„ევროპამ საზღვარი უნდა დაუდოს რუსულ პოლიტიკას“

„ევროპამ საზღვარი უნდა დაუდოს რუსულ პოლიტიკას“

 

20–21 მაისს ჩიკაგოში ნატოს მორიგი სამიტი გაიმართება. წინასწარ ცნობილია, რომ საქართველო გაწევრიანების სამოქმედი პროგრამას (მაპს) კვლავ ვერ მიიღებს. პრეზიდენტი სააკაშვილის განცხადებით, გაძლიერების შემდეგ ნატო და ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანებას აქეთ შეეხვეწებიან.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მორიგ სამიტზე და მოსალოდნელ შედეგებზე სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძეს ვესაუბრებით.

რას უნდა ველოდოთ  ამ შეხვედრებისგან?

გიორგი თავდგირიძე: ჩიკაგოს სამიტზე საქართველოსადმი არსებითი და ნათელი მესიჯი უნდა გაჟღერდეს. ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული დროის პარამეტრები, ან შესასრულებელი ამოცანები, რომლებიც ქვეყანას ალიანსისკენ გზას გაუხსნის. ამ თვალსაზრისით, ნატოს განზრახულობა უნდა იყოს ცალსახა და არა რუსეთის ზეგავლენის ქვეშ ნაკარნახევი. ნებისმიერი დათმობა, რომელის მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო გათვალისწინებული იქნება, ამ ქვეყანას ჩვენს წინააღმდეგ აგრესიული მოქმედებებისკენ პირდაპირ წაახალისებს.

ვფიქრობ, სიტუაციის დაბალანსებისთვის ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯი იქნებოდა საქართველოსთვის მაპის მინიჭება. ეს ნაბიჯი არ ნიშნავს რაღაც შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას, წახალისებას ან გარკვეულ მესიჯს, რომ დემოკრატიული თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგში გვაქვს. თუმცა, მაპის მინიჭება პირდაპირი სიგნალი იქნება რუსეთისთვის, რომ საქართველო დაცული ტერიტორიაა.

ამის შემდგომ, ნატოში გაწევრიანება დამოკიდებული იქნება არა პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, არა რუსეთის აგრესიულ განცხადებებზე, არამედ იმაზე, საქართველო რამდენად სწორად და ზუსტად შეასრულებს მაპით აღებულ ვალდებულებებს. ეს იქნება გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყანაში ხელს შეუწყობს როგორც პოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღებას, ასევე ქვეყნის ნებისმიერ ხელისუფლებას, არსებულს თუ მომავალს, რუსეთის ზეწოლისგან დაიცავს. შესაბამისად, საქართველოში დემოკრატიული პროცესები გაძლიერდება. ეს აბსოლუტურად შიდაპოლიტიკური საქმე იქნება და ქვეყანა გარე აგრესიული ჩარევებისგან დაცული იქნება.

ეს ყოველივე სასურველი მოლოდინებია; თქვენი ინფორმაციით, რეალურად ალიანსის უმაღლესი წარმომადგენლები რა პოზიციის დაფიქსირებას აპირებს?

– წინასწარ რაიმე განსაკუთრებულ ინფორმაციას არ გამოუჟონავს, თუ არ ჩავთვლით რასმუსენის განცხადებას, რომ ავღანეთში ჩვენი სამხედრო კონტინგენტის სიდიდე, ნატოსკენ მიმავალი მწვანე ბილეთი არ არის. თავისთავად ასეცაა. ანუ არავინ ითხოვს, რომ ავღანეთში მონაწილეობის გამო პირდაპირ და დაუყოვნებლივ ნატოში მიგვიღონ. თავის მხრივ, მაპიც საკმაოდ რთულად შესასრულებელი გეგმაა. იგი გულისხმობს არამარტო სამხედრო რეფორმებს, არამედ ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვან პოლიტიკურ–დემოკრატიულ რეფორებს.

აქედან გამომდინარე, დღეს ძალიან ძნელია ვიმსჯელოთ თუ რა ხდება კულუარებში. საკმაოდ რთული ვითარებაა იგივიე ირანის საკითხში. ეს დასავლეთის, პირველ რიგში შეერთებული შტატების პირდაპირ პოლიტიკურ ვაჭრობას იწვევს რუსეთთან. ასევე ანტისარაკეტო სისტემების განთავსებას მოსკოვი მის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აღიქვამს. რუსეთი არაადექვატურ, საპირისპირო ნაბიჯებს დგამს.

 

ასეთი რთული პოლიტიკური სიტაცია ამერიკის პოლიტიკისთვის არცთუ ისე პრობლემატურია. როგორც წესი, აშშ თავის გეგმებს სწორხაზოვნად ასრულებს. მაგრამ ეს უფრო რთული რეალობაა ევროპელი ლიდერებისთვის, რომლებიც ბოლო ერთი საუკუნეა პოლიტიკური უპასუხისმგებლობით გამოირჩევიან. ფაქტობრივად, მათი პოლიტიკის შედეგია, რომ ასი წლის განმავლობაში ორი მსოფლიო ომი მოხდა და უზარმაზარი მსხვერპლი იყო. ყველაფერი წაყრუების პოლიტიკის შედეგად ხდებოდა.

ამჯერად, ევროპის ძირითადი სახელმწიფოების პოლიტიკა საქართველოს მიმართ იქნება ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ და ეს თავისთავად სირაქლემას პოზაში ყოფნის გაგრძელებაა. ისინი სავარაუდოდ, ისევ რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით საქართველოსთვის მაპის მიცემის წინააღმდეგი იქნებიან. თუმცა,  კულუარული მოლაპარაკებები დამაგვირგვინებელ ფაზაში შედის და ჩვენ ალბათ, სამი–ოთხი დღით ადრე გვეცოდინება პირდაპირი გზავნილები თუ რა მოხდება. მანამდე ნებისმიერი მსჯელობა მკითხაობა იქნება.

ვიმეორებ, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭება იქნება. ევროპამ საზღვარი უნდა დაუდოს რუსულ პოლიტიკას, რომელიც ჰიტლერის პოლიტიკას ძალიან წააგავს ოცდაათიანი წლების ბოლოსთვის. ხოლო ამერიკისთვის ეს იქნება თავისი მოკავშირის დაცვისთის კარგი მექანიზმის შეთავაზება.

დასავლეთში არაერთხელ ითქვა, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ნატოში გაწევრიანების გზაზე შემაფერხებელი ფაქტორი არ უნდა იყოს; რამდენად ერთგულნი იქნებიან ამ პოლიტიკის?

– მოდით ასე ვთქვათ: მეოცე–ოცდამეერთე საუკუნეების განვლილ ისტორიას რომ გადავხედოთ, პოლიტიკაში რაღაც მკაცრი დოგმები არ არსებობს. დიახ,  საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, ქვეყანას მათი ძალით დაბრუნება არ შეუძლია. არც ამერიკას და ევროპას საქართველოს მაგივრად ამის გაკეთება ასევე არ ძალუძს. მაგრამ ნატოში გაწევრიანება ამ თვალსაზრისით არაფერსაც არ ნიშნავს. ანუ არ ნიშნავს, რომ ტერიტორიებს დავკარგავთ ან ეს ჩამოშორებული მიწები ალიანსს საფრთხეს შეუქმნის.

თავისთავად იყო და არის მსგავსი პრეცენდენტები ნატოში გაწევრიანებისა. იგივე გერმანია, რომელიც დღეს რაღაც საფრთხეებზე საუბრობს, მეკავშირეებმა თავის დროზე არ მიატოვეს. არანაირად არ იმსახურებდა არც უახლესი წარსულის გამო და არც არსებული მდგომარეობის გამო ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ გერმანიისთვის უსაფრთხოების კედელი რომ შეექმნათ, ნატოში მიიღეს. ბერლინმა ეს მაგალითი კარგად უნდა გაიხსენოს და ამასთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტებიდან არ უნდა გამოდიოდეს. რეალპოლიტიკაში არსებული სიტუაციის გათვალისწინება ხდება და არა მკვდარი დოგმების. ხელშეკრულება არ კრძალავს გამონაკლისების დაშვებას. ეს არ არის ბიბლია და მოქნილი, რეალობის ადექვატური პოლიტიკის გატარება თავისუფლდ შეუძლია ნატოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას; იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ პოლიტიკას ქმნიან.

აქედან გამომდინარე, ოკუპირებული ტერიტორიები საფრთხეს არ ქმნის. საუბარია ევროპის უპრინციო პოლიტიკაზე რუსეთთან მიმართებაში. სწორედ ორმაგი სტანდარტია, როცა თვალს ხუჭავენ ბევრ პრობლემატიკაზე და ძირითად საფრთხეებზე, რომლებიც რუსეთიდან მოდის. საბოლოო ჯამში, დაუსჯელობის პოლიტიკით კიდევ უფრო წაახალისებენ მოსკოვის აგრესიულ ქმედებებს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის გაძლიერების შემდეგ ნატო და ევროკავშირი გაწევრიანებას აქეთ შეგვეხვეწებიან; ამ თვალსაზრისით, რამდენად მართებულია ანალოგიების მოყვანა იგივე ფინეთთან და სკანდინავიის ქვეყნებთან?

– პრეზიდენტი წინასაარჩევნო განცხადებებით არის დაკავებული. ამიტომ, ამის სერიოზულად განხილვა არ შეიძლება. ყოველივე პოლიტიკური დებატების ნაწილია, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ელიტა ამ სფეროს ფრიადოსნებში არ გადის. მათი ლექსიკა, არგუმენტაცია სერიოზული განხილვის თემას არ წარმოაგენს. პრეზიდენტი, რა თქმა უნდა უტრირებას ახდენს, ამძაფრებს შექმნილ სიტუციას. რაც არ უნდა გაძლიერდეს საქართველო, თუ შესაბამისი ნება არ ექნება, ვერავინ გააწევრიანებს ალიანსში. რაც შეეხება ხვეწნას თუ არხვეწნას, ასეთ ფენომენს პოლიტიკა უბრალოდ არ იცნობს.