"ხელისუფლებამ პოლიციელთა წვრთნები დაიწყო,სურთ შექმნან რაც შეიძლება დიდი და ძლიერი დაჯგუფებები, რომლებიც საკუთარ ხალხს თვალდახუჭული გაუსწორდება"

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ პოლიციის თანამშრომლების წვრთნები დაიწყო. რამდენიმე დღეა ვაზიანსა და სხვა საწვრთნელ ბაზებზე ტრანსპორტით გადაჰყავთ თბილისის რაიონების პოლიციის განყოფილებების თანამშრომლები და მათ დილიდან საღამომდე წელის მოწყვეტამდე ავარჯიშებენ. გადამზადების პროცესი ორი თვის წინ დაცვის პოლიციიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე იქ დააკომპლექტეს 2 ათასკაციანი ჯგუფი და მათ ავარჯიშებდნენ. მერე 500-500 კაციანი ჯგუფები შექმნეს. ამ ადამიანებს პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ ქვეყანასა და ხელისუფლებას დასჭირდებით, სპეცფორმები უნდა ჩაიცვათ და ხალხის წინააღმდეგ გამოხვიდეთო, რისთვისაც მათ დამატებით ანაზღაურებას შეჰპირდნენ - უთხრეს, რომ ხელფასზე დაემატებოდათ 300 ლარი, პრემიის სახით კი 1000-დან 3000 ლარამდე მისცემდნენ", - აცხადებს მოძრაობა "არას" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ჩიტაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მიშა და მისი გუნდი აშკარად იწვევს საზოგადოებას და ეს სპეციალურად არჩევნებამდე ხდება".

"თავდაპირველად ძალდატანებით წერდნენ ამ გადამზადების სიებში დაცვის პოლიციელებს, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ ასე მეტი ინფორმაცია გაჟონავდა და ტაქტიკა შეცვალეს. დაცვის პოლიციის იმ თანამშრომლების გადამზადებას ახდენენ, რომლებიც ნებით მიდიოდნენ ამ საქმეზე. ამ პოლიციას აქციების დარბევაში აქამდე მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ეტყობა ახლა ჩართავენ და ამიტომაც ჯერ ეს ნაკლებად გაწვრთნილი "ზონდერები" გადაამზადეს. სხვათა შორის, დაცვის პოლიციელების გადამზადება სამხედრო ბაზებზე არ მომხდარა და ის უფრო რთულ პირობებში მოხდა - ტყეში მოწყობილ საწვრთნელ ადგილებში. შერჩეული ჰქონდათ ისეთი ტერიტორები, სადაც მოსახლეობა არ იყო და პერიმეტრს იცავდა როგორც სამხედრო პოლიცია, ასევე სატყეო დეპარტამენტის დაცვის ხალხი. პატრული, "სპეცნაზი" და განყოფილების თანამშრომლები კი წვრთნებზე ყოველთვის სამხედრო ბაზებზე - ვაზიანში, 31-ე ქარხანაში, კაიროს უბნის მხარეს, ე.წ. პეპელას სპეცრაზმის ბაზაზე, შავნაბადაზე დაჰყავდათ და ისინი ახლაც იქ გადიან წვრთნებს", აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ჩიტაძე.

"ანუ დაცვის პოლიციელების გადამზადების შემდგომ, მეორე ეტაპზე, ხალხის დარბევებში გამოცდილი თანამშრომლების გადამზადებაც დაიწყეს. როგორც შევიტყვეთ, ამაში ჩართული იქნება ყველა პოლიციელი, მნიშვნელობა არა აქვს, კრიმინალურ პოლიციაშია, პატრულში თუ რაიონულ განყოფილებაში. გათვლა ასეთი აქვთ - შექმნან რაც შეიძლება დიდი და ძლიერი დაჯგუფებები, რომლებიც საკუთარ ხალხს თვალდახუჭული გაუსწორდება. პოლიციელებს, რომლებსაც "ქილერებად" წვრთნიან, ჯერჯერობით ფიზიკური სიძლიერითა და დიდი ფინანსური პრობლემებით ახარისხებენ, ანუ ვისაც ავტომობილი აქვს დაყადაღებული, სახლი აქვს ბანკში ჩადებული და სხვა გზა არ აქვს. ეუბნებიან კიდეც, თუ გუნდა შენი ყველა პრობლემა მოვაგვაროთ და უარესი არ დაგემართოს, ის უნდა გააკეთო, რასაც გეუბნებითო და ისინიც ყურმოჭრილ მონობაზე თანხმდებიან", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ასევე წვრთნები უტარდებათ რეგიონის პოლიციელებსაც და იქაც იქმნება ასეთი ჯგუფები. ზოგი შეშინებული პოლიციელი იცით, რას იაძახის? თუ არ მივიღებთ მონაწილეობას, შეიძლება დაგვიჭირონ და სამსახურიდან გაგვყარონო, რაც არავის არ უნდა. არაერთი ფაქტი გვაქვს იმისა, როცა პოლიციელი დააკავეს სწორედ იმ მიზეზით, რომ ოპოზიციასთან რაღაც კავშირებში შეამჩნიეს, ანდა ეჭვი შეეპარათ ამაში და ამათაც, გასაკვირი არ არის, რომ ეშინიათ", - თვლის მოძრაობა "არას" ერთ-ერთი ლიდერი.

"ინსტრუქტორებად ის სპორტსმენები ჰყავთ დანიშნული, რომლებიც "ალიაში" უკვე ვიხილეთ "სისხლიან ჯალათებად" და 26 მაისის დარბევის მონაწილეებად. ამ ვარჯიშს "ქუჩის წესებით ბრძოლის" სწავლება უფრო ჰქვია, ვიდრე სხვა რამ. ჯგუფს ორად ყოფენ - ერთი ხალხის როლს ასრულებს, მეორე "სპეცნაზისას", ოღონდ "ხალხსაც" ამ შემთხვევაში აბჯრები აცვია და თუ ე.წ. სპეცრაზმელები შეძლებენ აბჯრიანი ხალხის დამარცხებას, უაბჯრო ხალხის წინააღმდეგ აბჯრიანების გალაშქრებას რა ლეტალური შედეგიც მოჰყვება, რთული წარმოსადგენი არ არის. თანაც მასშტაბები გაზარდეს და საქმეში დაცვის პოლიციაც ჩართეს. ასე რომ, თუ ხალხსა და ხელისუფლებას შორის შეტაკება დაიწყო, ეს იქნება სამოქალაქო ომი - ხელისუფლება სწორედ ამისთვის ემზადება და პროვოცირებსაც არ ერიდება - "ქართული ოცნების" მიმართ შექმნილი პრობლემების გარდა, მათ სხვა პროვიკაციული კერებიც გააჩინეს და კიდევ გააჩენენ. მიშა და მისი გუნდი აშკარად იწვევს საზოგადოებას და ეს სპეციალურად არჩევნებამდე ხდება", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"ხვდებიან, რომ ხალხსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება გარდაუვალია. თუ ეს არჩევნებამდე მოხდება, მას გაცილებით ადვილად ჩაახშობს და არჩევნებზე ნაციონალების გამარჯვებას შეშინებული და დამარცხებული ხალხი წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევს. გამარჯევება მერე აუცილებლად მისი იქნება და მათი ხელისუფლებაში ყოფნაც რისკის ქვეშ აღარ დადგება. 27 მაისს არა მგონია აქცია დაარბიოს, ამ დღეზეა მთელი საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება გადმოტანილი. 27-ში იქნება პროვოკაციები, რომელსაც მხოლოდ "აღკვეთენ" - ჩემი ინფორმაციით, ოპოზიციასა და ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილ მოსახლეობას ჯერ ახლოს მიუშვებენ, ყურადღებას მოადუნინებენ და ისეთ დროს დაარტყამენ, როცა არავინ ელის", - დასძენს ლევან ჩიტაძე.

"თუ სააკაშვილი მოახერხებს ამ სიტუაციის წელში გადატეხას, ისინი ხელისუფლებაში დიდი ხნით დარჩებიან და ამაში ხელს ვეღარავინ შეუშლის. ოპოზიციურმა პარტიებმა არ უნდა დაუშვან აქციების ქუჩაში გადატანა, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივად მათ ომი წაგებული ექნებათ. არჩევნებამდე უნდა მოვიდნენ ისე, რომ პროცესები არ გავიდეს ქუჩაში და არ მიეცეს მიშას საშუალება, საკუთარი სურვილი აისრულოს. არჩევნების გაყალბების შემდგომ კი ხალხსაც და ოპოზიციასაც ლეგიტიმური უფლება ექნებათ ხელისუფლება ძალით გაუშვან ქვეყნიდან", - აცხადებს მოძრაობა "არას" ერთ-ერთი ლიდერი და შეკითხვას - "ახლა ვარდების რევოლუცია 2"-ის გეგმა დამიხატე, ეს გზა მიშას გავლილი აქვს, ხომ არ დაგავიწყდათ?" - პასუხობს:

"ეს გზა არ არის "ვარდები 2"-ის გზა - ეს არის ცივილიზებული გზა, რომელიც ბევრმა ქვეყანამ გაიარა. როცა აღარ რჩება ხალხს სხვა გზა, სწორედ მაშინ გადადის ხოლმე ძალისმიერ მეთოდებზე და მათი საქციელიც არის გამართლებული".