Amnesty International-მა დღეს 2012 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოც არის მოხსენებული. ანგარიშში საუბარია 2011 წელს, საქართველოში, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე , სადაც ძირითადი ყურადღება იძულებით გადაადგილებულ პირებზე, შეკრების თავისუფლებაზე, კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ადამიანების უფლებებზე და სასამართლო სისტემაზეა გამახვილებული.
ანგარიშში მოყვანილია აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, რომლებიც როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მიერ არალეგიტიმურად გამოცხადაა. ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს მოჰყვა საპროტესტო აქციები, ძალადობის ფაქტები და ოპოზიციის კანდიდატების შევიწროება.
Amnesty International-ის ინფორმაციით, უშუალოდ კონფლიქტის ზონასა და მიმდებარე დასახლებებში მცხოვრებ ადამიანთა უსაფრთხოება და გადაადგილების თავისუფლება კვლავ პრობლემად რჩება.
"შეინიშნება გარკვეული პროგრესი უსაფრთხოების თვალსაზრისით და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგად, მოხდა დაკავებულების გაცვლა. თუმცა, სროლა, დაჭრის ფაქტები, მშვიდობიანი მოსახლეობის დაკავება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, გრძელდებოდა მთელი წლის განმავლობაში. იძულებით გაადგილებულ პირთა უფლებაა საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ, თუმცა ამის უფლებას მათ დე-ფაქტო მთავრობები არ აძლევენ", - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში საუბარია ასევე თბილისში, იძულებით გადაადგილებული პირების სხვა, ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაყვანის მიზნით გამოსახლებაზე. უფლებადამცველ ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გამოსახლებისას ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევას.
"ასობით იძულებით გადაადგილებული ოჯახი გაასახლეს თბილისიდან. უმეტეს შემთხვევაში ეს გასახლება მოხდა სათანადო კონსულტაციის და შეტყობინების გარეშე. გასახლებულებს შესთავაზეს ალტერნატიული ფართი თბილისის გარეთ, ძირითადად სოფლებში. ამ დროს არ იქნა დაცული სათანადო საცხოვრებლის უფლება, მათ შორის როგორიცაა დასაქმება", - აღნიშნულია ანგარიშში.
Amnesty International-ი ყურადღებას ამახვილებს შეკრების თავისუფლებაზე და წერს, რომ 2011 წელს საქართველოში რამდენიმე საპროტეტსო აქცია ძალის გამოყენებით დაიშალა. კონკრეტულად, მოყვანილია 3 იანვარს, ვეტერანების აქციის დაშლა და აღნიშნულია, რომ "პოლიციელებმა და სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულებმა სცემეს დემონსტრანტები და პოლიციის მანქანებში შეათრიეს. არსებობს ვიდეო-მასალა, სადაც ჩანს, რომ უფორმო პოლიციელი ურტყამს ქალ დემონსტრანტს".
ანგარიშში ვრცლად არის საუბარი 26 მაისის აქციაზე და ხაზგასმულია, რომ პოლიციამ გამოიყენა გადაჭარბებული ძალა ანტისამთავრობი პროტესტის დასაშლელად. "ვიდეომასალებში ჩანს, რომ პოლიციელები ურტყამენ შეუიარაღებელ დემონსტრანტებს, რომლებიც არავითარ წინააღმდეგობას არ უწევდნენ მათ. პოლიციელებმა სულ მცირე 10 ჟურნალისტს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შერაცხყოფა. ზოგიერთი დააკავეს დასაკითხად, ზოგს აპარატურა დაუზიანდა, ზოგს საერთოდ ჩამოართვეს. აქციაზე ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი პოლიციელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების შედეგად, ოთხი პოლიციელი გაათავისუფლეს გადაჭარბებული ძალის გამოყენების გამო, ზოგიერთი დააქვეითეს", -ნათქვამია ანგარიშში. აქვე აღნიშნულია, რომ მთავრობამ ვერც 2007 და 2009 წლის დემონსტრაციებისას ვერ შეძლო სათანადოდ გამოეძიებინა სამართალდამცავების მხრიდან გადაჭარბებული ძალის გამოყენების შემთხვევები.
უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშის ბოლო პუნქტი სასამართლო სისტემას ეთმობა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში იმყოფებოდა გაერო-ს სამუშაო ჯგუფი და ამ ვიზიტის შემდეგ მათ გამოთქვეს შეშფოთება სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. "შეშფოთება შეეხებოდა პროკურორების როლს, ძალიან დაბალ მაჩვენებელს გამამართლებელი განაჩენის", - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში მოხვდა სანდრო გირგვლიანის საქმეც. "ევროსასამართლოს 26 აპრილის განჩინებით, საქართველომ ვერ უზრუნველყო ეფექტური გამოძიება მკვლელობისა, სადაც მთავრობის ოფიციალური პირები იყვნენ გარეულები. სასამართლომ განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიებაში იყო ნაკლებობა სამართლიანობის, დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის", -აღნიშნულია ანგარიშში.