სხდომა, რომლის გადაღებაც ტელევიზიებს აუკრძალეს

სხდომა, რომლის გადაღებაც ტელევიზიებს აუკრძალეს

ბოლო დღეების განმავლობაში სააკაშვილის მილანში ყოფნის ფაქტი ძალზე აქტიური თემაა. მართალია, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ თემაზე საუბარი არ სიამოვნებთ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ის აშშ-ში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა მილანის გავლით, მაგრამ გავრცელებული სურათები ცხადყოფს, რომ სააკაშვილისთვის მილანი მხოლოდ სატრანზიტო ქალაქი არ ყოფილა.

დღეს საზოგადოებას უფლება აქვს გამოითხოვოს ინფორმაცია, მისი ეს მივლინება საერთოდ რა დაჯდა და მილანში შეჩერებისთვის რა თანხა იყო გათვალისწინებული.

თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ საზოგადოებას ამის უფლება აღარ ექნება, რადგან კანონმდებლობაში უქმდება ის ნორმა, რომელიც ამ ინფორმაციის მოთხოვნის საშუალებას აძლევდა. მით უმეტეს, რომ ასეთი ფაქტები საკმაოდ მრავლად არის. რაც მთავარია, ეს არ ეხება მხოლოდ მივლინებებს და აქ არის საუბარი ზოგადად საჯარო თანამდებობის პირების შესახებ არსებული ინფორმაციის საჯაროობაზე.

"რეზონანსი" გუშინ წერდა იმის შესახებ, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით უქმდება "ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 44-ე მუხლი, რომელიც დღემდე საჯარო თანამდებობის პირების შესახებ ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფდა.

გუშინ კი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამ საკითხის განხილვა გაიმართა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა - საია-მ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" და "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" კანონპროექტი საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკეს.

"საზოგადოების ხელში ეს იყო მნიშვნელოვანი ბერკეტი, რადგან არ შეიძლება პირად საიდუმლოს მიეკუთვნოს საჯარო თანამდებობის პირთა მონაცემები. ამ მუხლში საუბარი იყო იმაზე, რომ ამ პირებზე რა ინფორმაციაც არის დაცული საჯარო დაწესებულებაში, ის საზოგადოებისთვის არის ღია. ამ მუხლის ამოღება კი იმას ნიშნავს, ეს ინფორმაცია ავტომატურად ხელმისაწვდომი აღარ იქნება," - თქვა საია-ის წარმომადგენელმა თათული თოდუამ.

მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის პასუხი კი ის იყო, რომ რაში უნდა აინტერესებდეს საზოგადოებას, თუ რა თანხა იხარჯება ცალკეულ მივლინებაზე.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ძაგნიძემ განაცხადა, ამის ნაცვლად მოხდება "პერსონალურ მონაცემთა კანონის" გამოყენება, რომელიც პარლამენტმა 2011 წლის ბოლოს მიღო.

თუმცა თათული თოდუა ამბობს, რომ "ამ კანონით არ ხდება საჯარო თანამდებობის პირის და რიგით მოქალაქეს შორის არანაირი გამიჯვნა. ანუ, ორივე კატეგორიის შესახებ ინფორმაცია ერთნაირ რეჟიმში იქნება დაცული. შესაბამისად, მათი თანხმობის გარეშე ინფორმაცია ხელმისაწვდომი აღარ იქნება. ამიტომაც ძალიან პესიმისტური პროგნოზები შეიძლება არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დონეზე იქნება ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი."

"თქვენ რომელ მუხლებს ეყრდნობით, როდესაც ამბობთ, რომ ახალი კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" გვაძლევს სრულ ოარნატიას იმისას, რომ "ზოგადი ადმინისტრაციული" კოდექსიდან 44-ე მუხლის გაქრობა არაფერს არ დააზიანებს? მიგვითითეთ მუხლები. ასეთი მუხლები არ არსებობს და მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ ახალი კანონით არავითარი განსხვავება კერძო პირებსა და თანამდებობის პირებს შორის არ არის. შესაბამისად, თანამდებობის პირები სარგებლობენ იმავე რეჟიმით, რაც დადგენილია კერძო პირებისთვის და მათი ვალდებულება და პასუხისმგებლობა ახალ კანონში არ არსებობს," - ამბობს თათული თოდუა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ საჯარო თანამდებობის პირების შესახებ ის ინფორმაცია, თუ წლის განმავლობაში რა თანხა აიღეს, ქონებრივ დეკლარაციაში იქნება წარმოდგენილი და მათთვის გაუგებარია, ვის რაში სჭირდება იმის ცოდნა, თუ თითოეულ კონკრეტულ დღეს ამ თანამდებობის პირმა რა თანხა და რისთვის აიღო.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, ერთის მხრივ, დეკლარაციაში არ არის ყველა ინფორმაცია თავმოყრილი და, მეორეც, ინტერესის საგანს მხოლოდ ფინანსები არ წარმოადგენს.

"პრემიებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სასამართლო გადაწყვეტილებები, სადაც ნათქვამია, რომ ეს არის პერსონალური მონაცემი," - ამბობს თათული თოდუა.

"ჩვენ მოვითხოვეთ ბატონი დავით ბაქრაძის სამივლინებო თანხის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა აშშ-ში, ჰარვარდში, კენედის მმართველობის სკოლაში წაკითხული ლექციის დროს გაწეულ ხარჯს, რომელიც ბიუჯეტიდან გაიცა. პარლამენტის ადმინისტრაციისგან კი ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ აღნიშნული ინფორმაცია განეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს და აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ ინფორმაციას ვერ მოგაწვდითო.

"მანამდე არსებობდა ეს პრობლემა და ახლა ამას მთლიანად რომ ამოვიღებთ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება? მე არ მინდა, რომ ეს საკითხი მუდმივი დავის საგანი გახდეს. რეალურად დადგება ის საკითხი, რომ ეს საჯარო ინფორმაცია მთლიანად დაიხურება," - აღნიშნა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.

პავლე კუბლაშვილის მთავარი არგუმენტი კი ის არის, რომ საზოგადოებას რატომ უნდა აინტერესებდეს ის, თუ რომელიმე თანამდებობის პირი მივლინებაში რა თანხას ხარჯავს.

პავლე კუბლაშვილი: "თქვენ თუ გაინტერესებთ კონკრეტულად რომელ რიცხვში, სად აიღო ამა თუ იმ საჯარო თანამდებობის პირმა სამივლინებო თანხა, არ მგონია, რომ ეს იყოს საზოგადოებრივი ინტერესის საგანი. საზოგადოების ინტერესი არის იმის მიმართ, თუ წლის განმავლობაში რა შემოსავალი აქვს ამა თუ იმ თანამდებობის პირს...

"რომ ჰკითხოთ პარლამენტს, თუ რამდენი აიღო პავლე კუბლაშვილმა წლის განმავლობაში, ამ ინფორმაციას არ მოგცემენ? ეს ინფორმაცია იქნება დახურული?

"სწორია, რომ უნდა არსებობდეს კონტროლი, თუ რას იღებს საჯარო თანამდებობის პირი. მაგრამ, მეორე მხრივ, სწორი არც ის მგონია, რომ მისი ფინანსების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს საზოგადოებას. ეს არის გარკვეული ბერკეტი იმისთვის, რომ ადამიანი კორუფციულ სქემებში არ იყოს ჩათრეული და, თუკი ასეთი რამ ხდება, უნდა გამოავლინოს. მაგრამ ამის მიღმა კონკრეტიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, ძალიან მიუღებელია. 

"შესაძლოა, საზოგადოებას აინტერესებდეს და მოითხოვოს ინფორმაცია, შეიძინა თუ არა, მაგალითად, ბატონმა დიმიტრიმ ვილა სეიშენის კუნძულებზე და ამაში რა თანხაც გადაიხადა, მის მიერ დეკლარირებული შესაძლებლობიდან გამომდინარეობდა თუ არა. მაგრამ თუ მე ვიტყვი, რომ მაინტერესებს, გუშინ საღამოს სად ვახშმობდა, არა მგონია, რომ საინტერესო იყოს."

თათული თოდუა: "ეს ინფორმაცია საჯარო უწყებაში დაცულია? თუ არის, შეიძლება აინტერესებდეს."

პავლე კუბლაშვილი: "მაგალითად, რამდენი მწვადი შეუკვეთა, მაგალითად, რომელიმე ელჩმა თავისი პრემიერ-მინისტრისთვის, რომელიც სტუმრად იყო ჩამოსული... თანხის მნიშვნელობა რატომ არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი? ეს შეიძლება იყოს გარკვეულ პარტიებს შორის კინკლაობის საგანი, რომ აი, უფრო მეტს ხარჯავს რომელიმე პარტია თავისი ფრაქციის შენახვისთვის, ვიდრე ამის შესაძლებლობა აქვს. კი, ეს ლეგიტიმურია. ცხადია ის, თუ რამდენი იხარჯება ზოგადად მივლინებებზე, ამის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამაზე შორს წასვლა, თუ თითოეულმა რამდენი დახარჯა, რაში სჭირდება?"

თათული თოდუა: "სამწუხაროა, რომ ამ დისკუსიაში ჩვენ ვსაუბრობთ არა ინფორმაციის თავისუფლების ენაზე, არამედ პირიქით, ინფორმაციის დახურვის ენაზე."

ამის შემდეგ კუბლაშვილმა სცადა ისეთი განცხადება გაეკეთებინა, რომ, თითქოს მისი ნათქვამი სწორად ვერ გაიგეს ვერც მედიის და ვერც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მაგრამ, როგორც ჩანს, გუშინ მისი დავალება იყო, რომ საზოგადოებისთვის ჩაეგონებინა, თითქოს ადმიანებს მხოლოდ ის აინტერესებთ, საჯარო თანამდებობის პირმა დეკლარაციაში თავის შემოსავლებად რა თანხა მიუთითა და სხვა საკითხები საერთოდ არ აინტერესებს. მით უმეტეს, პრემიები, მივლინებები და სხვა ბონუსები, რომელიც ცალსახად ბიუჯეტიდან იხარჯება.

ცხადია, მისი გამოსვლა არც ისეთი დამაჯერებელი იყო, როგორც თავად სურდა, წარმოეჩინა. სამაგიეროდ, მისი და იუსტიციის მოადგილის განცხადებების შემდეგ გასაგები გახდა, სხდომის დაწყებისას პავლე კუბლაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხს რატომ უბრძანა, რომ კომიტეტის სხდომა არ გადაეღოთ და ეთერში არ გაეშვათ.

ცნობისთვის, კუბლაშვილის ეს შემონათვალი მისი აპარატის თანამშრომელმა "მეორე არხის" ჟურნალიტს სხვა მედიის წარმომადგენელთა გასაგონად გადასცა.