"იმ ადამიანების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ მინდა დავასახელო გვარები, მაგრამ ამ ინფორმაციას თავად "ნაციონალებში" გაწევრებული პედაგოგებისგან ვიგებ. ბევრჯერ მითქამს, რომ სკოლები გადაქცეულია "ნაციონალების ბუდედ", მაგრამ ბატონი ბიძინას გამოჩენა და მოახლოებული არჩევნები ვითარებას ნელ-ნელა ცვლის. მასწავლებლებში ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა ივანიშვილის თაოსნობით ფონდ "ქომაგის" დაარსებას, რომელიც 37-ე მუხლით განთავისუფლებულ პედაგოგებს ფინანსური კომპენსაციის სახით ყოველთვიურად გადაუხდის იმ ხელფასს, რომელსაც სკოლაში იღებდნენ", - აცხადებს საქართველოს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლია ნიკოლაიშვილი გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ პედაგოგების "ნაციონალური" აქტივი ოპოზიციის მხარეზე გადმოდის! კომისიის წევრები და "ნაცმოს" აქტივისტები შვილებს იფიცებენ, რომ არჩევნებზე "ნაციონალებს" არ შემოხაზავენ…"
"ფონდში, რომელსაც ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი ხელმძღვანელობს, პედაგოგებთან ურთიერთობის საკითხებს ვკურირებ. ამ ფონდის გამოჩენამ პედაგოგების განწყობა დაუჯერებლად შეცვალა. კომისიის წევრები და "ნაცმოს" აქტივისტები შვილებს იფიცებენ, რომ არჩევნებზე "ნაციონალებსა" არ შემოხაზავენ. ოჯახები გვყავს და შვილების გამო გვეშინია, თორემ აშკარად გამოვაცხადებდითო. შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ პედაგოგების "ნაციონალური" აქტივი ოპოზიციის მხარეზე გადმოდის და აქამდე ასეთი რამ ნამდვილად არ მახსოვს. გააქტიურებულია მშობელთა კოლექტივიც და ამაზე 181-ე სკოლის მაგალითიც მოწმობს. მინდა მადლობა გადავუხადო გალენა ოზიაშვილსა და სხვა მშობლებს, რომლებმაც პედაგოგის დაცვა გაბედეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია ნიკოლაიშვილი.
"საუბარს დავამთავრებ იმით, რითაც დავიწყე: სკოლებში გაუგონარი ერთსულოვნება შეიმჩნევა და ჩვენ რომ თავიდანვე ასე დავდგომოდით ერთმანეთს გვერდით, ხელისუფლება ამდენი პედაგოგის გათავისუფლებას ვერ შეძლებდა. თუნდაც მე რომ 89-ე სკოლიდან გამომიშვეს და 21 პედაგოგი უკან მომაყოლეს - თავიდან რომ გვერდით დამდგომოდნენ, თვითონაც არ დაკარგავდნენ სამსახურს! ის ერთსულოვნება, რომელიც სკოლებში გამოჩნდა, იმედს გვაძლევს, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ადამიანებს საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლის აღარ შეეშინდებათ", - დასძენს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაციის თავმჯდომარე.