"ჟურნალისტებმა გუშინ იუსტიციის სამინისტროსტან სასტვენებით და ტრანსპარანტებით საპროტესტო აქცია გამართეს და ზურაბ ადეიშვილს რეგიონული ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული თავდასხმების გამოძიება სთხოვეს. აქციის დროს იუსტიციის სამინისტროდან პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ კუბლაშვილი ჟურნალისტთა აქციის შესახებ ინფორმირებული არ იყო და მას ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "გამოიძიე!" - ჟურნალისტების გზავნილი იუსტიციის მინისტრს / მომავალ კვირაში ჟურნალისტებსა და არასამთავრობოებს გიგა ბოკერია შეხვდება.
"აქციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ მომავალ კვირას ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსტან არსებული უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლები შეხვდებიან. ამის შესახებ თანხმობა უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ უკვე დააფიქსირა. თბილისის პარალელურად, ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია რეგიონებშიც გაიმართა - "გამოიძიეთ ძალადობის ფაქტები", "ხელს ნუ მიშლი მუშაობაში" - ამ გზავნილით აქცია დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ჟურნალისტებზე ძალადობის ყველა ფაქტის გამოძიება აუცილებელია, თუმცა რატომ არ ხდება ათობით ზეწოლის ფაქტის გამოძიება, კუბლაშვილს პასუხი არ აქვს და ამის გასარკვევად ჟურნალისტები იუსტიციის მინისტრთან გადაამისამართა. ამასთან კუბლაშვილს შეკითხვა დაუსვა ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა, თუ როდემდე უნდა სდევნიდნენ და ცემდნენ ჟურნალისტებს, რაზეც კუბლაშვილმა უპასუხა, რომ მისი შემთხვევა სპეციფიკურია და აუცილებლად გამოიძიებენ თიანეთის პოლიციის მიერ მთივლიშვილს დაკავების ფაქტს", - აღნიშნავს გამოცემა.
"ჟურნალისტთა აქციას იუსტიციის სამინისტროსთან ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია "კომიტეტი ღია დემოკრატიისთვის" წარმომადგენელი ჯოუ ჯონსონიც ესწრებოდა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით არის საქართველოში. ჯონსონის თქმით, შემაშფოთებელია ის ფაქტები, რასაც საქართველოში ჟურნალისტები მდგომარეობის კუთხით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია წერს გამოქვეყნებულ ანგარიშებში - "ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. ამერიკაში მსგავსი ფაქტი არ მოხდება. ქართველი ხალხი და ქართული მედია არ იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას. ჩვენ ამ ფაქტებს აუცილებლად დავაყენებთ კომპეტენტურ პირებთან შეხვედრისას", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჯოუ ჯონსონმა", - დასძენს გამოცემა.
"კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ბოლო დროს ჟურნალისტებზე გახშირებულ ზეწოლისა და ძალადობის ფაქტებს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს. კოალიციის წევრები დარწმუნებული არიან, ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობა უარყოფით გავლენას იქონიებს წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებაზე. შესაბამისად, მედია კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები ჟურნალისტების ზეწოლის ფაქტებს მანამდე გააპროტესტებენ, ვიდრე ამ ფაქტების სათანადო გამოძიება და დამნაშავე პირების დასჯა არ მოხდება", - წერს სტატიის ავტორი.
"ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გუშინ რეგიონებშიც გაიმართა. ოზურგეთში ჟურნალისტთა ეტიკის ქარტიის მიერ ორგანიზებული აქცია - "ჩვენ არ ვართ სუსტები, ჩვენ ვართ სოლიდარულები" ჩატარდა. აქციაზე ჟურნალისტებმა მოითხოვეს, რომ შეწყდეს ჟურნალისტების დევნა ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანების მხრიდან და დაიწყოს გამოძიება პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელსშეშლის ფაქტებზე. გურჯაანში ჟურნალისტთა სოლიდარობის აქციაში კახეთის გაზეთების - "სპექტრის", "კახეთის ხმის", "გურჯაანის" და ტელეკომპანია "გურჯაანის" ჟურნალისტებმა მიიღეს მონაწილეობა. ბათუმში აქცია ევროპის მოედანზე გაიმართა. ბათუმის აქციის ორგანიზატორ "მედიაჯგუფ "აჭარა P.S."-ის ჟურნალისტ სულხან მესხიძის თქმით, მის მიმართ ქობულეთის პოლიციის უფროსის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე საჩივრის მიუხედავად, გამოძიება ჯერ არ დაწყებულა... ჟურნალისტების განცხადებით აქციები მანამდე არ შეწყდება, ვიდრე ჟურნალისტებზე ძალადობა არ დასრულდება და ყველა უკვე მომხდარ ფაქტზე ობიექტური გამოძიება არ ჩატარდება", - დასძენს სტატიის ავტორი