რამაზ საყვარელიძე:

რამაზ საყვარელიძე: "ფაქტია, რომ დასავლეთის მხრიდან 26 მაისის დარბევას მწვავე რეაქცია არ მოჰყოლია..."

"ჩემი აზრით, 26 მაისს მომხდარი ტრაგედიის შეფასება, რაც დრო გავა, უფრო უარყოფითი იქნება. 26 მაისზე ლაპარაკისას ხშირად იხსენებენ 2007 წლის 7 ნოემბერს, მაგრამ ამ ორ მოვლენას შორის მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება გაივლოს პარალელი. მართალია, ორივე შემთხვევაში მოხდა ძალის გადამეტება, მაგრამ 2007 წელს მომხდარზე პრეზიდენტმა პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა. შემდეგ როგორ დაბრუნდა ხელისუფლებაში და რა მოხდა, ეს სხვა საკითხია. უბრალოდ, ამით იმის ხაზგასმა მინდა, რომ 2007 წლის ნოემბერში იმ მოვლენებს ხელისუფლების მხრიდან რაღაც თვითკრიტიკული რეაქცია მოჰყვა. 26 მაისის შემდეგ მსგავსი არაფერი გვინახავს", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეს გაზეთ "ყველას სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ერთია, როცა ხდება ტრაგედია, მაგრამ მეორე უბედურებაა, როდესაც ეს ტრაგედია ლამის კანონზომიერებად ცხადდება". 

"მომხდარში ხელისუფლებას ერთი წუთითაც არ დაუდანაშაულებია თავი, მეტიც - კიდევ უფრო დაუნდობელი გახდა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიმართ. ვიცით, რომ 26 მაისს მოჰყვა სერიოზული რეპრესიები. დავინახეთ ერთი რამ, თუ 2007 წლის 7 ნოემბერი კიდევ შეიძლებოდა შემთხვევით შეცდომად შეფასებულიყო, 26 მაისს ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ შეცდომა კი არ დაუშვა, არამედ ეს იყო მისი პრინციპული პოლიტიკური ხაზი. ერთია, როცა ხდება ტრაგედია, მაგრამ მეორე უბედურებაა, როდესაც ეს ტრაგედია ლამის კანონზომიერებად ცხადდება. როგორც ჩანს, 2007 წელს ხელისუფლების ნაბიჯი და დროებით უკან დახევა არ იყო შიდა პროცესებით განპირობებული. 7 ნოემბრის მოვლენებისას დასავლეთი განსაკუთრებით გააღიზიანა მედიიის ხელყოფამ და ამიტომაც იყო ასეთი მკაცრი. სააკაშვილმა ამას ანგარიში გაუწია. 2011 წელს კი სწორედ დასავლეთმა აუნთო მწვანე შუქი 26 მაისის მოვლენებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

"ვგულისხმობ არა მხოლოდ ამერიკის ელჩ ჯონ ბასის განცხადებას რამდენიმე საათით ადრე, როდესაც მან მომიტინგეებს აქციის დაშლამდე მოუწოდა. როგორც წესი, ბევრი რამ ხდება ხოლმე კულუარებში ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით. ფაქტია, რომ დასავლეთის მხრიდან 26 მაისის დარბევას მწვავე რეაქცია არ მოჰყოლია. არადა, დასავლეთს სააკაშვილის ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენა რომ შეუძლია, დღესაც კარგად ჩანს, აგერ კონსტიტუციას ატრიალებენ 180 გრადაუსით იმისთვის, რომ როგორმე დასავლეთის მოთხოვნებს გასცენ პასუხი და თანაც თვითონაც ძალიან არ იზარალონ - ანუ იქ, სადაც დასავლეთს სურს, რომ გაუწიონ ანგარიში, ამას კარგად ახერხებს", - განაგრძობს პოლიტოლოგი.

"არა მგონია, დამოუკიდებლობის დღის ქუთაისში აღნიშვნა მაინცდამაინც შარშანდელ 26 მაისს უკავშირდებოდეს, სააკაშვილი თბილისიდან მაშინაც გაიქცა, როდესაც 2009 წელს ოპოზიციამ სტადიონზე აღნიშნა დამოუკიდებლობის დღე. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისი მას არ იღებს და ეს ქალაქი არც მას ეხატება გულზე. ყველა ჯერზე, როცა კი დედაქალაქში ვითარება რთულდება, სააკაშვილი გარბის თბილისიდან, ამიტომაც მის ამ წასვლას გაქცევა რომ არ დაარქვან, ადგა და გადაწყვიტა, რომელიმე სხვა ქალაქში ჰქონოდა საყრდენი, ასე ვთქვათ, მეორე პოლიტიკური ცენტრი, ამიტომ გადაწყვიტა ქუთაისში პარლამენტის აშენება. მოკლედ, მისი ეს ნაბიჯი, მისთვის იძულებითი ნაბიჯია", - დასძენს რამაზ საყვარელიძე და შეკითხვას - "სააკაშვილის ბოლოდროინდელ მოქმედებებს ოპოზიციის ნაწილი ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელსა და არაადეკვატურს უწოდებს", პასუხობს: 

"მე ვიცნობ მიშა სააკაშვილს. ეს არის ერთ-ერთი ჭკვიანი ქართველი პოლიტიკოსი - რეალისტი და პრაგმატისტი. იმპულსურობა ახასიათებს, მაგრამ ნურავინ მოიტყუებს თავს იმით, რომ ამ იმპულსურობის იქით მას გათვლის უნარი დაკარგული აქვს. ამდენად, მე არ მიმაჩნია სერიოზულად მის იმპულსურობაზე გაუთავებელი აპელირება. ასე მგონია, სააკაშვილი ხშირად თამაშობს კიდეც ამ იმპულსურობას. მის ნაბიჯებს ძალიან სერიოზული შეფასება სჭირდება. ჩვენი ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ბოლო რვა წელიწადია სააკაშვილის არაადეკვატურობაზე ლაპარაკობს, თუმცა ფაქტია, რომ მან აქამდე მოაღწია და მასთან ოპოზიცია ვერაფერს გახდა... რაც შეეხება ნატო-ს სამიტს, იმთავითვე იყო ნათქვამი, რომ ნატოს გაფართოების საკითხი ამ სამიტზე არ დადგებოდა. თუმცა, არც იმას ველოდი, რომ საქართველოს შესახებ მიღებულ საბოლოო დოკუმენტში წინ წამოიწევდა არჩევნების საკითხი, არადა, წამოიწია. იქ შავით თეთრზე ჩაიწერა, რომ ნატოსთვის მნიშვნელოვანია საქართველოში როგორ ჩაივლის 2012-2013 წლების არჩევნები და რომ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს უნდა მიეცეს სრულფასოვანი მონაწილეობის უფლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია".