მამუკა არეშიძე:

მამუკა არეშიძე: "საქართველოს რკინიგზის ყიდვა რუსეთს უნდა"

"განსაზღვრულ ძალებს მართლა სურთ, ერთგვარი ტესტირება მოუწყონ ქართველ საზოგადოებას... 30 მაისს არის დავით გარეჯელის ხსენების დღე, მის წინ მოხდა ეს ყველაფერი. რჩება შთაბეჭდილება, ყოველივე იყო შეგნებულად გააზრებული, რომ ამ ყველაფრის პიკს მიეღწია 30 მაისისთვის, მომხდარიყო ქართველებისა და აზერბაიჯანელების დაპირისპირება თუნდაც საყოფაცხოვრებო დონეზე. მე ცალსახად ვამბობ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მთავარი დამნაშავე ამაში არის საქართველოს ხელისუფლება - როგორც დღევანდელი, ასევე წინამორბედი", - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "საქართველოს რკინიგზის ყიდვა რუსეთს უნდა".

"ის რომ სადავო ტერიტორიაა, ამას არავინ უარყოფს - სამწუხაროდ, ზოგიერთ ადმინისტრაციულ რუკაზე მართლა არის ეს მონაკვეთი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არც ერთი საერთაშორისო თუ საბჭოთა დოკუმენტებით არ დასტურდება. უამრავი რუკა არსებობს, რომელშიც ჩვენს საზღვარზეა, ზოგან კვეთს - მე სხვა რამეს ვგულისხმობ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი! ვიმეორებ, არც ერთი საერთაშორისო დოკუმენტით ეს დადასტურებული არ არის არც ერთი მხარის სასარგებლოდ, ეს არის მოლაპარაკების თემა. მე ჯერჯერობით არ მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რამე დოკუმენტს მოაწერა ხელი და ვერც აზერბაიჯანული მხარე ვერ ახდენს ამ დოკუმენტის დემონსტრირებას - აქედან გამომდინარე, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ავანტიურა საზოგადოებრივი აზრის მომზადებისთვის იყო ორიენტირებული - რა რეაქციები მოჰყვებოდა ამას. ტესტი იმიტომ კი არ კეთდებოდა, რომ დღეს თუ ხვალ გადაეცემა აზერბაიჯანულ მხარეს, არამედ მოხდება თუ არა ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"აბსოლუტურად ყველაფერი უკავშირდება საზოგადოებრივ აქტივობას და ყურადღების გადატანის მცდელობას. ნიადაგის მოსინჯვა სხვადასხვა მიმართულებით, ყველაფერი ეს არის ერთ კონტექსტში, - გადაფარვა სხვადასხვა თემატიკის. ახლა ირკვევა, რომ ბათუმში იუნკრების საფლავი გაყიდეს, ქართველმა საზოგადოებამ კი ამაზე რეაგირება ვერ მოახერხა, იმიტომ რომ გადართულია გარეჯის საკითხზე - ეს ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების კონტექსტშია - მუდმივად ახალ-ახალი თემებით ერთი-მეორის გადაფარვა, რომ საზოგადოებამ რეაგირება ვერ მოახერხოს. ამავე კონტექსტშია რკინიგზის პაკეტის გატანა ლონდონის საფონდო ბირჟაზე. 250 მილიონს ელოდებიან ამ 25%-ის გაყიდვით. ყველამ იცის საქართველოში, ვინ შეიძლება გახდეს ამ არასაკონტროლო პაკეტის მფლობელი - მხოლოდ რუსეთი. სხვა არავინ იყიდის ამ არასაკონტროლო პაკეტს, ვის რაში სჭირდება დაქცეული საქართველოს რკინიგზის 25%?" - განაგრძობს რესპონდენტი.

"რუსეთი იყიდის იმ პერსპექტივით, რომ განაგრძობს მთლიან პაკეტზე დავას და ვაჭრობას, ყველანაირად ეცდება, რკინიგზის მართვა ჩაიგდოს ხელში. მთავარი ის არის, რომ საერთაშორისო ნორმებიდან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზის შემადგენლობაში დღეს ისევ შედის აფხაზეთის რკინიგზა, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს და ამიტომ საქართველოს რკინიგზის 25% მისთვის მნიშვნელოვანია. შემდგომში თუ გაგრძელდა კიდევ აქციების შეძენა - საერთო რაოდენობას საკონტროლო პაკეტამდე აიყვანს. რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხაზის გახსნა - მხედველობაში მაქვს ერევნის მიმართულება - ის შეუერთდება სომხეთის რკინიგზას და აზერბაიჯანი აღმოჩნდება ტომარაში. ეს თემაც უკვე გადაიფარა, იმიტომ რომ სხვა თემაზე ვართ ორიენტირებული და არ ვაქცევთ ყურადღებას, ასევე არ ვიცით, რა ხდება ბათუმში, საზღვრის სხვა მონაკვეთებზე და ა.შ. ჩვენს ხელისუფლებას აქვს პიართემები, რომლებსაც მისდევენ წლების განმავლობაში და რომელიც სტრესულ მდგომარეობაში ამყოფებს საზოგადოებას", - დასძენს მამუკა არეშიძე.

"მიაქციეთ ყურადღება, დღეს ხელისუფლება ხალხისთვის მოქმედებას ნაკლებად ცდილობს - არჩევნების წინ ადრე იყო ხოლმე ცრემლიანი თვალები პლაკატებზე და რაღაცების კეთება ხალხისთვის. დღესაც კეთდება, მაგრამ ნაკლებად - დღეს ხელისუფლება ძირითადად ორიენტირებულია ხალხის დაშინებასა და დათრგუნვაზე და ასეთი სტრესული ვითარებებით მოსახლეობის მართვაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ზოგს ჰქონია, რომ მოსახლეობის გაღიზიანების გამო ხალხი განუდგება ხელისუფლებას - არ არის ასე. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ერის მართვა შესაძლებელია. შეიძლება ამან რისხვა და რევოლუცია გამოიწვიოს, მაგრამ მეორე მხრივ, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ერი შეიძლება მართო ძალიან იოლად", - დაასკვნის ექსპერტი.