"პარლამენტმა, როგორც იქნა, კონსტიტუცია ბიძინა ივანიშვილს ისე მოარგო, რომ მისთვის მოქალაქეობა არ დაუბრუნებია. ჯერი პრეზიდენტზეა. მან კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს ხელი უნდა მოაწეროს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის არ აპირებს პოლიტიკური უფლებების კონსტიტუციისა და შეურაცხყოფის ხარჯზე მოპოვებას - ივანიშვილი სააკაშვილს ღია წერილით შეცდომების გამოსწორების კიდევ ერთ შანსს აძლევს და თუკი სააკაშვილი არ გაითვალისწინება მის რჩევას, უარს ამბობს არჩევნებში მონაწილეობაზე. ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. საზოგადოების ნაწილი აცხადებს, რომ უმრავლესობა თავის დაგებულ ხაფანგში თვითონვე აღმოჩნდა, საუბრობენ იმაზეც, რომ სააკაშვილი ვერაფრით წარმოიდგენდა ასეთი ნაბიჯის გადადგმას. ნაციონალებსა და მათ მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ ივანიშვილმა უკან დაიხია. ნუგზარ წიკლაური კი ივანიშვილს პოლიტიკიდან "სამარცხვინოდ წასვლას" უწინასწარმეტყველებს", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ივანიშვილის სიჯიუტის გამო კონსტიტუცია იცვლება.
"წერილი, რომლითაც მიმართა ივანიშვილმა სააკაშვილს, გახლავთ სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტი, რადგან საკუთარი ინტერესებისთვის კანონმდებლობის ცვლილების ეს მუდმივი მცდელობა, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რასაკვირველია, ხიფათს შეუქმნიდა ივანიშვილს, როგორც პოლიტიკოსს სამომავლოდ. ჩვენ ვერ ავუვიდოდით საყვედურსა და დაყვედრებას ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ივანიშვილისთვის კონსტიტუციის შეცვლის გამო. ეს იყო ხელისუფლების დანაღმული ძღვენი და თითქოს მიზეზი ამ ცვლილების იყო ივანიშვილის სურვილი და არა სააკაშვილის სიჯიუტე. ჯერ ერთი, ეს გახლავთ ძალიან სოლიდური ზნეობრივი გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ ივანიშვილი, როგორც პოლიტიკოსი, პატივს სცემს სახელმწიფოებრიობას და მის უდავო სიმბოლოს - კონსტიტუციას. ასევე რამე უპირატესობის მიღებას კანონის ცვლილების ხარჯზე ის არ დაუშვებს. ძალიან დამაჯერებელია არგუმენტაცია და ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო გაზრდის მის მიმართ, როგორც პოლიტიკოსისადმი საზოგადოების ინტერესს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.
"არჩევნებში ივანიშვილის მონაწილეობის მიუღებლობა შეიძლება მხოლოდ შედეგი იყოს სააკაშვილის უდიდესი შეცდომისა. თავისთვის სრულიად შეუფერებელი საქმიანობით დაკავდა რეესტრი და კონსულტაციების სახით რჩევებს აძლევს ივანიშვილს, რა უნდა მოიმოქმედოს, ნაცვლად იმისა, რომ მისი მოთხოვნის კანონიერება დაადასტუროს ან არგუმენტები წარმოადგინოს, რატომ არ კმაყოფილდება მის მოთხოვნა მოქალაქეობასთან დაკავშირებით. როცა რეესტრი ამოვარდა თავისი საწესდებო სივრციდან და იქადნება მხოლოდ იმით, რომ ურჩევს, რა გააკეთოს ივანიშვილმა, თითქოს მხოლოდ ამ სტრუქტურას აქვს ნათელი გონება ჩვენს ქვეყანაში და სხვა ვერავინ ხვდება, როგორ არის კანონით გათვალისწინებული ქმედება. ამიტომ დაიწყო უკვე საუბარი, რომ ივანიშვილის სიჯიუტის მიზეზით ხდება აუცილებელი კონსტიტუციის შეცვლა, რომ ის არ მიმართავს პრეზიდენტს იმ წერილით, რომლითაც ის უდავოდ მიიღებდა მოქალაქეობას", - განაგრძობს ექსპერტი
"კი ბატონო, კონსტიტუციის საცოდაობით დაიწვა ბატონი ბიძინა და გამოთქვა მზაობა, სწორედ ასეთი წერილით მიმართოს პრეზიდენტს, რომელსაც ურჩევდა მას ცნობილი ქართველი კანონმდებელი ნუგზარ წიკლაური. თუმცა ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, იგივე კანონმდებელი წიკლაური გამოდის და ამ ფაქტს აფასებს, როგორც ივანიშვილის დამარცხებას... დიდი ხანია მახეში ფართხალებს ნაციონალური მოძრაობა და ერთი მეორეზე უარესი არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა უხდება, მათ შორის საკანონმდებლო სივრცეში. ყველაფერი მარტივად შეიძლება დადგეს თავის ადგილას, თუ ბატონი პრეზიდენტი დარჩება კანონიერების ჩარჩოში, არ დაიწყებს კონსტიტუციის გაუფასურების გზაზე სვლას და მოემზადება იმ არჩევნებისთვის, რომლის დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის გარანტიც თვითონ არის - როგორც თავად განაცხადა..." - დასძენს სოსო ცისკარიშვილი.
"შესაბამისად, როგორი იქნება დემოკრატიულობის კუთხით არჩევნები, ეს იქნება მახასიათებელი, უპირველეს ყოვლისა გარანტის - ბატონი სააკაშვილისა. არჩევნები არ არის არჩევნების დღე. არჩევნების პროცესი დიდი ხანია დაიწყო და ვერაფერს დემოკრატიულს ჯერ სააკაშვილის ნაბიჯებში ვერ ვხედავთ. ცვლილებაზე ხელის მოწერა ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მძიმე გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის და ეს ის შემთხვევაა, როცა მისთვის ჩვეული იმპულსური ქმედებებით არ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო - ერთხელ მაინც გაზომოს თავისი ნაბიჯი ასჯერ ბატონმა პრეზიდენტმა", - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.