"ნამდვილად გვაღელვებს, თუ როგორი ხარისხით განიხილავენ კონკრეტული მოსამართლეები საკითხს, რომელიც შეიძლება საარჩევნო გარემოს და პოლიტიკური კამპანიის დაფინანსებას ეხებოდეს"

"პირველ რიგში მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გამოხატეთ სურვილი დეტალურად გაცნობოდით სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს. რაც შეეხება საქართველოში არსებულ მედიაგარემოს, იმ დაკვირვებების საფუძველზე, რაც საქართველოში ყოფნის უკანასკნელი 3 წლის მანძილზე დამიგროვდა შემიძლია ვთქვა, რომ მედიაში სირთულეებს ქვეყნის პოლიტიკური გარემოს პოლარიზება იწვევს. ხშირად მედიის წარმომადგენლები ამა თუ იმ პოლიტიკურ მხარეს დგებიან, შედეგად კი საზოგადოება და ზოგჯერ ხელისუფლებაც ჟურნალისტებს გარკვეული პოლიტიკური ხედვის მატარებლებად აღიქვამს - სწორედ ამის მიხედვით განსაზღვრავს ზოგიერთი ოფიციალური პირი ამა თუ იმ მედიასაშუალებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და კონკრეტულ ღონისძიებაზე დაშვების შესაძლებლობას", - აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი გაზეთ "24 საათისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ანგარიშში ხვდება მხოლოდ დადასტურებული ინფორმაცია. 

"ზოგჯერ ოფიციალური პირები ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ არა მიკერძოებულობით, არამედ მედიასაშუალების პოლიტიკური ხედვიდან გამომდინარე. მსგავსი ფენომენია მიზეზი ანგარიშში ასახული კიდევ ერთი შენიშვნისა - კერძოდ, კანონის უზენაესობა თანასწორად არ ვრცელდება - კანონის იმპლემენტაციაში მნიშვნელოვანია თანასწორობის პრინციპის დაცვა. ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაციის თანაბრად მიწოდება ყველა მედიასაშუალებისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა სამინისტრო პასუხობდეს საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებს... საქართველოში არჩევნების წარმატებით ჩასატარებლად კარგი საკანონმდებლო საფუძველი არსებობს, თუმცა მიმაჩნია, რომ რჩება ზოგიერთი სფერო, სადაც დამატებითი შესწორება პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს. ქვეყნის წინაშე გამოწვევები არსებობს, რომელთა დაძლევაც ქვეყანაში კონკურენტულ საარჩევნო გარემოსა და წინასაარჩევნო პერიოდში მოქალაქეების მეტ ინფორმირებულობას უზრუნველყოფს - ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბრად უნდა შუქდებოდეს, რათა საზოგადოებამ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება შეძლოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯონ ბასი.

"მინდა აღვნიშნო ზოგადად სასამართლოს, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი სტრუქტურისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტის როლი საქართველოს დღევანდელ რეალობაში. მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებელი სასამართლო დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური საყრდენია, მოსამართლეები კი არიან ჯარისკაცები ქვეყნის და არა კონკრეტული პიროვნებების სამსახურში. მოსამართლემ არსებული კონიუნქტურიდან დისტანცირება უნდა მოახდინოს, ზოგჯერ, შესაძლოა, მისი პირადი პიზიციის საწინააღმეგო გადაწყვეტილების მიღებაც მოუწიოს. ამ მიდგომის პასუხისმგებლობად გარდასაქმნელად დროა საჭირო - ეს არ მოხდება ერთ დღეში და არ ეხება მხოლოდ მოსამართლეს - ეს ეხება მთელ სასამართლო ინსტიტუტს. საქართველოში სასამართლოს განვითარება სამუშაო პროცესშია. ბევრი ნაბიჯია გადადგმული, მაგრამ კვლავ რჩება სამუშაო, რათა ეს ყველაფერი ინსტიტუციურად დაინერგოს. ნამდვილად გვაღელვებს, თუ როგორი ხარისხით განიხილავენ კონკრეტული მოსამართლეები საკითხს, რომელიც შეიძლება საარჩევნო გარემოს და პოლიტიკური კამპანიის დაფინანსებას ეხებოდეს", - განაგრძობს აშშ-ის ელჩი.

"ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის თემა ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენდა. ამ გადაწყვეტილების შედეგად საარჩევნო პროცესში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა მოხდა. მე საქართველოს კანონების ექსპერტი არ ვარ, ვესაუბრე არაერთ ადამიანს, ვინც თვალს ადევნებდა აღნიშნულ მოვლენებს, მოვისმინე მთელი რიგი განსხვავებული შეხედულებები - ნაწილი ამბობდა, რომ გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად მიიღეს, მეორე ნაწილის აზრით კი, ეს კანონის ფარგლებს სცდებოდა. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ამ საკითხზე უნდა ისაუბროს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც პოლიტიკა შედის სასამართლო პროცესში, როდესაც სასამართლოს მიმართავენ ისეთი საქმის განსახილველად, რომელიც შეიძლება სასამართლოს კედლებს მიღმა გადაწყდეს, ეს არც პოლიტიკისათვის არის სასარგებლო და არც სასამართლო სისტემისთვის", - დასძენს ჯონ ბასი.

"საპატიმროების მდგომარეობას ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მივიჩნევთ და ეს ახალ ანგარიშშიც ავსახეთ. მართალია, შენდება ახალი ციხეები უკეთესი პირობებით, თუმცა კვლავ რჩება საპატიმრო დაწესებულებები ისეთი პირობებით, რომლებიც ჩამორჩება ევროპულ სტანდარტებს. მიგვაჩნია, რომ საჭიროა, მეტი ტრენინგი, საპატიმროებში ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება და მთელი რიგი ისეთი საკითხების მოგვარება, რომელთა მიზეზითაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი იზრდება. ამას ხელისუფლების გამძაფრებული ყურადღება სჭირდება, თუმცა პასუხისმგებლობა მხოლოდ სამინისტროს არ უნდა ეკისრებოდეს, ამაზე პარლამენტიც უნდა მუშაობდეს. შესაძლოა საჭირო იყოს გარკვეული საკანონმდებლო საქმიანობა, ასევე - შესაბამისი რეაგირება საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებზე", - აცხადებს ელჩი და შეკითხვას - "სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხშირად გვხვდება ტერმინი "ვრცელდებოდა ინფორმაცია". როგორია სანდოობის ხარისხი ასეთი ინფორმაციისა, რომელზე დაყრდნობითაც ამზადებს ანგარიშს სახელმწიფო დეპარტამენტი?" - პასუხობს:

"კარგი შეკითხვაა. ანგარიშის მომზადებისას ვმუშაობთ სხვადასხვა წყაროებთან, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორიდან, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველის აპარატთან და ვცდილობთ, გადავამოწმოთ ზოგადი ტენდენციები. ასევე გავეცნოთ მათ შეხედულებებს ამ ტენდენციებისა და კონკრეტული ფაქტების შესახებ. ამასთან ვთანამშრომლობთ მთელ როგ ორგანიზაციებთან, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობენ. ხშირ შემთხვევაში ამ ორგანიზაციების კვლევის საგანი ადამიანის უფლებების კონკრეტული ასპექტებია. ისინი გამოძიებასაც ატარებენ. ვთანამშრომლობთ შესაბამის სამინისტროებთან მათი ხედვის გასაგებად, რათა ჩვენი ანგარიში მაქსიმალურად ზუსტი იყოს. ყურადღებით ვეკიდებით დარღვევების კონკრეტულ ფაქტებს, რათა ანგარიშში მოხვდეს მხოლოდ დადასტურებული ინფორმაცია".