"პირადი ურთიერთობიდან თუ ამოვალთ, ისეთ პატივს, როგორსაც ლუკა კურტანიძესა და სოსო ჯაჭვლიანს ვცემ, სხვას ძალიან ცოტაც ვცემ საქართველოში. სხვადასხვა პარტიებშიც არიან ცალკეული პიროვნებები, ვისთანაც პირადი ურთიერთობები მაქვს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. თუ ვინმე ვინმესთან მაიგივებს, ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი. მხოლოდ იმაზე ვაგებ პასუხს, რასაც მე ვამბობ და დიახ, ვაცხადებ, კოალიციაშიც არიან ჩემი უახლოესი მეგობრები და ჩემი ძმა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს საბაბს ვაძლევ, მასთან და ვინმე სხვასთან გამაიგივოს პოლიტიკურ ასპექტში. ჩემი დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ ისედაც არაერთხელ მაქვს გაჟღებული, იმის მიუხედავად, რომ, მასთან არანაირი პირადი კონტაქტი არ მაქვს. დიდი სიამოვნებით მექნებოდა მასთან ნებისმიერი ურთიერთობა, მაგრამ ეს ჩემს გეგმებთან არანაირ კავშირში არ არის", - აცხადებს "ამომრჩეველთა ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი რეჟისორი გოგა ხანდრავა გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სააკაშვილს ერთადერთი რაც ჩემგან მიეძღვნება ის ჩვენება იქნება, რასაც გამოძიებას მივცემ სახელმწიფოს წინაშე მისი დანაშაულის შესახებ!"
"ლიგაში" ყველაფერი ისევ ძალაშია - უკვე თბილისის ათივე რაიონში გვაქვს ოფისი, პროცესი გრძელდება, "კარდაკარიც" იქნება და ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანზეც გვეყოლება დამკვირვებლები. ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ და ოქტომბერში მთელი საქართველო ნახავს შედეგს. ფინანსები, ბუნებრივია, გვჭირდება გვაქვს კიდეც. ყველა შესაბამისი დოკუმენტაციაც წესრიგშია. "ლიგაში" მეც მაქვს პირადი შენატანი, სხვა წევრებსაც ექნებათ. ერთს გეტყვით - საქართველოში კონტროლის პალატა არ არსებობს, ეს არის ფაშისტური ორგანიზაცია, რომლის წევრებიც ადამიანების გაკულაკების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი და მძიმედ აგებენ პასუხს კანონის წინაშე. თავში ქვა უხლიათ მოგელაძეს, ბეჟაშვილს, სააკაშვილს, ადეიშვილს, როგორც მთელი ამ განგრენის თავს, მერაბიშვილს, ბოკერიას, ბენდუქიძესა და მათ ტერორისტულ ორგანიზაციას, სახელად "ნაციონალური მოძრაობა". რაშიც უნდათ მოგვედავონ, კანონის, სინდისისა და საქართველოს მოქალაქეების წინაშე მართლები ვართ და ამას ყველგან დავამტკიცებთ. სხვათა შორის, პირადი შენატანის გაკეთებას "ლიგაში" ისევ ვაპირებ, ასევე "ქომაგშიც", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგა ხაინდრავა.
"27 მაისს არანაირი დარბევა არ იქნება. ამ მკვდარ გველეშაპს საცეცები მოჭრილი და მომპალი აქვს. 27 მაისს მთელ საქართველოს ქუჩაში ველოდები და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, რადგან ოპოზიციას არაერთი მშვიდობიანი და ხალხმრავალი აქცია ჩაუტარებია, სადაც ხალხმა უდიდესი საპროტესტო კულტურა აჩვენა, თუმცა ცალკე ჭრილშია განსახილველი შარშანდელი 26 მაისი. ეს იყო ქართული საზოგადოების ღირსების აყრის მცდელობა - ყველაფერს ჩემს ნამუშევარში ვაჩვენებ და მთელი საქართველო დაინახავს, რა ჩაიდინა სააკაშვილის კრიმინალების ბანდამ, სპეცნაზელებმა და დედაბუდიანად ყველამ, ვინც ამაში მონაწილეობდა. განსაკუთრებული სახსრები არაა საჭირო, გადასაღებიც არაფერი მაქვს - ეს მასალები ყველასთვის ხელმისაწვდომი და ცნობილია. რაც შეეხება მონტაჟს, ეს სასაცილო ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა ფილმი დიდი ენერგიის შედეგი და დიდი აფეთქება იქნება. ნამდვილად არ ვაპირებ, ფილმი რამე თარიღს დავამთხვიო, დავამთავრებ მაშინ, როცა დავამთავრებ. ეს ძალიან სერიოზულია და ვფიქრობ ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის, ერთ-ერთი საეტაპო ნამუშევარია. არ ვჩქარობ, ვგრძნობ, ძალიან სერიოზული საქმე გამომდის. ფილმი სახელად "დემოკრატიის შუქურა", რომელიც საქართველოზეა, მალე მზად იქნება", - დასძენს რეჟისორი.
"არავითარი კომბალი! დამპალ, გახრწნილ ორგანიზმს არანაირი კომპალი არ სჭირდება, ახლა საჭიროა ცოცხი და აქანდაზი, რომ ეს ნაგავი ქვეყნიდან გავიტანოთ! ვითარება კარდინალურად შეიცავალა და ამას ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა გრძობს. პროცესი ისე მიდის, შემოდგომაზე ყველა ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანისა და გამარჯვების მომსწრენი ვიქნებით", - აცხადებს გოგა ხაინდრავა და შეკითხვას - "აღარც ხმების დაცვა დაგჭირდებათ?" - პასუხობს:
"როგორ არა, ხმების დაცვაც დაგვჭირდება, ოჯახებისაც და ცალკეული პიროვნებებისაც, მაგრამ კომბლები არ დაგვჭირდება. ამათ ისედაც ვეყოფით. სააკაშვილის სტომაქიდან ჩვენ თავს ყოველდღე უამრავი უბედურება გადმოედინება, მაგრამ პროცესის ბოლოს სამოქალაქო დაპირისპირებას არ ვვარაუდობ. ამითვის საზოგადოება უნდა იყოს გაყოფილი, ხალხი კი ერთიანია - უბრალოდ, ერთ მხარეს ხელისუფლების ბანდაა, რომელიც საკუთარ კეთილდღეობას იცავს, გარშემო შემოკრებილი არამზადებით, მეორე მხარეს კი ერთიანი ქართველი ხალხი".