"ქართველი ხალხი კვლავაც მოწოდების სიმაღლეზეა"

"თუ თავისუფლების მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოსახლეობის რაოდენობას გავითვალისწინებთ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არჩევნების გაყალბება სააკაშვილის ხელისუფლებისთვის უაღრესად ძნელი იქნება. როგორც გამოჩნდა, მიუხედავად ათასგვარი პროვოკაციისა, კონტროლის პალატისა და უშიშროების მიერ ხალხის დაშინების მცდელობისა, ქართველი ხალხი კვლავაც მოწოდების სიმაღლეზეა, - ყველაფრის მიუხედავად, კვლავაც ინარჩუნებს თავის აზრს და ამ აზრის გამოთქმის უფლებასაც", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ქართველი ხალხი კვლავაც მოწოდების სიმაღლეზეა" / "არჩევნების გაყალბება სააკაშვილის ხელისუფლებისთვის უაღრესად ძნელი იქნება". 

"მეორე მხრივ, ჩვენ მოწმენი ვართ კოლექტიური უპასუხისმგებლობისა. ხელისუფლების მაღალჩინოსნები დარწმუნებული არიან, რომ ყველა უარყოფით შედეგზე პასუხს აგებს მხოლოდ ერთი კაცი - პრეზიდენტი სააკაშვილი. არა მგონია, საქართველოს მოსახლეობას ეს სამართლიანად მიაჩნდეს. ამდენ თანამდებობის პირს შორის კაცი არ ჩანს, ვინც კრიტიკული თვალით შეხედავს სააკაშვილის ფანტაზიის მარგალიტებს. არ შეიძლება პრეზიდენტი იყოს ყველა საკითხში ყველაზე კომპეტენტური. მთავრობა იმიტომ არის, რომ მის შემადგენლობაში სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა კომპეტენციის ხალხი იყოს. როდესაც ამ კომპეტენციას არ ამჟღავნებ, ამას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ან თვითონაც არაფერი იცი, ან საკუთარ კეთილდღეობას უფრთხილდები და სისულელეებს აკეთებ. 27 მაისის მანიფესტაციამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ აუცილებლად მოვა დრო, როდესაც არაკომპეტენტურობისა და ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებისთვის პასუხს აგებს არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ ის პირებიც, ვინც თანამდებობრივად და პროფესიულად არიან ვალდებული ქვეყანას ემსახურონ და არა საკუთარ კეთილდღეობას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

"საქართველოს პრეზიდენტი ჩარჩენილია იმ წარსულში, როდესაც მისი ნათქვამი ვაშინგტონში ჭეშმარიტებად მიაჩნდათ, მაგრამ დრო თავისას აკეთებს, "ნაციონალური მოძრაობის" ვერაგობა - თავისას და ეს გასცდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ვაშინგტონს სიტყვების აღარ სჯერა. შესაბამისად, ინფორმაციის წყარო, რომელიც ადრე მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება იყო, დღეს უკვე ვეღარ ახდენს ზეგავლენას ამერიკელ კანონმდებელზე თუ მოქალაქეზე. ჩვენ 2006 წლიდან ნატოს სამიტებზე გვეუბნებიან: გაათავისუფლეთ სასამართლო, მედია, მიხედეთ დემოკრატიულ პროცესებს. ჩვენ პასუხად დაზეპირებული გაკვეთილივით ვეუბნებოდით, რომ ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი გავაკეთეთ, რეფორმები წარმატებით მიმდინარეობს, კანონმდებლობა დაიხვეწა და ეს რომ სიცრუე იყო, ამას მხოლოდ ქართველი საზოგადოება ხედავდა. საბედნიეროდ, როდესაც თეთრ სახლში ახალი შემადგენლობა მოვიდა, ვითარება შეიცვალა. ამერიკისთვის დღეს ბევრად დამაჯერებელია ქართული არასამთავრობო სექტორისა და თავისუფალი მედიის ინფორმაცია და ის პროფესიონალიზმითა და სახელმწიფოებრივი აზროვნებით ბევრად აღემატება საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაში მოკალათებულ კაჭკაჭთა გუნდს", - განაგრძობს პოლიტოლოგი.

"და როდესაც ობიექტური ადამიანი წარმოადგენს დღეს საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვგულისხმობ ელჩ ჯონ ბასს, რასაკვირველია, ინფორმაცია იქნება უფრო ადეკვატური, ისევე, როგორც ამერიკის რეაქცია მასზე. ამერიკის ხელისუფლება თანაუგრძნობს ქართველ საზოგადოებას და იცის, რომ საარჩევნო პროცესი ბევრად მნიშვნელოვანია თავისი წინმსწრები აქტივობებით, ვიდრე დღე არჩევნებისა. ამიტომ აქვს აშშ-ს კრიტიკული შენიშვნები პოლიტიკური ბრძოლის წესების არარსებობაზე საქართველოში. არაბულმა გაზაფხულმაც ვაშინგტონს რეალობა დაანახა და ახლა მუდმივად მიუთითებს, რომ ამერიკელთა პარტნიორი და საზრუნავი არის არა მათი ერთგული ხელისუფალი, არამედ ხალხი - ამის დადასტურებაა უკანასკნელი წლის განმავლობაში მიღებული არაერთი მესიჯი ვაშინგტონიდან. სულ უფრო ნაკლებ ამერიკელ ჩინოვნიკს აქვს იმედი საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემისა და ამიტომაც დადარაჯებული არიან იმ პროცესების ობიექტურად შეფასებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება", - განმარტავს სოსო ცისკარიშვილი. 

"ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილების გამოყენებაზე უარი თქვა, უპირველეს ყოვლისა, ეს არის პოზიტიური გზავნილი და არა მხოლოდ საზოგადოებისთვის. ქართულ პოლიტიკაში შემოდის მორალის ელემენტი და ზნეობრივი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოექცეს ნებისმიერი მოქალაქე, რაც უნდა ილაპარაკონ, რომ ეს ცვლილება მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებისთვის გაკეთდა, ჩვენ მალე დავრწმუნდებით, რომ მიუხედავად ივანიშვილის უარისა, ეს ცვლილება ძალაში მაინც შევა და როგორც აქამდე ჯიუტობდა ბატონი პრეზიდენტი, ასევე მოიქცევა ახლაც, არ მისცემს ივანიშვილს მოქალაქეობას, მაგრამ ამ აქტს კი ხელს მოაწერს. ეს კი პირადად მე კიდევ ერთხელ დამარწმუნებს, რომ ივანიშვილი არაფერ შუაში იყო, როდესაც ამ ცვლილების იდეა თითქოსდა ქრისტიან-დემოკრატთა გონებაში დაიბადა", - დასძენს რესპონდენტი. 

"ასეთ ვითარებაში ჩემთვის უპირველეს ყოვლისა, საინტერესო იქნება ხელისუფლების გუნდის საარჩევნო სიები, რადგან ბიზნესმენების გარეშე "ნაცმოძრაობას" სია არასოდეს წარმოუდგენია. პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ თითქმის ყველა ის ბიზნესმენი, რომელიც "ნაცმოძრაობის" სიით დეპუტატი გახდა, იძულებული შეიქნა საკუთარი ბიზნესის ჭირისუფალიც გამხდარიყო, რადგან მათ ხელისუფლებამ მუდმივი ხარკი დაუწესა. ახლა კი ქართულ ბიზნესში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ფულის ამოღებას შეეცდებიან იმ პირებისგან, ვისაც ბიზნესი საზღვარგარეთ აქვს. უთუოდ ეგულებათ ქართველი ბიზნესმენები საზღვარგარეთ, ან ორმაგი მოქალაქეობით, ან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობით. ხელისუფლებას ჯერ კიდევ შეუძლია ილუზიის შექმნა, რომ ისინი აყვავდებიან, თუ დეპუტატები გახდებიან, ზოგთან კი არც შანტაჟს მოერიდებიან. ასე რომ, საკონსტიტუციო ცვლილების შემთხვევაში ივანიშვილის გვარი მხოლოდ შირმა შეიძლება იყოს ხელისუფლების ზრახვების დასაფარავად", - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი და შეკითხვას - "როგორც ივანიშვილმა "კავკასიის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, ის "თელასის" აქციებით დაინტერესებას არ გამორიცხავს. რამდენად რეალურია, რომ ეს მოხდეს?" - პასუხობს:

"სავსებით შესაძლებელია, ამ ინფორმაციის გავრცელების ინიციატივა ხელისუფლებას ეკუთვნოდეს, რათა ნაადრევად ჩასახოს ამომრჩეველში იმედი ელექტროენერგიის საფასურის გაიაფებისა და მოგვიანებით, თუ აღმოჩნდება, რომ ეს სინამდვილეს არ შეეფერება, დაიწყოს ივანიშვილზე შეტევა სიტყვის შეუსრულებლობისთვის. თავად ბატონ ბიძინას პასუხები ამ კითხვებზე, ცხადია, ხელისუფლებას მოსვენებას არ მისცემს, რადგან ის ადასტურებს, რომ არაფერი უყიდია, მაგრამ არ გამორიცხავს დაინტერესებას ამ სფეროთი. ასე რომ, თუ ვინმესგან ჩაფიქრებული იყო ამ თემით მანიპულაცია, ამის პრევენცია თვითონ ივანიშვილმა მოახდინა. ამასთან, ის ნათლად ამბობს, რომ არის რესურსი ელექტროენერგიის გაიაფებისა, - ეს არის იმ კორუფციული სქემების მოსპობა, რომლებშიც ლივლივებს ჩვენი ხელისუფლება".