ნაცმოძრაობისა და ხელისუფლების

ნაცმოძრაობისა და ხელისუფლების "გმირული ბრძოლა" სატელიტურ თეფშებთან და ინვალიდებთან...

"ოქროყანაში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და ადგილობრივი (დიდგორის) გამგეობის წარმომადგენლები მოსახლეობას "გლობალ ტივის" ანტენების დამონტაჟების გამო აშანტაჟებენ, - აცხადებს ოქროყანის მცხოვრებთა ნაწილი. მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ მთელი დღე გამგებელი და ნაცმოძრაობის აქტივისები დადიოდნენ მოსახლეობაში და აშინებდნენ ხალხს - ვინც თეფშებს დააყენებდა, სამსახურიდან მოხსნიდნენ, ან სახლი თუ ჰქონდათ დაურეგისტრირებელი, არ მისცემდნენ დაკანონების უფლებას", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ოქროყანაში მოსახლეობას "გლობალ ტივის" ანტენებზე უარის თქმას აიძულებენ / ელისო ჩაფიძე: არ ვთვლი, რომ ვინც "გლობალ ტივის" მომხმარებელია, ის აუცილებლად "ქართულ ოცნებას" მისცემს ხმას.

"კოორდინატორები იმუქრებიან, რომ ინვალიდობის მქონე ადამიანს და სოციალურად გაჭირვებულებს სოციალურ დახმარებას მოუხსნიან. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პენსიაზე 22 ლარის დანამატს, ხოლო დედები თითოეულ ბავშვზე 25 ლარს იღებენ და ამის გამო რაღაც ნაწილმა გადაწყვიტა, მოეხსნა თეფში და ხელშეკრულება გაეუქმებინა", - აცხადებს ერთ-ერთი ოქროყანელი, რომელიც ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს. მისივე თქმით, მოსახლეობას უმტკიცებენ, რომ ხელშეკრულებაში ჩაწერილი პასპორტის მონაცემები გამოქვეყნდება. ასევე ატყუებენ, რომ ეს მონაცემები გამოქვეყნებული იქნება "ქართული ოცნების" მიერ არჩევნების გასაყალბებლად. "ორივე მხარე აპირებს არჩევნების გაყალბებას, ჩვენ კი ვიჭყლიტებით" - ჩივის ოქროყანელების ნაწილი, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ მუქარის მიუხედავად, "გლობალ ტივის" მაინც დააყენებენ", - აღნიშნავს გამოცემა. 

"დიდგორის რაიონის გამგებელი გოგიტა ნიკოლაძის ხალხია. ასევე ნაციონალების კოორდინატორი არის ოქროყანის სკოლის დირექტორი და კიდევ ლია მებაღიშვილი. ზოგს ეშინია, რომ დაიჭერენ და ამის თავი არ აქვთ. ვისაც დაყენებული გვქონდა, იმათ გვითხრეს, პენსიაზე დანამატს მოგიხსნითო. გუშინ ამოვიდნენ "გლობალის" წარმომადგენლები და ჩემს მეზობელს მოუხსნეს ანტენა. თუმცა არის ხალხი, რომელსაც შიში არ აქვს და დღეს დარეკეს "გლობალ ტივიში" - თეფშები დაგვიმონტაჟეთო. რადგან ანტენები უფასოდ მონტაჟდება, რა თქმა უნდა, ბევრს აქვს სურვილი. თანაც აქ ჩვეულებრივი ანტენებით ყველა არხს ვერ იჭერ და რა დასაკვირია, რომ მოსახლეობაში დიდია სურვილი?!" - ამბობე მეორე ოქროყანელი. "გლობალ ტივის" განვითარების დირექტორი ზურაბ ბაზლიძე "რეზონანსთან" საუბარში დამონტაჟებული ანტენების მოხსნის ფაქტს ადასტურებს და განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევები, არა მარტო ოქროყანაში ხდება, არამედ თითქმის ყველა რაიონში მსგავსი სიტუაციაა", - დაძენს გამოცემა.

"მოსახლეობა გვატყობინებს, რომ ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები მიდიან მათთან და ეკითხებიან, რად გინდოდათ "გლობალ ტივი" რომ დააყენეთ, დაფიქრდით კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ შეიძლება პრობლემები შეგექმნათო - ასეთ "რჩევებს" აძლევენ. ძირითადად სოციალური დახმარების მოხსნის მუქარაა და ამის შემდეგ არის შემთხვევებიც, როცა ანტენებს ვხსნით და ხელშეკრულებას ვაუქმებთ. ასეთი შემთხვევები ყოფილა თბილისის სხვა გარეუბნებში, დიდ და პატარა ლილოში, ახლა სამგორში, ასევე კახეთის რეგიონში, გურჯაანის რაიონში, თეთრიწყაროში და ა.შ. ნელ-ნელა ავიღეთ ტემპი და რეგიონებში ვმუშაობთ. კახეთის რეგიონის გარდა ქვემო ქართლში მიდის სამუშაოები, ასევე დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოსა და გურიაში მიდის მუშაობა, შევაგროვეთ ინფორმაცია, თუ ვის უნდა ამ ანტენების დამონტაჟება. ეს არის 10-წლიანოი პროექტი. პირველი წლის განმავლობაში მომხმარებელი ყოველგვარი გადასახადისგან გათავისუფლებულია, შემდეგ კი თვეში 4 ლარის გადახდა უწევს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ბაზლიძე.

"ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება ალტერნატიულ ინფორმაციაზე მიუწვდებოდეს ხელი ამიტომაც ცალსახად არ ვთვლი, რომ ვინს "გლობალ ტივის" მომხმარებელია, ის აუცილებლად "ქართული ოცნების" სასარგებლოს მიიღებს გადაწყვეტილებას. თუმცა ხელისუფლებამ იცის ჩვენი ძალა და ამიტომაც აშინებთ ინფორმაციის თავისუფლება... ასეთი ტიპის ინფორმაციის შეგროვება მიმდინარეობს, ასევე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პედაგოგებთან დაკავშირებით და თებერვალში კონტროლის პალატის მიერ ჩვენი აქტივისტების დაკითხვის ფაქტებზე - ჩვენს იურისტებთან მსგავსი მონაცემები თავს იყრის და წინა კვირაში პირადად მე გავუგზავნე საელჩოებს მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრი ელისო ჩაფიძე.