ვინ აქცია დავით გარეჯი “საჯილდაო ქვად” და რატომ იბრალებენ აზერბაიჯანელები ალბანელების შთამომავლობას

ვინ აქცია დავით გარეჯი “საჯილდაო ქვად” და რატომ იბრალებენ აზერბაიჯანელები ალბანელების შთამომავლობას

ქართველების ფართომასშტაბიანი პროტესტის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯის სამონასტრო კოპლექსში შეზღუდვა მოხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ბერ-მონაზვნებს, მრევლსა და ტურისტებს  პრობლემებს აღარ შეუქმნიან, მაგრამ... როგორც მამა კირიონი ამბობს, არავინ იცის, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება... საქართველოს უშიშროების მდივანი გია ბოკერია კი აცხადებს, მეგობარ სახელმწიფოსთან უმწიფარი და უპასუხისმგებლო აჟიოტაჟი არ უნდა შეგვექმნაო და ქართული მხარის აჟიოტაჟში რუსულ კვალს ხედავს. ამასობაში, ჩვენი კარის მეზობელი და მეგობარი აზერბაიჯანი საინგილოში ძველთაძველი ქართული ეკლესიებიდან მღვდლებს ერეკება და ძირძველ ქართულ ეკლესიებზე ასეთ აბრებს ჰკიდებს: “ალბანური კულტურის ძეგლი”. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა და  საქართველოსა და აზერბაიჯანას შორის დღემდე სადავოდ ითვლება. საბჭოეთის დაშლის შემდეგ, ოც წელზე მეტია გასული, მაგრამ ეს საკითხი კვლავ დღის წესრიგშია და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მწვავდება. პასუხი შეკითხვაზე, თუ როგორ დასრულდება ეს დავა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არ აქვს. რაც შეეხება აზერბაიჯანულ მხარეს, თუ რამე ქმედითი არგუმენტი არ გამოიყენა, ისტორიული სამართლიანობისა და თანამედროვე სამართლის ნორმების მიხედვით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილი მას არც ტერიტორიულად ეკუთვნის და არც მისი კულტურული მემკვიდრეობაა. ბოლო დროს, აზერბაიჯანმა თავისი ისტორიის გადაწერა დაიწყო და, ხელისუფლების დავალებით, აზერბაიჯანელი ისტორიკოსები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ალბანელების მემკვიდრეები არიან და დავით გარეჯიც ალბანური კულტურის ძეგლია. “ქართული სიტყვა” ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურს ესაუბრა.
_ ბატონო გიორგი, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ალბანურ კულტურასთან კავშირი აქვს? 
_ არა და ისიც აბსურდია, აზერბაიჯანელები რომ ამბობენ, ალბანელები ჩვენი წინაპრები იყვნენო. ალბანელები სულ სხვა ხალხი იყო, აზერბაიჯანელები კი, სულ სხვა ხალხია. მათ ერთმანეთთან კულტურული მემკვიდრეობა არ აკავშირებთ. დავით გარეჯი იყო და არის ქართული კულტურის ძეგლი და ამაზე სადავო არავისთან გვაქვს. იქ ყველაფერი ქართულია _ ფრესკები, მხატვრობა. შემორჩენილია საბუთები და დოკუმენტები, რომლებიც ღაღადებენ, რომ დავით გარეჯი ყოველთვის ქართული სახელმწიფოს შემადგენლებასა და ქართული მართლმადიდებლური ეკლსიის იურისდიქციაში იყო. აზერბაიჯანელები კი, თეთრზე ამბობენ, შავიაო.
დავით გარეჯი უდიდესი სამლოცველო ადგილი და სიწმინდეა. საუკუნეების განმავლობაში პილიგრიმთა ასელობით წარწერეაა კედლებზე დატოვებული სპარსულ, სომხურ თუ არაბულ ენებზე. ქრისტიანები და არაქრისტიანებიც შემწეობას ითხოვდნენ დავით გარეჯში.  

სად გაქრნენ ალბანელები და ვინ არიან აზერბაიჯანელები?
_ ალბანელთა ნაწილი არაბთა, ნაწილი კი, თურქ-სელჯუკთა ბატონობის დროს გადასახლდა. აზერბაიჯანელების ჩამოსახლება თურქების მოძალების დროს დაიწყო, ანუ აზერბაიჯანელები თურქმენული ტომის შთამომავლები არიან და ალბანელთა ნაწილი, რომელიც თავის მიწაზე დარჩა, აზერბაიჯანელებთან ასიმილირდა. 

აზერბაიჯანელები ცდილობენ, ალბანელები თავიანთ წინაპრებად გამოაცხადონ. ამას მოახერხებენ?
_ ამის დამტკიცება შეუძლებელი და აბსურდი, თუმცა ძალიან აზერბაიჯანელები ცდილობენ, რომ თავი ალბანელების მემკვიდრეებად წარმოჩინონ _ გიშის წმინდა გიორგის ეკლსიაზე აბრა გააკრეს, რომ ალბანური კულტურის ძეგლია. არადა, მეხუთე საუკუნეში აქ საქართველოს საეპისკოპოსო იყო და ეს ტაძარიც ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. ეს ეკლესია უკიდურესი აღმოსავლეთ წერტილში მდებარეობს, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში შემოდიოდა, ახლა კი, აზერბაიჯანშია. სხვათა შორის, იმას, რასაც საინგილოს ვეძახით, მეფის რუსეთის დროს, ზაქათალას ოკრუგი იყო და 1917 წლამდე თბილისის გუბერნიაში შემოდიოდა. შემდეგ, რუსეთის იმპერია დაიშალა და 1921 წელს ეს ტერიტორია _ ბელაქანი, ზაქათალა, კახი და ნუხი _ საბჭოთა ხელისუფლებამ აზერბაიჯანს მიაკუთვნა. ჩვენთვის ეს დოკუმენტი კოზირია, მაგრამ ამაზე ხომ არ ვდავობთ? ერთადერთს, რასაც ვითხოვთ, ისაა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ მის ტერიტორიაზე დარჩენილი ქართული კულტურული ძეგლები შეინარჩუნოს, ქართული კვალი არ წაშალოს და ფუნქციონირება არ შეუწყვიტოს.

თუკი აზებაიჯანელებს აქვთ უფლება, რომ საქართველოში ლამის ყველამ თავის ეზოში მეჩეთი აიშენოს, აზერბაინაში ჩვენი კულტურული ძეგლები რატომ არ უნდა იყოს დაცული?! ორი კვირის წინ ქართველები ქურმუღში იყვნენ ჩასულები და ქურმუღის წმინდა გიორგის ეკლესია დაკეტილი დახვდათ. აზერბაიჯანელები ხან გააგდებენ ეკლესიიდან მღვდელს, ხან შეუშვებენ და არის დიდი ჭიდაობა. საქართველოს ხელისუფლებამ პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს ამ საკითხთან დაკავშირებით! 

ესე იგი, თუკი საზოგადოების მხრიდან აქტიურობა იქნება, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება?
_ ეს საკითხი აუცილებლად ჩვენს სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, რადგან ისტორიული და პოლიტიკური სამართლიანობა ჩვენს მხარეზეა. როდესაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრები გაივლო, საქართველო ანექსირებული იყო ბოლშევიკების მიერ _ რუსეთის საბჭოთა იმპერიას  დაპყრობილი ვყავდით და საზღვრის გავლებას ჩვენ არავინ გვეკითხებოდა. 

სხვათა შორის, 1917-21 წლებში, როცა დამოუკიდებელი საქართველო არსებობდა, მაშინაც დადგა აზერბაიჯანთან საზღვრის საკითხი. კომისიაში, რომელიც მაშინ შეიქმნა, პავლე ინგოროყვა და ივანე ჯავახიშვილი შედიოდნენ. შემდეგ, მოვიდნენ ბოლშევიკები და სერგო ორჯონიკიძემ კომისიის წევრებს მოსკოვიდან შემოუთვალა, ბევრს ნუ ლაპარაკობთ, თორემ საზღვარს თბილისთან გავავლებო. ორჯონიკიძემ ჯავახიშვილი და ინგოროყვა კომისიას ჩამოაშორა და მოსკოვიდან ბრძანება მოვიდა, თუ სად უნდა გავლებულიყო საზღვარი. როგორ შეიძლება, ეს დოკუმენტი, რომელიც ბოლშევიკური პარტიის ნომენკლატურამ მიიღო, დღეს, დამოუკიდებელ საქართველოში აზერბაიჯანთან საზღვრის საფუძვლად მივიღოთ?! მაშინ ჩვენ დაპყრობილი ქვეყანა ვიყავით და ტერიტორია ჩამოგვაჭრეს. 

ანუ, დღევანდელ თავისუფალ საქართველოში ეს დოკუმენტი არ უნდა ვაღიაროთ?
_ რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტის აღიარება არ შეიძლება, აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ამასთან, აუცილებლად უნდა შეიქმნას კომპეტენტური კომისია, რომელშიც შევლენ ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები, გეოგრაფები, კარტოგრაფები, პოლიტიკოსები და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები. დღევანდელი კონსტიტუცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს საკითხი ჩვენს სასრგებლოდ გადაწყდეს _ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ საბჭოთა კავშირის დროს გავლებული საზღვრების საფუძველზე შეიძლება ორმხრივი მოლაპარაკება და აღიარება. ეს არის “ლუფტი”, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.