ვაფრთხილებ შსს-ს, კონტროლის პალატას და განსაკუთრებით კუდ-ს, რომელიც ჩემზე ნადირობს 2005 წლიდან – თუ კიდევ ფეხს შეადგამენ ჩემი შვილის კერძო საკუთრებაში, ფეხებს დავამტვრევ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბიძინა გიორგობიანმა გერმანიიდან სატელეფონო საუბრისას განუცხადა. გიორგობიანის თქმით, საქართველოს კონტროლის პალატის მიერ გაგზავნილი სამართალდარღვევის ოქმი ფოსტის წარმომადგენლებმა დედამისს მიუტანეს, რომელმაც კონვერტი არ ჩაიბარა, რადგან საბუთების მისთვის გადაცემის საშუალება არ აქვს.
ბიძინა გიორგობიანის, სახლი, სადაც დედამისი ცხოვრობს, მის შვილს, დავით გიორგობიანს ეკუთვნის, რომელიც 2006 წლიდან აღარ არის საქართველოს მოქალაქე და გერმანიის მოქალაქეა.
"მათ იმ ტერიტორიაზე შესვლის უფლება მათ არ აქვთ. გარეთ შეუძლიათ, ფოსტის ყუთში ჩააგდონ. ამას სახელიც აღარ აქვს. კონტროლის პალატას ყველაში ეჩვენება ოპოზიციის დამფინანსებელი. მათგან რეგიონებში ხალხის დაშინებებიც ყველას ახსოვს. გუშინ მოხუც დედაჩემთან მისულან – მე მათი ფოტოებიც მაქვს. ვაფრთხილებ შსს-ს, კონტროლის პალატას და განსაკუთრებით კუდ-ს, რომელიც ჩემზე ნადირობს 2005 წლიდან – თუ კიდევ ფეხს შეადგამენ ჩემი შვილის, დავით გიორგობიანის კერძო საკუთრებაში, ფეხებს დავამტვრევ", - განაცხადა გიორგობიანმა.
მისივე განმარტებით, არ ესმის, რით ასაბუთებს კონტროლის პალატა, რომ მან ადმინისტრაციული კანონმდებლობა დავარღვიე.
"ძალიან ძნელია დაიცვა კანონმდებლობა ქვეყანაში, სადაც კონსტიტუციას დღეში ორჯერ ცვლიან. როგორ გადმოვრიცხავდი თანხას პოლიტიკური მიზნებისთვის, როდესაც არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ საქართველოში და არც ის ფონდია პოლიტიკური პარტია, რომელსაც თანხა გადმოვურიცხე. რაც შემეხება მე, პოლიტიკური თავშესაფარი კი არ მაქვს, გერმანიის მოქალაქე ვარ, გერმანელი. ეს არ არის ჩემი პირადი შეწირულობა, ეს განახორციელა საქველმოქმედო ფონდმა რომლის სახელია Ost Eeuropa - Media und geselshaft, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც მე ვარ. მე შევასრულე გერმანული საქველმოქმედო ფონდის დავალება და დავეხმარე საქართველოში მოქმედ საქველმოქმედო ფონდ "ქომაგს", რომელიც თავის მხრივ, პატიმრების ოჯახებს და სამსახურიდან გათავისუფლებულ ადამიანებს უნდა დახმარებოდა. სად არის აქ პოლიტიკური მიზნები, მე არ მესმის", - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.
კონტროლის პალატამ ფიზიკური პირი ბიძინა გიორგობიანი, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესების დარღვევისათვის სამართალდამრღვევად ცნო. საქმე გიორგობიანის მიერ ფონდ "ქომაგის" ანგარიშზე განხორციელებულ შემოწირულობას ეხება.
როგორც მონიტორინგის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, გიორგობიანს გაეგზავნა სამართალდარღვევის ოქმი და ადმინისტრაციული საქმის მასალები, ასევე, ეცნობა ადმინისტრაციული საქმის განხილვის სხდომის დრო და ადგილი.
"საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდი "ქომაგი", მისი საჯაროდ განცხადებული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, დაკავშირებულია პოლიტიკურ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"-სთან და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 261-ე მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტია. შესაბამისად, მასზე ვრცელდება ორგანული კანონით განსაზღვრული რეგულაციები. აღნიშნული ფონდის ანგარიშზე, პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა მატერიალური დაინტერესების მიზნით, ფიზიკურმა პირმა ბიძინა გიორგობიანმა, საქართველოში არალიცენზირებლი ბანკიდან, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, 2012 წლის 10 მაისს 90 000 ევროს ოდენობით უკანონო შემოწირულობა განახორციელა, რის გამოც საქართველოს კონტროლის პალატის მიერ საერთაშორის საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდი "ქომაგის" ანგარიშს ყადაღა დაედო",- ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში.
"ქომაგის" ანგარიშების დაყადაღების შესახებ განცხადება კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურმა 18 მაისს გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნული ქმედების მიზაზად "17 მაისს, ფონდის ანგარიშზე უცხოეთიდან "საქართველოს კონსერვატიული პარტიის" საგარეო ურთიერთობათა მდივნის, ბიძინა გიორგობიანის მიერ 90 000 ევროს ოდენობის ტრანზაქციის განხორციელება" იყო დასახელებული.