სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” თეამ მომწერა, წულუკიანმა, მოგელაძისთვის “სტეიკი” უნდა “გავაკეთოო”... გავხალისდი და “თავისუფალი დემოკრატებისა” და კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს მაშინვე შეხვედრაზე შევუთანხმდი... ვიდრე “როსტომ მეფის სასახლეში” მივიდოდი, ჩემდაუნებურად გურამი გამახსენდა, პეტრიაშვილი, ლამის ოცი წლის რომ დაგვიბარა, მოგელანდებითო. პეტრიაშვილი არა, მაგრამ ხალხს მოგელაძე ელანდება _ კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი “ქართულ ოცნებასთან” ურთიერთობაში მხილებულ სუბიექტებს სულ ბითუმად იბარებს და მათ შეშინებას ცდილობს, თუმცა როგროც თეა წულუკიანი ამბობს, ადამიანები არ შინდებიან, რის გამოც მოგელაძე ისტერიკაში ვარდება... მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პოლიტიკურ “სტეიკზე”, მოგელაძეზე, 27 მაისს დაგეგმილ აქციასა და კიდევ ბევრ სხვა რამეზე “ქართული სიტყვა” თეა წულუკიანს ესაუბრა...
_ თეა, მოდი, თავდაპირველად ის მითხარი, “სტეიკი” როგორ კეთდება?
_ ვანო, ასეთი შეკითხვები რომ აღარ დამისვა, “სტეიკისა” და კიდევ სხვა რთული რაღაცების გაკეთებას გასწავლი...
_ ამასწინათ, იმასაც დამპირდი, ჩემს გამომცხვარ ხაჭაპურს გაგასინჯებო, მაგრამ...
_ ეგ დროც მოვა...
_ იმედია, მაგრამ ამასობაში, ხელისუფლებაში მოხვალ და მერე, შეიძლება, ვეღარც მიცნო...
_ ხელისუფლებაში რომც მოვიდე, “სტეიკის” გაკეთებას მაინც გასწავლი და ჩემს გამომცხვარ ხაჭაპურსაც გაგასინჯებ...
_ ესე იგი, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არ “გადიდქალდები”?
_ სიმართლე გითხრა, “გადიდქალება” ის დაავადებაა, რომელიც შეიძლება, ყველაზე უკანასკნელად “დამემართოს”. საერთოდ, “გადიდკაცებას” გათავხედებას ვეძახი...
_ თეა, წარმოიდგინე, რომ არჩევნები უკვე დამთავრებულია და შენ იუსტიციის მინისტრი ხარ... ჰოდა, ჩვენს ურთიერთობაში რამე შეიცვლება, მაგალითად, პრესსამსახურის მეშვეობით უნდა დაგიკავშირდე და “ქალბატონოთი” უნდა მოგმართო, თუ უწინდებურად ვიმეგობრებთ?
_ იუსტიციის მინისტრობის წარმოდგენა მიჭირს, მაგრამ ისევ ისე ვიურთიერთობებთ, როგორც ახლა ვურთიერთობთ. უბრალოდ, ალბათ, უფრო მეტად გამაკრიტიკებ...
_ კარგი, რა... როდის გაკრიტიკებ? კოალიციის ზოგიერთი წევრის საქციელი რომ არ მომწონს, უბრალოდ, მეგობრულად გიმხელ ხოლმე... მოკლედ, მეტყვი, “სტეიკი” როგორ გეკთდება თუ მოგელაძეს დავუძახო?
_ (გულიანად იცინის) სხვადასხვანაირი “სტეიკი” არსბეობს, მაგრამ ბოლო დროს “სტეიკის” იმ, ასე ვთქვათ, ვარიანტზე ვფიქრობ, რომელიც გატარებული ხორცისგან კეთდება.
_ “სტეიკის” მაინცდამაინც ამ, როგორც შენ ამბობ, ვარიანტზე რატომ ფიქრობ?
_ იმიტომ, რომ ნათია მოგელაძის “ქართული ოცნებისადმი” მიდგომა ზოგჯერ დიდ ხორცსაკეპ მანქანას მაგონებს, ზოგჯერ კი, _ “ციხის მაყურებელს”. ბოლოს, მონიტორინგის სამსახურმა ერთ-ერთი კერძო კომპანია _ “მენეჯმენტ სერვისი” 5 მილიონი ლარით ორი მიზეზის გამო დააჯარიმა: პირველი _ უნდათ, რომ კომპანია, რომლისგანაც რაიონებში ოფისებს ვქირაობთ, გააკოტრონ _ ხუთ მილიონს ვერ გადაიხდის და, მეორე, ამ გაკოტრებულმა კომპანიამ რეგიონებში ოფისების ვეღარ მოგვაქირაოს და დავიხუროთ, მაგრამ ეს არ მოხდება!
_ თეა, ოფისების დაქირავება “ქართულ ოცნებას” შუამავალი კომპანიის გარეშე არ შეუძლია?
_ ამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2012 წლის თებერვალში გავაფორმეთ. მაშინ კოალიციაში შემავალი პარტიები ისე მოძლიერებულნი არ იყვნენ, რომ რაიონ-რაიონ ოფისები მოეძებნათ, გაერემონტებინათ და ასე შემდეგ... ამ კომპანიას კი, საამისოდ, ანუ ოფისების საპოვნელად ადამიანური რესურსიც ჰქონდა და გამოცდილებაც. ადამიანები დაშინებულნი არიან და მათთან სპეციალური ახსნა-განმარტებითი სამუშაოები იყო ჩასატარებელი, რომ კუთვნილი ფართი მოექირავებინათ...
_ ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, “ქართული ოცნების” კონტრაქტორ კომპანიას პოტენციურ გამქირავებელთა “დავერბოვკება” ევალებოდა?
_ “დავერბოვკება” კი არა, ამას, ჩვეულებრივ ენაზე, მესაკუთრის დარწმუნება ჰქვია, რომ თუკი კუთვნილ ფართს მოგვაქირავებს, ამით არაფერი დაემართება.
_ თუმცა, რეალობა სხვანაირია _ ფართების მესაკუთრეებს მოგელაძე იბარებს!
_ ეს ადამიანები პოლიტიკურ, უფრო სწორად, სამოქალაქო პროცესში არიან ჩართულნი, ანუ უნდათ, რომ საკუთარი ქვეყნის მართვაში მონაწილეობა მიიღონ. ამიტომ, მათ მოგელაძეს აუხსნეს, ეს ჩვენი კუთვნილი ფართია და ვისაც გვინდა, იმას მივაქირავებთო...
_ რა ამის პასუხია და, “მენეჯმენტ სერვისი” ბიძინა ივანიშვილის კომპანიაა?
_ არა. “მენეჯმენტ სერვისის” დამფუძნებელი ერთ-ერთი უცხოური კომპანიაა, რომლის დირექტორიც ქართველი ბესიკ დემეტრაშვილია.
_ თუკი ასეა, აბა, კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური რაღას ერჩის და რატომღა გაიძახის, “მენეჯმენტ სერვისსა” და “ქართულ ოცნებას” შორის პოლიტიკური კორუფციის ნიშნები იკვეთებაო?
_ მოგელაძის ლოგიკა სხვა საქმეებშიც აბსოლუტურად აბსურდული იყო, მაგრამ ასე თუ ისე მესმოდა. ამ საქმეში მხოლოდ სამართლებრივად კი არა, ლოგიკურადაც გაუგებარია, თუ რის საფუძველზე დაასკვნა ის, რაც დაასკვნა. ისე, ამ ლოგიკით, მოგელაძეს შეუძლია, გამოვიდეს და მტკიცება დაიწყოს, რომ საქართველოს პრეზიდენტს მიშა კი არა, ვანო ჰქვია. არადა, ვიცით, რომ საქართველოს პრეზიდენტს მიშა ჰქვია...
_ იქნებ, შინაურები ვანოს ეძახიან და შენ არ იცი?
_ (იღიმება) ეს არ ვიცი, მაგრამ ვანოსგან შეშინებულს კი ჰგავს...
_ ისე, ჯანსუღ ჩარკვიანის ხუმრობა ხომ იცი ინაურებსა და შიანურებზე?
_ კი, ვიცი... მოკლედ, პრეზიდენტი, ერთის მხრივ, ოპოზიციისგან შეშინებულს ჰგავს, მეორეს მხრივ კი, შიგნით, ალბათ, ვანო აშინებს...
_ თეა, მოდი, რეალობას თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ პრეზიდენტს შეშინებულის არაფერი ეტყობა...
_ მართლა ვერ ატყობ?
_ ადამიანი ამბობს, 3-4 წელი კიდევ ვიქნებიო და “შეშინებული” ამას ჰქვია?.. ისე, რა ამის პასუხია და, ამასწინათ, ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ კომპიუტერზე, როგორც ითქვა, ჰაკერული შეტევა განხორციელდა. თეა, შენს სამუშაო კაბინეტში რამდენიმე კომპიუტერია და ყველა ჩართულია... ჰაკერებმა ხომ შეიძლება, ამ კომპიუტერებზეც მიიტანონ იერიში და “ქართული ოცნების” ერთობ მნიშვნელოვანი ინფორმაციები ისევე “გააფეისბუქონ”, როგორც ივანიშვილის ოჯახური ფოტოები?
_ ჯერ ერთი, ამ კომპიუტერებში ბიძინა ივანიშვილის პირადი ფოტოები არ ინახება. მეორეც, ამ ოფისში ჰაკერული შეტევის საფრთხე არ არსებობს იმიტომ, რომ დაცვის მექანიზმები დაცულია...
მოკლედ, “მენეჯმენტ სერვისი” ვიდრე მოგვაქირავებდა, ოფისებს არემონტებდა და მოგებასაც სწორედ ამაში ნახულობდა, რაშიც მოგელაძემ, თურმე, “შემოწირულობა” დაინახა...
_ “მენეჯმენტ სერვისმა” მესაკუთრეები თუ გააფრთხილა, რომ მათი კუთვნილი ფართები “ქართული იცნებისთვის” უნდა მიექირავებინა?
_ დიახ, მესაკუთრეებთან დადებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ “მენეჯმენტ სერვისი” ამ ფართებს მესამე პირზე, ასე ვთქვათ, გადააქირავებდა.
_ “მენეჯმენტ სერვისი” ანალოგიურ მოსმახურებას სხვა პოლიტიკურ პარტიასაც უწევს?
_ ასეთი საქმე “მენეჯმენტ სერვისს” ადრე არ ჰქონია, თუმცა მრავალპროფილიანი კომპანიაა. მოკლედ, ჩვენ ოფისები “მენეჯმენტ სერვისისგან” ვიქირავეთ და მარტიდან მას კოალიციაში შემავალი პარტიები ქირის და სხვა თანხებს ყოველ თვე ურიცხავენ. საბუთებში, რომელიც კონტრილის პალატას გავუგზავნეთ, აღნიშნულია, რომ “მენეჯმენტ სერვისს” ვუხდით ქირის, რემონტის თანხას და მოგების 10 პროცენტს, ანუ “მენეჯმენტ სერვისი” ამ ბიზნეს-გეგმით 400 ათას ლარს იგებს. მოგელაძეს კი, დადგენილებაში უწერია, რომ ეს არამომგებიანი ბიზნესია და დემეტრაშვილი ჩვენს შემოწირულობას “გვიკეთებს”.
_ “მენეჯმენტ სერვისი”, როგორც ვიცი, 5-მილიონიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
_ უბრალოდ, იმდენი აქტივი არ აქვს, რომ ეს თანხა გადაიხადოს.
_ გამორიცხულია, რომ “მენეჯმენტ სერვისის” საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიეცეს?
_ გამორიცხულია...
_ და ყველაფერ ზემოთქმულის ფონზე, თეა, მართლა გჯერა, რომ ხელისუფლება შეშინებულია?_ მგონია, რომ ეს შიშის ერთ-ერთი საუკეთესო გამოხატულებაა. ხელისუფლებას შეშინების რესურსი ისევ აქვს, მაგრამ აღარ არსებობს ადამიანი, რომლისგანაც საარჩევნოდ ფულს შეშინების გზით ამოიღებს. ამიტომ იქ, სადაც ფულია, ჯარიმებს აწესებს და საამისოდ საწყალ ნათია მოგელაძეს იყენებს.
_ რატომაა მოგელაძე საწყალი?
_ საწყალი იმიტომაა, რომ როგორც კი სააკაშვილის მმართველობა დასრუდლება (შეიძლება, მანამდეც), საჯარო სამსახურში მუშაობის პერსპექტივა აღარ ექნება.
_ ემუქრები?
_ არა, ეს რეალობაა, რადგან საჯარო სამსახურში ვერ იქნება ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ხელი მოაწეროს ყველა უკანონობას და მოქალაქეებს უყვიროს, დაემუქროს და ისტერიკაში ჩავარდეს. არ შეიძლება, საჯარო სამსახურში იყოს ადამიანი, რომელსაც ეკა ბესელიამ შალვა რამიშვილის მულტფილმის პერსონაჟი უწოდა.
_ თეა, ჯერ ერთი, შენი აზრით, ნათია მოგელაძე ასე რატომ იქცევა. მეორეც, მგონია, რომ “ქართული ოცნება” პრობლემას, ანუ სისტემას კი არა, ცალკეულ ადამიანებს ებრძვის...
_ რა თქმა უნდა, მთავარი სისტემაა, რომელსაც თავისი პაიკები ჰყავს.
_ ჰოდა, არ ჯობია, პაიკებთან ბრძოლას შეეშვათ და ლიდერებს ებრძოლოთ?
_ მეფეები ძლიერები იმიტომ არიან, რომ ასეთ პაიკებზე დგანან!
_ ანუ, როგორც ვხვდები, კოალიციის სტრატეგია ასეთია _ მეფე სააკაშვილი პაიკი მოგელაძის დამარცხებით უნდა დაამარცხოს, არა?
_ არა, ბატონო, მაგრამ მოგელაძესა და ციხის იმ თანამშრომლებს, რომლებიც პატიმარს ხელკეტით აუპატიურებენ, უყურადღებოდ ხომ არ დავტოვებთ?
_ ვთქვათ, ნათია მოგელაძემ დაგიბარა, მაგიდაზე მუშტების ბრახუნი და ყვირილი დაგიწყო. რას გააკეთებ? ისე, მგონია, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოში დაბრუნდი, საოცრებათა ქვეყანაში მოხვდი _ ჯერ იყო და, ზუგდიდის მოსამართლემ დარბაზიდან გააგძევა. მერე, პოლიციაში მოწმედ დაგიბარეს და, მიუხედავად იმისა, ხალხი პოლიციის შენობებში, როგროც ოპოზიცია ამბობს, ძალით შეჰყავთ, შენ, დაკითხვაზე დაბარებული, შიგნით არ შეგიშვეს...
_ მოგელაძე ის ფიგურა არაა, რომ ვინმე შეაშინოს! მოქალაქეებმა, რომლებიც დაიაბარა და ეგონა, რომ შეაშინებდა, მოგელაძე ისტერიკაში ჩააგდეს. როგორც ჩანს, მოგელაძემ კანონიც კარგად არ იცის და, როგორც მეუბნებიან, ახსნა-განმარტების დროს მკაცრი მასწავლებლის პოზიცია უჭირავს, ჩვენებებს კარნახობს და თუ ერთი სიტყვაც ისე არ დაწერე, როგორც გიკარნახა, ისტერიკაში ვარდება! მოგელაძემ ერთ-ერთი პირველი ქალბატონი მარიამ მეტრეველი დაიბარა...
_ ეს ის ქალბატონია, რომელმაც პირადი დანაზოგი შეწირა “ქართულ ოცნებას”, არა?
_ დიახ...
_ თეა, ახლა გავმოგელავძევდები და გამარკვიე, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა უმუშევარია და პენსია საარსებო მინიმუმსაც არ აკმაყოფილებს, ქალბატონ მარიამ მეტრეველს საიდან ჰქონდა იმდენი დანაზოგი, რომ “ქართული ოცნებისთვის” შეეწირა?
_ შავი დღისთვის გადანახული დანაზოგი საქართველოში ბევრს აქვს...
_ სიტყვამ მოიტანა და, თავის დროზე, ანუ მაშინ, როცა “ნაცმოძრაობა” ფეხს იდგამდა, კობა დავითაშვილმა ბინა გაყიდა და ეს ფული “ნაცმოძრაობას” შეწირა... ფულზე გამახსენდა: ერთხანობას “მარშრუტკებში” ჭორაობდნენ, ყველას, ვინც ბანკ “ქართუში” ანგარიშს გახსნის, არჩევნების შემდეგ, ამ ანგარიშზე სოლიდური თანხა დაერიცხებაო...
_ ბოლო დროს უფრო გროტესკული ჭორები ვრცელდება...
_ მაგალითად?
_ თითქოს “ქართული ოცნების” ლიდერებს შორის განხეთქილებაა და ამაზე გაუგონარ ისტორიებს ჰყვებიან.
_ განხეთქილება მართლაა?
_ არა!
_ ბიძინა ივანიშვილის სამუშაო კაბინეტიც “როსტომის მეფის სასახლეშია”?
_ კი... ლიდერები ერთ-ერთ სართულზე არიან განლაგებულნი.
_ თეა, კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შენი ფუნქცია რა არის?
_ იურიდიული სამსახურის კურატორი ვარ _ კონტრილის პალატასა და პატიმრებთან, მათ შორის, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებულ საკითხებს ვკურირებ.
_ მოდი, ახლა, ორიოდ სიტყვა 27 მაისის აქციაზეც ვთქვათ. როგროც ვიცი, მერიამ “ქართული ოცნების” დაჟინებული მოთხოვნა დააკმაყოფილა და მიტინგზე დამკვირვებელი გამოყო... თეა, ისევ მეტყვი, კრიტიკული ხარო, მაგრამ ქუჩაში გამოსული ხალხი ბევრჯერ გვიანხავს. 27-შიც, ალბათ, უამრავი ადამიანი მივა “თავისუფლების მოედანზე”, მაგრამ მერე, რა?
_ ვანო, მოდი, ასე გავაკეთოთ: მანამ, სანამ გასტრონომიის კურსებს ჩაგიტარებ, არასოდეს აღარ დასვა შეკითხვა _ “მერე, რა?”, რადგან ეს “ნაცმოძრაობის” პოზიციაა.
_ არ მინდოდა, მეთქვა, მაგრამ “ნაცმოძრაობის” ფარული აქტივისტი ვარ!..
_ (იცინის) ეს სტერეოტიპი “ნაცმოძრაობამ” დაამკვიდრა, თუ ხალხი ქუჩაში გამოდის, აუცილებლად სადღაც უნდა შევარდესო, მაგრამ ყველა დასავლურ ქვეყანაში, ადამიანები ქუჩაში იმიტომ გამოდიან, რომ რაღაც თქვან და მერე, შინ წავიდნენ... 27 მაისს “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანია იხსნება და ამის აღსანიშნავად, გვინდოდა, სადმე შენობაში შევკრებილიყავით, მაგრამ ხელისუფლებამ ამის საშუალება არ მოგვცა, რაც მისი დიდი შეცდომაა.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ყოველთვის ჯობია, ოპოზიციურად განწყობილი ხალხი ერთ შენობაში იყოს თავმოყრილი, ვიდრე _ ქუჩაში... 27 მაისს ხალხი ქალაქის სხვადასხვა წერტილში შეიკრიბება, შემდეგ კი, ყველა თავს “თავისუფლების მოედანზე” მოიყრის...
_ ლიდერების ე.წ. სპიჩები უკვე დაწერილია?
_ საორგანიზაციო სამუშაოებში ჩართული არ ვარ...
_ შეკრების წერტილებიდან ხალხი “თავისუფლებისკენ” ფეხით დაიძვრება?
_ დიახ...
_ თეა, როგორც იურისტი, 27 მაისს რა სახის პროვოკაციებს ელოდები?
_ პროვოკაცია შეიძლება, სხვადასხვა სახის იყოს, მაგრამ მნიშვენლოვანია, რომ ამ აქციას ქუჩის გადაკეტვა დასჭირდება, ანუ “ნაცმოძრაობამ” თავის დროზე კანონში ჩაგვიწერა, რომ ქუჩის გადაკეტვა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუკი ეს მომიტინგეთა რაოდენობის გამო გახდება აუცილებელი. არადა, ყველა ევროპული სტანდარტით, ადამიანს ქუჩის კი არა, მაგისტრალის გადაკეტვის უფლებაც აქვს.
_ რა იქნება 27 მაისის შემდეგ “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის მთავარი “მესიჯი”?
_ საარჩევნო პროგრამების ახსნა და მათი პოპულარიზაცია, თუმცა რაიონულ ცენტრებში ხანდახან ჩვენი მხარდამჭერების მობილიზებაც გახდება საჭირო.
_ 27 მაისისთვის ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია?
_ ბოლო დროს, რა თქმა უნდა, გაძლიერდა. სხვათა შორის, ამასწინათ, დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, მიხეილ სააკაშვილს დავეხმარები, რომ არჩევნებამდე კანონიერების ფარგლებში დარჩესო.
_ ეს რას ნიშნავს?
_ ეს იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის დაპირისპირება არ მოახდინოს, რადგან ეს ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.