2008 წელს, საპარლამენტო არჩევნებისას, ამ სტატიის ავტორი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მრჩეველი იყო, ამ ბოლო დროს კი ის საქართველოს ოპოზიციის ლიდერებს, ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილს უწევდა კონსულტირებას.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ, „მიშა“ სააკაშვილი, რომელსაც თანამდებობის დატოვების ვადა უახლოვდება, მომხიბვლელი ადამიანია. ყველა, ვინც მას შეხვედრია, ამ აზრს დაეთანხმება. ისინი, ვინც საქართველოს აკვირდება, ქვეყანას, რომელმაც ყურადღება იმით მიიქცია, რომ გაზისა და ნავოთობსადენების გამტარია, კიდევ იმით, რომ რუსეთთან დაპირისპირების მზაობა აქვს და რეგიონში დემოკრატიასთან ყველაზე მეტად მიახლოებული ქვეყნის სტატუსი მოიპოვა, ალბათ იმ დასკვნამდეც მივა, რომ მისმა არაორდინარულმა ინდივიდუალობამ გადაფარა მისივე მთავრობის რეფორმების შედეგები. ამიტომაა, რომ ნატოს ჩიკაგოს სამიტზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება და ყველგან, სხვაგან აშშ-ი, სადაც ის გაჩერდება, სააკაშვილი იძულებული იქნება თავი აარიდოს იმპროვიზირებულ კომენტარს. მაგრამ საქართველოშიც, რუსეთში, აშშ-ში და საერთოდ ყველგან, სწორედ მიშას ეს გადამდები ნატურა, პოზიტიური, თუ ნეგატიური, განსაზღვრავს დისკუსიას, რომელიც ამ კავკასიური ქვეყნის გარშემო მიმდინარეობს. იმის გამო, რომ მასთანაც მიმუშავია და მის წინააღმდეგაც, ერთ დასკვნამდე მივედი – შესაძლოა ყველაზე მთავარი ძღვენი საქართველოსთვის მიშას ჯერ არ მიურთმევია. თუ ის გვერდზე გადგება და თავის ავტორიტარულ სისტემას შეასუსტებს, ისტორია და საკუთარი ხალხი მას სხვა თვალით შეხედავს. ის უნდა წავიდეს და გარედან უნდა დააკვირდეს იმას, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა მის გარეშე. რამდენიმე თვის წინ მე უცხოელ ჟურნალისტებს საქართველოში მოგზაურობისას გიდობას ვუწევდი და სადილობისას ადგილობრივ პოლიტიკაზე ჩემს შეულამაზებელ მოსაზრებებს ვუზიარებდი. ერთხელ შევნიშნე, რომ ერთი რეპორტიორი გაგებით და ღიმილით შემომყურებდა. მე გაოცებული მზერით ვუპასუხე. „თქვენ ძველებურად ხართ შეყვარებული მიშაზე, არა?“ – გამოთქვა ვარაუდი მან. კითხვა ძალიან არ მესიამოვნა, მით უფრო იმიტომ, რომ მე იმ დროს ოპოზიციას წარმოვადგენდი და სააკაშვილის ოპონენტთან, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად ვემზადებოდი. და მერე, საქართველოში ჩემი ბოლოდრონდელი საქმიანობისას ეს განცდა აღარ მტოვებდა – იყო ამ ბრალდებაში სიმართლის მარცვალი. რუსეთის 2008 წლის ინტერვენციის შემდეგ, საქართველომ 4 მილიარდი დოლარი მიიღო უცხოური დახმარების სახით. ეს ფაქტი იყო ცხადი დასტური იმისა, რომ მიუხედავად მისი უამრავი შეცდომისა, დასავლეთის სიმპათია მიშასადმი არ შენელებულა. მართლაც, ერთ დროს სააკაშვილი თანამედროვე საქართველოს საიმიჯო ხატ-სურათის ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენდა, მაგრამ თუ მომავალ წელს ის ძალაუფლებს ჩაეჭიდება, მისი მემკვიდრეობა ნამდვილად მხოლოდ ნეგატიურ ტერმინებში გაიზომება. დიდი ხანია საქართველოს პოლიტიკას ვნებები მართავს. ქვეყნის პირველი პოსტ-საბჭოთა პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია ამ ინსტინქტმა 1992-1993 წლის კატასტროფულ სამოქალაქო ომამდე მიიყვანა. შემდეგ მისი ხელისუფლება დაამხეს და ის უფრო თავდაჭერილმა ედუარდ შევარდნაძემ შეცვალა (მოგვიანებით გამსახურდიამ თავი მოიკლა). როდესაც შევარდნაძის მმართველობა, რომელმაც ათწლეულზე დიდხანს გასტანა, კორუფციასა და არაეფექტურობაში ჩაეფლო, მიშა იქცა ცვლილების ხატ-სურათად 2003 წლის „ვარდების რევოლუციისათვის“: პარლამენტზე შტურმის მისატანად ის მხარდამჭერებს მარტოოდენ ვარდით ხელში გაუძღვა. სავსებით მისაღები სიმბოლიზმია. რუსეთის პოპვარსკვლავის, ალა პუგაჩოვას ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბალადაში, „მილიონი ვარდი“, ქართველი მხატვრის ამბავია მოთხრობილი – მან თავისი ყველაზე მთავარი ნამუშევარი მილიონ ვარდში გაცვალა იმისთვის, რომ ფრანგი ქალის გული მოეგო (ორმაგად ტრაგიკული ისტორიაა, თუ იმას გავითვალისწინებთ, როგორი მომხიბვლელები არიან ქართველი ქალები). მაგრამ მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი ვადა გავიდა და ხშირად ისე ჩანს, რომ მიშამ თავისი ვარდი რკინის ხელზე გაცვალა და მისი მომხიბვლელობა ბევრისთვის გაცვდა. სწორედ ვნება იწვევს წუხილს საქართველოს დასავლელ მეგობრებშიც. გასულ წელს ამ პოლიტიკურ აყალმაყალში ივანიშვილმა შემოაბიჯა და დიპლომატიური კორპუსი თავის ულტრა-თანამედროვე, თბილისში, საქართველოს დედაქლაქში, მთაზე წამოჭიმულ სასახლეში მიიპატიჟა. იქ დამსწრეთაგან უმეტესობას ივანიშვილი მანამდე არ უნახავს და პირველი კითხვა, რომელიც ივანიშვილს აშშ-ს ელჩმა, ჯონ ბასმა დაუსვა ასე ჟღერდა – ხომ არ აპირებს ივანიშვილი პოლიტიკური ტემპერატურის აალებას. ბასის პოზიცია სრულიად გასაგები იყო: ამ მომენტამდე სააკაშვილის ოპოზიცია მხოლოდ ქუჩის პროტესტანტებისგან შედგებოდა, რომლებიც გაიძახოდნენ – „წადი, მიშა, წადი“. მიშას ფენომენალურად მაღალი პირადი რეიტინგები კი საპირისპიროს აჩვენებს. მიშას პოპულარობა ჯერ არ დაცემულა ისე, როგორც მისი მოსისხლე მტრის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პოპულარობა დაეცა რუსეთში და ოპოზიცია უფრო ბრძნულად მოიქცეოდა, თუ ამ ფაქტორს გაითვალისწინებდა. გიყვარს მიშა, თუ გეზიზღება, მისი ხშირად ექსცენტრული ქცევის კრიტიკა გამარჯვების სტრატეგიად არ გამოდგება. ქართველების მხოლოდ მეხუთედს სძულს მიშა ძალიან და ეს სიძულვილი უფრო მეტად განსაზღვრავს უკმაყოფილებასა და დროდადრო გამართულ ქუჩის დემონსტრაციებს, ვიდრე რეალური მმართველობა. ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ პოლიტიკა ამერიკაში ძალიან პოლარიზებული გახდა, არასდროს ყოფილან საქართველოში. აქ კამპანიის მოგება ან წაგება არ არის საკმარისი: „დამარცხებული“ საბოლოოდ უნდა განადგურდეს, ხოლო „გამარჯვებული“ ყოველთვის თაღლითია. როდესაც ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე იმედისმომცემმა ფიგურამ, ირაკლი ალასანიამ 2010 წელს თბილისის მერის არჩევნები წააგო, მან უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და თავის ოპონენტს გამარჯვება მიულოცა. ამ ნაბიჯმა მე და კიდევ რამდენიმე გარეშე პირი თავისი მაღალი კლასით გაგვაოცა, არადა ოპოზიციის ბირთვმა ეს ნაბიჯი ღალატს გაუტოლა. მართალია, სააკაშვილის პარტიის უპირატესობა სამართლიანი არ არის, მაგრამ რეალობის მუდმივ უარყოფას, რითაც ორივე მხარე ანებივრებს საკუთარ თავს, არც ქვეყნისთვის მოაქვს სიკეთე და არც მისი მოქალაქეებისთვის. რეალურად კი მოვიდა დრო, რომ საქართველომ გააკეთოს ის, რითაც წლებია თავს იწონებს: თავისი მაგალითით ასწავლოს მეზობლებს ის, თუ რას ნიშნავს დემოკრატია, სამართლიანი კონკურენცია და მშვიდობიანი განგრძობითობა. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, ოპოზიციამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი პოლიტიკის დეპერსონალიზაციისაკენ. ივანიშვილს უფრო სქელი კანი სჭირდება, როდესაც საქმე პირად თავდასხმებზე მიდგება. სხვა თუ არაფერი, მან ნებაყოფლობით შეაბიჯა ამ ხშირად უსიამოვნო თამაშში. მიშას მიერ ჩადენილი, რეალური და წარმოსახვითი უკანონო ქმედებების გრძელი სიის ჩამოთვლა, მხოლოდ თავს შეაწყენს ამომრჩევლებს, რომელთაც ის უფრო აღელვებთ, თუ რა მარაგები აქვთ სამზარეულოებში. ყურადღებითაა შესასწავლი ის, თუ რას აცხადებდა არსებული მთავრობა თავისი მმართველობის ორი ვადის პერიოდში, იყო ეს „საქართველო სიღარიბის გარეშე“, რის დაპირებასაც მიშა იძლეოდა ოთხი წლის წინ, თუ კორუფციის დამარცხება, რაც, თუ „ეკონომისტის“ სარეკლამო განცხადებებით ვიმსჯელებთ, მოხდა კიდეც. ოპოზიციას შეუძლია ისწავლოს ზოგიერთი რამ იმ კაცისგან, რომლის შეცვლასაც ცდილობს: მან უნდა ყურადღებით უსმინოს ხალხს და არა მხოლოდ ქალაქურ ელიტას, მან უნდა შექმნას ის რეალისტური პროექტები, რომელიც ხალხის პრობლემებს გადაწყვეტს. ქართველებს, ალბათ, მიაჩნიათ, რომ სააკაშვილმა უნდა აღუდგინოს ივანიშვილს მოქალაქეობა, რომელიც უსაფუძვლოდ ჩამოერთვა მას მერე, რაც გასულ ოქტომბერს პოლიტიკაში მოვიდა, მაგრამ ისინი ამის გამო ბარიკადებზე არ გავლენ, ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ. ხოლო მიშას, რომელსაც ახლა ყველა კოზირი აქვს ხელში, ბევრი შეუძლია გააკეთოს იმისთვის, რომ მართლაც მოიპოვოს ადგილი ისტორიაში, რაც მას დღეს ასე სწყურია. „გაიმეორებს პუტინს“ ? ეკითხებიან ერთმანეთს შფოთიანად რეგიონის ექსპერტები, პრემიერ – მინისტრობას დაიბევებს მას შემდეგ, რაც მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება? შესაძლოა ასეც მოხდეს, მაგრამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მართლა გახდება მისი სულ უფრო მზარდი ავტორიტარიზმის გადამოწმების საშუალება. იმისთვის, რომ ისეთი დიდი ფიგურა იყოს, როგორადაც ის ოდესღაც მიაჩნდათ და იმისთვის, რომ თავის მემკვიდრეობას უკეთესი სამსახური გაუწიოს, მიშამ უნდა შეწყვიტოს მის ხელთ არსებული კოზირების გამოყენება ოქტომბრის არჩევნებამდეც კი. „მასკის“ პროგრამის პირველ კურსდამთავრებულს, რომელსაც თავსი ქვეყნის მართვა ხვდა წილად, სააკაშვილს შეუძლია მეტი გააკეთოს იმისთვის, რომ თავის წარსულ და ამჟამინდელ სპონსორებზე შთაბეჭდილება მოახდინოს და მომავალი ხუთი თვის განმავლობაში ცოტაოდენი კეთილშობილება გამოიჩინოს: შეარბილოს ზეწოლა მედიაზე, თავისი ოპონენტების ცალმხრივი დევნა და გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ გაათანაბროს სათამაშო ველი. ყველაფერს ამას აუცილებლად შეამჩნევენ. ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ალბათ, კონკრეტული დაპირებები არ გაიცემა. მისი შედეგები საქართველოსთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ არის. საქართველოს ნატოში გაწევრიანების უნარი უკავშირდება იმას, თუ რამდენად შეუძლია გასცდეს ის პიროვნებებზე მიჯაჭვულ პოლიტიკას, ხოლო დემოკრატიული მმართველობა ნატოს ქარტიის უპირველესი და ცენტრალური წინაპირობაა. დიპლომატებს მიშას რელაქსაცია იმისთვის სურთ, რომ სამხრეთ კავკასიაში კიდევ ერთი ომი აიცილონ თავიდან. მე კი მისი შერბილება ამ ქვეყნის ხათრით მინდა, ქვეყნისა, რომელიც მართლაც იმსახურებს დასავლეთის სიყვარულს. საქართველოს შეუძლია მეტს მიაღწიოს, მაგრამ თუ ეს ასე მოხდება, მაშინ ყველაფერი მიშას გარშემო აღარ იტრიალებს. foreignpress.ge |