პრეზიდენტ სააკაშვილისადმი ბიძინა ივანიშვილის ღია წერილსა და წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე "ინტერპრესნიუსი" პროფესორ ვასილ მაღლაფერიძეს ესაუბრა.
- ბატონო ვასილ, ბიძინა ივანიშვლის წერილს პრეზიდენტისადმი, რომლითაც მან უარი თქვა, ისარგებლოს საკონსტიტუციო ცვლილებებით, დიდი ხმაური მოჰყვა. შემფასებელთა უმრავლესობა ივანიშვილის მიერ გადადგმულ ნაბიჯს მორალურად და სამართლებრივად სწორად მიიჩნევს. თქვენი შეფასება როგორი იქნება?
- ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს წერილი და, შესაბამისად, საქციელი არის ქართული პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენა და არა მხოლოდ ბოლო დროის. ამ ნაბიჯით ივანიშვილი პოლიტიკაში ახალ წესებს ამკვიდრებს და პოლიტიკაში ზნეობრივ თამასას ძალიან მაღლა სწევს. მან თავის წერილში თქვა, რომ კონსტიტუციის ერთი ადამიანის სურვილის გამო შეცვლა არის უგუნურება და სახელმწიფოსთვის კონსტიტუციური საფუძვლის გამოცლა. ცხადია, რომ ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცოდით. ეს ძალიან კარგად იციან მათაც, რომლებიც სამწუხაროდ, საკუთარ ფუნქციად და პროფესიად აბსურდების მტკიცება-დასაბუთება გაიხადეს და რატომღაც მიაჩნიათ, რომ ეს არის მათი მოვალეობა.
ერთი ადამიანის გამო კონსტიტუციის შეცვლა ნიშნავს ამ კონსტიტუციის მოსახლეობისთვის თავზე გადაფხრეწვას. მთავარი კი ისაა, რომ ასე ჩვენ დემოკრატიული არჩევნებისკენ ვერ წავალთ. ამიტომ, ივანიშვილის განცხადება, რომ არ აპირებს საკუთარი პოლიტიკური უფლებების მოპოვებას კონსტიტუციის უგულველყოფისა და სახელმწიფოს ნგრევის ფასად, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ეტაპზე ჩვენთვის ძალიან საჭირო.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ცვლილებით ხელისუფლებამ და ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ჯგუფებმა ივანიშვილს უთხრეს - ვართ მაგარი ბიჭები, კონსტიტუცია გვიდევს ჯიბეში და რასაც გვინდა იმას ვუზამთ. მაგრამ, რადგან შენც აღმოჩნდი მაგარი ბიჭი, ჩვენ შენს წილს მოგიჭრით და ნუღარ ვიჩხუბებთ. სამწუხაროდ, ჩვენში ამგვარი ქცევა ითვლებოდა პოლიტიკური ქცევის ნორმად და პოლიტიკოსობად. ცხადია, დავიწყებული იყო ხალხი, რომელსაც რეალურად ეკუთნის ეს კონსტიტუცია. ცხადია, ივანიშვილმა ამგვარ შეთავაზებაზე უარი თქვა და ამით "შუა" საბოლოოდ გაიკრიფა.
ერთ მხარეს არიან ისინი, ვისაც მიაჩნიათ, რომ პოლიტიკოსობა კონსტიტუციის საკუთარი ინტერესების შესაბამისად მორგებაა, მეორე მხარეს კი არიან ისინი, ვინც მიიჩნევს, რომ კონსტუტუცია ეკუთნის ხალხს. ახლა ივანიშვილის ამ ნაბიჯს ბევრი კუდს კი გამოაბამს, მაგრამ ივანიშვილმა თქვა ის, რაც ყველამ ვიცით - კონსტიტუცია ერთი ადამიანისთვის არ უნდა იცვლებოდეს. მან თქვა, რომ ანტისახელმწიფოებრივი და უკანონო თამაშის წესებს არ მიიღებს. ვინც ერთი ადამიანისთვის კონსტიტუციის შეცვლას მისაღებად მიიჩნევს, ზნეობასთან და ლოგიკასთან სერიოზულ კონფლქტშია. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ისიც, რომ ივანიშვილმა ეს საკონსტიტუციო ცვლილება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა, მაგრამ აჯანყებისთვის არ მოუწოდებია. გარდა ამისა, მან ჩვეული თავდაჯერებულობით თქვა, რომ დარჩება, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას და ხელისუფლებას არჩევნებში დაამარცხებს. ჩემი აზრით, თუ რატომაა ივანიშვილი ასე თავდაჯერებული, ამის მიზეზი ხელისუფლებაში გარკვეულმა ადამიანებმაც იციან და სწორედ ეს იწვევს მათში ნერვიულობას.
- როგორ შეაფასებდით ხელისუფლების რეაქციას ივანიშვილის განცხადებაზე და, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს ხელისუფლების პასუხი? ანუ, ხელისუფლება გაითვალისწინებს თუ არა ივანიშვილის მოწოდებას და პრეზიდენტი მოაწერს თუ არა ხელს საკონსტიტუციო ცვლილებებს?
- ერთხელ ივანიშვილმა განაცხადა - აბა, გაბედონ და არ დამიბრუნონ მოქალაქეობაო. ამ განცხადების შემდეგ ხელისუფლება ერთი დღე დუმდა, ივანიშვილს მოქალაქეობა არ დაუბრუნა, მაგრამ შემდეგ ხელისუფლებამ ადგა და გაცილებით მეტი ცვლილებები გააკეთა და კონსტიტუცია შეცვალა. თითქოს ხელისუფლებას უკან არ დაუხევია, მაგრამ ამისთვის საკონსტიტუციო ცვლილება განახორციელა. ივანიშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებასთან დაკავშირებული ისტორია ამით არ დამთავრდება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ხელისუფლებას გაუჭირდება იმის ახსნა, თუ რატომ არ აძლევს ადამიანს არჩევნებში სრულფასოვნად მონაწილეობის მიღებას. ჯერჯერობით, არც ერთი უცხოელი ექსპერტი არ ჩქარობს ამ საკითხზე აზრის დაფიქსირებას.
- თქვენი აზრით, როგორი იქნება ივანიშვილის განცხადებასა და ხელისუფლების რეაქციაზე დასავლეთის რეაქცია. მედიაში აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ პრეზიდენტი ნატო-ს სამიტზე გამოსვლისას ამ თემასაც შეეხო და რიტორიკული კითხვა მოხდენილადაც დასვა - ბევრია ისეთი ქვეყანა, რომელსაც კონკურენტული გარემოს შესაქმნელად კონსტიტუციაში ცვლილებები შეაქვს და, რომელშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვსო?
- ის, რომ ბევრი არ არის ასეთი ქვეყანა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით დასავლეთში მოხიბლული არიან. არსებობენ დემოკრატიული ქვეყნები, მაგრამ არსებობს სინგაპური. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მიმდინარეობს დავა იმის შესახებ, რომ კონსტიტუციის ერთი ადამიანისთვის შეცვლა კარგია თუ ცუდი, - ეს ჩვენს სასარგებლოდ და ჩვენთან დემოკრატიის ხარისხზე სულაც არ მეტყველებს. გავა დრო და ეს საკონსტიტუციო ცვლილება საქართველოსთვის ერთ-ერთ სამარცხვინო ლაქად დარჩება. აბსურდია მტკიცება, რომ ერთი ადამიანისთვის საკონსტიტუციო ცვლილებას რაიმე კავშირი აქვს დემოკრატიასთან და კონკურენტული გარემოს შეცვლასთან. ეს ისეთივეა, რომ ადამიანებმა საკუთარი ნაკლით იამაყონ, მაგრამ ეხ ხომ ბავშვურია და პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. მოდით, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და დავაკვირდეთ, რას იტყვიან მომხდარზე დასავლელი და ამერიკელი სერიოზული ექსპერტები და მიმომხილველები. როგორ შეიძლება ამერიკელებმა დადებითად შეაფასონ მომხდარი, როცა მათ თავად 230 წლის განმავლობაში კონსტიტუციაში, თუ არ ვცდები, 20-ზე ოდნავ მეტი ცვლილება აქვთ განხორციელებული. ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელმაც კონსტიტუცია ხალხს თავზე გადაახია, ამით ამაყობს და ცდილობს, დასავლეთი თავის დემოკრატიულობაში დააჯეროს. ჩვენ ჩეხოვის ერთი იმ პატარა მოთხრობის პერსონაჟს ვემსგავსებით, რომელიც ამაყობს, რომ მისი სიმთვრალისა და სიმთვრალეში არანორმალური ქცევის გამო მასზე გაზეთში დაიწერა.
- ბრძანეთ, მოქალაქეობის დაბრუნება-დაუბრუნებლობის თემა ასე იოლად არ დასრულდებაო. დააზუსტეთ, რას გულისხმობთ?
- როცა ადამიანს საკუთარ ქვეყანაში აუკრძალავ არჩევნებში მონაწილეობას და იმავდროულად გინდა დაგვაჯერო, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიაა, ასე არ გამოვა. კაზუისტიკითა და კანონებზე ძალადობით, იმით, რომ ადამიანს საკუთარ ქვეყანაში უცხოდ გამოაცხადებ, სულაც არ ნიშნავს, რომ იგი ამ ქვეყნის შვილი აღარაა და ამ ქვეყნისთვის უცხოა. ეს არ გახლავთ მარტო ივანიშვილის საკითხი. ვერავინ იტყვის, რომ ის გზა, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია, რათა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, კანონიერია. ჩემი აზრით, ამ თემაზე მკვახე განცხადებების მიუხედავად ხელისუფლებას სერიოზული მსჯელობა და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ და მთელ საზოგადოებას ამ თემაზე საუბარი არც თუ ისე შორეულ მომავალში მოუწევს.
- როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე 6 თვით ადრე ქვეყანაში არსებულ ვითარებას?
- კარგია, რომ ცვლილებების მოლოდინი არჩევნებს უკავშირდება და არა - აქციებს. ჩვენ ვართ იმ სტადიაში, როცა ხელისუფლებას არაფრის შეცვლა არ უნდა, მეორე მხრივ ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტი ადამინია განწყობილი ცვლილებებისთვის. ესეც სრულიად ნორმალური პროცესია. არც ერთ ქვეყანაში ხელისუფლებას ძალაუფლების დაკარგვა არ უნდა და ეს გასაგები უნდა იყოს ყველასათვის. ახლა ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ საარჩევნო პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად სამართლიანად, გამჭვირვალედ და მხოლოდ ამ პირობებში დადებული შედეგი იქნება ის, რასაც ყველა უნდა შევეგუოთ.
თუ პროცესი წარიმართა არასამართლიანად, მაშინ ეს პროცესი სხვა კალაპოტში გადავა. ჯერჯერობით, ჩვენ არჩევნებისკენ მივდივართ. ბუნებრივია, ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნება უნდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საზოგადოებას ცვლილებები სურს. თუ ჩვენ ევროპასა და ამერიკას გადავხედავთ, იმასაც შევამჩნევთ, რომ იქ ხელისუფლების ცვლა და დემოკრატიული ცვლილებები ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ, თუ შევხედავთ სინგაპურს, დავრწმუნდებით, რომ ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები არა პოლიტიკურ ცვლილებებზე, არამედ ერთი პოლიტიკური გუნდისა და ერთი პოლიტიკური ლიდერის მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნაზეა ორიენტირებული.