ნატოს მზერა კავკასიისკენ არის მიპყრობილი

ნატოს მზერა კავკასიისკენ არის მიპყრობილი

2012 წლის დასაწყისიდან და განსაკუთრებით ნატოს ჩიკაგოს სამიტის წინ, ალიანსის მოქმედებებთან დაკავშირებულ საინფორმაციო რეპორტაჟებში სამხრეთ კავკასიას ხშირად ახსენებენ. პოლიტიკოსები და ექსპერტები, რომლებიც ამ რეგიონისადმი ნატოს მიდგომებს აფასებენ, ორ მთავარ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას: საქართველო, რომელიც ფორმალურ ნაბიჯებს დგამს იმ მიმართულებით, რომ განიხილონ მისი კანდიდატურა ალიანსში წევრობაზე, და „რუსული ფაქტორი“, განსაკუთრებით – მოსკოვის სიჯიუტე „ნატოს ევრაზიაში გაფართოვების“ საკითხზე. მართალია, ასეთი ანალიზი დისკუსიის ცენტრში აქცევს 2008 წლის ხანმოკლე რუსეთ-საქართველოს ომს და მის გეოპოლიტიკურ შედეგებს, თუმცა, სინამდვილეში ნატოს როლი აღნიშნულ რეგიონში გაცილებით დიდია.

ევოლუციური პოლიტიკა

ალიანსის პოლიტიკა კავკასიაში სტატიკური არასდროს ყოფილა. ხშირად, ის იცვლებოდა ხოლმე სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენით, მათ შორის შეერთებული შტატების და მათი ევროპელი მოკავშირეების სტრატეგიული ინტერესების და რეგიონალური მოთამაშეების მიზნებისა და გეგმების შესაბამისად. თუკი ადრე, სამხრეთ კავკასია საერთაშორისო დღის წესრიგის პერიფერიაზე არსებობდა, საბჭოთა კავშირის დაშლის და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბების შემდეგ, ის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა, როგორც საკუთარი მეზობლების, ასევე რეგიონს მიღმა არსებული გავლენიანი მოთამაშეებისთვისაც. ყოფილი ტრანსკავკასიური რესპუბლიკები უცბად საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად იქცნენ. მათ განსაზღვრეს საკუთარი ნაციონალური ინტერესები და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბებას სამხრეთ კავკასიაში თან ახლდა ისეთი ახალი მექანიზმების ძიება, რომელიც შექმნიდა გარანტიებს რეგიონალური უსაფრთხოებისთვის და ახალ ფორმატს საერთაშორისო თანამშრომლობისთვის.

1990-იან წლებში ალიანსი კავკასიის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს არ ავლენდა. მაშინ ნატოს ყურადღების ეპიცენტრში ბალკანეთის სიტუაცია და იუგოსლავიის დაშლა იყო. ნატოს გაფართოვების პერსპექტივები დამატებით დისკუსიის თემად იქცა, როგორც სქოლიო, „ევროპის დენთის კასრთან“ დაკავშირებული დღის წესრიგის მთელი რიგი პრობლემების განხილვის შემდეგ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ბულგარეთი და რუმინეთი 2004 წელს ნატოს, ხოლო 2007 წელს ევროკავშირს შეუერთდნენ, კავკასია ნატოს ახალ საზღვრად და ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურის ნაწილად იქნა მიჩნეული. აღნიშნული რეგიონის მიმართ ინტერესი სხვა ფაქტორებმაც გააღვივა. პირველ რიგში, ეს არის გადაუჭრელი ეთნიკური და პოლიტიკური კონფლიქტები, ასევე სიახლოვე სამ ამბიციურ ევრაზიულ სახელმწიფოსთან – რუსეთთან, თურქეთთან და ირანთან. გარდა ამისა, რეგიონი მნიშვნელოვანია, როგორც ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფანი.

გარდა ამისა, რეგიონის ინტერნაციონალიზაციამ ინტერესი აღუძრა თავად ყოფილ ტრანსკავკასიურ რესპუბლიკებს. თუმცა, ყველა ამ ქვეყანას თავისი მოტივაცია აქვს. საქართველო და აზერბაიჯანი დამარცხდნენ კონფლიქტებში თავიანთ სეპარატისტულ რაიონებთან, რამაც მათი სიცოცხლისუნარიანობა ეჭქვეშ დააყენა. სწორედ ეროვნული უსაფრთხოების კონტექტსში გაუჩნდათ მათ ინტერესი ნატოს, როგორც რუსეთის შესაძლო საპირწონის მიმართ.

სომხეთი, მთიან ყარაბახში გახანგრძლივებული ეთნიკურ-პოლიტიკური კონფლიქტის შედეგად ბლოკადაში აღმოჩნდა, როგორც აზერბაიჯანის, ასევე თურქეთის მხრიდან, რაც სომხეთს დასავლურ ალიანსთან დაახლოების შესაძლებლობისკენ უბიძგებს. ქვეყანას არ სურს დაკარგოს ინიციატივა და აზერბაიჯანს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თემის მონოპოლიზების შანსი მისცეს. ნატოს პროექტებში სომხეთის მონაწილეობა აწყობს ბრიუსელსაც, რადგან მას არ მოუწევს ერთგვარი „ფინალური არჩევანის“ გაკეთება მთიან ყარაბახის კონფლიქტში ჩართულ ორ კავკასიურ რესპუბლიკას შორის.

2007-2008 წლებში ნატოს პასუხმა რეგიონის „ინტერნაციონალიზაციის“ განაცხადზე ჩამოაყალიბა უკიდურესად მაღალი (და ზოგჯერ – დაუსაბუთებლად მაღალი) მოლოდინები კავკასიური რესპუბლიკების ელიტებში (განსაკუთრებით – საქართველოში, და ნაკლები დოზით – აზერბაიჯანში). ეს მოლოდინები ეფუძნებოდა არასწორ გათვლებს და იმას, რომ არ იქნა სათანადოდ შეფასებული რუსეთის და დასავლეთის ურთიერთობები, ასევე უკავშირდებოდა ირანთან, ავღანეთთან და ანტიტერორიზმთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამ არასათანადო შეფასებას მოჰყვა გადაჭარბებული წარმოდგენა ნატოს მიერ მშვიდობის შენარჩუნების პოტენციურ უნარზე. შედეგად, ეს მოლოდინები დაიმსხვრა ალიანსის რეალური მოქმედებით რუსეთთან მიმართებაში 2008 წლის ომის დროს, როდესაც საქართველომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ ყველაზე სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური კრახი განიცადა. ნატომ ყველა კავკასიურ ქვეყანას აჩვენა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ის რუსეთთან ომს არ გააჩაღებს. ეს სიგნალი მკაფიოდ და უმალ წაიკითხა ფრთხილმა აზერბაიჯანმა, რომელმაც ამ ფაქტის შემდეგ გააძლიერა თავისი საგარეო პოლიტიკის მულტივექტორულობა და შეუერთდა არმიერთების „მოძრაობას“.

ახალი ხედვა

დღეს კავკასიურ ქვეყნებს აღარ აქვთ წარსული ილუზიები. იმავდროულად, ნატოს დაპირებებიც უფრო ფრთხილი გახდა. საქართველოს ალიანსში წევრობა ჯერ კიდევ განიხილება, მაგრამ მისი განხორციელებისთვის არ არსებობს არანაირი განსაზღვრული ვადები ან კონკრეტული ეტაპები. ნატოს მიმდინარე ინტერესებს დიდწილად სხვა შეხედულებები განსაზღვრავს. ჯერ ერთი, კავკასიურ რესპუბლიკები საკუთარ როლს თამაშობენ ავღანეთის ოპერაციებში. ამ წლის მაისში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და მისმა ავღანელმა კოლეგა ჰამიდ კარზაიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც სხვა პირობებთან ერთად, აფორმებს კოალიციის ჯარების გაყვანას ქვეყნიდან 2014 წლისთვის. ცხადია, რომ ამერიკულ ჯარს შესაძლო დანკარგების შემცირება სურს და რისკები ალიანსის წევრებზე და ნატოს არაწევრ პარტნიორებზე გადააქვს.

დღეს ალიანსს ავღანეთში რეალურად მხოლოდ ორი „ვირის მუშა“ ჰყავს: ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი. სხვა ევროპელი მოკავშირეების მონაწილეობა მინიმალურია. ამ კონტექსტში შეერთებულ შტატები და ნატოს ინტერესი მთალიანობაში ძალიან გასაგებია: გააფართოვონ საკუთარი მისია ავღანეთში საქართველოს ხარჯზე – 925-დან 1500 ადამიანამდე, როგორც ეს თბილისმა განაცხადა. და მაშინ როდესაც საქართველო და ნაკლები დოზით სომხეთი ავღანეთში ჯარისკაცებს აგზავნიან, აზერბაიჯანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალიანსისთვის იმ ფუნქციით, რასაც ის სატრანსპორტო ლოჯისტიკაში ასრულებს. ნატოს ტვირთების თითქმის მესამედი ავღანეთში აზერბაიჯანის გავლით იგზავნება. მეტიც, გასული წლის დეკემბერში ალიანსის ტვირთების გადაზიდვაში ქართული Sky Georgia Azerbaijan Airlines-მა შეცვალა.

კავკასიის მნიშვნელობა ალიანსისთვის იზრდება ასევე არაპროგნოზირებადი სიტუაციებით ირანსა და სირიაში, მით უფრო ისეთი ფაქტორების ფონზე, როდესაც არსებობს საერთო საზღვარი ირანს და აზერბაიჯანს შორის და აქტიური თანამშრომლობა ისრაელს და აზერბაიჯანს შორის.

შეერთებულ შტატებს და მის ნატოელ მოკავშირეებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებით ურთიერთქმედება დემოკრატიზაციის და ასევე ეკონომიკური და სამხედრო რეფორმების პროცესში რეგიონში. ეს პრიორიტეტი უძლებს იმ სკეპტიკოსთა კრიტიკას, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ მის ვალიდურობას. მაგალითად, საქართველოს ნატოსკენ მისწრაფების ხელშეწყობა პარამეტრების ერთი „კრებულის“ ნაწილად მიიჩნევა, რომელიც თავის თავში მოიცავს ასევე წარმატებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას 2012-2013 წლებში.

ნატოს გაფართოვების საკითხის განხილვა ევრაზიის მიმართულებით, რუსეთის სამხრეთ საზღვრებისკენ, ძალიან რიტორიკულ თემად იქცა, თუმცა რეალური პრობლემები – გაცილებით ყოფითია. გარდა ამისა, ბრიუსელი ძალიან არის დაინტერესებული კავკასიის რესპუბლიკების მონაწილეობით ევროკავშირის სხვადასხვა პროექტებში. ასეთი თანამშრომლობის გზით ალიანსს გაუადვილდებოდა საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთში პოლიტიკური ცხოვრების მუდმივი მონიტორინგი – იმის მიუხედავადაც, თუკი თვალსაწიერ მომავალში ამას მოჰყვება მხოლოდ შემდგომი რეკომენდაციები იმის თაობაზე, რომ ნატოს გუნდში მოხვედრამდე, მათ უკეთეს მაჩვენებლებს უნდა მიაღწიონ.
foreignpress.ge