მარშრუტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ორთაჭალის ყოფილი ციხეებიდან ქართვლის დედის ძეგლამდე მშვიდობიანი მსვლელობით გავიარეთ, ლალი მოროშკინას მორიგი წიგნის პრეზენტაციის შემადგენელი ნაწილი იყო. საუბარია მის ახალ რომანზე - "გისოსებს მიღმა საქართველოა". აქციაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, პატიმართა მშობლები და სტუდენტები მონაწილეობდნენ. მსურველებს სპეციალური მაისურები ეცვათ - ზოგს პატიმრის შავთეთრზოლიანი ფორმის მსგავსი, ზოგს კი - გისოსებში ჩასმული საქართველოს რუკის კონტურებითა და წარწერით - "გისოსებს მიღმა საქართველოა".
საკმაოდ გრძელი, რამდენიმეკილომეტრიანი გზა ყოველგვარი ექსცესის გარეშე გავიარეთ, რაც ალბათ წესრიგის იმ დამცველთა "დამსახურებაცაა", რომლებიც თითქმის ორიოდე საათის განმავლობაში დაბურულმინებიანი მანქან(ებ)ით ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ფეხდაფეხ მოგვყვებოდნენ, ლალი მოროშკინა კი მათ ღიმილიანი სახით უქნევდა ხელს.
პრეზენტაციისთვის შერჩეული მთავარი ადგილი და ფინიში "ქართვლის დედის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორია გახლდათ, რადგან ავტორის აზრით, სწორედ ქართველ დედას სტკივა ყველაზე მეტად ის, რაც დღეს საქართველოში, კერძოდ კი საკნებში ხდება. შავი პური და წყალიც ამის სიმბოლური ასახვა იყო.
მართალია, ნამუშევარი ძირითადად, საქართველოს უახლეს ისტორიას, უსამართლობას, ციხეებში პატიმრების ყოფასა და მსგავს პრობლემებს ეხება, მაგრამ სიყვარულისა და ვნების თემები აქაც შეგხვდებათ. რომანის თავებში ცალკეულ რეალურ ამბებს გადმოგვცემს.
შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინა ავტორია ბესტსელერებისა: "მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი", "უსექსობა პატარა ქალაქში", "ყველა კაცი იდიოტი არ არის, ანუ როგორ გავთხოვდეთ", "Poison-ი skype-ით" (თანაავტორი უჩა ზაქაშვილი) და "მამაკაცის სურნელი" (თანაავტორი ლაშა ჯუხარაშვილი).
- ქალბატონო ლალი, რატომ გადაწყვიტეთ წიგნის პრეზენტაცია ამ ფორმით მოგეწყოთ? რატომ აირჩიეთ მარშრუტი ციხეებიდან - "ქართვლის დედამდე"?
- ციხეები იმიტომ, რომ 25 ათასი პატიმარი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრია, არაადეკვატური ციფრია. მოგეხსენებათ, ადამიანების წამების, მკვლელობისა და გაუპატიურების არაერთი ფაქტია დაფიქსირებული. ამ აქციაზე, თავიანთი სურვილით და არა ჩემი მოწვევით, ისეთი ადამიანებიც მოვიდნენ, ვისაც შვილები, ძმები, ქმრები მოუკლეს. დიდი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის! რაც შეეხება "ქართვლის დედას", დღეს 25 ათასი ქართველი დედა ტირის, რადგან მას სტკივა. შავი პური და წყალი კი იმიტომ მოვიტანეთ, რომ ეს ის რაციონია, რომლითაც ჩვეულებრივ, პატიმრებს კვებავენ.
- რის შესახებაა ახალი რომანი?
- XIII საუკუნეში ჩეხეთში მცხოვრები ბერმონაზვნების რთული ცხოვრების შესახებაა, რომლებიც სიკვდილით დასაჯეს, და პარალელია გავლებული იმ ადამიანებთან, რომლებიც საქართველოს ციხეებში ისჯებიან. მე ჩეხეთში ვიმუშავე და ძალიან საინტერესო იყო იმ ისტორიული ფაქტების დამუშავება, რომლის შესახებაც ინფორმაცია მანამდე ინტერნეტით მივიღე. ბოჰემიის მხარეში ის ადგილი ვნახე, სადაც საშინელი რამ - "სატანის ბიბლია" იშვა. მთავარი მესიჯი ის არის, რომ როდესაც უკეთურება, უბედურება და უსამართლობა ტრიალებს, მაშინ ზეობს ეშმაკი და პარალელი სწორედ დღევანდელ საქართველოსთან გავავლე. მგონია, რომ "სატანის ბიბლია" სასჯელაღსრულების დეპარტამენტში იწერება. თუ ასე არ არის, დაგვიმტკიცონ, ციხეებში მონიტორინგის ჯგუფები შეუშვან და ეს სისტემა გამჭვირვალე გახადონ. ნამდვილად არ მინდა, ჩასაფრებულის პოზიციაში ვიყო, ასეთი არც არასდროს ვყოფილვარ. გავკადნიერდი და წიგნის რეცენზიისთვის, ბატონ რეზო ამაშუკელს მივმართე. მან აღნიშნა,- ძალიან უნდა განიცადო, ეს ყველაფერი რომ დაწეროო. ყველა ნაწარმოებზე მუშაობისას ასე ვარ, მაგრამ ამ რომანის წერისას განსაკუთრებული ემოციები მქონდა. ლევან ღვინჯილია ჩემი ერთ-ერთი აქტიური მკითხველი და "რეცენზორია" და, როგორც მან მითხრა, საკმაოდ მძიმე წასაკითხი ყოფილა. წერა 2009 წელს დავიწყე და როგორც ჩანს, მას მერე უფრო "დავმძიმდი". ამ წიგნში ისეთი შეკითხვებია დასმული, ადრესატები იძულებულნი იქნებიან, პასუხი გამცენ. ნაწარმოები ბევრ ენაზე ითარგმნება, ერთ თვეში კი მის ინგლისურ ვერსიასაც მიიღებენ... მდგომარეობა უნდა გამოასწორონ! მართალია, ეს ლიტერატურული ნაწარმოებია, მაგრამ პერსონაჟები და ამბები რეალურია.
- თქვენი ვარაუდით, რა რეაგირება მოჰყვება ამ ნაწარმოებს? ციხის "შიდა სამზარეულოს" საჯაროდ გამოტანა ბევრს არ ესიამოვნება...
- გეთანხმებით. შიდა სიტუაციის ამსახველი ბევრი ამბავია გადმოცემული. ალბათ შენიშნეთ - შესაბამისი ორგანოები მთელი გზა მოგვყვებოდნენ დაბურულმინებიანი შავი ავტომობილებით, ასე რომ, რეაგირება უკვე მოჰყვა (იცინის). დამკვირვებლების ფუნქცია თუ ექნებათ, პრობლემა არ არის, ხოლო სხვა შემთხვევაში, ჩვენც სამართლებრივი გზით ვიმოქმედებთ.
ლევან ღვინჯილია:
- ლალი მოროშკინას რომანში საქართველოს უკანასკნელი ათწლეულების მხატვრული ქრონიკაა გადმოცემული და იქ ისეთ ამბებსაც წააწყდებით, რომელიც მას შემდეგ გადაგვხდა, რაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. მკითხველებს ვურჩევ, ინტერესით გაეცნონ მის შემოქმედებას, რამდენადაც ეს ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს წარმოშობით არაქართველი მოქალაქის შემოსვლა ქართულ კულტურულ არეალში, როდესაც ის ქართველად და ქართული კულტურის შემოქმედად იქცევა. ლალი მოროშკინა ქართველი მწერალია, ბულატ ოკუჯავა კი - რუსი პოეტი... საინტერესო ნაწარმოებია, ისევე, როგორც მისი წინა წიგნები. ამჯერად სერიოზულ თემებს განიხილავს - საქართველოს უმნიშვნელოვანესი ტერიტორიების დაკარგვის ამბებიდან, ვიდრე დღევანდელ რეალობამდე, მათ შორის - 2007 წლის 7 ნოემბრის, 2008 წლის აგვისტოს ომის, 2011 წლის 26 მაისის ამბები, პირად თავგადასავლებზე აგებული პასაჟებიც და ა.შ. პერსონაჟთა უმეტესობა ისეთია, მათ პროტოტიპებს დაკვირვებული მკითხველი აუცილებლად ამოიცნობს, თუმცა ნაწარმოებში ისინი შეცვლილი გვარ-სახელებით არიან მოხსენიებულნი. ეს მწერლის თავისებური ხერხია.
- როგორ მოგწონთ წერის მისეული სტილი?
- ლალი უდავოდ, ნიჭიერი ახალგაზრდა მწერალია და მჯერა, რომ ის კიდევ უფრო ფართო მასშტაბის ნაწარმოებებს მოგვაწვდის მომავალში. მწერლის უღელი საკმაოდ მძიმეა და ფართო ერუდიციისა და მოწოდების გარდა, მოქალაქეობრივ სიმამაცესაც მოითხოვს, რაც ლალის ნამდვილად არ აკლია. რომანი საკმაოდ მსუბუქად იკითხება, იმიტომ, რომ ავტორი სალიტერატურო ენას იმდენად ღრმადაა დაუფლებული, რომ წერა ნამდვილად არ უჭირს. ამის ხაზგასმა იმიტომაცაა აუცილებელი, რომ ლალი მოროშკინაა, თუმცა მე დღეს უფრო ნამდვილი და ღირსეული ქართველი ბევრი არ მეგულება, თავისი დამოკიდებულებით ენისა და ჩვენი ქვეყნის, ისტორიის მიმართ.
კახი კახიშვილი, იურისტი:
- პენიტენციარულ სისტემაში ძალიან რთული ვითარებაა - იგი ადამიანის ფსიქოლოგიურად დამანგრეველ დეპარტამენტად იქცა და იქ ბევრი უკანონობა ხდება. პატიმრების რაოდენობა რომ უპრეცედენტოდ დიდია, ამას შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ. მახსოვს, 2001 წელს ქვეყნის მასშტაბით სასჯელს 4200 ადამიანი იხდიდა და მაშინ კანადაში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე აღნიშნეს, რომ ასეთი პატარა ქვეყნისთვის ეს დიდი ციფრი იყო, ახლა კი პატიმრების რაოდენობით, ყველა მაჩვენებლის მიხედვით, თითქმის პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში. არსებობს ალტერნატიული სასჯელები, რაც პატიმრობას არ უკავშირდება, მაგრამ საქართველოში ყველანაირი შუამდგომლობა მაინც ციხეში გამწესებით მთავრდება. ამით თაობას სპობენ. ადამიანი სასჯელს რომ მოიხდის, საზოგადოებაში მისი ინტეგრირება უნდა მოხდეს, აქ კი გარეთ გამოსვლის შემდეგ, აღარც სახლ-კარი აქვთ, არც სამსახური და ფსიქოლოგიურადაც მოშლილები არიან. თუ ლალი ამ ყველაფერს მანამდე გარედან უყურებდა, მერე საკუთარ თავზეც გამოცადა. ეს აქცია და მისი წიგნი იმისთვისაა, რომ სახელმწიფომ პოლიტიკა როგორღაც შეცვალოს.
ლაშა ჩხარტიშვილი, კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი:
- ჩემი მოქალაქეობრივი ვალი იყო, ამ აქციაში მონაწილეობა მიმეღო. პატიმრების უმეტესობას არაადეკვატური სასჯელი აქვს შეფარდებული, მაგალითად - საბურავის ქურდობისთვის 18 წელიწადს აძლევენ ადამიანს, მკვლელობისთვის კი - თუ ის ხელისუფლების "ბანდის" წევრია, - 2-3 წელიწადს, ან საერთოდ არ სჯიან. პატიმრების მკვლელობისა და წამების უფლება არავის აქვს, მაგრამ საქართველოში ეს ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა. არასათანადო კვება, შიმშილი, დაავადებების გავრცელება, მათ შორის - შიდსის და ა.შ. დიდ პრობლემას წარმოადგენს. თვით დანტე ალიგიერისაც კი გაუჭირდებოდა იმის აღწერა, რაც საქართველოს ციხეებში და სააკაშვილის ჯოჯოხეთში ტრიალებს. ამ ადამიანებს მხარდაჭერა სჭირდებათ და ხელისუფლებას უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ხელოვნების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ძალიან დიდია და სამწუხაროდ, ბევრი პუბლიცისტი და მწერალი პოლიტიკასთან დაკავშირებულ მწვავე თემებზე წერას გაურბის, რაც კომფორმიზმია. ლალი მართლა არ გახლავთ კომფორმისტი, ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო პატრიოტი ქართველი ქალია, ხელოვანთა შორისაც. ეს ნამდვილად მისაბაძი და კარგი მაგალითია. ისეთ სიტუაციაში, როცა ქვემეხები ქუხან, თვალის დახუჭვა ნამდვილად არ შეიძლება.