„26-27 მაისი დიდი ოპოზიციური გაერთიანების დასაწყისი იქნება“

„26-27 მაისი დიდი ოპოზიციური გაერთიანების დასაწყისი იქნება“

პოლიტიკური ორგანიზაცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თანადამფუძნებელს მურმან დუმბაძეს presage.tv ესაუბრა: შესაძლო დიდ ოპოზიურ გაერთიანებაზე, ყოფილ თანაგუნდელებთან - რესპუბლიკელებთან ურთიერთობაზე, საჯაროდ მოხდილი ბოდიშის მიზანშეწონილობასა და ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობის ფორმაზე.

რატომ აღარ აქტიურობთ საზოგადეობრივ ასპარეზზემას შემდეგრაც „ქართულ ოცნებაშიგაერთიანდით?

- შესაძლებელია გარედან ასე ჩანს, მაგრამ რეალურად, ორმაგი ენერგიით ვმუშაობ, რადგან ურთულესი ამოცანა - რეგიონში (ხულო, შუახევი, ქედა, ქობულეთი, ბათუმი, ხელვაჩაური) ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სტრუქტურების აწყობა, ამ პროცესის კურირება და საინტერესო ადამიანების მოზიდვა მაქვს დავალებული. ესაა ძალიან რთული, შრომატევადი სამუშაო - 24-საათიდან 18-20 საათი ვმუშაობ და ამიტომაც შესაძლებელია სხვა საკითხებს დიდ ყურადღებას ვეღარ ვაქცევ.

რეგიონში, ბათუმის ჩათვლით, ექვსი რაიონია და ერთადერთი ბათუმში არ გაგვიხსნია შტაბი. რეალურად, ოფისი არსებობს, მასში ტექნიკური საშუალებები, ინვენტარი შეტანილია, მაგრამ ოფისის გახსნა მხოლოდ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის შემდეგ მოხდება.

კოალიციის შტაბს გულისხმობთთუ ივანიშვილის პარტიისას?

- პარტიას ცალკე ოფისები არ აქვს - კოალიციის შტაბები იხსნება.

შტაბების გახსნის დროსთქვენ და რესპუბლიკელები ერთად დგახართ ხოლმე?

- მიწაზე დგომის უფლება ყველას აქვს. სერიოზული შეკითხვაა და მეც სერიოზულად გპასუხობთ - მაგალითად, ხულოსა და შუახევის ორგანიზაციების წარდგინებისას რესპუბლიკელები იქ არ იყვნენ და მე ვიყავი. ქედის რაიონში რესპუბლიკელები იყვნენ და მეც ვიყავი.

გია მასალკინმა ბოლო-ბოლო მიიღო თქვენი ბოდიშიშერიგდით თუ როგორაა საქმე?

- ამ საკითხით დაინტერესებული არ ვარ, ჩემთვის ახლა მთავარი საკითხი ეს არ არის. მაშინ ვთქვი და ვადასტურებ, რომ 31 მარტს, „ობიექტივის“ გადაცემაში, რომელიც „ტვ25“-ის ეთერში გადიოდა, ემოციური, არასწორი განცხადება გავაკეთე - ეთნიკური ნიშნით ქვეყნისადმი სიყვარულის გამოხატვა ცოტა ძნელია. ეს უბრალოდ, შეცდომა იყო - სიტყვა მენტალობა, რომ მეთქვა, უმჯობესი იქნებოდა. 

რამდენად მართებული იყო ბოდიშის მოხდა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგამის გაკეთება თუ გინდოდათმანამდეც შეგეძლოთ.

- თუ იმას გულისხმობთ, რომ ბოდიშის მოხდა ბიძინა ივანიშვილმა შემომთავაზა, ეს მართალი არ არის. პირიქით - ბატონ ბიძინას მე შევთავაზე, რომ განცხადება „ქართული ოცნების“ სახელით გავაკეთოთ-მეთქი, დამეთანხმა და როგორც ცნობილია, ასეც მოხდა. ასე რომ, არავინ უნდა იფიქროს, რომ ბიძინა ივანიშვილმა შემომთავაზა ბოდიშის მოხდა.

როგორ აისახა ეს ბოდიში თქვენს რეიტინგზე?

- რაც შეეხება რეიტინგებს, ჩემთვის სიახლე იყო გაზეთ „ვერსიაში“ გამოქვეყნებული ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან, სადაც ნათქვამია, რომ ბათუმში ობიექტური კვლევები ჩატარებულა, რის შედეგადაც ორი ლიდერი - მურმან დუმბაძე და გიორგი მასალკინი გამოკვეთილა.

რა კვლევებს გულისხმობთ?

- რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ამგვარ კვლევებს „ქართულ ოცნებაში“ იაგო კაჭკაჭიშვილი ატარებს. საერთოდ, გაგონილი მქონდა, რომ მაჟორიტარების კანდიდატებთან დაკავშირებით სოციოლოგიური კვლევები უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ნამდვილად ჩატარდა თუ არა, ეს არ ვიცი. რადგან ბატონი ბერძენიშვილი ამბობს, რომ ბათუმში ობიექტური კვლევები ჩატარდა, ესე იგი ნამდვილად ჩატარდა.

ზემოხსენებულ ინტერვიუში ნათქვამია, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმში მურმან დუმბაძე, ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატი გიორგი მასალკინი იქნება.

ამ კვლევებში ვინ მონაწილეობდა, ჩემთვის უცნობია. არც ის ვიცი ეს კვლევები ეხებოდა მარტო საქართველოს პარლამენტს, აჭარის უმაღლეს საბჭოს ცალკე თუ, ერთი კვლევით მოხდა უმაღლესი საბჭოს და პარლამენტის კანდიდატების გამოვლენა. მოკლედ, ჩემთვის ბევრი რამ გაუგებარია და ვიმეორებ, რომ ამ კვლევების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს.

გქონდათ საუბარი ივანიშვილთანკოალიციის წარმომადგენლებთან იმაზერომ თქვენ იქნებით ბათუმის მაჟორიტარობისკანდიდატი?  

- ბიძინა ივანიშვილს სულ ორჯერ შევხვდი. მას ვუთხარი, რომ ჩემი მაჟორიტარობის გამო კოალიციის სუბიექტებს ნუ მოვიმდურებთ, ვისაც ქალაქ ბათუმიდან მაჟორიტარობის კანდიდატობის სურვილი აქვს, იყოს-მეთქი. მე ადრეც არაერთხელ განვაცხადე, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობა ვერ შედგებოდა, აქტიური პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებდი და არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მივიღებდი, მაგრამ, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის გუნდმა და კოალიციამ  „ქართულმა ოცნება“ გადაწყვიტა, რომ ამ საკითხს წერტილი სოციოლოგიური კვლევებით დასმოდა.

რამდენად მისაღებია ბათუმში პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრა?

- საერთოდ, გაუგებარია ერთი კვლევით ორი კანდიდატის გამოვლენა როგორ შეიძლება. თუ კოალიცია საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად მასახელებს, ეს ნიშნავს, რომ ამ კვლევაში პირველი ადგილი ავიღე და რადგან გიორგი მასალკინს აჭარის უმაღლესი დეპუტატობის კანდიდატად ასახელებენ, ეს ნიშნავს, რომ მეორე ადგილზე გავიდა, თუ ცალკე კვლევა ჩატარდა?! მე ეს არ მესმის. ვიმეორებ, რომ ეს არის ჩემთვის მოულოდნელობა და მე ამ კონფიგურაციაზე, არც კი მიფიქრია.

გაცილებით მნიშვენლოვანი რამ მაქვს საფიქრალი - 26 ახლოვდება, 27 ახლოვდება. 26-ში პარაკლისისა და პანაშვიდის დღეა. „სახალხო კრება“ ამას აუცილებლად გააკეთებს.

თქვენ აპირებთ დასწრებას?

- აუცილებლად. პატივი უნდა მივაგო იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც 26 მაისს დაიღუპა. მათ შორის იმ ადამიანის ხსოვნასაც, რომელიც სპეცრაზმელი იყო. ის დაუგეგმავი, არასწორი, უთავმოყვარეო, უკანონო სპეცოპერაციას შეეწირა.

მოგეხსენებათ, 27-ში კოალიცია „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე დიდ შეკრებას გეგმავს და იმაზეც ვფიქრობ, მიიღებს თუ არა „სახალხო კრება“ ამ შეკრებაში მონაწილეობას. ჩემი ამოცანაა დიდი, ერთიანი კოალიციური ფრონტი შეიქმნას, რომლის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იქნება და ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში ის არ დარჩება ექვსი, შვიდი, ან რვა პარტიის ლიდერი. განვლილი 20 წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამის უფლება მოიპოვა და რადგან მოიპოვა, ამ უფლებას ნუ წავართმევთ.

ეს შანსი ბოლომდე უნდა იქნას გამოყენებული და თქვენი presage.tv-ს საშუალებით ვეუბნები მას, რომ ამ გზით წავიდეს - 26-ში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს „სახალხო კრების“ ღონისძიებაში მონაწილეობა და 27-ში „სახალხო კრებამ“ მიიღოს „ქართული ოცნების“ დიდ შეკრებაში მონაწილეობა, ისევე, როგორც ეს უნდა გააკეთოს „წინააღმდეგობის მოძრაობამ“, თემურ შაშიაშვილის „თეთრებმა“, კახა კუკავას „თავისუფალმა საქართველომ“, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულმა საქართველომ“, „მწვანეთა პარტიამ“.

ასე რომ, საქართველოში არის პოლიტიკური ორგანიზაციები, რომელთაც არანაკლებად უყვართ საქართველო და რომელთაც საერთო გამარჯვებაში საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლიათ. მე მინდა დიდი კოალიციური ფრონტი. ამას ის ამომრჩეველი მეუბნება, რომელიც ჩემთან მოდის და რომელთანაც მე მივდივარ ხოლმე.

ბოლო ორი თვის განმავლობაში დაახლოებით 5 000-ზე მეტ ადამიანს  შევხვდი, როგორც კი ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ ჩვენთან ეთანამშრომლა.

ამგვარი მიმართვის შემდეგ ისევ გაუგებრობაში ხომ არ აღმოჩნდებით - რამდენად მისაღებია საკუთარი კოალიციის ლიდერისთვისმედიასაშუალებით მიმართვა?

- ამაში მიუღებელს ვერაფერს ვხედავ. ამით უბრალოდ, იმას ვადასტურებ, რომ საჯაროს ვხდი ჩემს პოზიციას, ამ გაერთიანებასთან დაკავშირებით. მით უმეტეს, მაშინ, როცა ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი უშუალოდ ეცნობა, როგორც ინტერნეტგამოცემებში გამოქვეყნებულ მასალებს, ისე საგაზეთო სტატიებს. მეორეჯერ შეხვედრისას ბევრ გაზეთზე, ინტერნეტგამოცემაზე ისაუბრა, საიდანაც ცხადი გახდა, რომ გამოქვეყნებული ინფორმაციების შესახებ დეტალურად იცის.

მის სამუშაო მაგიდასთან რომ მივედი, ქაღალდები დასტა-დასტა იყო დაწყობილი - ამობეჭდილიც კი ჰქონდა ზოგიერთი ფრაზები, სხვადასხვა საგაზეთო სტატიებიდან, ინტერნეტგამოცემებიდან.

შეხვედრისას ისაუბრეთ დიდი ოპოზიციური გაერთიანების შესახებ?

- არ გვისაუბრია, მაგრამ ამგვარი შეხვედრა კიდევ შედგება და სანამ ეს მოხდება ჩემი პოზიცია თქვენი მედიასაშუალებით მინდა დავაფიქსირო - ვფიქრობ, რომ 26-27 მაისი დიდი ოპოზიციური გაერთიანების დასაწყისი იქნება. 26-ში მინდა, რომ თბილისში ვიყო და 27-შიც მინდა, რომ თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ დიდ შეკრებაში მივიღო მონაწილეობა.