აღნიშნულ პირებზე არ გავრცელდება კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები, რომლის მიხედვით, მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა, არ შეუძლია გახდეს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი. ახლა პარლამენტმა მიღებული კანონი შვიდი დღის ვადაში ხელმოსაწერად უნდა გადაუგზავნოს საქართველოს პრეზიდენტს, მას კი ათდღიანი ვადა აქვს ცვლილების ხელმოსაწერად.
შეგახსენებთ, ამ ცვლილებასთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერმა თავიდანვე დააფიქსირა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება და განაცხადა, რომ დაუშვებელია ერთი კაცის გულისთვის კონსტიტუციის შეცვლა. დღეს ბიძინა ივანიშვილმა სიურპრიზი მოუწყო საქართველოს ხელისუფლებას - ღია წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და მოუწოდა სააკაშვილს, ამ საკონსტიტუციო ცვლილებას ხელი არ მოაწეროს.
„მე დღემდე იმედს ვიტოვებდი და საჯაროდაც ვაცხადებდი, რომ ეს უგუნური გადაწყვეტილება საბოლოოდ არ იქნებოდა მიღებული, მაგრამ მორჩილმა საპარლამენტო უმრავლესობამ არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და მორჩილად აუწია მას ხელი. ამასთანავე, თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრები კონსტიტუციური ცვლილებების მიზნად ასახელებენ ჩემთვის არჩევნებში მონაწილეობის საშუალების მოცემას, ხოლო მიზეზად - თქვენს მიერ ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქეობის ხელახლა მისაღებად ჩემ მიერ თითქოსდა არასწორი გზის არჩევას“, - ვკითხულობთ ივანიშვილის პრეზიდენტისადმი მიმართვაში.
აქვე „ქართული ოცნების“ ლიდერი აცხადებს, რომ ეს ცვლილება არის სახელმწიფოებრიობის და კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური პრინციპების საწინააღმდეგო ქმედება, რომლის პრეცენდენტიც მსოფლიოში არ მოიპოვება.
„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ უკანონოდ ჩამომართვით საქართველოს მოქალაქეობა, შემდეგ უკანონოდ მითხარით უარი ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობის მონიჭებაზე და ახლა ჩემი სარჩელების განხილვის გაჭიანურებით არ მაძლევთ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოსთვის დროულად მიმართვის საშუალებას, მე არ ვაპირებ ჩემი პოლიტიკური უფლებები კონსტიტუციის შეურაცხყოფისა და სახელმწიფოს ნგრევის ფასად მოვიპოვო. მე და ჩემი გუნდის წევრებს პოლიტიკური უფლებები სახელმწიფოს აღმშენებლობისა და კონსტიტუციური წესრიგის დამყარებისთვის გვესაჭიროება და არა პირიქით“, - ამბობს ივანიშვილი.
იგი სააკაშვილს მიმართავს, ხელი არ მოაწეროს აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებას, რითაც ქვეყნის პრესტიჟს და მის კონსტიტუციურ ფუნდამენტს გადაარჩენს. ივანიშვილი აქვე აცხადებს, რომ მზად არის სააკაშვილს შეცდომის გამოსწორების კიდევ ერთი გზა მისცეს და მოითხოვოს ორმაგი მოქალაქეობა, რაზეც საქართველოს ხელისუფლების წევრებმა მას არაერთხელ მიუთითეს. აქვე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ თუკი პრეზიდენტი მაინც მოაწერს ხელს ამ საკონსტიტუციო ცვლილებას, მაშინ თავად ივანიშვილი არ ისარგებლებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებით და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, არამედ გააგრძელებს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებას იმ ფარგლებში, რაც საქართველოს კონსტიტუციით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის დადგენილი და ქართულ საზოგადოებას მაინც ყველა დანაპირებს შეუსრულებს.
მაინც რა გახდა იმის საფუძველი, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოზიცია შეიცვალა და მზად არის მოითხოვოს ორმაგი მოქალაქეობა, რაც აქამდე მისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო?
შეგახსენებთ, როდესაც სამოქალაქო რეესტრმა ივანიშვილს ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ივანიშვილს მოუწოდეს ორმაგი მოქალაქეობა მოეთხოვა, მან ამაზე მაშინ კატეგორიული უარი განაცხადა. ბიძინა ივანიშვილის იურისტები ამას იმით ხსნიდნენ, რომ როდესაც პიროვნება ორმაგი მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, ამ უკანასკნელს უფლება აქვს თავისი ნება-სურვილის შესაბამისად, ან დააკმაყოფილოს ეს თხოვნა, ან - არა. ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მოთხოვნის შემთხვევაში კი, პრეზიდენტი ვალდებულია ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილს ამ წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე სამოქალაქო რეესტრმა უთხრა უარი და საქმე სააკაშვილამდე არც კი მივიდა, უფრო სწორად, სააკაშვილს არ სურდა, რომ საქმე აქამდე მისულიყო. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო კონსტიტუციაში ამ აბსურდული ცვლილების შეტანა.
დღეს კი ივანიშვილი, მიუხედავად ყველაფერ ამისა, მზად არის სააკაშვილს ორმაგი მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართოს.
ამ საკითხთან დაკავშირებით presage.tv ბიძინა ივანიშვილის იურისტს, არჩილ კბილაშვილს ესაუბრა. ადვოკატი ამბობს, რომ ამ წერილით ბიძინა ივანიშვილმა დაგმო ის ფაქტი, რომ კონსტიტუციაში ცვლილება შევიდეს იმის გამო, რომ მას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეს, რისი მსგავსი პრეცენდენტიც მსოფლიოში არ არსებობს.
„ბიძინა ივანიშვილს ნატურალიზაციის გზით უნდა მიეღო მოქალაქეობა და მას ეს უფლება უკანონოდ ჩამოერთვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვინაიდან კონსტიტუციაში ამგვარი ცვლილების შეტანა არის არაზნეობრივი და უკანონო, ამის დასრულების აღკვეთის მიზნით, ბიძინა ივანიშვილი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, ხელი არ მოაწეროს ამ ცვლილებას. ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს მისი შეცდომის გამოსწორების კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს და მზად არის ორმაგი მოქალაქეობა მოითხოვოს. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არის ის, რომ არ მოხდეს უკანონობა, რასაც კონსტიტუციაში ამგვარი ცვლილების შეტანა ჰქვია და მეორეს მხრივ, მიეცეს პრეზიდენტს საშუალება, დაშვებული შეცდომა გამოასწოროს, როდესაც მან ბიძინა ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიცემაზე უარი თქვა“, - აცხადებს არჩილ კბილაშვილი presage.tv-სთან საუბარში.
აქვე იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ თავად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ თემაზე საუბრისას ხშირად აცხადებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ორმაგი მოქალაქეობა რომ მოეთხოვა, იგი მას აუცილებლად მიიღებდა. ამიტომ კბილაშვილის თქმით, ახლა ხელისუფლებას აქვს საშუალება, ეს განცხადება საქმით დაადასტუროს.
და ბოლოს, ჩვენი მხრივ დავამატებთ, მთელი ეს ალიაქოთი და კონსტიტუციის ჭრა-კერვა ძალიან მარტივად იქნებოდა თავიდან აცილებული, რომ არა საქართველოს პრეზიდენტის ხუშტური - ნატურალიზაციის გზით ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ბრძანებისთვის ხელი არ მოეწერა.
ამჯერად, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ფაქტის წინაშე დააყენა ხელისუფლება - ან ეს აბსურდული საკონსტიტუციო ცვლილება მიიღონ, ან ბოლოს და ბოლოს ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭონ მას. ვნახოთ რა იქნება ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯი.