კახა კახიშვილი: პარლამენტარობის ოფშორული ზონა ევროკავშირის მაფიოზებისთვის!

კახა კახიშვილი: პარლამენტარობის ოფშორული ზონა ევროკავშირის მაფიოზებისთვის!

 

"ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივის ამ ფორმით მიღება მმართველ გუნდთან თავიდანვე იყო შეთანხმებული. ყველამ კარგად იცოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში 10 -წლიანი ცხოვრების ცენზში ვერ ჩაეტეოდა და მის რეაქციას ელოდნენ. მანაც არ დააყოვნა და ხელისუფლებას შეახსენა, ამ პარამეტრებში ვერ ვჯდებიო. ეს "ტოპკა-პადაჩის" თამაშს ჰგავდა. როცა ეს ინიციატივა გაჟღერდა, ივანიშვილმა ერთხელ კი თქვა, ცუდიაო, მაგრამ მან და მისი გუნდის წევრებმაც ცოტა ხანში განაცხადეს, ამ ცუდი ინიციატივით მაინც ვისარგებლებთო. ეს იყო მთელი კოალიციის და პირადად ივანიშვილის დიდი შეცდომა!" - აცხადებს საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პარლამენტარობის ოფშორული ზონა ევროკავშირის მაფიოზებისთვის! - კახა კახიშვილი: "ამ კანონით საქართველოს პარლამენტში ევროკავშირის მაფიოზებს ვიხილავთ!"

"ვფიქრობ, თუ ასე გააგრძელა "ქართულმა ოცნებამ", ეს პროცესი მათი გამარჯვებით არ დასრულდება. მეტიც, 20-კაციანი ფრაქცია პარლამენტში მაქსიმუმია. ამიტომაც ვფიქრბ, რომ 2012 წლის არჩევნებს სააკაშვილი მოიგებს "კონკურენტუნარიან" გარემოში, "ცოცხალი ოპოზიციის" პირობებში და მისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნა ბევრად ლეგიტიმური იქნება, ვიდრე ივანიშვილის გამოჩენამდე იქნებოდა "მკვდარი ოპოზიციისთვის" მოგებით. ივანიშვილს მყისიერად უნდა ეთქვა - ნუ წუხდებით ჩემს გამო, საქართველოს მოქალაქეობა მეკუთვნის და ბოლომდე მას მოვითხოვ, ამიტომ თავს ნუ მოიკლავთ პოლიტიკაში ჩემი შიმოყვანითო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კახიშვილი.

"ქდმ არის პარტია, რომელსაც წლების მანძილზე ჰქონდა პრეტენზია, რომ ხელისუფლების მერე რეიტინგით მეორეა და ახლა დღედაღამ აღარ ეძინა იმის ფიქრში, როგორ გამხდარიყო მესამე? ეს ხომ სრულიად არაბუნებრივია? ამ დროს სწორედ ქდმ-ს ერთ-ერთი ლიდერი მარწმუნებდა, პასიურ საარჩევნო უფლებებთან ერთად, ევროკავშირის მოქალაქეები აქტიურ, ანუ ხმის მიცემის უფლებას არ მიიღებენო და ხომ ნახეთ, რაც მოხდა?! ივანიშვილის აქაური აქტიურობა, რაც ვითომ ამ ინიციატივით მიიღო, კომპენსირებული იქნება საზღვარგარეთიდან მიღებული უკონტროლო ხმების რაოდენობით", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"ჯერ ერთი, როგორც გვარწმუნებენ, მაინცდამაინც ბოლო 5 წელი აქ მცხოვრებ მოქალაქეებს ექნებათ ხმის მიცემის უფლება, რას ნიშნავს ბოლო 5 წელის "მუდმივად საქართველოში ცხოვრება", როგორ უნდა იქნას ეს გადამოწმებული, როცა საჰაერო და სახმელეთო საზღვრებით ქვეყანაში შემოსვლის ბეჭედს კარგა ხანია აღარ გვირტყამენ პასპორტებში? როცა პირადობის მოწმობაში აღნიშნული მისამართიც კი არ ნიშნავს იმას, რომ რეალურად მართლა ამ მისამართზე ცხოვრობ და დღემდე არაა გარკვეული შიდა მიგრაციის პროცენტი? ბუნებაში არსად არ არსებობს ასეთი მონაცემი. ბოლოს კი გამოვა ხელისუფლება და იტყვის - თქვენ თვითონ არ ამბობდით, საქართველოდან მილიონ ამომრჩეველზე მეტია გასული, აქედან თუნდაც 300 000 ევროკავშირის მოქალაქეა და რა პრობლემაო? რა ვუპასუხოთ, როცა ვერც ერთ ამ რიცხვს ვერ გადავამოწმებთ - შსს თავად აცხადებს, რომ მას არ აქვს მონაცემი იმ ქართველებზე, ვინც ქვეყანა 2007 წლამდე დატოვა..." - დასძენს კახა კახიშვილი.