"ეს იყო ჯერ კიდევ საბჭოთა დროს. ჩვენ შევთავაზეთ აზერბაიჯანულ მხარეს ტერიტორიის გაცვლა, რაც გულისხმობდა ტერიტორიას, სადაც მდებარეობს ბერთუბანი - ირგვლივ ქვა-ღორღი იყო - იმის სანაცვლოდ ორმაგი რაოდენობის ტერიტორია შეგვეთავაზებინა, რომელიც სამიწათმოქმედოდ იქნებოდა ვარგისი ან საძოვრებად. კომისია იკრიბებოდა, მერე დაიშლებოდა - აზერბაიჯანული მხარე გვეუბნებოდა, ეს წინადადება უნდა შევათანხმოთ ჩვენს ხელისუფლებასთანო. საბოლოოდ უარი მივიღეთ. იმის შემდეგ ვფიქრობ, რომ რაც უნდა შესთავაზო აზერბაიჯანულ მხარეს, არაფერს გააკეთებენ - ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა", - აცხადებს აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მარიკა ლორთქიფანიძე: დავით გარეჯი ყოველთვის საქართველოს ნაწილი იყო.
"VI საუკუნიდან მოყოლებული, მიუხედავად შემოსევებისა და აწიოკებისა, სულ იყო სამონასტრო ცხოვრება, მიმდინარეობდა ცხოველი სამონასტრო მუშაობა. როცა რუსეთის ხელისუფლება დამყარდა, სამონასტრო მოღვაწეობა შემცირდა, მაგრამ რუსეთის ხელისუფლების დროს ეს ტერიტორია მთლიანად საქართველოს შემადგენლობაში იყო. თბილისის გუბერნიაში შედიოდა, ჩვენამდე მოაღწია იმ რუკებმა. საბჭოთა ხელისუფლების დროს, ეკლესია-მონასტრების მიმართ დამოკიდებულების მიუხედავად, თითო-ოროლა ბერი დავით გარეჯში ყოველთვის იყო. ახლა საკითხი დგება ასე: როდესაც საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, მაშინ თითქოს საზღვრები რესპუბლიკებს შორის გაივლო, მაგრამ რეალური საზღვარი სახელმწიფოს აქვს - მართალია, ყველა რესპუბლიკა ფორმალურად სახელმწიფოდ ითვლებოდა, მაგრამ სახელმწიფო არც ერთი არ იყო - ამიტომ მესაზღვრეები მოლაპარაკებით იდგნენ. საბჭოთა ხელისუფლების დამხობის შემდეგ ერთადერთი ნორმალური საზღვარი გვაქვს თურქეთთან, იმიტომ რომ ის იყო საზღვარი სსრ კავშირსა და თურქეთს შორის. ჩვენ ვერც აზერბაიჯანთან, ვერც სომხეთთან ვერ გავარკვიეთ საზღვარი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპოდენტთან საუბრისას მარიკა ლორთქიფანიძე.
"1921 წელს იყო ბუდუ მდივანი და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა, ვითომ დაიდო საზღვარზე ხელშეკრულება. შემდეგ 1929 წელს, 1934 წელს დაიდო ხელშეკრულება - ამდენად, მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება არ ყოფილა. ისტორიისთვის დოკუმენტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ დოკუმენტს ფასი უნდა ჰქონდეს. იმ დოკუმენტებს არავითარი ფასი არ აქვს, რადგან საზღვრის დადგენისთვის აუცილებელია ისტორია, დემოგრაფიული მდგომარეობა, სად და როგორ შეიძლება საზღვარი გავიდეს. ბევრი გაიძახის, ისტორიას მნიშვნელობა არ აქვსო, მაგრამ ბოდიში, მასე არ არის, ისტორიასაც აქვს მნიშვნელობა და ბევრი სხვა საკითხია, კომისიები სწავლობენ. ბუდუ მდივანი ვიღაცასთან შეთანხმდა, ორჯონიკიძე პირდაპირ ამბობდა, რა საჭიროა რესპუბლიკებს შორის საზღვრები, ძალიან მალე ეს იქნება ერთიანი სახელმწიფო ერთი ენითა და საზღვრითო. მართალია, ეს დოკუმენტები არსებობს, მაგრამ არც ერთს იურიდიული ძალა არ აქვს, არც საერთაშორისო აღიარება. როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ უდაბნოს მონასტერი საბჭოთა დროსაც აზერბაიჯანის მხარეს იყო, მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, რომ უკვე რაღაცაზე ხელი მოწერილია, მაგრამ მოგვიანებით განაცხადა, მოლაპარაკებები მიმდინარეობსო", - განაგრძობს აკადემიკოსი.
"მაშინ ასეთი განცხადება რატომ გააკეთა? გარეჯის კომპლექსი მთელი თავისი არსებობის განმავლობაში იყო და არის ქართული ეკლესია-მონასტრებისა და ქართული კულტურის ცენტრი. არასდროს, არც ადრე და არც საბჭოთა ხელისუფლების დროს, აზერბაიჯანს არავითარი პრეტენზია არაფერზე არ გამოუცხადებია. როდესაც მონასტერი დაზიანდებოდა, ჩვენი რესტავრატორები, ჩვენი სპეციალისტები ატარებდნენ სამუშაოებს, სწავლობდნენ წარწერებს, ფრესკებს. არ ვიცი, ხელოვნურად თუ რატომ - თამარისა და დავითის ფრესკები ჩვენებმა ჩამოიტანეს და ახლა საქართველოს მუზეუმშია. არავითარი პრეტენზია არც ამის და არც სხვა რამის მიმართ, ვიმეორებ, აზერბაიჯანს არ ჰქონია. რა მოხდა მაინცდამაინც ახლა, ვერ გავიგე", - ამბობს მარიკა ლორთქიფანიძე.
"საზღვრის დადგენა რთულია, მაგრამ როდესაც ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებლობა, ხელისუფლებას ამ საკითხზე უნდა ეფიქრა. მე დღეს პრეტენზია ჩემი სახელმწიფოს მიმართ მაქვს. უნდა მომხრადიყო საგანგებო მუშაობა საზღვრის დასადგენად - ახლა ამბობენ, რომ მიმდინარეობს. თუ მიმდინარეობს, ძალიან კარგია და დაადგინონ. თუ ვერაფერზე დავითანხმეთ, იქნებ გარეჯის სამონასტრო რესპუბლიკა შეიქმნას, როგორც ათონი. ათონი შედის საბერძნეთის სახელმწიფოში, მაგრამ თავისი კოდექსი აქვს. სამონასტრო რესპუბლიკას თავისი უფლებები ექნება. ამ აზრი გამო ვიღაცამ დამიწერა - გარეჯი არ ენაღვლებაო - შეიძლება თქვან შემეშალა, ან ვერ გავიგე, მაგრამ ფრაზას "არ მენაღვლება" არ ვიმსახურებ მთელი ჩემი ცხოვრებით. ახლაც მივიჩნევ, რომ ასეთი სამონასტრო რესპუბლიკა შეიძლება შეიქმნას", - დასძენს მარიკა ლორთქიფანიძე და შეკითხვას - "ეს გამოსავალი იქნება?" - პასუხობს:
"ჩემი აზრით, კი. ისეთივე სტატუსით, როგორც ათონის სამონასტრო რესპუბლიკაა. მე არაფერს ვიშორებ თავიდან - მინდა, თავისი საქმიანობა განაგრძოს ამ კომპლექსმა - იქნებ ეს იყოს გამოსავალი, რომ არ გვქონდეს მსგავსი სიტუაციები, რასაც ჩემი სტუდენტები შეესწრნენ - აზერბაიჯანელი გიდი ტურისტებს ეუბნებოდა, რომ ეს მისი ტერიტორიაა, მისი სახელმწიფოა, ჩვენი გიდი კი საპირისპიროს, ორჯერ მოხდა დაპირისპირება გიდებს შორის და ჩემმა სტუდენტებმა გააშველეს".