დავით დარჩიაშვილი:

დავით დარჩიაშვილი: "ნუთუ სოფელში უსაფრთხო ცხოვრებას თბილისში ბარაკებში ცხოვრება სჯობს?"

 

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი გვესაუბრება.

რას ელის საქართველო ნატოს სამიტისგან, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩიკაგოში ჩატარდება?
- ამ სამიტზე ალიანსის გაფართოების საკითხი არ განიხილება; იქ იმსჯელებენ იმაზე, როგორ მოხერხდეს ალიანსის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა ხარჯების შემცირების პირობებში, როგორ გახდეს ეს სფერო უფრო "ჭკვიანური", მოქნილი. აგრეთვე, აქტუალური იქნება ავღანეთის საკითხიც. შეხვედრები რამდენიმე ფორმატში წარიმართება. ერთ-ერთი იქნება შეხვედრა ავღანეთის ოპერაციაში აქტიურად მონაწილე სახელმწიფოებს შორის. ალიანსის არაწევრი ქვეყნებიდან, აქ, ცხადია, ყველაზე სოლიდურად საქართველო წარმოდგება. ეს ყველაფერი კი, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნატოს წევრობამდე მიგვიყვანს.

- ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს იმის გამო, რომ საქართველოს ავღანეთში პროცენტულად ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს, რომ ქართველი ჯარისკაცები სხვის ომში იღუპებიან.
- თანამედროვე საბრძოლო ხელოვნებაში სრულყოფილი მომზადება, წვრთნა შეუძლებელია მსგავსი ოპერაციების გარეშე. ქვეყნის თავდაცვისათვის კი აუცილებელია კარგად მომზადებული პროფესიული ჯარი. ამასთანავე, ავღანეთში საკუთარი სურვილით, მოხალისედ მიდიან, არავინ არავის აძალებს იქ წასვლას. რაც შეეხება რისკს, შეიარაღებულ ძალებში სამსახური ყოველთვის სარისკოა. ეროვნული ინტერესებისთვის ბრძოლა მარტო საქართველოს საზღვარზე დგომა არ არის - სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შენს მოკავშირეებთან ერთად ბრძოლით სამშობლოს იცავ. როცა მოკავშირეებისთვის საიმედო პარტნიორი ხარ, მათგან საპასუხო ნაბიჯებს ელი...

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახლახან განაცხადა, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით, რადგან რუსეთს სწორედ ამ დროს აქვს დაგეგმილი სამხედრო წვრთნები...
- ბუნებრივია, ეს არჩევნები უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი, რომ მთავრობაც ლეგიტიმურად დაკომპლექტდეს. ქვეყნის განვითარება და უსაფრთხოება კი განუყოფელი ცნებებია, მით უმეტეს, რომ რუსეთი ამ არჩევნებს ამთხვევს სამხედრო მანევრებს, რაშიც არავითარი საღი აზრი, ლოგიკა არ არის. ამ სამხედრო წვრთნების მიზეზი მხოლოდ რუსეთის იმპერიული ამბიციებია - ის ცდილობს, ერთხელ კიდევ უთხრას ყველას: ეს ტერიტორიები ჩემია და არავინ არაფერი გაბედოს! თან ამ ნაბიჯით, შესაძლოა, ახალისებდეს იმ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის ინტერესი არაფრად უღირთ, რომ პრორუსული გეგმები განახორციელონ. თვითონ არა მგონია, შემოიჭრას, მაგრამ რუსეთი საქართველოში არეულობას ყველანაირად შეუწყობს ხელს.

- ბათუმში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ოპოზიცია მზად არის, არჩევნებზე "თავისი დამკვირვებლები" ჩამოიყვანოს, მათ შორის, ევროპიდან, რომლებიც დიდძალი ფულის გადახდის შემდეგ ყველაფერს ისე იტყვიან, როგორც მათ სურთ.
- სამწუხაროდ, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს ათასგვარი ფირმები, ჯგუფები, რომლებიც ელოდებიან, საიდანმე აიღონ თანხა და არცთუ ობიექტური დასკვნები დაწერონ. მაგრამ ამ რისკს გაანეიტრალებს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და სოლიდური, ყველასთვის ცნობილი სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლა. ანუ გადამწყვეტი იქნება, რას იტყვის ეუთო, ევროსაბჭო, ევროპარლამენტი და არა იმ ფირმების აზრი, რომელთა დასკვნები მავანმა შესაძლოა, სათავისოდ გამოიყენოს.

თბილისში კოკისპირულ წვიმას დიდი ზარალი და მსხვერპლი მოჰყვა... სპეციალისტები ამბობენ, რომ დედაქალაქის საცხოვრებელი ფონდის დიდი ნაწილი ამორტიზებულია, ამ დროს კი ხელისუფლება ლაზიკის მშენებლობასა და ფეშენებელურ ცათამბჯენებზე საუბრობს...
- ესეც გაკეთდება და ისიც. ახალი ქალაქებიც აუცილებლად უნდა აშენდეს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მოსახლეობის ნახევარი სოფელში, თავის პატარა ნაკვეთებს მიჯაჭვული, სუბსიდიების მომლოდინე იცხოვრებს და ქვეყანა განვითარდება, ცდება. სოფელს მიხედვა უნდა, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქებში უნდა დასაქმდეს. ლაზიკა კი ჩვენი ეკონომიკის დამატებითი კარიბჭეა. ახალიც შენდება და ამორტიზებულ სახლებსაც ვარემონტებთ, არაერთი ძველი უბანი აღვადგინეთ. სტიქიის შედეგად თბილისში ძირითადად, ის ნაგებობები, საცხოვრებელი ფართობები დაზიანდა, რომელიც თავის დროზე, უკანონოდ აშენდა.

- თუმცა, ამ ნახევრადსარდაფებში ადამიანები გაჭირვების გამო ცხოვრობენ.
- შესაძლოა, არაპოპულარული აზრი ვთქვა, მაგრამ ნუთუ სოფელში, საკუთარ კარ-მიდამოში უსაფრთხო ცხოვრებას, თბილისში ბარაკებში ცხოვრება სჯობს?

დიდი ხმაური მოჰყვა სტიქიური უბედურების შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის ჩასვლას სლოვენიაში, მის დასწრებას საფეხბურთო მატჩზე.
- არ ვიცი, რა მატჩზეა ლაპარაკი. მე ბათუმში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ კონფერენციაზე ვიყავი.

- როგორ აფასებთ თქვენი პოლიტიკური ძალის შანსს, გაქვთ საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების იმედი? ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მომავალ პარლამენტში მანდატების 2/3-ს მოიპოვებს...
- გამარჯვების იმედი ორი მიზეზის გამო გვაქვს: ჩვენი გუნდი შეკრული და მონოლითურია, ვიცით, რომ "გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია" და მარტო ოცნებებით არ ვცხოვრობთ. ვიცით საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებიც, გაუგებარია, რა 2/3-ზე ლაპარაკობს ზოგიერთი.