მოგელაძის უწყება საერთაშორისო ორგანიზაციებთან იფიცებს, რომ ნეიტრალური და მიუკერძოებელია. თუმცა, საქმე საქმეზე, რომ მიდგება მიუხედავად დეკლარირებული მიუკერძოებლობისა არ იმჩნევს, სამოქალაქო სექტორის მიერ მოძიებულ მასალებს, სადაც ამომრჩევლების მოსყიდვაში ნაციონალური მოძრაობაა მხილებული.
კონტროლის პალატა უპასუხოდ ტოვებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წერილს. აღნიშნულმა ორგანიზაციამ კონტროლის პალატას 3 მაისს მიმართა და ითხოვა დაინტერესებულიყვნენ აღდგომის დღეებში რუსთავში ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს წევრის, თამაზ გველუკაშვილის მიერ, რამდენიმე უბანში საჩუქრად ცხვრების და ღვინოს დარიგების ფაქტით.
“რუსთავის საკრებულოს წევრმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, თამაზ გველუკაშვილმა სააღდგომოდ ქალაქის რამდენიმე უბანში საჩუქრად ცხვარი და ღვინო გააგზავნა, რაც ამომრჩევლის მოსყიდვად შეიძლება ჩაითვალოს. ამ ფაქტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოკითხული რუსთავის მაცხოვრებლებიც ადასტურებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე სხვადასხვა უბანში შეგროვდა ინფორმაცია კორპუსების მაცხოვრებელთა რაოდენობის შესახებ, ხოლო აღდგომის დღეს იმავე უბნებში მანქანებით საჩუქრები - ცხვარი და 20 ლიტრი ღვინო მიიტანეს. ზოგიერთ უბანში საჩუქრები რუსთავის გამგეობის და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებმაც კი დაარიგეს, თუმცა ყველგან პირდაპირ ითქვა, რომ ნობათი თამაზ გველუკაშვილის გაგზავნილია“ - ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფიციალურ განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” აღნიშნული ფაქტის გარშემო სამართლებრივი მოკვლევის დაწყებისთვის კონტროლის პალატას და პროკურატურას მიმართა. “სამწუხაროდ, ამ დრომდე არც პროკურატურიდან და არც კონტროლის პალატისგან არანაირი გამოხმაურება არ არის“ - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მთავარი ანალიტიკოსი, ლევან ნატროშვილი.
ნატროშვილის ინფორმაციით, საჩუქრები ცხვრების სახით დარიგდა რუსთავის მე-15 და 21-ე მიკრორაიონებში, ასევე თოდრიას, ლომოურის და ლეონიძის ქუჩებზე.
მოგელაძის უწყება ამ დრომდე არ ახდენს რეაგირებას რუსთაველებისთვის დარიგებულ ცხვრებზე. თუმცა, ასეთი საჩუქრების გამცემ პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებულ პირს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი 3 წალამდე თავისუფლების აღკვეთას, ან ჯარიმას უქადის.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის თანახმად, პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა. ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით კი პოლიტიკური მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის ან სხვა ქონების გადაცემა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.
აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, სახეზე იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. გასათვალისწინებელია, რომ ქმედების განმახორციელებელი პირი, პოლიტიკური გაერთიანების მიერ პოლიტიკური ნიშნით არის წარდგენილი და მასთან ასოცირდება, რაც ამ პირის პოლიტიკური მიზნების არსებობას უსვამს ხაზს. მივმართავთ საქართველოს კონტროლის პალატას და საქართველოს პროკურატურას, გამოიკვლიონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება“ - მიმართავს ქვეყნის მთავარ მაკონტროლირებელ ორგანოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.