მე-9 არხიდან 20 ჟურნალისტი განმარტების გარეშე დაითხოვეს

მე-9 არხიდან 20 ჟურნალისტი განმარტების გარეშე დაითხოვეს

ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია მე-9 არხის გენერალურ დირექტორად კახა ბექაური დაინიშნა. ის ირწმუნებოდა, რომ ტელევიზიას სამართლიანად დააკომპლექტებდა, შეიქმნებოდა სამკაციანი საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იქნებოდა. თუმცა ბექაურს არ დაუზუსტებია, თუ რა კრიტერიუმით შეირჩეოდნენ ეს ადამიანები. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა რატომღაც დღემდე, საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხებს გაურბის. არადა, უკვე გამოჩნდნენ უკმაყოფილო ადამიანები, რომლებიც ბექაურის პოლიტიკას აპროტესტებენ. ასეთ დროს მეორე მხარის პოზიციის მოსმენა ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი შეტყობა რატომღაც, შეუძლებელი აღმოჩნდა. 

უკვე კარგა ხანია, მე-9 არხმა ვაკანსიები გამოაცხადა და ახალ ტელევიზიაში მუშაობის სურვილი ბევრ ჟურნალისტს გაუჩნდა. როგორც ჩვენი რესპონდენტი ირწმუნება, იქ მოხვედრა ძლიერი მფარველის გარეშე ფაქტობრივად, შეუძლებელია...

- მე-9 არხზე ჟურნალისტის შესარჩევ კონკურსში შესაძლებლობები მოვსინჯე. აღმოჩნდა, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო მონაცემების გაგზავნა, ამიტომ ტელეკომპანიის ტერიტორიაზე მივედი და ამ გზით ვცდილობდი "სივი" შემეგზავნა, მაგრამ უშედეგოდ. იქ ტერიტორია დაცულია, დაცვა დგას და მითხრეს, თუ ხელმძღვანელობისგან წინასწარ ინფორმირებული არ იქნებოდნენ, ვერანაირ მონაცემს ვერ დაიტოვებდნენ. არც იმის შანსი იყო, რომ ელექტრონულად გამეგზავნა განაცხადი. უკან ხელმოცარული გამოვბრუნდი. რამდენიმე დღეში კი მოულოდნელად ახლობელმა დამირეკა. როგორც მასთან საუბრისას გაირკვა, იქ მომუშავე პროდიუსერთან გარკვეული ურთიერთობები ჰქონდა. მითხრა, რომ მას ჩააყენებდა საქმის კურსში და შემეძლო ბედი მეცადა, ანუ მისი რეკომენდაციით აღმოვჩნდი ტელევიზიაში სტაჟიორად. დილის გადაცემის ჯგუფში გამანაწილეს და 20 ჟურნალისტთან ერთად, იქ თვე-ნახევარი ვიმუშავე. პროდიუსერმა თავიდანვე ყველას გვითხრა, დავრჩებოდით თუ არა ტელევიზიაში, სტაჟირების პერიოდს მაინც აგვინაზღაურებდნენ. საუბარი იყო 600 ლარზე, სტაჟირება ორთვიანი უნდა ყოფილიყო და შესაბამისად, 1.200 ლარი უნდა გადაეხადათ. ეს სიტყვიერი შეთანხმება იყო და ამაზე ოფიციალური ხელშეკრულება არავის გაუფორმებია, - მიამბო ერთ-ერთმა განაწყენებულმა ჟურნალისტმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა. მას ტელევიზიაში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. ირწმუნება, რომ ბექაურის მოსვლის შემდეგ ტელეკომპანიაში ყველაფერი შეიცვალა: 

- პროდიუსერმა თავიდანვე გვითხრა, რომ უნდა მოვრგებოდით იმ სტანდარტებს, რასაც ტელეკომპანია გვთავაზობდა. "ბიბისის" საკმაოდ გამოცდილი კორესპონდენტი სპეციალურად ჰყავდათ ჩამოყვანილი. მას ცხელ წერტილებში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება ჰქონდა და მისი შეხედულებები უნდა გაგვეთვალისწინებინა. უცხოელი ჟურნალისტი ტრენინგებს გვიტარებდა და გვიხსნიდა, რომ ჩვენი მომზადებული სიუჟეტები კადრზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული, ანუ - ბევრი ვიზუალური მასალა და ცოტა ტექსტი. საცდელი სიუჟეტები გაგვაკეთებინეს. თემებს ჩვენ თვითონ ვარჩევდით, მაგრამ ერთი და იგივე თემა რომ არ მოგვემზადებინა, პროდიუსერთან ვათანხმებდით. კულტურა, კრიმინალი, სოციალური თემები, პორტრეტები - ყველაფერზე ვამზადებდით მასალებს. დილის გადაცემის პროდიუსერი სოფო ჩაკვეტაძე იყო, რომელიც ადრე საპატრიარქოს ტელევიზიაში მუშაობდა; ასევე ვმუშაობდით პროდიუსერ გიორგი ცქვიტავასთან. ისინი ჩვენს მომზადებულ სიუჟეტებს ეცნობოდნენ, ამას ნახულობდა ასევე "ბიბისის" წარმომადგენელი და შენიშვნებსა და რეკომენდაციებს მერე გვაცნობდნენ. მერწმუნეთ, ამ ოც ადამიანში იყო ისეთი ათეული, რომელთა სახით კომპეტენტური ჟურნალისტები ეყოლებოდა ამ არხს. იქ ყველა მოქმედი ჟურნალისტი ვიყავით და ერთად თვე-ნახევარი ვიმუშავეთ. ჩვეულებრივად, მაუწყებლობისთვის მზადება მიდიოდა და გვითხრეს, ის სიუჟეტები, რომელიც დროს გაუძლებდა და არ დაძველდებოდა, ეთერში აუცილებლად გავიდოდა. მაგრამ ბექაური მოვიდა და ყველაფერი შეიცვალა.

- თქვენი იქ ყოფნის დროს არხის ხელმძღვანელი ვინ იყო? 
- საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გოჩა ხუნდაძე იყო, დირექტორი - ირაკლი ტრიპოლსკი. მეტყველების გაკვეთილები გვიტარდებოდა, დღეში სამ საათს გვამეცადინებდა რუსთაველის თეატრის მსახიობი დავით კვირცხალია. მოულოდნელად ხელმძღვანელად კახა ბექაური დაინიშნა. მან საინფორმაციოს უფროსად "მაესტროდან" თამარ რუხაძე მოიყვანა. მათი მოსვლისთანავე შეიცვალა მეტყველების პედაგოგი და ტელევიზიაში მანანა ბერიკაშვილი მოვიდა. მე ვერ ვილაპარაკებ ბატონი დავით კვირცხალიას ნაცვლად, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ იგი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მასთან კარგი ურთიერთობა გვქონდა ჟურნალისტებს და როცა ჩვენთან დასამშვიდობებლად შემოვიდა, კაცმა ხმა ვერ ამოიღო, ისე გაუჭირდა სიტყვების თქმა და ცრემლიანი თვალებით დაგვტოვა. ძალიან დათრგუნვილი ჩანდა. იმ დღეს მივხვდით, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ველოდით. ჯგუფს სოფოსთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თვითონაც ძალიან მონდომებული იყო. ბექაურის მოსვლიდან ოთხ დღეში სოფო ჩაკვეტაძემ დაგვიბარა და გვითხრა: ჩვენ დავამთავრეთ ურთიერთობა; გემშვიდობებით, უნდა დავიშალოთ; თუ თქვენგან რომელიმე საჭირო გახდებით და ამას საჭიროდ ჩათვლის ახალი ხელმძღვანელობა, ისინი თავად დაგიკავშირდებიანო. ყველანი გამოგვიშვეს და არც ანაზღაურებაზე ყოფილა ლაპარაკი. ეს ჩვენ არც მოგვითხოვია, რადგან ზუსტად ვიცოდით, რომ სოფო ჩაკვეტაძესთან ამ საკითხზე საუბარი აბსოლუტური უაზრობა იყო. თვითონაც ძალიან დიდ გაუგებრობაში აღმოჩნდა - პროდიუსერი იყო და ჟურნალისტად გადაიყვანეს. ყოველგვარი განმარტების გარეშე გაშვების ფაქტი ძალიან ბევრმა გააპროტესტა. ჩვენ შორის იყვნენ ისეთები, რომლებმაც თავიანთი სამსახურები დატოვეს იმ იმედით, რომ აქ დასაქმდებოდნენ. ისინი სხვა სამაუწყებლო კომპანიებსა და სააგენტოებში საკმაოდ წარმატებულად მუშაობდნენ. ეს ხალხი სამსახურის გარეშე დარჩა. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ბექაურს არ მოუნდომებია არც ერთ ჟურნალისტთან შეხვედრა და ელემენტარულად გასაუბრება. იქნებ იქიდან ერთი ჟურნალისტი მაინც იყო ისეთი პროფესიონალი, რომელიც ამ ტელეკომპანიას გამოადგებოდა?! გულდასაწყვეტია, ყოველგვარი ახსნა-განმარტების, არგუმენტის გარეშე რომ გამოგვიშვეს. თუ არ მოსწონდათ ჩვენი სიუჟეტები, შეეძლოთ ეთქვათ, მაგრამ უბრალოდ, ასე უნდოდა ბექაურს და ამიტომ გამოგვიშვეს. დარწმუნებული ვარ, არხზე მხოლოდ ხელმძღვანელობის სანაცნობო წრე იმუშავებს და სწორედ ამ ნიშნით დაასაქმეს იქ ადამიანები.

- თქვენ ამტკიცებთ, რომ ვაკანსიების გამოცხადება ფორმალურად მოხდა?
- მერწმუნეთ, არანაირი კასტინგი არ ყოფილა განმსაზღვრელი ფაქტორი. იქ რამდენიმე ადამიანი პოლიტიკური ნიშნით არის შერჩეული, ანუ ზოგიერთს რეკომენდაცია პოლიტიკოსმა გაუწია. მერწმუნეთ, ყველაფერი აგებულია ნაცნობობა-მეგობრობაზე და ყველაზე მაგარი პროფესიონალიც რომ ჩამოიყვანო, თუ ბექაურთან შუამავალს ვერ გამონახავს, იქ ვერ მოხვდება.

- ირაკლი ტრიპოლსკი არ ერეოდა ჟურნალისტების შერჩევაში?
- ჩვენ მასთან შეხება არ გვქონია, მაგრამ იმ პერიოდში თავისუფლება ჰქონდათ პროდიუსერებს და მათ მისცეს უფლება, შეერჩიათ საჭირო კადრები. ალბათ ჩვენს მომზადებულ სიუჟეტებს უჩვენოდაც ნახავდნენ. კახა ბექაურის მოსვლის შემდეგ ვინც დარჩა, ყველას მფარველი ჰყავს, მათ შორის - ჩაკვეტაძესაც; ის ადრე მე-9 არხზე მუშაობდა და იქ ძველი ურთიერთობებით მოხვდა. 

- ბუნებრივია, ტელევიზიას კარგი ტექნიკური აღჭურვილობა ექნება, არა? 
- ტელევიზია ყოფილი მე-9 არხის შენობაშია განთავსებული. რემონტი მიმდინარეობდა ჩვენი იქ ყოფნის დროს, გზები იგებოდა. ტექნიკურად კარგად არიან აღჭურვილნი. საკმაოდ მაღალი ხარისხის აპარატურაა. სიუჟეტების მომზადების დროს ერთადერთ პრობლემას ვაწყდებოდით - სახელმწიფო სტრუქტურებიდან ინფორმაციის მოპოვება გვიჭირდა. გვეუბნებოდნენ, რომ აკრედიტაციის გარეშე ვერ შეგვიშვებდნენ. იცით, შეიძლება, ჩემმა ინტერვიუმ ბევრი გაანაწყენოს, ბევრმა თქვას, რომ ეს არის განაწყენებული კაცის პოზიცია, მაგრამ მერწმუნეთ, ასე ნამდვილად არ არის. ამ ფაქტის გახმაურება ერთადერთი მიზნით გადავწყვიტე: ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა ბექაურს ამხელა საქმე ანდო და გადაწყვიტა, თავად არ ჩაერიოს ტელევიზიის საქმიანობაში, მაგრამ მინდა მას ვუთხრა, რომ ბექაური ამ ნდობას ბოროტად იყენებს და მე-9 არხზე თავის სამეგობრო წრეს ნიშნავს. იმედია, ტელეკომპანიის მფლობელი ამ ინტერვიუს შემდეგ მაინც დაინტერესდება დეტალებით და გაარკვევს, რა ხდება რეალურად შიდა სამზარეულოში. როცა ეს ფაქტი გავაპროტესტეთ, თურმე უთქვამთ, დილის გადაცემა დავხურეთ და ამიტომ გავუშვით ყველანიო, მაგრამ ვფიქრობ, ესეც არ არის არგუმენტი. ხომ შეიძლებოდა, იმ 20 ადამიანიდან ერთი პროფესიონალი ჟურნალისტი მაინც შეერჩიათ, რომელიც სხვა გადაცემაში იმუშავებდა. ისიც ვიცი, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ნაცნობობა ყოველთვის იქნება სამსახურში დანიშვნისას განმსაზღვრელი, მაგრამ ვფიქრობ, ამ დოზით ნამდვილად ზედმეტია და რაც მთავარია - ტელეკომპანიისთვის წამგებიანი. 

P.S. ვცადეთ, ამ საკითხზე არხის ხელმძღვანელობის პოზიცია მოგვესმინა, მაგრამ მათთან დაკავშირება ვერ შევძელით.