საქართველოს რეგიონებიდან დედაქალაქისკენ გადაადგილება იზღუდება - დედოფლისწყაროდან თბილისის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალეს და შეზღუდვა ორშაბათამდე გაგრძელდება. ადგილობრივები ამ ფაქტს თბილისში 27 მაისს "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ აქციას უკავშირებენ.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები საქართველოს სხვა რეგიონებშიც ხდება.
ინტერნეტ-გამოცემა "ქიზიყის" მთავარი რედაქტორის ილია მარტყოფლიშვილის ინფორმაციით, მან ამის შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც მიკროავტობუსში იჯდა და თბილისიდან დედეოფლისწყაროში ბრუნდებოდა.
"გზაში თქვეს, რომ ტრანსპორტი ამ კვირაში ბოლოჯერ მოდიოდა თბილისიდან. საერთოდ დედოფლისწყაროდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსები ყოველ საათში მოძრაობენ, ხოლო კერძო ტაქსები - ყოველ ხუთ წუთში.
"ჩემი მეგობრის ძმა არის ცუდად და ექიმმა თბილისში წასვლა ურჩია. ოჯახი მიკროავტობუსების მძღოლებს დაუკავშირდა (თბილისში წასვლის მსურველები, როგორც წესი, წინასწარ ჯავშნიან ადგილებს). მათ აღმოაჩინეს, რომ "მარშუტკები", რომლებიც დილის 6 საათიდან დაღამებამდე რამდეჯერმე გადიოდნენ თბილისისკენ, 24 მაისიდან აღარ იმუშავებდნენ."ამის შემდეგ ოჯახი კერძო ტაქსების მძღოლებს დაუკავშირდა და გაირკვა, რომ არც ისინი აპირებდნენ თბილისში წასვლას. მეც რედაქციიდან დავიწყე დარეკვა მძღოლებთან, რომ დამეზუსტებინა, მართლა ხდებოდა თუ არა ეს ამბავი. ზოგს მივმართე როგორც ჟურნალისტმა და ყველამ დამიდასტურა, რომ ორშაბათამდე თბილისში ვერ მიდიან.
"ჩვენმა ჟურნალისტებმაც დაურეკეს მძღოლებს - თითქოს კლიენტები იყვნენ, რამდენიმე აუდიოჩანაწერიც გვაქვს. ისინი ადასტურებენ, რომ მითითება მიიღეს პოლიციისგან, თუ თბილისში მგზავრებს გადაიყვანენ, პრობლემა შეექმნებათ.
"ანუ 24 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით მძღოლებს მუშაობა აეკრძალათ. სამწუხაროდ, ასეთი რეალობაა", - ამბობს ილია მარტყოფლიშვილი "რეზონანსთან" საუბარში.
მისივე თქმით, რაიონში მსგავსი ფაქტები სხვა დროსაც იყო, მაგალითად, 26 მაისის "სახალხო კრების" აქციების დროს, მაგრამ მაშინ შეზღუდვა ერთ დღეზე მეტხანს არ გაგრძელებულა.
გარდა ამისა, ჟურნალისტის თქმით, დედოფლისწყაროში კერძო მიკროავტობუსების მფლობელებს აკრძალული აქვთ რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის ტრანსპორტის მიქირავება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ აჯარიმებენ.
"არა, არ მივდივარ რა, თბილისში, ვაფშე აგვიკრძალეს. არც მარშრუტკები წავლენ და არც ტაქსები. რა ვიცი, პოლიციამ აგვიკრძალა. ასე თქვეს, 28 მაისამდე არ წახვიდეთო. არაფერი არ ვიცი, ჩვენი ხელმძღვანელობა პოლიციაში დაიბარეს, უფროსებს უთხრეს და მაგათ კიდევ ჩვენ გაგვაფრთხილეს. არ ვმუშაობთ", - აცხადებს ინტერნეტ-გამოცემა "ქიზიყთან" საუბრისას ერთ-ერთი ტაქსის მძღოლი.
"რეზონანსი" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუკავშირდა. პრესსამსახურს მგზავრთა გადააადგილების შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია არ აქვს: "ოფიციალური ინფორმაცია ნამდვილად არა გვაქვს. მგზავრთა გადაყვანას კერძო შპს ახორციელებს და ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეხება არ აქვს.
"ხვალ პირადად ვაპირებ თბილისში წასვლას სამსახურის საქმეზე, მიკროავტობუსზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ კერძო ტაქსს უკვე შევუთანხმდი და პრობლემა არ შემქმნია, ჩემთვის არ უთქვამს, რომ ვერ წავიდოდა", - უთხრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანა ბენაშვილმა "რეზონანსს".
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების პრობლემებზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმაც ისაუბრა.
"მიკროავტობუსების მძღოლებს აშინებენ, ეუბნებიან, რომ 27 მაისის დემონსტრაციაზე თბილისში მგზავრების წამოყვანის შემთხვევაში მათ აღარ ამუშავებენ ამ ხაზებზე. ასეთი ფაქტები საკმაოდ ხშირია, ბევრი გვატყობინებს კახეთიდან, იმერეთიდან და სხვადასხვა მხარეებიდან, რომ ასეთი გაფრთხილებები ხდება.
"მაგრამ ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა ხელისუფლების მხრიდან. ასეთ ხერხს მიმართავდნენ კომუნისტები, შემდეგ შევარდნაძის ხელისუფლება ახლა კი - სააკაშვილი.
"მან ძალიან კარგად იცის, რომ ასეთ ქმედებებს სამმაგი და ოთხმაგი უკუეფექტი აქვს. ჩვენ აქციის ორგანიზების დროს რაიონებიდან ხალხის ჩამოყვანა არ გაგვითვალისწინებია, ვინაიდან ვაპირებთ რეგიონებში ჩასვლას და აქციების იქ ჩატარებას.
"რაც შეეხება ხელისუფლების სხადასხვა მოქმედებებს, რომ ხალხი არ მოუშვას აქციაზე, ეს არის უბრალოდ ღიმილის მომგვრელი და უსუსური. ვფიქრობ, რომ 27 მაისი თავად გასცემს ხელისუფლებას ამისათვის პასუხს," - ამბობს ზვიად ძიძიგური.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" აქცია 27 მაისს თავისუფლების მოედანზე გაიმართება. დემონსტრაციის ჩატარების უფლება კოალიციამ თბილისის მერიისგან მიიღო.