ამ კვირაში, ჩიკაგოში გამართული ნატოს სამიტის მუშაობაში მონაწილეობდნენ წევრი-ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და მისი პარტნიორი ორგანიზაციების პარტნიორ სახელმწიფოთა უამრავი წარმომადგენელი.
სამიტი, მანამდე ჩატარებულ რამდენიმე სამიტზე ნაკლებად ამბიციური იყო. რაც შეეხება თავად ალიანსს, ამ შეხვედრაზე არ გაკეთებულა განცხადებები ახალ წევრებზე ან ნატოს რიგებში ოთხი კანდიდატის მიღების გრაფიკზე. სამიტს არ დაუწყია სახსრების შეგროვება ისეთი კოლექტიური მისიებისთვის, როგორიც ავღანეთია. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა შეხვედრამ მაინც შეასრულა მნიშვნელოვანი ფუნქცია, რადგან მონაწილეებმა კვლავ დაადასტურეს, რომ ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, წევრი ქვეყნები კვლავ რჩებიან იმ ბუნდოვანი ვალდებულებების ერთგულნი, რომელიც საკუთარ თავზე აიღეს 2010 წლის ნოემბრის ლისაბონის სამიტზე, როდესაც ალიანსმა ახალი სტრატეგიული კონცეფცია მიიღო. მთლიანობაში, სამიტმა მოკავშირეებს მისცა შესაძლებლობა დაეფიქსირებინათ სოლიდარობა იმ ფონზე, როდესაც ახლახანს დაიწყო საუბრები აშშ-ს აზიასთან „მიბმაზე“.
ყველაზე მეტად ჩიკაგოში ყურადღება მიიპყრო საკითხმა, თუ კიდევ რამდენ ხანს უნდა გააგრძელოს ნატომ თავისი ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები ავღანეთში. სამიტის მონაწილეებმა შეათანხმეს ლისაბონის სამიტზე მიღებული გრაფიკი და მას რამდენიმე ახალი შუალედური თარიღიც დაურთეს. ნატოს წევრებმა და უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალთა (ISAF) კოალიციიდან პარტნიორმა სახელმწიფოებმა პირობა დადეს, რომ მთლიანობაში შეინარჩუნებენ ავღანეთში გარკვეულ სამხედრო წარმომადეგნლობას 2014 წლის შემდეგ, თუმცა, სხვა სახელით და სხვა ამოცანებით.
რაც შეეხება ავღანეთს, ნატოს ლიდერებმა და პარტნიორებმა უნდა გააწონასწორონ წინააღმდეგობრივი მოთხოვნები საკუთარ შიდა და საერთაშორისო აუდიტორიებს შორის. ალიანსმა თალიბებს და სხვა ავღანელებს, ასევე მათ პაკისტანელ მეზობლებს უნდა განუმარტონ, რომ ნატო ავღანეთში ზუსტად იმდენ ხანს დარჩება, რამდენიც აუცილებელია სამართლიანი და მტკიცე ავღანური სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისა და განხორციელებისთვის. თუმცა, ალიანსის ლიდერებმა ისე უნდა იმოქმედონ, რომ მათ ქვეყნებში საზოგადოებამ ირწმუნოს, რომ კოალიციური ძალები დატოვებენ ავღანეთს, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება, მანამდე კი სწრაფად შეამცირებენ საკუთარ კონტიგენტებს და მონაწილეობის მასშტაბებს მისიაში. წარსულში, ნატოს ლიდერები, საკმაოდ მარჯვედ წყვეტდნენ ჯარების გაყვანის საკითხს. მათ მისცეს უფლება კანადას და სხვა ქვეყნებს განცხადება გაეკეთებინათ იმის შესახებ, რომ მათმა საბრძოლო ნაწილებმა და ქვედანაყოფებმა სრულად დატოვეს ავღანეთი, მიუხედავად იმისა, რომ იგივე რაოდენობის სამხედროები დარჩნენ ქვეყანაში არასამხედრო ამოცანების (წრთვნა და კონსულტაციების გაწევა ავღანეთის უშიშროების ძალებისთვის) შესრულებისთვის. როგორც ჩანს, ანალოგიურ მიდგომას გამოიყენებენ ფრანგების მიმართაც, რომელთა ახლდარჩეულმა პრეზიდენტმაც ფრანსუა ოლანდმა პირობა დადო, რომ 2012 წლის ბოლოსთვის გაიყვანს ავღანეთიდან ფრანგულ კონტიგენტს.
იმავდროულად, ნატოს ქვეყნების და პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერები შეეცადნენ ხაზი გაესვათ თავიანთი პოზიციის სიმტკიცისთვის, რომელიც მათ ავღანეთში უსაფრთხოების აღდგენასთან დაკავშირებით აქვთ, ასევე იმის დემონსტრირება მოეხდინათ, რომ შესწევთ უნარი 2014 წლისთვის ომის წარმოების ყველა ფუნქცია ავღანელებს გადასცენ იმით, რომ მათ არმიას დამატებით ინსტრუქტორებს და მრჩევლებს გაუგზავნიან. ამისთვის, ავღანეთის მთავრობამ და უშიშროების ადგილობრივმა ძალებმა უნდა გადალახონ ადეკვატურ სახელმწიფო მმართველობასა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სირთულეები, ასევე ხელი შეუწყონ ეკონომიკურ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას, იბრძოლონ კორუფციის და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ, ასევე უზრუნველყონ „თალიბანის“ ყველა იმ წევრის უსაფრთხოება, რომლებიც ცდილობენ დაუბრუნდნენ მშვიდობიან ცხოვრებას და შეუერთდნენ ავღანურ საზოგადოებას. მართალია, ნატო არ იღებს პასუხისმგებლობას ამ პრობლემების გადალახვაზე, რომელთა ნაწილი ეკონომიკური და დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს, თუმცა მის მიერ არჩეული ავღანური სტრატეგია ამ პრობლემების გადაწყვეტის მძევალია.
სამიტზე არ მიუღიათ არანაირი არსებითი ცვლილებები ნატოს პოლიტიკაში ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხზე. ნატოს ქვეყნები განაგრძობენ მონაწილეობას თავიანთი ევროპული ანტისარაკეტო თავდაცვის პროგრამის ინტეგრაციის პროცესში აშშ-ს პროგრამასთან, რათა უზრუნველყონ ალიანსის ქვეყნების მოსახლეობის, მათი ტერიტორიების და არმიების მრავალმხრივი და საყოველთაო დაცვა ანტისარაკეტო თავდაცვის საშუალებით. მათ ასევე განაცხადეს, რომ მიაღწიეს „შუალედურ შესაძლებლობებს“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი შეძლებენ ნატოს თურქეთის რადარის და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული „იჯისი“-ს სისტემის ამერიკული ხომალდის გადაცემას ნატოს მეთაურობისთვის.
„შეკავების, თავდაცვის და განიარაღების შესახებ მიმოხილვაში“, რომელიც ჩიკაგოში გამოქვეყნდა, მოთხრობილია ნატოს მოქმედი პოლტიკის შესახებ. ალიანსის შემადგენლობაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის შენარჩუნების მომხრეებმა კვლავ შეინარჩუნეს უპირატესობა, განაცხადეს რა, რომ ასეთი იარაღი სასარგებლოა, როგორც რუსეთზე ზემოქმედების ინსტრუმენტი, რათა მოსკოვს აიძულონ ჩაერთოს მისი მრავალრიცხოვანი ტაქტიკური შეიარაღების შემცირებაზე მოლაპარაკებებში. თუმცა რუსი სამხედრო სტრატეგები არ ჩქარობენ ამ იარაღზე უარის თქმას, რის გამოც აღნიშნული საკითხი შესაძლოა უფრო მწვავედ დადგეს მომდევნო სამიტებზე, რადგან ნატოს ევროპელი წევრი ქვეყნები არ ყიდულობენ იმ ახალი თაობის თვითმფრინავებს, რომლებსაც ასეთი იარაღის სამიზნემდე მიტანა შეუძლია. ალიანსმა უფრო გულუხვი გარანტიები გასცა იმის შესახებ, რომ ის არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებსაც ასეთი იარაღი არ აქვთ, თუმცა იმავდროულად ამას მნიშვნელოვანი დათქმა მოაყოლა, რომ ასეთმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ საკუთარი გარანტიები ბირთვულ გაუვრცელებლობაზე.
მიუხედავად განსაკუთრებული ყურადღებისა სამხედრო პოტენციალის მხარდაჭერისადმი ისეთი ინიციატივის რეალიზაციის გზით, როგორიც „გონივრული თავდაცვაა“, ჩიკაგოს სამიტზე ვერ მოხერხდა იმ შეშფოთების გადალახვა, რაც ბევრი წევრი ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტების მნიშვნელოვან შემცირებას უკავშირდება. ეს შემცირებები ემატება იმ არასაკმარისს დაფინანსებას, რასაც ეს ქვეყნები წლების მანძილზე იმეტებდნენ თავიანთი შეიარაღებული ძალებისთვის, რაც ეჭვქვეშ აყენებს უნარს შექმნას და შეინარჩუნოს ის პოტენციალი, რომელიც აუცილებელია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მზარდი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის. ნატოს ლიდერები აცხადებენ, რომ შეძლებენ ფულის დაზოგვას, შეამცირებენ რა კადრებს ალიანსის სამხედრო მეთაურობის სტრუქტურებში, თავდაცვით უწყებებში და ა.შ თუმცა თითქმის ყველა თანამედროვე სამხედრო რეფორმის ისტორია ცხადყოფს, რომ ასეთი პოლიტიკის გატარებით მასშტაბური ეკონომიის მიღწევა არარეალურია. იმავდროულად, ნატოში დაიწყეს იმ შესაბამისი შესაძლებლობების, სტრატეგიის და ტაქტიკის გაანალიზება, რომელიც ბლოკის ახალი მიზნების განხორციელებისთვისაა აუცილებელი. მაგალითად, ისეთის, როგორიცაა წევრი ქვეყნების კიბერნეტიკული და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ევროპელი ლიდერები აღნიშნავენ, თუ როგორ შეიძლება ამ სფეროში გარკვეული პრობლემების აღკვეთა, ნატოს და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობით. ევროპულ სახელმწიფოებს შეუძლიათ უფრო რაციონალურად განახორციელონ შესყიდვების პროცესი ამ ორივე ინსტიტუტის ფარგლებში, მაგალითად ისეთი გზებით, როგორიცაა დუბლირების შემცირება, პროფესიული მხარდაჭერა ეროვნულ შეიარაღებულ ძალებში, ასევე შეიარაღების სისტემების ოპერატიული და ფუნქციური თავსებადობის სრულყოფა. ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია მხარს უჭერს ევროკავშირის პოტენციალის გაფართოვებას უსაფრთხოების სფეროში, რაც დაეხმარება ტრანსატლანტიკური ბზარების ამოქოლვას.
თუმცა, ეს ორი ორგანიზაცია ვერ შეთანხმდა კრიზისების და რეალური საბრძოლო ოპერაციების დარეგულირებისთვის ერთობლივი წრთვნების ჩატარებაზე. საუკეთესო შემთხვევაში ნატოს ქვეყნებს შეუძლიათ, როგორც ეს ჩაიკაგოს სამიტზე მოხდა, შეაქონ ევროკავშირი კოლექტიური უსაფრთხოების სფეროში იმ ინიციატივების რეალიზებისთვის, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მუშაობას გამოადგება. ისინი ასევე მოუწოდებენ ევროკავშირს საკუთარ თავზე აიღოს ლიდერის როლი ლიბიაში და ნატოს დაბომბვების შემდეგ წესრიგი დაამყაროს, ასევე ტუნისში დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციის საქმეში.
საინამდვილეში, მომდევნო თვეებში ნატოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობა შეიძლება გაუარესდეს. საფრანგეთის ახალი სოციალისტური მთავრობა თავს ნაკლებად კომფორტულად გრძნობს, ვიდრე მისი წინამორბედი, ნატოს და ევროკავშირის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ ოლანდის თქმით, ის არ გამოიყვანს საფრანგეთს ალიანსის სამხედრო ხელმძღვანელობის ერთობლივი სტრუქტურებიდან. ხოლო, ის, რომ ევროკავშირის შემდეგი თავმჯდომარე კვიპროსია, ეს როგორც ჩანს გააძლიერებს ამ ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობაზე თურქთის წინააღმდეგობას. თურქეთის მხრიდან სრული მხარდაჭერის გარეშე, ნატო და ევროკავშირი ვერ შეძლებენ არაბულ სამყაროში უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი ამოცანების რეალიზებას.
სამიტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა გახდა ნატოს კონცეფცია, როგორც უსაფრთხოების გლობალური ცენტრი სხვადასხვა პარტნიორობისთვის. ამ კონცეპტუალური პერსპექტივით აიხსნება ჩიკაგოში ბევრი ისეთი ქვეყნის წარმომადგენლის ყოფნა, რომელიც ალიანსის წევრი არ არის. ევროკავშირთან, პარტნიორ-ქვეყნებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობამ შეიძლება ბევრი გლობალური საკითხიც მოიცვას. მაგალითად კლიმატური ცვლილებების და არქტიკაში მათი შედეგების გადალახვასთან დაკავშირებული ქმედებები, ან ინტერნეტის უსაფრთხოების გაზრდა. თუმცა, ალიანსის წევრებმა სულ ახლახანს დაიწყეს იმის განხილვა, თუ რა მიმართულებით უნდა გადადგან ნაბიჯები ამ დარგებში, რა ძალები და რესურსებია საჭირო ამ მიზნების მისაღწევად, და როგორ შეძლებს ნატო პარტნიორებთან თანამშრომლობას აღნიშნული პრობლემების მოგვარების ფარგლებში.
ჩიკაგოს სამიტის მოკრძალებული შედეგები იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ ნატოს ალიანსი გადრამავალ ეტაპზეა, გარდაიქმნება რა ცივი ომის პერიოდის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციისგან ჯერჯერობით ჩამოუყალიბებელ ორგანიზმად ჩვენს არასტაბილურ სამყაროში.
რიჩარდ ვაიცი – ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და World Politics Review-ს უფროსი რედაქტორი
foreignpress.ge