ალექსანდრე რუსეცკი: ნინო ბურჯანაძე ხსნის ფრონტის მეორე ხაზს

ალექსანდრე რუსეცკი: ნინო ბურჯანაძე ხსნის ფრონტის მეორე ხაზს

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მთავარი ის კი არაა, თუ ვინ გაიმარჯვებს არამედ - პოლიტიკური თამაშის როგორი წესები დამკვიდრდება საქართველოში - მოხდება თუ არა პოზიტიური ტრანსფორმაცია პოლიტიკური კულტურის და პოლიტიკური სისტემის. 
შევძლებთ თუ არა პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ახალი დონის მიღწევას? მოვახერხებთ რომ მოხდეს არა პოლიტიკური ხელისუფლების ტოტალური ოკუპაცია და ახალი მონოპოლიის დაწესება, არამედ ძალაუფლების გადანაწილებაზე ზრუნვა. 
ნაცმოძრაობის ელიტას არ ესმის დღეს რომ ხელისუფლების გადანაწილების და შესაბამისად ამისა პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისგებლობის გადანაწილების პროცესი მას უკვე უნდა დაეწყო. 
მაგრამ საკუთარი საზოგადოებიდან სრული იზოლაცია უქმნის საფრთხეს პირველ რიგში თვითონ ნაცმოძრაობას და მათ ლიდერებს.
სულ უფრო და უფრო ღიად და ხმამაღლად ისმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მუქარა და წყევლა. 
და შიში საკუთარი ხალხის ბადებს აგრესიას და დაშინების პოლიტიკას - ტერორს.
და ხელისუფლება ამას გრძნობს. მაგრამ ისე ღრმად შეტოპეს, რომ გამოსავლის პოვნა უჭირთ. 
მათ სჭირდებათ დახმარება. უნდა ვილოცოთ რომ პოლიტიკური ტრანსფორმაცია წარიმართოს მშვიდათ.

დემოკრატიული ნიჰილიზმიდან პოლიტიკურ რეალიზმამდე

საქართველოს ბევრ მოქალაქეს ჯერ კიდევ არ სჯერა იმის რომ ხელისუფლება შეიძლება შეიცვალოს არჩევნების გზით. მათი აზრით ეს არ შეიძლება მოხდეს იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც ფაქტობრივად ინარჩუნებს მონოპოლიას საარჩევნო პოლიტიკურ რესურსებზე. გამომდინარე აქედან ამ მოქალაქეების დამოკიდებულება საარჩევნო პროცესის მიმართ არის სკეპტიკური. მათი აზრით, ხელისუფლება ფლობს ადმინისტრაციულ რესურს და მანიპულაციის სხვა და სხვა შესაძლებლობებს. ხელისუფლების ძალების მობილიზაცია ოქტომბრამდე გაგრძელდება, და საარჩევნო კამპანიის მთავარი სვლები წინასწარ გათვლილია. 

მაგალითად, ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა, როგორიცაა "დემოკრატიული მოძრაობა" ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით ამ მიზეზით 2012 წლის 21 მაისამდე თავს იკავებდა საარჩევნო ბატალიებში აქტიური მონაწილეობისაგან. ისინი თვლიდნენ, რომ ამ ხელისუფლების განდევნა არჩევნების მეშვეობით - პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ 21 მაისს მოხდა მნიშვნელოვანი რამ - "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა განაცხადა მზადყოფნა წინასაარჩევნო თანამშრომლობისათვის სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და ბლოკებთან. ეს ახალი პოლიტიკური სვლაა და აძლევს ბურჯანაძეს სერიოზული პოზიციონირების შესაძლებლობას.

ბურჯანაძე და "თავისუფალი დემოკრატიული დერეფანი"

ექსპერტების ნაწილის აზრით, ბურჯანაძის "დემოკრატიულმა მოძრაობამ" ხელი შეუშალა 2011 წლის მაისში ოპოზიციის კონსოლიდაციას და თავისი რადიკალური გამოსვლებით მისცა საშუალება ხელისუფლებას ჩაეხჩო ოპოზიციური ტალღა. "ბელა-ჩაუს" ტიპის აქციებმა შელახა ოპოზიციის იმიჯი როგორც მოსახლეობაში, ისე საერთაშორისო დონეზე. მათი აზრით, ბურჯანაძე დღესაც თამაშობს ხელისუფლების თამაშს, ცდილობს შეასუსტოს ოპოზიცია და დააკარგვინოს არჩევნების დროს ხმები.

სხვა ექსპერტები კი თვლიან, რომ ზუსტად ამ რადიკალურმა ძალამ, 26 მაისის გარეგნულად საკმაოდ უხეში აქციის შედეგად, განაპირობა საქართველოში "თავისუფალი დემოკრატიული დერეფნის" შექმნა და 2011 წლის შემოდგომაზე ახალი პოლიტიკური პოლუსის წარმოქმნა და "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური მონოპოლიის მსხვრევის პროცესის დაწყება. ისინი თვლიან, რომ სხვა ოპოზიციური ორგანიზაციები სათანადოთ არ აფასებენ "დემოკრატიული მოძრაობის" გაცნობიერებულ პოლიტიკურ თავგანწირვას და ამავე დროს მის შესაძლებლობებს. 

გამომდინარე აქედან, უახლესი პოლიტიკური ისტორიის თვალსაზრისით, "ქართული ოცნება" წარმოადგენს ახალ მესამე ცენტრს, ხოლო "დემოკრატიული მოძრაობა" - მეორეს.

საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია, რომ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურმა მოძრაობამ არა მხოლოდ მიიღოს მონაწილეობა ოქტომბრის არჩევნებში, არამედ მიაღწიოს სერიოზულ წარმატებას. და ამის შანსი მათ აქვთ სერიოზული. ამ შემთხვევაში, არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობის დონე იქნება ბევრად მაღალი ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ეს მოძრაობა დარჩება ხელისუფლების გარეთ. 
მეორეს მხრივ - საზრუნავია თუ ვინ დაიკავებს მთავარ პოზიციებს მომავალ ოპოზიციაში მიუხედავათ იმისა თუ რა შედეგით დამთავრდება არჩევნები. 

პოლიტიკური რომანტიზმიდან ოცნების რეალიზაციამდე 

ივანიშვილის მომხრეები თვლიან, რომ მიუხედავად სიძნელეებისა, ისინი შეძლებენ სააკაშვილის "ნაციონალების" ტოტალურ დამარცხებას ოქტომბრის არჩევნებში. ისინი ეცდებიან, რომ მიაყენონ დარტყმა იმ წერტილებში, სადაც ხელისუფლება არის სუსტი.

• "სააკაშვილის ფენომენი"
• შელახული საერთაშორისო იმიჯი. 
• ადამიანის ღირსების ხელყოფა და ადამიანის უფლებების დარღვევა
• "ვარდისფერი" გიპერკლანური კორუპცია

"მეოცნებეები" აპირებენ გამოაჩინონ რეალური სახე ხელისუფლების, მათ მიერ კონტროლირებადი საინფორმაციო და საკომუნიკაციო საშუალებებით მოახდინონ მისი დისკრედიტაცია როგორც შიდა ისე გარე პოლიტიკურ ბაზარზე (რაშიც ბატონი სააკაშვილი საკუთარი ქმედებებით მათ ამაში აქტიურად ეხმარება).

მათ გააჩნიათ საარჩევნო კაპიტალი და სერიოზული მხარდაჭერა საზოგადოებაში. "მეოცნებეების" ძირითად ძალას წარმოადგენს არა ბიძინა ივანიშვილის ფინანსები, არამედ ის პოლიტიკური ნიშა, რომელიც მათ უკავიათ დღეს და ძლიერი ადამიანური კაპიტალი. ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ მიუხედავათ ძლიერი ინტელექტუალური კაპიტალის კონცენტრაციისა, მართვის ამორფული სისტემა არ იძლევა სათანადო ეფექტს, რაც იწვევს გაღიზიანებას არა მხოლოდ შიგნით "მეოცნებეების საშუალო ფენებში", არამედ საქართველოს საზოგადოებაში მთლიანად - იმ ადამიანებში, პოტენციურ ამომრჩევლებში, ვინც ელოდება "მეოცნებეებისაგან" კონკრეტულ ალტერნატივას. 

ივანიშვილის "პოლიტიკური ნიშა", ნინო და მიშა

ივანიშვილი ბურჯანაძესთან დაპირისპირებით, ამ ეტაპზე, სერიოზულ ოპონენტს კი არ იქმნის, არამედ სტრატეგიულ მოკავშირეს. მის ინტერესშია დღეს არა ბურჯანაძესთან ალიანსი, არამედ ბურჯანაძის გააქტიურება და გაძლიერება. 
მას გააჩნია შიდა მოკავშირეები, იგი იქმნის საკუთარ (შედარებით) დამოუკიდებელ სტრუქტურას და ამავე დროს ზრუნავს ახალი ძალის გამოჩენაზე.

პოლიტიკური ტრიუმვირატის შემთხვევაში "მეოცნებეები" აღმოჩნდებიან პოლიტიკურ ცენტრში - ბურჯანაძესა და სააკაშვილს შორის. ამიტომ ივანიშვილმა სხვა და სხვა ხერხებით უნდა მოახერხოს ამ პოლიტიკური ცენტრის ოკუპაცია. და იგი როგორც ჩანს ამას მოახერხებს, თუ მას ამაში ბურჯანაძე დაეხმარება.

ასე რომ ეს ნიშნავს სააკაშვილისათვის მეორე ფრონტის გახსნას. "ნაცებს", მიუხედავათ არსებული რესურსებისა, 2012 წლის 21 მაისის გადასახედიდან გაუჭირდებათ გამარჯვება. 
რა თქმა უნდა ნინო ბურჯანაძისათვის ერთ-ერთი საფრონტო ხაზის სარდლობა უფრო საინტერესოა ვიდრე "შეურიგებელ" ოპოზიციაში პარალიზირებული ყოფნა.
მით უმეტეს ეს პოზიცია საშუალედო და კომპრომისულია მის შიდა სამზარეულოშიც, სადაც მას ნაწილი ექაჩება ივანიშვილთან ღია ალიანსისაკენ, ნაწილი კი რადიკალურ ოპოზიციონერის იმიჯის შენარჩუნებას ურჩევს.
ამ შემთხვევაში ბურჯანაძე ინარჩუნებს დამოუკიდებლობის მეტ ხარისხს, და ბრუნდება იმ არენაზე, სადაც მას უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს ვიდრე ქუჩაში.


ბურჯანაძე და "მიტოვებული სამყარო"

ბურჯანაძეს აქვს სხა რესურსი რომელიც არ გააჩნია არც ივანიშვილს და არც სააკაშვილს.
ეს არის თანამშრომლობის პერსპექტივა გარიყულ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან.
და ნაწილი ამ ორგანიზაციების დიდი სიამოვნებით გაერთიანდება ნინოს გარშემო. იმიტომ რომ მასთან ერთად წარმოდგენილია უნიკალური თავისი თვისებებით პოლიტიკური ფიგურანტების წრე. როგორც ეროვნული მოძრაობის ლიდერები, ისე კომუნისტური პარტიის და კომკავშირის აქტივისტები, გამოჩენილი სპორტსმენები და კულტურის მოღვაწეები, უხუცესები და თინეიჯერები.
ეს საინტერესო ფენომენია, ისინი ვინც ებრძოდნენ ერთმანეთს, ერთიანდებიან. და არა მგონია რომ მათ აერთიანებდეთ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის სიძულვილი.


ბურჯანაძე და "კონსოლიდანტები"

სააკაშვილის მომხრეების მთავარი სტრატეგია - "კონსოლიდირებული ხელისუფლების" გეგმაა. მათ კარგად ესმით, რომ ხელისუფლების შენარჩუნება იქნება რთული. ამიტომ ეცდებიან შიდა და გარე ტერორის მეშვეობით ერთიანობის შენარჩუნებას. არ არის გამორიცხული, რომ ამ პროცესს შეეწიროს რამოდენიმე სხვა და სხვა კალიბრის და სხვა და სხვა პროფილის ადმინისტრაციული ფიგურა და ბიზნესმენი.

თუ ძალიან გაუჭირდებათ, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ მოახდინონ ტერორისტული აქტის პროვოცირება და დიდი ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება. 
ეს ოპერაცია ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული რესურსების უფრო აქტიურ გამოყენებას, და შეზღუდავს ოპოზიციის მოქმედებებს. პირველ რიგში ეს იქნება დარტყმა რადიკალური ოპოზიციის მიმართულებით. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ბურჯანაძემ და მისმა მომხრეებმა უარი განაცხადონ "ყველანაირ "ბელა-ჩაუებზე" და არ მისცენ ხელისუფლებას საბაბი მორიგი პროვოკაციის.
მითუმეტეს, რომ უხეში მეთოდები და დაშინების პოლიტიკა ხელისუფლების მხრიდან გაიზრდება. 


21 მაისი - ტერორის და "ანტიტერორის" ახალი ტალღის დასაწყისი?

21 მაისს მოსკოვში გენერალ დუმბაძის მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტი შესაძლებელია რომ იყოს ამ თამაშის განუყოფელი ნაწილი და ტერაქტების სერიის "მახარობელი". ასე რომც არ იყოს, პოლიტიკოსები გამოიყენებენ ამ მკვლელობას საკუთარი ინტერესებისათვის. გენერალ დუმბაძის მკვლელობა ნებისმიერ შემთხვევაში დააფიქრებს "მერყევ" სამხედროებს იმაში თუ როგორ შეიძლება დაამთავრონ თავისი ცხოვრება "მოღალატეებმა".

არც ისაა გამორიცხული, რომ საკუთარი თავის გადარჩენიასათვის "ნაცებმა" ხელი შეუწყონ კიდევ ერთი კონფლიქტის აგორებას, და მორიგი ტერიტორიების და ხარჯზე მოახდინონ შენარჩუნება ხელისუფლების - მინიმუმ 2013 წლამდე. 

ამ ვითარებაში, "ნაცები" წარმოადგენენ სერიოზულ საფრთხეს საზოგადოებისათვის და სახელმწიფოსთვის. და ზუსტად ამიტომ ოპოზიციამ უნდა იფიქროს არა მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებაზე, არამედ "ნაცების" ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებაზე. მათი "კედელთან მიყენება" - დაუშვებელია.

ოპოზიციური რევანშიზმის საფრთხე საქართველოსთვის

ყველანაირი ექსტრემისტული განცხადებები და ქმედებები ოპოზიციის მხრიდან უნდა დაიგმოს. "ნაცებში" არის საკმარისი კრეატიული და პროფესიონალური პოტენციალი რომელიც უნდა დარჩეს ხელისუფლებაში ან მომავალ ხელისუფლებასთან მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება საარჩევნო ბატალიები. და ეს ადამიანები სხვაზე არანაკლები პატრიოტები არიან.

ბიძინა ივანიშვილმა უნდა გაითვალისწინოს ეს ფაქტორი და მისცეს გამარჯვების შემთხვევაში ერთის მხრივ "ჰუმანიტარული კორიდორი" ახალი ტალღის "პოლიტიკურ ემიგრანტებს", მეორეს მხრივ ეცადოს პროფესიონალური კადრების გამოყენებას საქართველოს ინტერესებში.

და პირიქითაც, შესაძლებელია რომ "ნაცებში" გაჩნდეს ძალა, რომელიც სრული ბლოკადის მიუხედავათ, აღიარებს დაშვებული შეცდომების ხარისხობრივად მნიშვნელოვან ნაწილს, არ შეეშინდება და იპოვის საერთო ენას ოპოზიციასთან. 

მიუხედავათ არჩეული სტრატეგიისა, "კონსოლიდანტებში" განხეთქილება გარდაუვალია. და ეს განხეთქილება იქნება შედეგი პირველ რიგში იმ ავტორიტარიზმის, რომელიც მათ მართავთ, და რომლითაც ბევრი მათგანი არის შეურაწყოფილი პირადად. 

კონსალიდანტების მთლიანობის შენარჩუნება შეუძლია მხოლოდ ერთადერთ ძალას, ეს არის პოლიტიკური ექსტრემიზმი მათ შიგნით და პოლიტიკური ექსტრემიზმი მათ გარეთ - ოპოზიციის რევანშიზმი. ეს არის მთავარი საფრთხე რომელიც ემუქრება საქართველოს საზოგადებას.

ამიტომ უნდა ვილოცოთ მათთვის ვინც მზადაა აწიოს იარაღი თანამოქალაქეზე.
მივცეთ მათ სესაძლებლობა მშვიდათ გავიდნენ პოლიტიკური სისტემიდან.
სხვა გზა - ძვირად დაუჯდება ჩვენს საზოგადოებას.

კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი, ფსიქოლოგი - ალექსანდრე რუსეცკი