ახალბედა ჟურნალისტებმა ზეწოლის გამო პროფესიის შეცვლა გადაწყვიტეს (VIDEO)

ახალბედა ჟურნალისტებმა ზეწოლის გამო პროფესიის შეცვლა გადაწყვიტეს (VIDEO)

დღეს იუსტიციის სამინისტროს წინ ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია გაიმართა. მედიის წარმომადგენლებმა სასტვენებით გამოხატეს პროტესტი და იმ მოხელეების დასჯა მოითხოვეს, რომლებმაც ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს. ჟურნალისტებს ტრანსპარანტები ეჭირათ: „გამოიძიეთ ძალადობის ფაქტები“, „ხელს ნუ გვიშლით მუშაობაში,“, „Investigate Facts of Violence”. აქციაზე რეგიონული პრესის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ზეწოლა უშუალოდ საკუთარ თავზე იწვნიეს. სოლიდარობის აქციას უცხოელებიც ესწრებოდნენ.

თბილისს გარდა, მსგავსი აქციები საქართველოს რეგიონებშიც გაიმართა - რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, ოზურგეთში, გურჯაანში, რადგან ამ პროფესიის ადამიანები რეგიონებში ყველაზე მეტად განიცდიან ზეწოლას და უკვე არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, როცა ახალბედა ჟურნალისტებმა სწორედ ამის გამო პროფესიის შეცვლა გადაწყვიტეს.

ჟურნალისტების განსაკუთრებული აღშფოთება ბოლო ორი თვის მანძილზე კოლეგებზე ზეწოლის 20-მდე ფაქტმა გამოიწვია. გარდა ამისა, კვლავაც გამოუძიებელია 26 მაისის ღამეს ჟურნალისტების უფლებების შელახვის ფაქტები, ასევე,  სხვა საქმეები. როგორც წესი, განსაკუთრებული ცემა-ტყეპა და საქმეების გარჩევა დედაქალაქიდან რეგიონებში ოფიციოზის ჩასვლას მოჰყვება ხოლმე, როცა პრეზიდენტის თანმხლები პირები ჟურნალისტებს კამერებსა და მიკროფონებს ართმევენ და გადაღებულ მასალას უშლიან.

Presage.tv რეგიონებსა და დედაქალაქში მომუშავე კოლეგებს ესაუბრა.  

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენელი თამარ კორძაია აცხადებს, რომ ჟურნალისტები ყველა იმ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებასა და განსაჯაროებას მოითხოვენ, რაც მათი საქმიანობის პროცესში მოხდა - კამერების წართმევა, შენობაში არ შეშვება, ცემა. თამარ კორძაიას თქმით, ყველა მსგავსი ქმედება გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს და ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა, ამაზე რეაგირება მოახდინოს.

„უკანასკნელი შემთხვევები ეხებოდა პოლიტიკური აქტივობის გაშუქებას. კერძოდ,  გაზეთ „P.S“.-ის ჟურნალისტი ქუთაისში ნაცმოძრაობის შეკრებას იღებდა, რომელსაც შს მინისტრი ესწრებოდა, ამ დროს მას კამერა წაართვეს, გამოაძევეს და სცემეს. ასევე, პრეზიდენტის ვიზიტის გაშუქებისას მოხდა მსგავსი ინციდენტი, ისევე, როგორც პრეზიდენტის მიერ საავადმყოფოს გახსნის პროცესს აშუქებდა ინტერნეტგამოცემის წარმომადგენელი და მასაც არ მისცეს გადაღების საშუალება“.  

გელა მთივლიშვილი მიიჩნევს, რომ დაუსჯელობის სინდრომი წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო გამძაფრდება, რაც მათ არჩევნების ნორმალურად გაშუქების შესაძლებლობას არ მისცემს. მისი თქმით, ძალიან ბევრი ჟურნალისტი შეშინებულია და პროფესიულ მოვალეობაზე უარის თქმას აპირებს.

„ბოლო პერიოდში რეგიონებში მასობრივად ირღვევა ჟურნალისტთა უფლებები, პრეზიდენტის ვიზიტებს ისე ვერ ვაშუქებთ, როგორც უნდა გაშუქდეს. ჟურნალისტების ფიზიკურ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. ბოლო ფაქტი, ჩემი დაკავება და პოლიციაში ერთსაათიანი ტყვეობა აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით, წინასაარჩევნოდ. რამდენი ზეწოლა უნდა მოხდეს, რომ რეგიონალურმა ჟურნალისტებმა ამას გაუძლონ?! ძირითადად რეგიონებში არიან ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომლებსაც არ გადახდენიათ ასეთი ტიპის ზეწოლა, ამდენად, ისინი შეუგუებელნი არიან ასეთ დამოკიდებულებას. ამიტომაც რადენიმე ჟურნალისტმა, სამწუხაროდ, უარი თქვა პროფესიული მოვალეობის გაგრძელებაზე“.

გელა მთივლიშვილის თქმით, რეგიონებში ეს ტენდენცია კიდევ თუ გაგრძელდება, ისედაც მწირი რესურსების ფონზე, რეგიონალურ მედიას სერიოზული პრობლემები შეექმნება. თუმცა მას ევროპელი დიპლომატების იმედი აქვს, რომლებთანაც შეხვედრას ჟურნალისტები დღეს აპირებენ.

„რამდენიმე წუთში ამერიკის ელჩს და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებს ვხვდებით. უახლოეს დღებში კი ჟურნალისტების დაცვის მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციები  მკვეთრ განცხადებას გააკეთებენ“.

საქართველოს მედიაკლუბის ხელმძღვანელის მაგდა პოპიაშვილის თქმით, ჟურნალისტებზე ზეწოლის მხრივ უმეტესად პოლიციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, დაცვის თანამშრომლები აქტიურობენ, რაზეც ოფიციალურ სტრუქტურებს შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენიათ.

„მოვითხოვთ, ერთხელ მაინც დაისაჯონ დამნაშავე პირები, რომლებიც ფიზიკურად ძალადობენ ჟურნალისტებზე. არ გვაქვს ილუზია, რომ ერთი აქციით რაიმე შეიცვლება, მაგრამ პერმანენტული აქციის გამართვა მოგვიწევს. ბოლო ორ თვეში ძალადობის ოცამდე ფაქტი მოხდა - ფიზიკური შეურაცხყოფის, მასალების ჩამორთმევის. ხელისუფლებას ამაზე რეაქცია არ აქვს. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამას გადაატარებენ, ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ. ძირითადი თავდასხმები მაინც  რეგიონალურ ჟურნალისტებზეა, პრეზიდენტის ვოიაჟების დროს. ამაზე კი ხელისუფლების რეაქცია ისაა, რომ პირიქით, ჟურნალისტებს ადანაშაულებენ. თურმე ჩვენი კოლეგები რაღაცას აშავებენ და ამაზე რეაგირება უწევს პოლიციას და დაცვის თანამშრომლებს“.

ამის მაგალითად მაგდა პოპიაშვილს გელა მთივლიშვილის შემთხვევა მოჰყავს, როცა შსს-ს ანალიტიკური სამსახურის უფროსმა შოთა უტიაშვილმა ჟურნალისტს პირდაპირ დასდო ბრალი, რათა დაეცვა პოლიციის მაღალჩინოსანი (თიანეთის პოლიციის უფროსის მოადგილე) და მთივლიშვილი პოლიციის შენობაში ძალით შეჭრაში დაადანაშულა.

ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი მანაგაძე აცხადებს, რომ ბოლო პეროდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმები გამოძიებიული არ არის, მიხედავად იმისა, რომ ბევრმა ჟურნალისტმა საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისთვის უკვე მიმართა.

„საერთაშორისო და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები ჩვენი კოლეგების დაცვის მხრივ ძალიან აქტიურები არიან, მაგრამ თავად ჩვენ თუ არ მოვითხოვეთ ამ საქმეების გამოძიება, წარმოუდგენელია, ვიღაცამ ჩვენს მაგივრად მოითხოვოს. ამ ქვეყანაში ერთხელ მაინც უნდა დაიშვას პრეცენდენტი, რომ ჟურნალისტზე ზეწოლის გამო კონკრეტული პირი მიეცეს პასუხისგებაში,“-აცხადებს ირაკლი მანაგაძე. 

„ეთიკის ქარტიის“ ხელმძღვენელი ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ ძალიან ბევრი ადგილობრივი, თუ საჯარო მოხელე, ასევე, პოლიციელი არ ერიდება, რომ უხეში ფორმით გაუსწრდეს ჟურნალისტს. ეს აისახება საზოგადოებაზეც, რითაც მოსახლეობას საშუალება ერთმევა, ნორმალური და ოდნავ განსხვავებული ინფორმაცია მიიღოს.

„როგორც ერთი რიგითი ჟურნალისტი, ამ აქციაზე გაცილებით მეტ კოლეგას ველოდი, მაგრამ ორი კაციც რომ გამოვიდეს, მთავარია, რომ ეს არის პრობლემა, რომელზეც ყურადღება მთავრობას მუდმივად უნდა მივაქცევინოთ. უნდა მოვითხოვოთ ყველა იმ საქმის გამოძიება, რაც ქართულ სინამდვილეში ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის მხრივ დაგროვდა,“- აცხადებს ზვიად ქორიძე.   

„ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი ნესტან ცეცხლაძე ახლახანს მომხდარ კონკრეტულ ფაქტს იხსენებს, როცა მისი გაზეთის ჟურნალისტი ზუგდიდის პროკურატურასთან მიმდინარე მოვლენის გადაღებას ცდილობდა (როცა სამართალდამცავებმა იქ ბომბი აღმოაჩინეს), თუმცა სამართალდამცავებმა მის რეპორტიორს, ისევე, როგორც ადგილობრივ რეპორტიორს, წაართვეს ვიდეოკამერები, წაშალეს კადრები. მართლია, მოგვიანებით ვიდეოკამერები დააბრუნეს, მაგრამ ვიდეომასალის წაშლა სისხლის სამართლის დანაშაულია და დამნაშვეები არ დასჯილან.

„ზუსტად ის, რომ ბევრი ასეთი ფაქტი რეაგირების გარეშეა, ახალისებს სამართალდამცავებს. მნიშვნელოვანია, მუდმივად მოხდეს საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტების ზეწოლა ხელისუფლებაზე, რათა ეს ფაქტები გამოიძიონ და მოხვდეს სხვადასხვა მნიშვნელოვან ანგარიშებში - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იქნება ეს, თუ „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში გვითხრა ნესტან ცეცხლაძემ.

დამოუკიდებელი გაზეთის „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტი ნინო კაპანაძე აღნიშნავს, რომ მართალია, მის რაიონში ჟურნალისტებზე ფიზიკური ზეწოლის ფაქტები ჯერჯერობით არ არის, მაგრამ ისინი ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიან, რომ დამოუკიდებელი მედიასაშუალების გამოცემა შეწყვიტონ.

„თბილისიდან ოფიციოზის ჩამოსვლისას პრობლემა გვექნება ჟურნალისტებს. დაფიქსირებული გვაქვს კიდეც შემთხვევები, როცა მოქალაქეებს უფლება მისცეს, შეხვედროდნენ ხელისუფალს და ჩვენ ამის უფლება არ მოგვცეს, აკრედიტაციაზეც უარი გვითხრეს“, ამბობს ნინო კაპანაძე.