თეა წულუკიანი: ,,ეს არის ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული პოზიცია - არ ვეთანხმებით სააკაშვილის შიშზე მორგებულ კონსტიტუციას!''

თეა წულუკიანი: ,,ეს არის ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული პოზიცია - არ ვეთანხმებით სააკაშვილის შიშზე მორგებულ კონსტიტუციას!''

რამდენიმე დღის წინ, პარლამენტმა მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დაამტკიცა _ მმართველმა გუნდმა ევროკავშირის მოქალაქეებს საარჩევნო უფლებები მიანიჭა და საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზიც 5-წლამდე დასწია. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში კენჭისყრის შესაძლებლობა ეძლევა. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს გარდამავალი დებულებაც დაემატება, რაც ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავების საშუალებასაც მისცემს. ისარგებლებს თუ არა ,,ქართული ოცნების'' ლიდერი კონსტიტუციური ცვლილებებით და რა საკითხებს არ ათანხმებს ბიძინა ივანიშვილი კოალიციის დანარჩენ ლიდერებთან, ,,ვერსიას'' თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის მოადგილე, კოალიცია ,,ქართული ოცნების'' წევრი თეა წულუკიანი ესაუბრა: 


_ აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილებით ნაციონალური მოძრაობა შეცდომის გამოსწორებას ცდილობს _ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარის თქმა მმართველი გუნდისგან გაუაზრებელი ნაბიჯი იყო. ისინი ასევე წარუმატებლად ცდილობენ, დემოკრატიული ქვეყნის სახის შენარჩუნებას. ვითარებიდან ყველაზე კარგი, კანონიერი გამოსავალი იქნებოდა, მიხეილ სააკაშვილს კალამი აეღო, ქაღალდისთვის ხელი მოეწერა და ეთქვა, ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის მოქალაქედ ვიღებო, თუმცა ეს მან ვერ მოახერხა, რადგან ფსიქოლოგიური შიშის გადალახვა ვერ შეძლო. საერთოდ, ნაციონალური მოძრაობა ფიქრობს, რომ ოპოზიციის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ უკანდახევა და დამცირებაა. აქვე, ერთი ფაქტის შესახებ გაგიმხელთ, რომელზეც პირველად თქვენთან ვამბობ: მოგეხსენებათ, ჩვენ არ ვიყავით დაინტერესებულნი, საკონსტიტუციო განხილვებში მონაწილეობა მიგვეღო, თუმცა, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ცვლილების პირველი მოსმენისას, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა გიორგი ცაგარეიშვილთან შუამავალი მიავლინა და მოსთხოვა, როგორც ,,ქართული ოცნების'' წარმომადგენელი, კანონის მიმდინარე განხილვაში ჩართულიყო. ეს მოწმობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას სურდა, კონსტიტუციაზე ძალადობის თანაავტორად ბიძინა ივანიშვილიც ექცია, ხოლო მომავალში მიღებული ცვლილებები დასავლეთის წარმომადგენლებთან აეფრიალებინა და ეთქვა _ პარლამენტმა მასშტაბური ცვლილებები განახორციელა, არჩევნებისთვის რეალური კონკურენტუნარიანი გარემო რომ შეგვექმნაო. ერთი სიტყვით, ეს თამაში მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში შედის.  

_ და იმავე კონსტიტუციურ ცვლილებებში ,,ქართული ოცნების'' ინტერესებს ვერ ხედავთ, თუ ბიძინა ივანიშვილი არ ისარგებლებს მისთვის მინიჭებული საარჩევნო უფლებებით? 
_ ბიძინა ივანიშვილი კონსტიტუციაში ცვლილებების გარეშეც იყო, არის და იქნება აქტიურ პოლიტიკაში. იგი არ ითხოვს პრივილეგიებს, მით უმეტეს, კანონისა და კონსტიტუციის დამახინჯებას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მისთვის მოქალაქეობის მინიჭებასთან მიმართებაში არსებული პრობლემები ხელისუფლებამ მოიგვაროს. იმას, რასაც ნაციონალური მოძრაობა, მასთან დაკავშირებული ოპოზიციური პარტიის მეშვეობით ახორციელებს, რაც არ უნდა მომგებიან სიტუაციაში აყენებდეს ,,ქართულ ოცნებას'', კოალიცია მას არასოდეს დაეთანხმება. დაუშვებელია, კონსტიტუცია მხოლოდ ერთი სუბიექტისთვის მახინჯდებოდეს, ცვლილებები უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ მაშინ, როცა ამას ქვეყნის საერთო ინტერესი მოითხოვს. 

_ მაინც არ მიპასუხეთ, ისარგებლებს თუ არა ,,ქართული ოცნების'' ლიდერი აღნიშნული ცვლილებებით. გია ხუხაშვილის განცხადებით, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უფლებებზე უარი თქვას. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი არც მისი პარტიის თავმჯდომარე გახდება? 
_ როგორც გითხარით, ჩვენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას არ ვიწონებთ და მეც იგივეს გავიმეორებ, რასაც გია ხუხაშვილი ამბობს. კოალიციის წევრებს ბიძინა ივანიშვილი საქმის კურსში გვაყენებს მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. ეს ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული პოზიციაა _ არ ვეთანხმებით სააკაშვილის შიშზე მორგებულ კონსტიტუციას. პარტიის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით კი, საკმაოდ საინტერესო სამართლებრივ აბსურდთან გვაქვს საქმე. ნაციონალურმა მოძრაობამ კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც, უცხოელს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევა, თუმცა მასში არაფერია ნათქვამი, იმავე პირს შეუძლია თუ არა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება ან მისი თავმჯდომარეობა. პარალელურად, არსებობს კანონი უცხოელების მდგომარეობის შესახებ, სადაც ხაზგასმითაა მითითებული, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეს არა აქვს უფლება, დააფუძნოს პარტია ან გახდეს პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციური ცვლილებით, ხელისუფლება ევროკავშირის მოქალაქეს, შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილსაც, უფლებას აძლევს, გახდეს პარლამენტის წევრი, თუმცა ძალაში ტოვებს კანონს, რომლის მიხედვითაც, იმავე უცხოელს პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას უკრძალავს. 

ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება კვლავ უპირატეს მდგომარეობაში იყენებს თავს, ბიძინა ივანიშვილი კი, კონსტიტუციაში ცვლილებების მიუხედავად, პოლიტიკური თავისუფლების გარეშე რჩება და მის პარტიასაც არჩევნებამდე მანანა კობახიძე უხელმძღვანელებს. ფიქრობთ, რომ ამ მოცემულობით, არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შანსი მაინც მაღალია? 
_ დიახ, თუ ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით ისარგებლოს, მას პარტიის თავმჯდომარედ ყოფნის შესაძლებლობა არ ექნება, თუმცა ეს ,,ქართული ოცნების'' აქტივობას ვერ შეაფერხებს, რისი იმედიც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა. კოალიციას და ბიძინა ივანიშვილის ახალ პარტიასაც საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ღირსეული ადამიანები ჰყავს, რომლებიც ლიდერის გვერდით ბოლომდე ვიბრძოლებთ. ამისათვის გაერთიანებაში აქტიურად ვმუშაობთ. კოალიცია 27 მაისს წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს, რისი უფლებაც დემოკრატიულ ქვეყანაში ყველას აქვს. ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავისუფლების მოედანზე შეკრება მომავალში ქუჩის აქციების კასკადს გამოიწვევს, თუმცა ქუჩა საპატიო ადგილია, სადაც მოსახლეობა გამოხატავს პროტესტს, თუ ხელისუფლებას საკუთარ დამოკიდებულებას სხვა გზით ვერ აგებინებს.  

_ 27 მაისის აქციასთან დაკავშირებით, აქტუალურ კითხვად იქცა _ მივლენ თუ არა კოალიციის ლიდერები სახალხო კრების პარაკლისზე სამებაში. თქვენ განაცხადეთ, რომ ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობა არ გსურდათ, დღესაც იგივე პოზიციაზე ხართ? 
_ მე, როგორც ერთ ადამიანს, რა მსურს, ეს კოალიცისთვის მესამეხარისხოვანია. როგორც პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი კი, გეტყვით, რომ დიახ, ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობას მხარს არასოდეს დავუჭერ, თუმცა მთავარია, ,,ქართული ოცნების'' დანარჩენი ლიდერებიც ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობის საკითხის განხილვას არ გეგმავენ.  

თქვენი, პირადი პოლიტიკური დამოკიდებულება, 26 მაისს დაღუპული ადამიანების სულის მოსახსენიებელ პარაკლისზე მისვლაზე მაღლა დგას? 
_ იცით, ჯერ არ გადამიწყვეტია, მივალ თუ არა სახალხო კრების მიერ ორგანიზებულ პარაკლისზე, თუმცა, ბუნებრვია, არაფერი მიშლის ხელს, 26 მაისს დაღუპული ადამიანების სულებს ჩემს ეკლესიაში ავუნთო სანთელი.  

თქვენ პარტიას სამეგრელოში პოლიტიკური ვითარების გარდატეხის პასუხისმგებლობა დაეკისრა. ირაკლი ალასანიას სამეგრელოში გასვლის შემდეგ, შეგიძლიათ გვითხრათ, რეგიონში, კონკრეტულად, რა შეიცვალა? 
_ სამეგრელოში შიში ნამდვილად დაძლეულია, ამის მოწმე პირადად გავხდი. როცა სერგო ჩაჩიბაიას დაკავების შესახებ გავიგეთ, სასამართლოსთან მხოლოდ ჩვენი აქტივისტები, დაახლოებით, ოცი ადამიანი მოვიდა, რამაც გულახდილად შემძრა. მივხვდი, რომ ადამიანებს, უბრალოდ, სახლიდან გამოსვლისა და მეგობრის თანადგომის ეშინიათ. როცა ზუგდიდში მეორედ ჩავედი, ხალხის რაოდენობის ზრდა შესამჩნევი იყო. ირაკლი ალასანიას სამეგრელოში გადასვლის შემდეგ კი, ვითარება რადიკალურად შეიცვალა _ მხარდამჭერების რაოდენობა გაასმაგდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარ პრობლემებზე საუბარი ხმამაღლა დაიწყო.  

მხარდაჭერის ზრდაზე საუბარი მაშინ, როცა საზოგადოებამ ნახა კადრები, როგორ აგრესიულად შეხვდნენ ირაკლი ალასანიას დევნილები ფოთში, ფიქრობთ, რომ გადაჭარბებული არ არის? 
_ ტელეკომპანიებმა საზოგადოებას დაჩეხილი ვიდეომასალა მიაწოდეს, სადაც გარკვევით ჩანს, რომ ფოთში სხვადასხვა პოზიციაზე მყოფ დევნილებს შორის დაპირისპირება მართლაც მოხდა, თუმცა არსებობს სხვა ვიდეომასალაც, სადაც ნათლად ჩანს, რომ თავისუფალი დემოკრატების ლიდერს ფოთში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჰქონდა, თანაც დევნილთა სწორედ იმ დასახლებაში, სადაც ნაციონალურ მოძრაობას რვაფეხასავით აქვს ფესვები გამდგარი. ეს პროვოკაცია იყო, სადაც აქციაზე შეგზავნილმა ადამიანებმა დაძაბულობის ესკალაცია სცადეს, თუმცა ირაკლი ალასანიამ შესძლო, ვითარება თავისი დიპლომატობით განემუხტა. სამეგრელოში მინიკლანები ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა მათ შორის, მაინც ახალაიები ლიდერობენ. სწორედ მათი ძალების შესასუსტებლად გადასახლდა პარტიის ლიდერი ზუგდიდში. რაც შეეხება რეიტინგს, ნაციონალური მოძრაობას კი არა, სამეგრელოში ახალაიების კლანს აქვს შიშის მაღალი რეიტინგი. მათ ყველაფერი გააკეთეს მოსახლეობის დასაშინებლად და ცრუ მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ბუნებრივია, ჩვენი პარტიის ძალებში დარწმუნებული ვარ, თუმცა იმასაც ვაღიარებ, რომ ბევრი მუშაობა და სოფელ-სოფელ სიარული მოგვიწევს. აუცილებელია, ჩვენი პარტიის დიდი ნაწილი სამეგრელოში იმყოფებოდეს, რითაც რეალური შედეგის მიღებასა და ნაციონალური მოძრაობის დამარცხებას აუცილებლად შევძლებთ.