პრეზიდენტისადმი დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართვა ასეთია - „8 წლის წინ, როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდით, თქვენ დაპირდით საზოგადოებას, რომ არც ერთ კითხვას უპასუხოდ არ დატოვებდით და არ გაექცეოდით, მაშინ გვჯეროდა, რომ გულწრფელი იყავით.
თქვენი მმართველობის დასაწყისში მართლაც გაიმართა ორი შეხვედრა ჟურნალისტებთან. თქვენ მათ სიტყვა მიეცით, რომ ასეთი შეხვედრები მომავალშიც რეგულარულად გაიმართებოდა. ამის შემდეგ თქვენ კიდევ ორჯერ წარსდექით ჟურნალისტების წინაშე, მაგრამ ამ შეხვედრებზე უკვე აშკარად იგრძნობოდა წინასწარი შეთანხმება მონაწილეთა შორის. ამ შეხვედრამ ნათლად დაგვანახა, რომ ხელისუფლების საქმიანობის რეალური გამჭვირვალობა და თავისუფალი ჟურნალისტური სიტყვა მხოლოდ მოჩვენებითი იყო. ამის შემდეგ კი, თითქმის შეწყვიტეთ ჟურნალისტებთან ღია შეხვედრები.
თქვენ მტკივნეულად რეაგირებთ პირდაპირ დასმულ მწვავე შეკითხვებზე. ამის დასტურია ისიც, რომ პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლის პასუხად თქვენ დატოვეთ დარბაზი. სულ ახლახანს კი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრისტონის უნივერსიტეტში, ჩვენი თანამემამულის რამდენიმე არცთუ უწყინარმა შეკითხვამ თქვენი თავშეუკავებელი, დაუფარავი აგრესია გამოიწვია.
თქვენ დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტად თვლით თქვენს თავს და მთელი მსოფლიოს წინაშე თავს იწონებთ წარმატებული რეფორმებით. თქვენ აცხადებთ, რომ დასავლური ცივილიზაციისკენ მიგყავთ საქართველო...
სწორედ ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, უფრო სწორედ, მოვითხოვთ, რომ შეგვხვდეთ ჩვენც, იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც ბევრი შეკითხვა დაგვიგროვდა, მათ შორის, ძნელად მოსასმენიც, შეგვხვდით და გაგვეცით პასუხი. ეს არ არის ჩვენი ახირება, ეს სჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს, და ბოლოს, ეს ჩვენი სახელმწიფოს დასავლური განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.“
მიმართვის ტექსტი გასაცნობად სხვადასხვა მედიასაშუალებებს გადაეგზავნათ და 24-მა მათგანმა ტექსტზე ხელმოწერისათვის მზადყოფნა გამოთქვა. დღეს დოკუმენტზე ხელმოწერები გაკეთდება და ამის შემდეგ მიმართვა უკვე ოფიციალურად შევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
presage.tv-ს დამფუძნებელი როზი ჯღამაია აცხადებს, რომ მიმართვის ტექსტი მედიაგაერთიანება „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“-ს ყველა წევრ მედიასაშუალებას გაეგზავნა და თითქმის, ყველა მათგანმა მიმართვაზე ხელის მოსაწერად მზადყოფნა გამოთქვა. ასევე მიმართვას პრესკონფერენციაზე მისულმა ჟურნალისტებმაც მოაწერეს ხელი. რაც შეეხება მედიაგაერთიანებას „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“, იგი რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და მასში 30-ზე მეტი მეტი მედიასაშუალება არის გაწევრიანებული. ამასთანავე, მედიაგაერთიანების წევრთა რაოდენობა იზრდება, რადგან მასში მედიასაშუალებების გაწევრიანების პროცესი არ დასრულებულა.
„სოლიდარობა“-ს პრინციპი არის ხელისუფლების მხრიდან მედიასაშუალებებზე განხორციელებული ზეწოლის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით ბრძოლა.
„დღეს განსაკუთრებით გაძლიერებულია ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა. ყველამ ვიცით, რა ხდება რეგიონებში, რეგიონალური ტელევიზიების წინააღმდეგ ხელისუფლება განსაკუთრებული გააფთრებით იბრძვის. ამ მედიაგაერთიანებაში შემავალი ორგანიზაციები ვცდილობთ, ყველა ერთად დავდგეთ და ჩვენი ხმა ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწოდოთ“, - აღინიშნა დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე.
კითხვაზე, თუ როგორი ფორმატით შეხვედრას მოითხოვენ მიმართვის ავტორები პრეზიდენტთან შეხვედრას, მედიაგაერთიანების წარმომადგენლები პასუხობენ, რომ ეს თავად სააკაშვილმა უნდა გადაწყვიტოს, იქნება ეს პრეს-კონფერენცია, თუ რაიმე სხვა ფორმატი. ერთადერთი, რასაც მედიაგაერთიანება ითხოვს, შეხვედრაზე არ უნდა იყოს წინასწარ შეთანხმებული კითხვები და პრეზიდენტმა პასუხი უნდა გასცეს იმ კითხვებს, რომლებიც ჟურნალისტებსა და ქართულ საზოგადოებას აწუხებთ.
„ჟურნალისტებთან შეხვედრებზე, რომლებიც აქამდე ჩატარდა, ნათლად ჩანდა, რომ პრეზიდენტმა წინასწარ იცოდა, რა კითხვებს დაუსვამდნენ და დასმულ კითხვებზე როგორი პასუხი უნდა გაეცა. სააკაშვილი მწვავე შეკითხვებისთვის არასოდეს არის მზად. ხოლო როდესაც ასეთი კითხვები დაუსვეს პარლამენტშიც და ამერიკაშიც, პრინსტონის უნივერსიტეტში, ყველამ ვნახეთ, რომ პრეზიდენტი მწვავე კითხვებს ან აგრესიულად პასუხობს, ან საერთოდ გარბის იქიდან. ამასთანავე, პრეზიდენტმ პრინსტონის უნივერსიტეტში შეხვედრის დროს განაცხადა, რომ თითქოს მისი ოპონენტები სპეციალურად ფულს უხდიან ადამიანებს, რათა სააკაშვილს მწვავე კითხვები დაუსვან. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არავის ჩვენთვის არანარი თანხა არ გადაუხდია, უბრალოდ ჩვენ გვაქვს კითხვები, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში დაგროვდა და რომლებზეც პრეზიდენტი პასუხს არ გვცემს. ახლა აქ სიმბოლურად პრეზიდენტზე ვსაუბრობთ, მაგრამ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ყოველთვის ცდილობენ თავიდან აიცილონ კითხვები, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს“, - აცხადებს presage.tv-ს დამფუძნებელი როზი ჯღამაია.