აღნიშნული რეგიონული მაუწყრებელი - “ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანია“ დავით კირკიტაძის უშუალო დაქვემდებარებაშია. ტელევიზიის დირექტორი კირკიტაძის ყოფილი პრესმდივანი და მეგობარი, ხათუნა მამარდაშვილია, ხოლო მაუწყებლის აქციების 51%-ს გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, დავით ხამაშურიძე ფლობს. ხამაშურიძე, მამარდაშვილის მსგავსად, კირკიტაძის გუნდის წევრია. რატომ დაინტერესდა ასეთი მფლობელების ხელში ჩავარდნილი ტელევიზია ოპოზიციის ღონისძიებით?
საინტერესო დეტალია ისიც, რომ რეგიონალური ტელევიზიიდან მოსული ჟურნალისტები მუშაობით თავს არ იწუხებდნენ. ორივე მათგანი ღონისძიების მიმდინარეობისას დროის გარკველ ნაწილს დარბაზში არ ატარებდა. აივანზე იდგნენ, დარბაზში შემოსვლისას კი არხის მიკროფონი გართობის მიზნით “ქართული ოცნების“ ახალგაზრდა აქტივისტებს ეკავათ.
ჟურნალისტებისგან განსხვავებით, ერთი წუთით არ მოუსვენიათ ადგილობრივი ტელევიზიის ოპერატორებს. ღონისძიებაზე მოსულ მოქალაქეებს სათითაოდ იღებდნენ.
“სულ კრუპნი პლანით“ იღებენ, რაც მოვიდნენ„ - ტელევიზიის ოპერატორების მუშაობამ მე-9 არხის გადამღები ჯგუფის ყურადღებაც მიიქცია.
“ეთერში 1 წუთით გადასცემენ ჩვენ შეხვედრას. დანარჩენ გადაღებულ მასალას კი ჩვენი სახეებით პოლიციას მიართმევენ. სიმართლე გითხრათ, არავისი აღარ გვეშინია. კიდევ ჩამოგვიარონ და ყველა რიგი სათითაოდ, როგორც წეღან გადაიღეს, ისევე გადაიღონ“ - უკმაყოფილბას გამოხატავდნენ შეხვედრაზე მოსული რუსთაველები.
რეგიონული ტელევიზიის უცნაურად ბეჯით ოპერატორებზე კომენტარი ზვიად ძიძიგურმაც გააკეთა. “მე ვამბობ, რომ შეშინებული ადამიანი არ არის ბედნიერი ადამიანი. არ შეიძლება გეშინოდეს და ბედნიერი იყო. ეს დრო უკვე დამთავრდა. დღეს აქ შეშინებული მოქალაქეები აღარ არიან. ვისაც რა უნდა, ის გადაიღოს და გაავრცელოს არავისი გვეშინია. ჩვენ უკვე იმდენი ვართ, რომ ამდენ ხალხს ვერავინ დაიჭერს“ - განაცხადა ძიძიგურმა.
ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ თავის საინფორმაციო გამოშვებაში 20:30 წუთზე “ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე 50–წამიანი სიუჟეტი გაუშვა, სადაც დარბაზში მჯდომი მოქალაქეების არც ერთი კადრი არ იყო გამოყენებული.
50–წამიანი ორი სინქრონისგან შემდგარი სიუჟეტის მოსამზადებლად შეხვედრაზე ტელევიზიის ორი გადამღები ჯგუფი მუშაობდა.