ლადო პაპავა:

ლადო პაპავა: "სააკაშვილი უფრო ნაკლებად ამერიკული და უფრო მეტად რუსული პროექტია"

"ჩვენი ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი დერეფანია და მკაფიოდ გამოკვეთილი საერთაშორისო ეკონომიკური ფუნქცია აქვს, ეს აღიზიანებს ჩვენს დიდ მტერს რუსეთს. რკინიგზას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, ჩვენ კი გვყავს მისი მფლობელობით დაინტერესებული მტერი და რა თქმა უნდა, რკინიგზის გაყიდვაზე ლაპარაკიც არ შეიძლება", - აცხადებს ექსპერტი, პროფესორი ლადო პაპავა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ”შეიძლება სხვისი ტკივილი არ განიცადო, მაგრამ ადეკვატურად ხომ მაინც უნდა მოიქცე” / ”სააკაშვილი უფრო ნაკლებად ამერიკული და უფრო მეტად რუსული პროექტია”.

"რუსეთს სურს, რეგიონში ეკონომიკური ინსტრუმენტებით გაამყაროს კონტროლი, რაც "ლიბერალური იმპერიის" სახელით კეთდება. რუსეთმა უკვე დაამყარა კონტროლი სომხეთის რკინიგზაზე, სახელიც შეუცვალა და დღეს მას "სამხრეთ კავკასიის რკინიგზა" ეწოდება. ეს კი ნიშნავს, რომ მოსკოვის ინტერესები მარტო სომხეთით არ შემოიფარგლება, მას კავკასიის სხვა ქვეყნების რკინიგზის გაკონტროლებაც უნდა. ამ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ლონდონის ბირჟაზე რკინიგზის აქციები გაიტანოს, სახიფათოა - შეიძლება მკითხველმა თქვას, მხოლოდ 25% გააქვთ და ეს ხომ არ არის საკონტროლო პაკეტიო. რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ ქართველებს ერთი ანდაზა გვაქვს, "ბწკენა-ბწკენაში პატარძალი დაორსულდაო". აი, ასე, ნელ-ნელა შეიძლება წავიდეს ეს პროცესი და დავკარგოთ რკინიგზა, მაგისტრალური გაზსადენი, ისევე როგორც დავკარგეთ ბათუმისა და ფოთის პორტები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო პაპავა.

"ცალკე განსახილველია ის, რაც პრინსტონის უნივერსიტეტში მოხდა, - მას ქართველმა ემიგრანტმა დაუსვა კითხვები, რომლებმაც სააკაშვილი გააღიზიანა. მას არ უყვარს დისკუსია, მწვავე თემების განხილვა. პრეზიდენტს უყვარს მუნჯი აუდიტორია, სადაც ყველა კმაყოფილი და აღფრთოვანებული თვალებით შესციცინებს. როგორც კი ვინმეს კრიტიკული აზრი დაებადება, წონასწორობას კარგავს. გაიხსენეთ, რა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო სააკაშვილი ჯონდი ბაღათურიამ. მნიშვნელობა იმას კი არა აქვს, რა თქვა ბაღათურიამ, სიმართლე თუ ტყუილი - საქართველოს პრეზიდენტმა გაკრიტიკება ვერ აიტანა და დარბაზიდან გავარდა. როცა დაბრუნდა, შეურაცხყოფა მიაყენა გამომსვლელს. სააკაშვილს არ აქვს საიმისო რესურსი, რომ ოპონენტს ელაპარაკოს. მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ იმდენს ხვდება, რომ როდესაც მისთვის საჭირო ქვეყანაში ამის შესახებ ეკითხებიან, ეს ცუდია. მაგრამ შინაგანი რესურსი აღარ აქვს, რომ ადეკვატურად უპასუხოს და ამიტომ გადადის უზრდელობაზე", - განაგრძობს ექსპერტი. 

"მხოლოდ უზნეო ადამიანს შეეძლო წასულიყო ფეხბურთზე და შოპინგზე მილანში მაშინ, როდესაც მოქალაქეები ბარაკებში იხრჩობიან. შეიძლება სხვისი ტკივილი არ განიცადო, მაგრამ იმდენი შეგნება მაინც უნდა გქონდეს, ადეკვატურად მოიქცე. მეზობელი რომ გარდაეცვლება კაცს, შეიძლება სულ არ იყოს მისი ჭირისუფალი, მაგრამ ცდილობს, რიდით მოიქცეს, ტელევიზორი არ ჩართოს ან ხმაური არ გავიდეს მისი სახლიდან. ამით პატივს სცემს მეზობლის მწუხარებას. პრეზიდენტი კი ქვეყნის სიმბოლოა, მუდამ ყურადღების ცენტრშია და ვერ მოიქცევა ისე, როგორც რიგითი ადამიანი. მაგრამ ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა: გაიხსენეთ, 2008 წლის ომის შემდეგ მან ძვირად ღირებული მასაჟისტი, დოქტორი დოტი ჩამოიყვანა და მასთან ერთად ფოტოებს იღებდა. ბოდიში მკითხველთან, მაგრამ ამით ის ერთადერთ რამეს გამოხატავს - ფეხებზე მკიდია, თქვენ რას იფიქრებთო", - დასძენს ლადო პაპავა და შეკითხვას - "26 მაისს ქუთაისში პარლამენტის საზეიმო გახსნა იგეგმება. ხელისუფლება კვლავაც განაგრძობს სიმბოლური თარიღებით ცხოვრებას, ოღონდ ამჯერად საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდების ფასად, რადგან ამ დროისთვის მშენებლობის დასრულება, სავარაუდოდ, ვერ მოესწრება", - პასუხობს:

"როდესაც ვამბობ, რომ სააკაშვილი უფრო ნაკლებად ამერიკული და უფრო მეტად რუსული პროექტია, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ესეც არის. გავიხსენოთ, საბჭოთა კავშირის დროს, პარანოიამდე იყო დასული ყველაფრის ჩაბარება 1-ლი მაისისთვის, 7 ნოემბრისთვის. ერთხელ, თბილისში ხრუშჩოვი უნდა ჩამოსულიყო და ხიდის დასრულებას ვერ ასწრებდნენ. მოაჯირი რომ ვერ დაამონტაჟეს, მასზე ხალხი დააყენეს. ადამიანებს ცალი ხელით მოაჯირი ეჭირათ, მეორეს კი გენერალურ მდივანს უქნევდნენ მისალმების ნიშნად. ამგვარი რამ დღესაც გრძელდება - თარიღების თაყვანისცემის საბჭოური სტილი შეინარჩუნეს - სააკაშვილის მთავრობა წმინდა რუსული ნეობოლშევიკური პროექტია. ბათუმის ახალაშენებულ ოპერაში კონცერტზე წვიმის დროს ჭურჭელი ედგათ, წყალს რომ იატაკი არ გაეფუჭებინა - ასეთივე რამ ხდება პარლამენტშიც. კაცმა აიკვიატა, რომ 26 მაისს სხდომას ქუთაისში ჩაატარებს. მნიშვნელობა არ აქვს, მოესწრება თუ არა, დასრულებულია თუ არა. ნაციონალური არხები სწორედ იმ კუთხით დააყენებენ ტელეკამერებს, რომ გამოჩნდეს, რა ლამაზი და ბრწყინვალეა ყველაფერი. სინამდვილეში კი საქართველო სწორედ ზემოხსენებულ მდგომარეობაშია, - ცალი ხელით მოაჯირი უჭირავთ სააკაშვილის მხარდამჭერებს და გახარებული სახეებით მეორე ხელს იქნევენ".