საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების წარსულზე, დღევანდელობასა და მომავალზე "ინტერპრესნიუსი" საერთაშორისო კრიზის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტსა და კავკასიის პროექტის ხელმძღვანელს, ლოურენს შითს ესაუბრა.
- ბატონო ლოურენს, ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 20-წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე თქვენ საქართველო-ამერიკის ურთიერთობის წარსულზე, დღევანდელობასა და მომავალზე საინტერესო მოხსენებით წარსდექით. მოდით, ჩვენი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების წარსულზე, ანუ გუშინდელ დღეზე საუბრითა და თქვენეული ხედვა-შეფასებით დავიწყოთ. . . - ამ თემაზე საუბარს დავიწყებდი საბჭოთა კავშირზე ამერიკელების წარმოდგენით. ამერიკელები სსრკ-ს რუსეთის, კრემლისა და მოსკოვის პრიზმით ვუყურებდით. ჩვენთვის საბჭოთა კავშირი იყო რუსეთი და რუსეთი იყო საბჭოთა კავშირი. ამერიკელთა უმრავლესობას წარმოდგენა არ ჰქონდა საქართველოზე. საქართველოზე სტერეოტიპული წარმოდგენა ასეთი იყო - ქართველები იმიტომ ცხოვრობენ დიდხანს, რომ ჭამენ მაწონს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების საწყის ეტაპზე ჩვენ ძალიან მწირი ცოდნა გვქონდა საქართველოზე. საქართველოში პირველად 1987 წელს მაშინდელი ლენინგრადიდან ჩამოვედი. პირველი შთაბეჭდილება ასეთი იყო - ეს არ არის საბჭოთა კავშირი. ამგვარი აღქმა აძლიერებდა აზრს, რომ სსრკ სიდიდის გარდა, რთული ქვეყანა იყო. როცა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა აშშ-ში საქართველოს საკითხებში ექსპერტებიც კი არ იყვნენ. იყვნენ მეცნიერები, რომლებიც უნივერსიტეტებში მუშაობდნენ, მაგრამ მათ პროცესებზე გავლენის მოხდენა არ შეეძლოთ. იმის გამო, რომ საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, საქართველო სსრკ-ს უკანასკნელი ყოფილი რესპუბლიკა აღმოჩნდა, რომელიც გაერო-მ აღიარა და თავის წევრად მიიღო. გაერო-ში საქართველოს მიღების პროცესის დაჩქარება შევარდნაძის სახელს უკავშირდება. იგი გვიანდელი სსრკ-სა და ახალი საქართველოს სახე იყო. მეორედ საქართველოში 1992 წლის 16 აგვისტოს, ანუ აფხაზეთში ომის დაწყებიდან ორ დღეში ჩამოვედი. ჩამოსვლისთანავე საქართველოში აშშ-ის ახლად გახსნილ საელჩოში მივედი. დიპლომატები ახალი ჩამოსულები იყვნენ და საქართველოზე ცოტა რამ იცოდნენ. მიუხედავად ამისა, ამერიკამ საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე წლებში, როცა ქვეყანას ბიუჯეტიც კი არ გააჩნდა, ქვეყნის ფეხზე დადგომაში უდიდესი როლი შეასრულა. - აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს პრაქტიკულად ჩვენს თვალწინ ჩაეყარა საფუძველი და ვითარდებოდა. თქვენ როგორ შეაფასებდით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების 20-წლიან ისტორიასა და ისტორიის ამ მცირე მონაკვეთზე მხარეების მიერ დაშვებულ შეცდომებსა და ამ შეცდომებისგან მიღებულ გაკვეთილებს? - ჩემი დაკვირვებით, აშშ-საქართველოს 20-წლიან ურთიერთობებში სამი ეტაპი შეიმჩნევა. პირველს პირობითად შეიძლება ვუწოდოთ ახლად გაცნობის პერიოდი. აშშ-მ დაამყარა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე საქართველო ჩვენი აღიარების შემდეგ გაჩნდა. აშშ საქართველოსთან შედარებით ძალიან ახალგაზრდა ქვეყანაა. საქართველო თავისი ისტორიითა და კულტურით თანამედროვე სახით არსებულ აშშ-ზე ბევრად ასაკოვანი ქვეყანაა. აშშ-საქართველოს ურთიერთობები ხასიათდება იმით, რომ ვაშინგტონს საქართველოში ფსონი ერთ პიროვნებაზე, ედუარდ შევარდნაძე ჰქონდა გაკეთებული და მთელი პოლიტიკაც ამაზე იყო აგებული. ის, რომ შევარდნაძეს ბერლინის კედლის დამანგრევლისა და გორბაჩოვთან ერთად "პერესტროიკის" პოლიტიკის გამტარებლის იმიჯი ჰქონდა, საქართველოსთვის სასარგებლო აღმოჩნდა. თუ რუსეთს არ ჩავთვლით, აშშ საქართველოს, სსრკ-ს სხვა რესპუბლიკებთან შედარებით, უდიდეს ყურადღებას აქცევდა. ეს აისახა საქართველოსადმი ფინანსურ დახმარებაზეც. აშშ საქართველოს მაშინ დაეხმარა ყველაზე მეტად, როცა ქვეყანას ბიუჯეტიც კი არ ჰქონდა. 1992-1993 წლებში საქართველოს ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი ამერიკულ დახმარებაზე მოდიოდა - 1989 წელთან შედარებით საქართველოს შიდა მთლიანი პროდუქტი 80%-ით დაეცა და შესაძლოა, მშპ-ს ასეთი ვარდნა მსოფლიოს ისტორიაში უნიკალური შემთხვევაც კი იყოს. საქართველომ აშშ-სგან ერთ სულ მოსახლეზე საკმაოდ დიდი მატერიალური დახმარება მიიღო. ჩემი აზრით, იმხანად საქართველოს პირველი პირი შევარდნაძე რომ არ ყოფილიყო, საქართველო აშშ-სგან ასეთ სერიოზულ დახმარებას ვერ მიიღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებმა ახლა მეტი იციან საქართველოს კულტურასა და ისტორიაზე, 20 წლის შემდეგაც ამერიკელთა უდიდესმა ნაწილმა ცოტა რამ იცის საქართველოზე. ამერიკელებს სავსებით სამართლიანად გვსაყვედურობენ გეოგრაფიის ცუდ ცოდნას. ამას წინათ, ამერიკაში ჩამოსული ჩემი ქართველი მეგობრები ერთ ნაცნობს წარვუდგინე. მეც არ ველოდი მისგან საქართველოს "რუსეთის საქართველოდ" მოხსენიებას. თუ დავუბრუნდებით 90-იან წლებს, უნდა ითქვას, რომ საქართველოს მიმართ ყურადღების გამოჩენა ნიშნავდა აშშ-ს მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესს. თუ იმ პერიოდის გაკვეთილებზე ვისაუბრებთ, მთავარი გაკვეთილი ასეთია - არ შეიძლება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პიროვნებებზე აგება. ვაშინგტონის მაშინდელი შეცდომა იყო ისიც, რომ აშშ-მ შევარდნაძე და ქართველი ხალხი ერთი და იგივედ მიიჩნია. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ვაშინგტონი იყო ბოლო ქვეყანა, რომელიც ყველაზე გვიან მიხვდა, რომ შევარდნაძის ეპოქა დასრულებულია. შემდეგ მოხდა "ვარდების რევოლუცია". 2003 წლის შემდეგ აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყო. ჩემი აზრით, ახლა ეს ურთიერთობები უფრო რეალისტური და, თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო სრულფასოვანია. ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში ფიქრობენ ასე - ობამა და აშშ-ს კონგრესი ყოველ დღე საქართველოზე ფიქრობენ. რა თქმა უნდა, ეს ასე არაა. მათ ძალიან ცოტა დრო და ბევრი პრობლემები აქვთ. მიუხედავად ამისა, აშშ-ის დემოკრატიული და რესპუბლიკური ადმინისტრაციისთვის საქართველო ყველაზე დიდი მოკავშირეა. ბევრი მიიჩნევს, რომ აშშ-ს საქართველოსადმი დამოკიდებულება რეგიონში აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, აშშ-ს რეგიონში აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ აშშ-ს საქართველოსთან ახლო ურთიერთობების მიზეზი იმაშია, რომ აშშ დემოკრატიული ქვეყანაა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ დემოკრატიის მშენებლობის გზაზე ბევრი შეცდომა დაუშვა, იგი დემოკრატიისკენ ნამდვილად ისწრაფვის. ქართული მენტალიტეტის გათვალისწინებით, ძნელად წარმომიდგენია საქართველოში ნამდვილი დიქტატურის დამყარება. აშკარაა, რომ ქართული მენტალობისა და ფსიქოლოგიისთვის დიქტატურა მიუღებელია. საქართველოს დამოუკიდებლობის 20-წლიანი ისტორიის შემდეგ საქართველო რეგიონის სხვა ქვეყნებისგან და კონფლიქტის ზონებისაგან იმით განსხვავდება, რომ საქართველოს მოქალაქეებს აზრის გამოთქმის არ ეშინიათ და პოლიტიკაზე საუბრისას აზრს თავისუფლად გამოთქვამენ. - წარსული და დღევანდელობა მეტ-ნაკლებად მიმოვიხილეთ. 2009 წელს აშშ-სა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებით ვაშინგტონი და თბილისი სტრატეგიული პარტნიორები არიან. როგორია ორი ქვეყნის ურთიერთობის პერსპექტივა? - სინამდვილეში, ეს ხელშეკრულება სხვა არაფერია, თუ არა იმის აღიარება, რომ აშშ-სა და საქართველოს ერთმანეთთან არა მარტო ახლო ურთიერთობები აქვთ, არამედ მოკავშირე ქვეყნები არიან. სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკებიდან აშშ-ს სამოკავშირეო სტრატეგიული ურთიერთობები ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და ისიც ნატო-ში თანამშრომლობის ფარგლებში აქვს. რაც შეეხება ხელშეკრულებით ნავარაუდევი მუხლების მატერიალიზაციას, იგი სულ უფრო მეტად აისახება სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში პროექტების განხორციელებაში. საქართველოსთვის სასარგებლო იქნება აშშ-ს მხრიდან სოფლის მეურნეობის, მედიისა და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში განვითარებისთვის აღმოჩენილი დახმარება. ამ ხელშეკრულების სრულად ამოქმედება კარდინალურად შეცვლის ვითარებას საქართველოში და აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები ახალ დინამიკას შეიძენს. - ვითარებაში, როცა საქართველოს ჩრდილოელი მეზობელი სამხრეთ კავკასიასა და კერძოდ საქართველოში დასავლეთისა და იმავე აშშ-ს გავლენის ზრდას ვერ ეგუება, პუტინის კრემლში დაბრუნების შემდეგ რამდენად რეალისტურია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ის პერსპექტივა, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ? - ის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებოს დიპლომატიური ურთიერთობები, ეს რეგიონში დესტაბილიზაციის ფაქტორია. საქართველოსა და რუსეთის პირველი პირები ერთმანეთთან ურთიერთობას პიროვნული მიუღებლობის გამო ვერ ახერხებენ. როგორც ჩანს, ასე მანამდე იქნება, თუ ამ თვალსაზრისით რამე არ შეიცვლება. ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებას შედეგის მისაღწევად ორჯერ მეტი მუშაობა უწევს. - 2008 წლის ომის შემდეგ მსოფლიომ მთელი სიცხადით დაინახა, რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო. თქვენ, როგორც საერთაშორისო კრიზის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი და კავკასიის პროექტის ხელმძღვანელი, რას მიიჩნევთ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისათვის ყველაზე დიდ საფრთხედ? - საქართველოში მანამდე ვერ იქნება კარგი სიტუაცია, ვიდრე რუსეთი არ შეასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო დანაყოფები იქნებიან. თუ მხარეებმა გაუთვლელი ნაბიჯები გადადგეს, ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხე მნიშვნელოვნად გაიზრდება. გარდა ამისა, რეგიონის ორ დანარჩენ ქვეყანაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ცუდი ტენდენციები იკვეთება. მხედველობაში მაქვს ის, რომ ბაქოსა და ერევანს შორის 20 წლის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. პროცესი ოფიციალურად დასრულებულად არავის გამოუცხადებია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მხარეები მაღალი ტემპებით იარაღდებიან. არ ვამბობ, რომ შესაძლოა, მათ შორის ომი ხვალ დაიწყოს, მაგრამ თუ ისინი კვლავაც სამხედრო ბიუჯეტის ზრდას გააგრძელებენ, კონფლიქტის განახლება გამორიცხული არ იქნება. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის ცხელ სტადიაში გადასვლა გამოიწვევს სხვა ქვეყნების - თურქეთის, რუსეთისა და ირანის ჩართვას. ღმერთმა ნუ ქნას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის განახლება, ვინაიდან მათ შორის საომარი მოქმედებების დაწყება საქართველოზე ნებისმიერ შემთხვევაში აისახება. - რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხში ძირითადი მოთამაშეები შეთანხმდნენ და საქართველო ოკუპირებული ტერიტორიის გარეშე დარჩეს? ეს კითხვა სერბეთში განვითარებულ პროცესებს უკავშირდება. დასავლეთი და იგივე აშშ ბელგრადისაგან სერბეთის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღების სანაცვლოდ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვს . . . - ამგვარი სცენარი ნაკლებად სავარაუდოა. ამ ტიპის პარალელებს ის ადამიანები ავლებენ, ვისაც ამ საკითხების აქტუალიზაციით თავისი პოლიტიკური მიზნების მიღწევა სურს. სხვათა შორის, კოსოვოს დამოუკიდებლობა ევროკავშირის 5 ქვეყანას არა აქვს აღიარებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სერბებმა ალბანელები კოსოვოდან ძალის გამოყენებით განდევნეს. მხოლოდ სამხედრო ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი ალბანელების კოსოვოში დაბრუნება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა პირობითი და დროებითი სტატუსია. კოსოვოს დამოუკიდებლობის საბოლოოდ მისაღწევად უნდა გაეფორმებინა 59 ხელშეკრულება და უზრუნველყო ქვეყანაში როგორც დემოკრატიული გარემოს, ისე ეთნიკური სერბების კოსოვოში დაბრუნებისათვის პირობების შექმნა. სერბების უმეტესობამ კი დატოვა კოსოვო, მაგრამ მათ იქ დაბრუნებისა და ცხოვრების უფლება უნდა ჰქონდეთ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კოსოვოსთან შედარება იმის გამოა შეუძლებელი, რომ საქართველოს ამ ორივე რეგიონიდან სწორედ ეთნიკური ქართველები იქნენ განდევნილი. ვიმეორებ, აშშ-სა და დასავლეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება გამორიცხულია, შესაბამისად, ამ საკითხზე რუსეთსა და აშშ-ს შორის საქართველოს საზიანოდ კონსენსუსისა და რამე შეთანხმების მიღწევაც გამორიცხულია. არ გამოვრიცხავ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა იმ ტიპის ქვეყნებმა აღიარონ, როგორიც ტუვალუ, ნაურუ და ვანუატუა. ამ თვალსაზრისით, ვენესუელასა და ნიკარაგუას პოზიციები მაშინ შეიცვლება, როცა ამ ქვეყნებში ხელისუფლების ცვლილება მოხდება. - საქართველო შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობს. თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოში არსებულ საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობას? და კიდევ, პირადად თქვენ გაქვთ იმის მოლოდინი, რომ საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარება? - რა თქმა უნდა, იმედი მაქვს. რაც შეეხება კანონმდებლობას. ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნოდ თამაშის ერთიანი წესების არსებობა. ასე რომ არ იყოს, არჩევნებში დამარცხებულ ნებისმიერ ოპოზიციურ ძალას ექნებოდა იმის თქმის საშუალება, რომ საარჩევნო კანონმდებლობა ცუდი და არასრულყოფილი იყო. ამიტომ, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებს შორის მინიმალური კონსენსუსი არსებობდეს. დადებითად ვაფასებ ხელისუფლების მხრიდან ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირებლების არჩევნებამდე 6-7 თვით ადრე მოწვევას. არ მახსენდება შემთხვევა, როცა რომელიმე ქვეყნას გრძელვადიანი დამკვირებლები ასე ადრე მოეწვიოს საარჩევნო პროცესზე დაკვირვებისათვის. ეს უდავოდ პოზიტიური ფაქტია. გრძელვადიანი დამკვირვებლები საარჩევნო საქმის ექსპერტებით იქნება დაკომპლექტებული. რა თქმა უნდა, ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლა არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარების გარანტია არაა, მაგრამ იმის გარანტია ნამდვილადაა, რომ მთელი საარჩევნო პროცესი და მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობა სრულად იქნება შესწავლილი. მე ოპტიმისტი ვარ და ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ქვეყანამ, რომელმაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საკმარისზე ბევრი ცუდი რამ გადაიტანა, შემოდგომისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ნორმალურად ჩაატარებს. ამის იმედს მაძლევს ის, რომ საქართველოში ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. ბუნებრივია, არის შეცდომებიც და ის ქვეყნები, რომლებსაც საქართველოსთვის მხოლოდ კარგი სურთ, ამ შეცდომებზე ღიად საუბრობენ. |