმდენი საზარელი დანაშაული აქვს ჩადენილი ხელისუფლებას, ამის თავში მოთავსება ძალიან ძნელია. 

ჩემს ნამუშევარში ჩავაქსოვე დიდი პატივისცემა და სიყვარული ქართველი ხალხის, ჩემი სამშობლოსადმი და დარწმუნებული ვარ, მაყურებელი ამას იგრძნობს. ფილმში ასახულია პერიოდი "ვარდების რევოლუციიდან" დღემდე. ყველა კადრი, რომელსაც მაყურებელი ნახავს, გასული იყო საინფორმაციო გადაცემებში, მაგრამ ყველაფერი ეს, გარკვეულ პრიზმაში გადატანილი და თავმოყრილი იმდენად საზარელია, როდესაც ჩემს კოლეგებს ვაჩვენე, შემთხვევა არ ყოფილა, არ ეთხოვათ, ცოტა ხანს გამომერთო ფირი. ეს ფილმი იქნება იმის დასტური, რომ ჩვენ ყველამ ძალიან დიდი სირცხვილი გამოვიარეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე ამას წერტილი დაესმება. ვფიქრობ, ამაში ფილმიც გარკვეულ როლს შეასრულებს. ეს არ არის ჩემი დამსახურება, ისე როგორც თავის დროზე 9 აპრილის ვიდეოფირი, რომელმაც ხელი შეუწყო საბჭოთა კავშირის დანგრევას და ახალი საქართველოს დაბადებას. ჩემი ახალი ფილმი არის დამსახურება იმ ადამიანებისა, რომელთაც გაიარეს ის არაადამიანური წნეხი, რომელიც მოდიოდა ბოროტმოქმედი სააკაშვილისაგან. ფილმი მთავრდება განაჩენით, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოუტანა სააკაშვილს, მის კრიმინალურ დაჯგუფებასა და ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია.

ეს ფილმი დაადასტურებს, რომ მსოფლიომ იცოდა, რას სჩადიოდა სააკაშვილი საქართველოში. ვფიქრობ (ვერ დავამტკიცებ), მუშაობდა დიდი მანქანა, რომ საქართველოდან სიმართლე არ გასულიყო და ეს იყო სააკაშვილის მფარველი ბოროტი ძალა, რომლისთვისაც სააკაშვილის მსგავსი პერსონა ქვეყნის სათავეში მომგებიანი იყო მათი ინტერესების გასატარებლად. ასეთი ინტერესები დღესაც არსებობს. რატომ მონაწილეობს ნატოს ოპერაციებში 2800 ქართველი ჯარისკაცი, როდესაც ჩვენზე დიდ და მრავალრიცხოვან ქვეყნებს გაცილებით ნაკლები კონტინგენტი ჰყავთ? არც ერთი ქვეყანა არ იჩაგრება ისე იმპერიალისტისა და ოკუპანტისაგან, როგორც საქართველო რუსეთისგან. რატომ არ არის მოწადინებული ნატო, საქართველომ დაიხსნას თავი ოკუპაციისაგან? 

რატომ მოგვაწოდეს აგვისტოში წყალი და პამპერსები და რატომ ვაწვდით მათ ჩვენი ბიჭების სისხლსა და სიცოცხლეს? - ეს კითხვები დასმულია ფილმში და დარწმუნებული ვარ, ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებს შერცხვებათ, როდესაც ნახავენ. ბევრი არ მოინდომებს ამ ფილმის ნახვას, მაგრამ უკვე იმდენად გახსნილია საინფორმაციო არეალი, ამ ფილმის ჩვენებას წინ ვერაფერი დაუდგება. მათ დავანახებ, რას ეძახდნენ დემოკრატიის შუქურას და ეს თუ დემოკრატიის შუქურაა, მაშინ საკუთარ სახლში ჩამოიკიდონ. ფილმი დაახლოებით 52-წუთიანი იქნება და ბევრ ფესტივალზე წავა. "ოცნებების სასაფლაო" 24 ფესტივალზე იყო წარდგენილი და 6 ფესტივალი მოვიგე, მაგრამ საქართველოში ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია არ გასულიყო საზოგადოებაში. ჩვენი საზოგადოება შეეგუა იმ პროპაგანდას, თითქოს აფხაზეთში მხოლოდ უსაქმურები და ნარკომანები წავიდნენ. არადა, იქ ჩვენ უკიდეგანო გმირობის მომსწრენი ვიყავით. იგივე გრძელდება დღესაც. 

ხელისუფლებაში მოვიდა უცხო კაცი, სისხლიანი ბინძური ფეხებით დაბოგინებს და ანგრევს ყველაფერს, რაც ძვირფასია ჩვენთვის. მე კითხვები არა მაქვს სააკაშვილთან, მე ქართველ საზოგადოებას ვეკითხები, - როგორ ვიტანთ, რომ თვალწინ გვიგლეჯენ სამშობლოს, ანაწევრებენ და ყიდიან?! რატომ უნდა უწიოთ წიკლაურების, რურუების, წერეთლების, ნოღაიდელების, ადეიშვილების, მერაბიშვილების, სპეცრაზმელების, მოსამართლეების, გამომძიებლების, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებისა და "ნაცმოძრაობის" აქტივისტების შთამომავლებს მშობლების ცოდვებმა?

- ბრძანეთ, "ნაციონალური მოძრაობა" იშლებაო, თუმცა აქამდე გვესმოდა, "ქართული ოცნება" რადგან არ აქტიურობს, მმართველი პარტია მონოლითურობას ინარჩუნებსო. 
- სააკაშვილის ხელისუფლების მოწინააღმდეგე ქართველი ხალხია. ეს კარგად იცის ბიძინა ივანიშვილმა და ამიტომაც დაეყრდნო ქართველი ხალხის განწყობებს და არა საკუთარ გეგმებსა და მოწოდებებს. მან აირჩია სწორი გზა და ამიტომაც არ აღმოვჩნდი მისი ოპონენტების რიცხვში. 
1986 წლიდან რაც საქართველოში მომხდარა, ყველაფერი გადაღებული მაქვს და ახლა ამ მასალას ვაარქივებ. საიტს გავაკეთებ, სადაც 1986 წლიდან დღემდე ნებისმიერი პოლიტიკოსის ან საზოგადო მოღვაწის განცხადებებს ნახავთ. ნახავთ, ვინ როდის რას ამბობდა, ვინ რა პოლიტიკური გზა გაიარა, ვინ რას იტყუებოდა და დაინგრევა მითები, რომლებიც არის შექმნილი ამა თუ იმ ადამიანზე.

- თქვენ ყველას ლუსტრაციას აპირებთ? 
- ეს ლუსტრაცია არ არის, ეს არქივია, დოკუმენტური მასალაა. უკვე 186 საათი გვაქვს აწყობილი, მაგრამ მარტო ამას ვერ გავწვდებით, დახმარება დაგვჭირდება. ამ არქივში მოხვდებიან მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე, ირაკლი წერეთელი, თამრიკო ჩხეიძე, ირაკლი ბათიაშვილი, სახელმწიფო მოღვაწეები, ჯუმბერ პატიაშვილი, იგორ გიორგაძე. არქივში მასალები იქნება სააკაშვილზე, ბენდუქიძეზე, ადეიშვილზე, მერაბიშვილზე, ბოკერია-რამიშვილის ჯგუფზე, რომელმაც თავისი იდეოლოგიით მოწამლა და გადააგვარა ქვეყანა. ნახავთ რურუას ყველა გამოსვლას, დაწყებული იმ დროით, როდესაც ავტომატითა და ნიღბით დარბოდა ქუჩაში და ზვიადისტებს აწიოკებდა და დამთავრებული დღევანდელობით, როდესაც ხელიხელგადახვეულია წიკლაურთან, ხათუნა ოჩიაურთან და შეხმატკბილებულად უბღავის პოლიქრონიონს სააკაშვილს. აქამდე ქართველი საზოგადოება თავს იტყუებდა, ასე რომ არ იყოს, ძნელად წარმომიდგენია, კულტურის მინისტრი იყოს მკვლელი. ეს კაცი მკვლელია და ეს იცის მთელმა საქართველომ, მაგრამ ამაზე რატომღაც მხოლოდ გიორგი ხაინდრავა ლაპარაკობს. 

ამბობენ, შესაძლოა საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოსო. ეს ვერ მოხდება, რადგან არ არის დაპირისპირების საფუძველი. ერთ მხარეს არიან ერთი მუჭა ნაძირალების, მოძალადეების ჯგუფი და მეორე მხარეს - საქართველო. 

რამდენიმე დღის წინ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ოპოზიცია თუ არ გაერთიანდა, ვერ გაიმარჯვებსო და იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი მას არ ხვდება, მისი გარემოცვა დაადანაშაულა. 
- დიდი წარმოდგენა აქვთ ქართველ პოლიტიკოსებს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე. ისინი არ წყვეტენ საქართველოს ბედს, ამას ხალხი წყვეტს. ჩვენ ერთი იდეით ვართ გაერთიანებული - ეს ბოროტება უნდა მოვიშოროთ. დავანებოთ თავი ერთმანეთისკენ თითის მიშვერას, თორემ ზოგიერთ ლიდერზე ისეთი ვიდეოფირი მაქვს, ისეთი გამონათქვამებითა და ქცევით სავსე, ცხვირს ვერ გამოყოფენ გარეთ. ქუჩაში და ბარიკადებზე ადგილი ყველასთვის არის. ბრძოლაში ხელს არავინ არავის შეუშლის და არც არავინ უკარგავს ვინმეს დამსახურებას. ნინო ბურჯანაძეს არასოდეს დავუკარგავ თავგანწირვის უნარს. ამ თვისების გამო ქართველი საზოგადოება მას პატივს სცემს, მაგრამ აქვს კითხვები დაკავშირებული მის უსაქციელობასთანაც. მიზანი, რომელიც ჩვენ გვაქვს, შეუდარებლად დიდია, ვიდრე ნებისმიერი პერსონა. დღეს პოლიტიკური ერთიანობის კი არა, ხელისუფლებასთან ბრძოლის დროა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ერთ ბანაკში იყოს გაერთიანებული.

დღეს არ ჩანს ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც თქვენთან ერთად ამომრჩეველთა ლიგის წევრია. 
- ლევანი ღირსეული კაცია. დღეს სხვა ფალავანი გამოჩნდა, რომელმაც ბრძოლის განსხვავებული გზა შემოგვთავაზა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გავქრით. ჩვენ ისევ ვართ და ის კომბლებიც ისევ ჭერში აწყვია. ღმერთმა დაიფაროს, დაგვჭირდეს, მაგრამ სააკაშვილმა თუ ძალა გამოიყენა, ჩვენი კომბლების გემოს იგემებს.