„ქართული აკადემია“ თანამოქალაქეებს 27 მაისს თავისუფლების მოედანზე შეკრებისაკენ მოუწოდებს

„ქართული აკადემია“ თანამოქალაქეებს 27 მაისს თავისუფლების მოედანზე შეკრებისაკენ მოუწოდებს

იმისთვის, რომ საქართველოში ვირტუალურ-პროპაგანდისტული „წარმატებები“ და „კეთილდღეობა“ დასრულდეს, „ქართული აკადემია“ თანამოქალაქეებს 27 მაისს თავისუფლების მოედანზე, კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„ქართული აკადემიის“ წევრ, რეჟისორ ნუკრი ქანთარიას თქმით, „ქართული აკადემია“ უერთდება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მოწოდებას 27 მაისთან დაკავშირებით, რადგან მიაჩნიათ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემის გადაჭრის დასაწყისი გახლავთ სწორედ 27 მაისი, 15.00 საათი, თავისუფლების მოედანი...

„ქართული აკადემია“ მოუწოდებს კოლეგებს, თანამოაზრებს - მხატვრებს, მეცნიერებს, მწერლებს, მსახიობებს 27 მაისს დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ და მტერსა და მოყვარებსაც დაუმტკიცონ, რომ შესწევთ ძალა ერთიანი ძალით შეცვალონ ხელისუფლება არჩევნების გზით.    

„ქართული აკადემიის“ წევრი, აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი მიიჩნევს, რომ  საქართველოს გადარჩენის შანსი რეალურად უკვე გამოჩნდა და იმის მოლოდინი, რომ რაღაც განსაკუთრებული თავისთავად, მოქალაქეების ჩართვის გარეშე მოხდება, გაუმართლებელია. თემურ ნანეიშვილის აზრით, განსაკუთრებული მოვლენა თავად ჩვენ, მოაზროვნე ადამიანებმა უნდა შევქმნათ. მით უფრო, რომ 27 მაისის ხალხმრავალ შეკრებაზე არ იქნება „მიშა, გადადექი“-ს ძახილი, არამედ ეს იქნება ორიგინალური, ცივილიზებული, დასავლური ქვეყნებისთვის ნიშანდობლივი წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისი და ამას საზეიმო სახე ექნება.  

თემურ ნანეიშვილი განსაკუთრებული აქტიურობისკენ მოუწოდებს ახალგაზრდებს. მისი აზრით, მომავალი თაობა ამ შეკრებას უნდა შეუერთდეს, რადგან სწორედ მათთვის უნდა შეიცვალოს გარემო და მათ დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ.

„ქართული აკადემიის“ თანამოქალაქეებისადმი მიმართვის ტექსტი დღეს მსახიობმა და ამავე ორგანიზაციის წევრმა ნოდარ მგალობლიშვილმა გააცნო საზოგადოებას.

„იმისათვის, რომ საქართველოში დასრულდეს ვირტუალურ-პროპაგანდისტული „წარმატებები“ და „კეთილდღეობა“, შეიქნას დაბალანსებული სახელისუფლო შტოები, გაჩნდეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალური პერსპექტივა, დამკვიდრდეს სამართლიანი სასამართლო და დამოუკიდებელი მედია, თავისუფალი ბიზნესგარემო, შეიქმნას და გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, ქვეყანა გახდეს საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი, დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში, აღდგეს მეცნიერებისა და კულტურის დარბეული კერები, განათლება და ჯანდაცვა გახდეს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, ახალგაზრდებს შეეძლოთ კონკურენტული განათლების მიღება, აღორძინდეს სოფლის მეურნეობა და გლეხს შეეძლოს საკუთარი შრომით ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა, უზრუნველყოფილ იქნას ხანდაზმულთა და ვეტერანთა ღირსეული ცხოვრება, საჭიროა ხალხმა გამოავლინოს მტკიცე ნება და დაუმტკიცოს საკუთარ თავსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ თვითონაა პატრონი და არა თავისი არსით ნეობოლშევიკური, ძალადობასა და ხალხის ინტერესთა დათრგუნვაზე ორიენტირებული ერთპარტიული ხელისუფლება,“ - ნათქვამია „ქართული აკადემიის“ მიმართვაში.    

Presage.tv თემურ ნანეიშვილსა და ნუკრი ქანთარიას ესაუბრა. თემურ ნანეიშვილის თქმით, „ქართული აკადემიის“ წევრები 27 მაისის შეკრების ორგანიზატორები არ არიან და მხოლოდ მხარდამჭერებად გვევლინებიან. თუმცა აკადემიკოსი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება პროვოკაციის მოწყობას.

„არ ვიცი, რა პროვოკაცია მზადდება, მაგრამ ეს ხელისუფლება ამის დიდოსტატია და შეეცდებიან, რაიმე მოიფიქრონ. მიმაჩნია, რომ პროვოკაცია იყო სწორედ ის, რაც გააკეთეს დავით გარეჯთან მიმართებით. მათ სურდათ, ქართულ საზოგადოებას აზერბაიჯანის საელჩოსთან გაემართა საპროტესტო აქცია. მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ, ბოდიში და, „არ ჭამა“ ეს. დავით გარეჯის მხარდასაჭერად მათ შესანიშნავი ღონისძიება მოაწყეს, მაგრამ აზერბაიჯანის საელჩოსთან არ მისულან. 27 მაისამდე კიდევ დარჩა რამდენიმე დღე და სხვა მცდელობებიც ექნებათ, რომ ეს თარიღი გადაფარონ“, - აცხადებს თემურ ნანეიშვილი.

მისი თქმით, საოცარი რამ მოხდა გუშინ ჩიკაგოში, როცა ჩიკაგოს სამიტმა მიიღო გადაწყვეტილება და დეკლარაციაში ჩაწერეს, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს ნორმალური არჩევნები და მაშინ მიგიღებთო. მეცნიერი არ მალავს, რომ ძალიან გაუკვირდა, ნატოს სამიტის გადაწყვეტილებაში საქართველოს შინაურ საკითხებზე რომ იყო საუბარი. მართალია, ამას ხელისუფლება დიდი სიამაყით აცხადებს, მაგრამ, სინამდვილეში, „ეს სამარცხვინოა, სად ნატოს სამიტი და სად არჩევნების ჩატარება?!“ - მიიჩნევს თემურ ნანეიშვილი. მისი სიტყვით, ჩვენი ხელისუფლება თავად არის ნატოში შესვლის წინაღობა.

„კოალიცია „ქართული ოცნების“ ადგილზე რომ ვიყო, ამ საკითხს აქტიურად დავსვამდი და საზოგადოებას გავაგებინებდი, რომ ნატოში შესვლის გზაზე წინააღმდეგობას ქმნის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც საკუთარ კარიერას ანაცვალებს ამ მნიშვნელოვან საქმეს. გამოდის, ისინი სკამიდან უნდა ააგლიჯო. შევალთ ნატოში და ჩვენი უსაფრთხოება დაცულ იქნება“.

აქვე თემურ ნანეიშვილი აცხადებს, რომ ახლა ვაჭრობის დრო არ არის და მიუღებელია შეთავაზება, თუ 26 მაისს კოალიცია „ქართული აკადემიის“ წევრები მივლენ „სახალხო კრების“ ორგანიზებით დაგეგმილ პანაშვიდსა და პარაკლისზე, მაშინ ისინიც შეუერთდებიან 27 მაისის აქციას.

„ეს „ქართული ოცნების“ საქმეა, მივლენ თუ არა სამების საკათედრო ტაძარში. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ საერთო ძალისხმევა მოხერხდება, მაგრამ მთელი ამ ხნის მანძილზე იმდენად ცუდი ბეგრაუნდი არსებობს და დღესაც არ წყდება ბრალდებები კოალიციის მიმართ, რომ ძნელია, ურთიერთობა. მაგალითად,  შესაძლო კოალიციის ერთ-ერთი წევრის მხრიდან (რომელსაც არ დავასახელებ), გაკეთდა განცხადება, თითქოს „ქართული ოცნების“ კოალიცია და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი პარტიის სხვადასხვა ფრაქცია არიან. ასეთი ბეგრაუნდის პირობებში როგორ შეიძლება ერთად დადგნენ, არ ვიცი“.

ამის მიუხედავად, მეცნიერი იმედოვნებს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ორივე მხარე მიხვდება, რომ გარკვეული კოორდინაცია აუცილებელია, რათა ხელისუფლება საბოლოოდ გაუშვან.

„შენ თუ არ მოხვალ, მეც არ მოვალ, - ეს უკვე საბავშვო თამაშია. მე მგონი, სასწორზე ძალიან დიდი რამ დევს და პარტიული ინტერესები გვერდზე უნდა გადაიდოს,“ - გვითხრა თემურ ნანეიშვილმა.    

რეჟისორი ნუკრი ქანთარია Presage.tv -სთან საუბარში აცხადებს, რომ, მართალია, ამ ხელისუფლებისგან ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ, ალბათ, პროვოკაციის გარეშე ჩაივლის 27 მაისის შეკრება, რადგან ამ თარიღისკენ მთელი საერთაშორისო საზოგადოების თვალი იქნება მიპყრობილი.

„27 მაისის დღე შთამბეჭდავი უნდა იყოს, რადგან ეს ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემის გადაჭრის დასაწყისია. ხალხი საკუთარი თავისთვის უნდა გამოვიდეს, რათა ოქტომბერში დამთავრდეს სააკაშვილი და არა - ერთ დღეში. ხელისუფლებას 27-ში, ღამით დაძინება გაუჭირდება. მან უკვე იცის, რომ ხალხის ნდობა დაკარგული აქვს, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ და ცდილობენ, შეინარჩუნონ ძალაუფლება“, -აცხადებს ნუკრი ქანთარია.