„27 მაისს ივანიშვილი ავანსად მიიღებს ხალხის ნდობას“

„27 მაისს ივანიშვილი ავანსად მიიღებს ხალხის ნდობას“

„აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილება არის სახელმწიფოებრიობის და კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური პრინციპების საწინააღმდეგო ისეთი ქმედება, რომლის პრეცედენტიც მსოფლიოში არ მოიპოვება. მეტიც, იგი თავისი სამართლებრივი არსით და პოლიტიკური კონტექსტით სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასია... მოგმართავთ, არ მოაწეროთ ხელი კონსტიტუციურ ცვლილებებს. ამით თქვენ გადაარჩენთ ქვეყნის პრესტიჟს და მის კონსტიტუციურ ფუნდამენტს, რომელიც შეუდარებლად მაღალი ღირებულებაა, ვიდრე თქვენი, ჩემი და ყველა პოლიტიკური ძალის აწმყო თუ მომავალი, ერთად აღებული. თუ არ გაითვალისწინებთ ჩემს რჩევას და უარს არ იტყვით კონსტიტუციურ ცვლილებებზე, მაშინ მე არ გავხდები ანტისახელმწიფოებრივი ქმედების თანამონაწილე, არ ვისარგებლებ აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილებებით და არ მივიღებ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში” – „ქართული ოცნების“ ლიდერის ღია წერილის ამ მთავარ გზავნილებს პრეზიდენტის პასუხი ჯერჯერობით არ მოჰყოლია, თუმც სახელისუფლებო გუნდში განაცხადეს, - ამ ღია წერილით გამოჩნდა, რომ  ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობა არ სურსო.

რამდენად სწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა ბიძინა ივანიშვილმა ამ გადაწყვეტილების მიღებით და რა იქნება მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო პასუხი „ქართული ოცნების“ ლიდერის წინადადებაზე? ამ საკითხზე საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორს კახა კახიშვილს ვესაუბრეთ:  

კახა კახიშვილი: როდესაც აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდა, მაშინვე განვაცხადე, რომ ამ მდგომარეობიდან ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა  ივანიშვილს მყისიერად განაცხადებინა, - ბატონებო, ჩემზე ნუ ზრუნავთ. ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩემს გამო ნუ მიიღებთ. კეთილი ინებეთ, მომანიჭეთ ის, რაც კანონის მიხედვით მეკუთვნის. ამ უკანონობით კი არ ვისარგებლებ. მით უმეტს, რომ ამ უკანონობას შეიძლება შეეწიროს სახლემწიფოს სუვერენიტეტი და ბევრი პრობლემის წინაშე დავდგეთ მხოლოდ იმიტომ, რომ მე შემეძლოს გავხდე საქართველოს პარლამენტის წევრი, ან უმაღლესი თანამდებოის პირი. რაიმე თანამდებობის დაკავება სახელმწიფოსთვის საფრთხის შექმნის ხარჯზე არ მიღირსო. 

ბოროტ ნიადაგზე არ შეიძლება სიკეთე აღმოცენდეს. ბიძინა ივანიშვილს თავიდანვე უნდა ეთქვა, რომ არ ისარგებლებდა ამ სრულიად არაკანონიერი ინიციატივით, რომელიც ქვეყანას უქმნიდა ხიფათს. მას ხომ  აქვს პრეტენზია, რომ მართოს ქვეყანა და დაამკვიდროს ამ ქვეყანაში ნამდვილი და არა ფასადური, ვირტუალური დემოკრატია. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა ეს თავიდანვე არ განაცხადა. მან მხოლოდ აღნიშნა, ეს ძალიან ცუდი საკონსტიტუციო ცვლილებებიაო. მალევე კი, მასთან ასოცირებულმა ადამიანებმა სხვადასხვა სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადეს, - ივანიშვილმა კი თქვა, რომ ეს ცვლილებები ცუდია, მაგრამ ამ ცვლილებებით ვისარგებლებთო.

მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი მაშინ თქვაროდესაც პარლამენტმა მიიღო ეს საკონსტიტუციოცვლილება.

- ძალიან კარგი, რომ მან ეს თქვა, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ადრე ეთქვა. როდესაც ამ საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება მოხდა, საელჩოებისა და  საერთაშორისო ორგანიზაცების ყურადღება ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე თავიდან ძალიან მკვეთრი იყო. მაშინ რომ განეცხადებინა, არ ვისარგებლებ ამ ცვლილებითო,  ხელისუფლებაზე ზეწოლა გაგრძელდებოდა, რომ მიენიჭებინათ მისთვის მოქალაქეობა. ამის ნაცვლად, საერთაშორისო თანამეგობრობამ ნახა, რომ ინიცირების მერე ივანიშვილისაგან არ ყოფილა მყისიერი უარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე და რაკი ივანიშვილის თანაგუნდელებმა განაცხადეს, - ამ ცვლილებით ისარგებლებდნენ, ჩათვალეს, რომ საკითხი ამოწურულია, ივანიშვილს მისცეს საშუალება პოლიტიკაში შემოსულიყო.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ, რომ არჩევნებში კენჭს არ იყრის, გარკვეულწილად, მისი ამომრჩეველიც დააბნია. მმართველი პარტია თავის ხელთ არსებული ყველა ბერკეტით ისარგებლებს და ამ განცხადებას დამახიჯებული ფორმით მიიტანს რეგიონებამდე კონტროლირებადი ტელევიზიების და მედიის საშუალებით. იტყვიან, რომ ვითომ ივანიშვილს შეეშინდა და უარი თქვა პოლიტიკურ ბრძოლაზე. ეს ამომრჩეველს დააბნევს. ვფიქრობ, ესეც გათვლილი უნდა ჰქონოდა კოალიციას.  ამიტომაც, ახლა მათ თითოეულ ამომრჩევლამდე უნდა მიიტანონ ინფორმაცია, რომ ასე არ არის და სახელისუფლებო პროპაგანდას არ დაუჯერონ, რომ თუ საარჩევნო ბლოკის დასახელებაში ივანიშვილის გვარი იქნება, ამ ბლოკის საქმიანობაზე პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე ივანიშვილი იქნება.

მაგრამ პოლიტიკური ბრძოლა იმასაც გულისხმობსრომ მოწინააღმდეგეს შეცდომა დააშვებინო და მერე მოულოდნელი სვლა გააკეთო

- ამაზე შესაძლოა მაშინ ვისაუბროთ, როდესაც სახელმწიფოებიობას არ ემუქრება საფრთხე. ეს ცვლილებები მაინც შევა კონსტიტუციაში ივანიშვილი ისარგებლებს თუ არა მისით. ფაქტია, რომ ამ ცვლილებით ისარგებლებს ის, ვისთვისაც იყო გათვლილი. შედეგად კი ქვეყნის სუვერენიტეტს შეექმნება პრობლემა. ივანიშვილის ერთი განცხადება ამ პროცესს ვერ შეაჩერებს.

მაგრამ ივანიშვილი მიმართავს პრეზიდენტსრომ სახელმწიფოებრივად იფიქროს და არ მოწეროს ხელი ამ ცვლილებასთუ სააკაშვილიმაინც მოაწერს ხელსივანიშვილის გუნდს შეეძლება თქვასრომ პრეზიდენტი არასახელმწიფოებრივად მოქმედებს.

- მესმის, რომ პოლიტიკოსმა უნდა ისარგებლოს ოპონენტის შეცდომით, მაგრამ ისეთი შეცდომით არა, რომელიც შეიძლება პრობლემად ექცეს სახელმწიფოს. თუ გვინდა, რომ სააკაშვილმა შეცდომა დაუშვას, ბარემ ვუკიჟინოთ რუსეთთან ხელმეორედ დაიწყოს ომი და მერე გვექნება სათქმელი, რომ შეცდომა დაუშვაო. არ შეიძლება ოპონენტს შეცდომა დააშვებინო სახელმწიფოებრიობის ხარჯზე. ისედაც უამრავი შეცდომები აქვს სააკაშვილს.

სჯობდა ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილს გაეკეთებინა პირველი და არა მესამე მოსმენის შემდეგ, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე მიღებულია და ქვეყნის პრეზიდენტის ხელის მოწერაღა დარჩა. ასევე შევნიშნავ, რომ  ქდმ-ის ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, შემდეგ კი პარლამენტში კენჭის საყრელად სულ სხვა კანონპროექტი შეიტანეს. ეს მთელი რიგი პროცედურების და კონსტიტუციის დარღვეევაა.

ეს საკონსტიტუციო ცვლილება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს საშუალებას აძლევს, რომ დაიკავოს უმაღლესი თანამდებობები, რაც ითვალისწინებს საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომასაც. გამოდის, რომ  უცხოეთის მოქალაქეებს ვაბარებთ ქვეყნის ბედის. კონსტიტუციის 29-ე მუხლში წერია, რომ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქე (ანუ ორმაგი მოქალაქეობა აქვს) არ შეუძლია დაიკავოს პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერის, ან პრეზიდენტის თანამდებობა. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებით კი, კონსტიტუციაში შევიდა დამატება, რომლის თანახმადაც ევროკავშირის მოქალაქეებს ეძლევათ უფლება დაიკავონ უმაღლესი თანამდებობები.

ამ ცვლილებით მივდივართ  წარმოუდგენელ აბსურდამდე, უმაღლესი თანამდებობების დაკავება ეკრძალება საქართველოს მოქალაქეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს კი ამის საშუალება ეძლევა.

შესაძლოა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა არ მოაწროს ხელი ამ ცვლილებას.

- პრეზიდენტი აუცილებლად მოაწერს ხელს. ივანიშვილის გუნდი რომ უფრო თანმიმდევრული ყოფილო, უკეთესი იქნებოდა თვითონ ივანიშვილისა და იმ იდეისთვის, რომელიც აქვს კოალიციას. თანმიმდევრულობის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ კოლიციის წევრთა გაუაზრებელ განცხადებებს, რომლებიც  ეწინააღმდეგება ლიდერის განცხადებებს. ამის დასტურია ფონდ „ქომაგთან“ დაკავშირებული პროცესები. ამ ფონდს ჰქონდა ძალიან კარგი მიზანი, - დახმარებოდა რეპრესირებულ ადამიანებს, მაგრამ იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ ზოგიერთმა წევრმა ენას კბილი ვერ დააჭირა, „ქომაგის“ ანგარიშები დაყადაღდა. შეიძლება ამ შემთხვევაში ვიღაცამ მართლაც იმაზე იზრუნა, რომ ხელისუფლებას მორიგი შეცდომა დაეშვა, მაგრამ ამას ძალიან კარგი ჩანაფიქრი შეეწირა.  როდესაც საქმე გაქვს ისეთ ოპონენტთან, რომელიც  ყველა ბერკეტს იყენებს, რომლისთვისაც არ არსებობს თამაშის წესები და ერთი მიზანი აქვს, - დარჩეს ხელისუფლებაში, ამას იდეოლეოგიური ერთობით უნდა დაუპირისპირდე. ასეთ ოპონენტთან ბრძოლისას უნდა გათვალო ნებისმიერი განცხადება, რომ ისინი შენს საწინაღმდეგოდ არ მობრუნდეს. ოქტომბრის არჩევნებზე ქვეყნის განვითარების ბედია დამოკიდებული. არ შეიძლება ივანიშვილის კოალიციის შიდაპატრიულ ინეტერსებს გადაჰყვეს სახელმწიფოებრიობა და ქვეყნის მომავალი. ივანიშვილის კოალიციამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რომ წააგოს (წაგებას ვარქმევ პარლამენტში 20-25 კაცით შესვლას),  ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ მეტი რეპრესია იქნება მოსახლეობაზე, ვიდრე იყო და შესაძლოა, ხელისუფლების დღევანდელი აბსურდული გადაწვეტილებები ტკბილ მოგონებად დარჩეს.

ამ არჩევნების შედეგით ყველაზე მეტად ის მოიგებს, ვინც ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე ლამაზ სიზმარში თუ ნახავდა 5% იანი ბარიერის  გადალახვას. დღეს კი ეს პოლიტიკოსები ივანიშვილის იმიჯის და რეიტინგის სანაცვლოდ, შესაძლოა, დეპუტატები გახდნენ. მინდა რჩევა შევთავაზო ბატონ ივანიშვილს, - თუ თავის კოალიციის ზოგიერთ წევრს აუკრძალავს მისი სახელით განცხადებების გაკეთებას და ტელევიზიით გამოვლას, მისი კოალიცია მომგებიან პოზიციაში იქნება. ბატონმა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ არჩევნების შედეგების პასუხისმგებლობა მასზე იქნება და არა იმ ლიდერებზე, რომლებიც მის კოლიციაში არიან. როდესაც აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოვა, თავად უნდა დაგეგმოს ტაქტიკა, სტრატეგია და ნებაზე არ უნდა მიუშვას პოლიტიკოსები, რომელთაც წლების გამავლობაში ის მოახერეხს, რომ ადამიანების ნდობა დაკარგეს.

ზემოთ ბრძანეთრომ ეს ცვლილება არ იყო ივანიშვილისთვისყველაზე მეტად ვის ინტერესებში იყო ეს საკონსტიტუციო ცვლილება?

- არ მჯერა, რომ პოლიტიკაში „დედა ტერეზები“ არიან.  როდესაც ერთი პარტიის შიგნით არის სხვადასხვა ხედვა და დაპირისპირებები, ვერ დავიჯერებ, რომ ქრისტიან-დემოკრატებს ღამები არ ეძინათ იმაზე დარდით, როგორმე განემუხტათ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის დაპირისპირება. ისინი იბრძოდნენ, რომ ყოფილიყვნენ რეიტინგით მეორე პარტია და რატომ გადაწყვეტდნენ, რომ მათთვის მესამე ადგილზე გადასვლა უკეთესი იყო? ამ ცვლილების ინიცირება შორს იყო გათვლილი. ქდმ-ს ჰყავს ისეთი პარტნიორები, რომლებიც დიდ ფინანსებს ფლობენ, მაგრამ არ არიან საქართველოს მოქალაქეები. ამიტომ, ვითომ ივანიშვილისთვის მოფიქრებული საკონსტიტუციო ცვლილების შედეგად  მათი მდიდარი პარტნიორები მოიპოვებენ საქართველოს პარალამენტის დეპუტატის მანდატს, ქდმ-ის კი მეტი დაფინანსების შესაძლებლობის მიღება უჩნდება.

ბიძინა ივანიშვილი აპირებს მიმართოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნითთქვენი აზრითამჯერად მოაწერს ხელსმის განცხადებაზე სააკაშვილი

- ვფიქრობ, რომ ივანიშვილს მოქალაქეობას არ მისცემენ და ამის არგუმენტად მოიყვანენ კანონს მოქალაქეობის შესახებ, სადაც წერია, რომ მოქალაქეობის მინიჭებაზე განმეორებითი განაცხადის შეტანა შეიძლება უარის მიღებიდან 6 თვის შემდეგ, მაგრამ რადგან ხელისუფლებისთვისაც მნიშვნელოვანია რა დონის ლეგიტიმაცია ექნება ამ არჩევნებს, შესაძლოა, ეს მუხლი ვერც შენიშნოს. თუ ხელისუფლების ასეთ ძლიერ ოპონენტს საშუალება არ მიეცემა პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოვიდეს, ეს ამ არჩევნების ლეგიტიმაციას არ შეუწყობს ხელს. ეს კი დიდი პრობლემის წინაშე დააყენებს ხელისუფლებას. 

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს- ივანიშვილს დამარცხების შიში აქვსო.

- თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ივანიშვილს დამარცხების შიში აქვს, მისცეს მოქალაქეობა და დაამარცხოს არჩევნებში. ივანიშვილის კარგმა, მაგრამ დაგვიანებულმა განაცხადებამ მისი მხარდამჭრები რომ შეცდომაში არ შეიყვანოს, საჭიროა, მოსახლეობასთან მჭიდრო კონტაქტი. ერთია კოალიციის სახელწოდებაში ივანიშვილის გვარი და მეორეა მისი ფიზიკურად მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში. ივანიშვილმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კოალიციის ლიდერები, რომლებიც ახლა დადიან რეგიონებში, ადრეც დადიოდნენ, მაგრამ  მაინც და მაინც დიდი ნდობით ვერ სარგებლობდნენ. უშუალოდ ივანიშვილმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მოსახლეობასთან შეხვედრებში და ხალხმა მისი პირიდან უნდა გაიგოს ის, რასაც კოალიციის სხვა ლიდერები ეუბნებიან, რადგან ხალხი ივანიშვილის ნათქვამს უფრო დაიჯერებს. 

„ნაციონალური მოძრაობა“ აქამდე იმით ინარჩუნებს მონოლითურობას, რომ მისი კონკურენტი არ არის სათანადოდ ძლიერი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოახერხებს ივანიშვილი ძალის დემონსტრირებას. თუ უახლოეს პერიოდში ოპოზიციური ფრონტი გაძლიერდება, ბევრი ადამიანი გამოჩნდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელსაც გაუჩნდება სურვილი ოპოზიციაში დაიმკვიდროს თავი, მაგრამ თუ გაგრძელდა კოალიციის ლიდერების სხვადასხვა განცხადებები და  ურთიერთგამომრიცხავი სლოგანები, ეს მხოლოდ შეადუღაბებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უფრო აქტიური საარჩევნო კამპანია აწარმოოს.

27 მაისს “ქართული ოცნება” იწყებს საარჩევნო კამპანიასრას ელ ამ დღეს?

- დარწმუნებული ვარ, ამ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა თავისუფლების მოედანზე, მაგრამ ბატონმა ბიძინამ არ უნდა იფიქროს, რომ ეს ხალხი ბოლო წუთამდე მისი მხარდამჭერი იქნება. ეს ხალხი გამოვა იმიტომ, რომ ძალიან მძიმეა მათი სოციალური მდგომარეობა და ივანიშვილისაგან  ელოდებიან შველას. ეს იქნება ამ ხალხის ავანსად მიცემული ნდობა, რომელსაც ივანიშვილი ძალიან უნდა გაუფრთხილდეს. პოლიტიკოსმა უნდა იცოდეს როდის აწიოს ტემეპრატურა და მერე უზრუნველყოს, რომ ეს ტემპერატურა არ დაეცეს.

ჩვენ გვახსოვს 2-3 თვის განამვლობაში გადაკეტილი რუსთაველიც, გავსებული სტადიონიც და სავსე თავისუფლების მოედანიც, მაგრამ იმის გამო, რომ ოპოზიცია არასწორად იყენებდა ხალხის მუხტს, ისევ ხალხი ზარალდებოდა. რადგან ბატონი ივანიშვილი თვითონ არის პასუხისმგებლი ამ ბრძოლის შედეგზე, კოალიციაში დისციპლინა უნდა დაამყაროს. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ბევრი პრობლემა, რაც კოალიციის შიგნით არსებობს. შიდაპარტიული ქიშპისა და ვიწრო პარტიული ინეტრესების გამო კი, საერთო საქმე ფუჭდება. ამის სალუსტრაციოდ მოვიყვან კოალიციაში ჩატარებულ შიდა პრაიმერს, სადაც კარგად გამოჩნდა, რომ ერთი პარტია საბანს თავის მხარეს ქაჩავდა და სურდა, თითქმის, ყველა მაჟორიტარული ოლქი დაეკომპლექტებინა (მათი  პარტიის წამომდგენელი დასახელებულიყო მაჟორიტარად). ეს მაჟორიტარები რომ ვერ გაიმარჯვებდნენ, პრაიმერის გამკეთებელმაც იცოდა, მაგრამ  მათი ინტერესი სხვა იყო. როდესაც მაჟორიტარს წამოაყენებ, მას შტაბიდან დაფინანსება სჭირდება და ამაზე იყო გათვლილი ყველაფერი, ამით მეტი ფულის კონტროლს შეძლებდა კონკრეტული პოლიტიკური ძალა.

შიდაპარტიულ ბრძოლებს არ უნდა შეეწიროს მნიშვნელოვანი  იდეა. აჯობებს  კოალიციის წევრები სიაზე მეტად ქვეყნის მომავალზე ფიქრობდნენ. რადგან ეს გარდამტეხი არჩევნებია, ამბიციები გვერდით უნდა გადადონ. თითოეული ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გარეშემო ტრიალებს, ცდილობს მისი პირადი მრჩეველი იყოს.

ბიძინა ივანიშვილმა თავის გარმოცვას მკაფიოდ უნდა უთხრას, რომ გადაწყვეტილებებს თვითონ  იღებს და სხვათა რჩევები არ არის მისთვის გადამწყვეტი. ცუდი ტენდენციაა, რომ ვიღაცების რჩევით დაიბლოკა რამდენიმე პარტია და პოლიტიკური ფიგურა. სააკაშვილის ხელისუფლება ამ დაბლოკვებმა და სიმართლის დამალვამ  დაღუპა. თავიდან სააკაშვილსაც კარგი, ქვეყნის აღმშენებლობის იდეები ჰქონდა, მაგრამ ბოლოს ის ჩაიკეტა ვიწრო წრეში და რეალობას მოსწყდა. გარემოცვა უქმნის მას ილუზიას, რომ ქვეყანაში ყველაფრი კარგად არის. ვისურვებ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ აღმოჩნდეს ასეთ მდგომარეობაში.